Facebook Twitter

საქმე №ა-556-შ-8-2016 11 მარტი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - თ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ბ-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – ავსტრიის, იოზეფშტადტის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება (შეთანხმება განქორწინების შესახებ)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ავსტრიის, იოზეფშტადტის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცდა მხარეთა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ა. ბ-ესა და თ. მ-ეს შორის 1993 წლის 24 ივლისს საქართველოში, თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ. მ-ემ და მოითხოვა წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა, რომ:

3.1. საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით, მასში მონაწილეობდნენ მხარეები;

3.2. 2007 წლის 7 დეკემბრიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული;

3.3. ქორწინება, რომელიც ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეწყდა, რეგისტრირებულია საქართველოში;

3.4. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში, რაც საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს (ოჯახის ქმედუნარიან წევრს, მამას _ ა. ბ-ეს).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თ. მ-ის შუამდგომლობა ავსტრიის, იოზეფშტადტის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. ავსტრიის, იოზეფშტადტის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცდა მხარეთა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ა. ბ-ესა და თ. მ-ეს შორის 1993 წლის 24 ივლისს საქართველოში, თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ. მ-ემ და მოითხოვა წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა, რომ:

3.1. საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით, მასში მონაწილეობდნენ მხარეები;

3.2. 2007 წლის 7 დეკემბრიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული;

3.3. ქორწინება, რომელიც ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეწყდა, რეგისტრირებულია საქართველოში;

3.4. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ავსტრიის, იოზეფშტადტის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება რომლითაც ა. ბ-ესა და თ. მ-ეს შორის განქორწინების შესახებ შეთანხმება დამტკიცდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. მ-ის შუამდგომლობა ავსტრიის, იოზეფშტადტის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (შეთანხმება განქორწინების შესახებ) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ავსტრიის, იოზეფშტადტის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება რომლითაც ა. ბ-ესა და თ. მ-ეს შორის განქორწინების შესახებ შეთანხმება დამტკიცდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური