Facebook Twitter

საქმე №ას-866-816-2015 12 თებერვალი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი–ო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება– ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მორალური ზიანის შემცირების ნაწილში

დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ.მ–ძესა (შემდეგში მოსარჩელე, კასატორი ან პაციენტი) და სტომატოლოგიურ კლინიკა შპს „ნ-დ–ს“ (შემდეგში მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, ასევე კლინიკა) შორის 2011 წელს დაიდო სტომატოლოგიური მომსახურების ხელშეკრულება {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, მუხლი 629} .

2. მოპასუხე წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას (საიდენტიფიკაციო N....). სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დღევანდელი მონაცემებით კლინიკა რეგისტრირებულია საფირმო სახელწოდებით, შპს „ი–ო“ {მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, მე-51 მუხლის მე-3 პუნქტი}

3. პაციენტს 2011-2012 წლებში კლინიკამ გაუწია თერაპიული და ორთოპედიული სამედიცინო მომსახურება. თერაპიული მანიპულაცია, რაც კბილების მკურნალობას ითვალისწინებდა, ჩაუტარდა სრულყოფილად, ხოლო ორთოპედიული მკურნალობა არასწორად.

4. პროთეზირების შემდგომ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, დაზიანდა ჯანმრთელი კბილები, რამაც დამატებითი მკურნალობის აუცილებლობა წარმოშვა. პაციენტმა სხვა კლინიკაში 4130 ლარის ღირებულების განმეორებითი ორთოპედიული მკურნალობა ჩაიტარა.

5. მოსარჩელემ მოპასუხე კლინიკისგან მიღებულ ორთოპედიულ მომსახურებაში 3225 ლარი გადაიხადა. აღნიშნული გარემოება დასტურდება მისი ახსნა-განმარტებით, კლინიკის პრეისკურანტითა და ანალოგიური სტომატოლოგიური მომსახურების (შპს „რ.დ–ის“, შპს „P.D.-ის“ საქმეში დაცული პრეისკურანტები) საბაზრო ღირებულებით.

6. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2013 წლის 8 აგვისტოს შემოწმების აქტის შესაბამისად, ვინაიდან, კლინიკის ადმინისტრაციამ სააგენტოს ვერ წარუდგინა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაცია, მაკონტროლებელი ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეემოწმებინა მოსარჩელისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი (იხ. საქმე. გვ 41).

7. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე ჩატარებული შემოწმების შედეგად საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის 2013 წლის 8 ნოემბრის სამედიცინო დასკვნით (იხ. საქმე, გვ. 43-44) დადასტურდა მოსარჩელის მკურნალობისას დაშვებული შეცდომები, კერძოდ: „... პაციენტს კბილზე 3.1. აღენიშნება საჭრელი კიდის დაზიანება და ფაიფურის „ატკეჩვა“, რაც კბილთა პროტეზირებისას ოკლუზიის აღდგენის მცდელობაში დაშვებული ხარვეზია, სავარაუდოდ იგივე მიზეზით მოხდა ზედა ყბის ფრონტალური კბილების დაზიანებაც. ...პროტეზის ის სახე, რომელსაც ექიმი ბიგელისებურ კონსტრუქციას უწოდებს, თავისი კონსტრუქციით არ არის ბიგელი. მას დამზადებული აქვს ნაწილობრივ მოსახსნელი ფირფიტოვანი პლასტმასის კონსტრუქცია, რომელშიც „კუსტარული“ წესით ჩაფიქსირებულია ატაჩმენი.“ სამედიცინო შემოწმების ზემოაღნიშნული დასკვნით პაციენტისათვის განმეორებითი რეკონსტრუქციული მკურნალობის ჩატარების საჭიროება დადგინდა {„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-10 მუხლის „ა“ქვეპუნქტი}.

8. 2014 წლის 30 ივნისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:

8.1. მიყენებული მატერიალური ზიანის 7355 ლარის (3225 ლარი მოპასუხე კლინიკაში გადახდილი თანხაა, 4130 ლარი - დამატებითი, განმეორებითი მკურნალობისათვის) მოპასუხისათვის დაკისრება;

8.2. ასევე არაქონებრივი (მორალური) ზიანის, 5000 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრება. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილმა ზიანის ანაზღაურების საერთო თანხამ ჯამში 12 355 ლარი შეადგინა.

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სასამართლოში მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი წარადგინა, შემდეგი საფუძვლებით:

9.1. კლინიკას მოსარჩელისათვის სამედიცინო მომსახურება არ გაუწევია.

9.2. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შეამოწმა კლინიკის საქმიანობა. შემოწმების შედეგად არ დადასტურდა კლინიკის მიერ მოსარჩელისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი.

9.3. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის, თანხის გადახდის ქვითარი, შესაბამისად სარჩელი მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის - 3225 ლარისა და მორალური ზიანის- 2000 ლარის გადახდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 992-ე, 1007-ე და 413-ე მუხლები, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის 103-ე მუხლი.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

11.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელის კლინიკაში მკურნალობის ფაქტობრივი გარემოება. მოსარჩელე მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია. კლინიკაში მომსახურების მიმღებ ყველა პაციენტს ეძლევა თანხის გადახდის ქვითარი, ამასთან ხორციელდება პაციენტის რეგისტრაცია, შესაბამისად, აპელანტმა გამორიცხა კლინიკაში არარეგისტრირებული პაციენტისათვის მომსახურების გაწევა.

11.2. მოსარჩელის მიერ მიღებული სამედიცინო მომსახურების ღირებულება კლინიკაში შეფასებულია 1000-1500 ლარის ფარგლებში, ხოლო სასამართლომ მატერიალური ზიანი მხოლოდ მოსარჩელის და მის მხარეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით. შეაფასა 3225 ლარით, რაც არაგონივრულია.

12. ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 500 ლარის გადახდა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის თანახმად, კლინიკას მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟის 111,75 ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 140 ლარის გადახდა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის თანახმად მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ზედმეტად გადახდილი ბაჟის 60 ლარის გადახდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისათვის 3225 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად.

13. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები მატერიალური ზიანის (3225 ლარის) დაკისრების ნაწილში.

14. პალატამ პაციენტის სამედიცინო შემოწმების დასკვნის საფუძველზე დაადგინა, რომ მკურნალობის პროცესში ხარვეზები დაშვებულ იქნა, არა მარტო შეუსაბამო სადიაგნოზო და სამკურნალო ღონისძიებების ჩატარების დროს, არამედ სტომატოლოგიურ ლაბორატორიაში ფაიფურის გამოწვის პროცესშიც.

15. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა განმეორებით ჩატარებული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან პაციენტს კლინიკაში მისვლამდეც ესაჭიროებოდა მკურნალობა, შესაბამისად, უხარისხოდ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გათვალისწინებით მოსარჩელის ფინანსურ დანაკლის შეადგენდა არაკვალიფიციურ მომსახურებაში გადახდილი თანხა და არა ის თანხა, რაც მან ხელახალი პროტეზირებისას გადაიხადა. პალატამ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიდგა {სსკ-ის 992-ე,1007.1-ე მუხლები}.

16. პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია მორალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხის - ხუთას ლარამდე შემცირება.

17. საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება ნაწილობრივ, მორალური ზიანის ანაზღაურების შემცირების ნაწილში, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

17.1. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მორალური ზიანის გონივრულობასა და სამართლიანობაზე. სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რაც გამორიცხავდა მორალური ზიანის მიყენების ფაქტს და აღნიშნულის მიუხედავად, არაგონივრულად შეამცირა მისი ოდენობა. შესაბამისად, არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საკმარისი საფუძველი.

17.2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მორალურ ზიანთან დაკავშირებით დადგენილ სამოსამართლო პრაქტიკას.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი

19. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, მიღებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებისა და საჩივრის მოტივების შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნა არაქონებრივი ზიანის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით. სახელდობრ:

21. სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სსკ-ის 413-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის - არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი წინაპირობები:

21.1. კლინიკამ მოსარჩელეს ორთოპედიული მკურნალობა არასწორად ჩაუტარა, რის შედეგადაც პროთეზირების შემდგომ მოსარჩელის ჯანმრთელობა საგრძნობად გაუარესდა; მას დაუზიანდა ჯანმრთელი კბილები, რამაც დამატებითი მკურნალობის აუცილებლობა წარმოშვა.

21.2. კლინიკის მიერ გაწეული ორთოპედიული მომსახურების დროს ჩატარებული მოსარჩელის მდგომარეობისათვის შეუსაბამო დიაგნოზითა და მკურნალობით პაციენტის ჯანმრთელობას სტომატოლოგიური კუთხით მიადგა ვნება, რამაც გამოიწვია მისთვის არა მარტო მატერიალური ზიანი, არამედ სულიერი ტანჯვა, ტკივილი და ემოციური განცდები.

22. ამასთან, სასამართლომ სათანადოდ არ დაასაბუთა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული არაქონებრივი ზიანის, 2000 ლარის 500 ლარამდე შემცირების მიზანშეწონილობა. არ გაითვალისწინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, ის რომ კლინიკის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედების შედეგად მოსარჩელის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი, რის გამოც იგი ნორმალურ ცხოვრებისეულ ურთიერთობებს თითქმის ორი წლით გამოეთიშა (ჰქონდა მუდმივი ფსიქოლოგიური სტრესი, პროტეზის მორგების უზუსტობის გამო უჭირდა საუბარი, ეშინოდა მისი ჩამოვარდნის, კბილების მიდამოში დაქვეითებული ჰქონდა ღეჭვითი ფუნქცია, ამის გამო ის ვერ ჩნდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ა.შ.). ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისათვის ცხადია, რომ აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რიტმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობა და ნერვული დაძაბულობა, ეს ის ფაქტორებია, რომელიც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს;

არაქონებრივი ზიანის ოდენობის განსაზღვრის დროს სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებით. ამ საკითხში უზენაეს სასამართლოს დამკვიდრებული აქვს მყარი პრაქტიკა: “საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული ოდენობით უნდა განისაზღვროს. შეუძლებელია, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერი, ფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალის გათვალისწინებით, თუ ზიანის ანაზღაურების მოცემული სახე ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული“ იხ.სუსგ №ას-95-90-2013, 14.06.13წ. ასევე შდრ. #ას-594- 562-2015, 6.11.2015, #ას-797-940 -2015, 10.09.2015

23. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი არაქონებრივი ზიანი, 2000 ლარი, დაუსაბუთებლად შეამცირა 500 ლარამდე.

24. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან ამ შემთხვევაში არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

25. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც მხარეებმა გასწიეს საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 399-ე, 372-ე, მე-8, 411-ე, 408.3. და 257.3 მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ნ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების პირველი, მეორე, მეოთხე და მეხუთე პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ი–ოს“ ნ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის - 2000 ლარის გადახდა;

4. შპს „ი–ოს“ ნ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 163,77 ლარის, წარმომადგენლის მომსახურების ხარჯების - 289 ლარისა და სასამართლოს გარეშე ხარჯების - 73 ლარის გადახდა.

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი