Facebook Twitter

საქმე №ა-753-შ-14-2016 11 მარტი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - მ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ნ. ი-მ (S-m)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს ქინგსის ოლქის სასამართლოს 2013 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს ქინგსის ოლქის სასამართლოს 2013 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით მ. გ-სა და ს. ნ. ი-მს შორის არსებული ქორწინება შეწყდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. გ-მა და განქორწინების ნაწილში მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა, რომ:

3.1. მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, რამდენადაც იგი განხილულია ზეპირი მოსმენით, სადაც მონაწილეობდნენ მოსარჩელე და მოპასუხე;

3.2. გადაწყვეტილება 2013 წლის 6 ივნისიდან კანონიერ ძალაშია შესული;

3.3. მ.გ-ის განმარტებით, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.

3.4. შუამდგომლობაზე დართული მასალით დგინდება რომ განქორწინების დროს მ.გაგოშიძე იყო საქართველოს მოქალაქე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში, თუმცა ეს განჩინება თანდართული მასალებით მოწინააღმდეგე მხარეს არ გაგზავნია, რადგანაც საქმის განხილვის თაობაზე მისი ინფორმირების ფაქტი დასტურდება სათანადოდ დამოწმებული ხელწერილით, რომლის თანახმადაც, მხარე აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს ქინგსის ოლქის სასამართლოს 2013 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის განხილვის თაობაზე და იგი არავითარ პრეტენზიას არ გამოთქვამს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. გ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს ქინგსის ოლქის სასამართლოს 2013 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს ქინგსის ოლქის სასამართლოს 2013 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით მ. გ-სა და ს. ნ. ი-მს შორის არსებული ქორწინება შეწყდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. გ-მა და მოითხოვა განქორწინების ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა, რომ:

3.1. მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, რამდენადაც იგი განხილულია ზეპირი მოსმენით, სადაც მონაწილეობდნენ მოსარჩელე და მოპასუხე;

3.2. გადაწყვეტილება 2013 წლის 6 ივნისიდან კანონიერ ძალაშია შესული;

3.3. მ.გ-ის განმარტებით, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.

3.4. შუამდგომლობაზე დართული მასალით დგინდება, რომ განქორწინების დროს მ.გაგოშიძე იყო საქართველოს მოქალაქე.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს ქინგსის ოლქის სასამართლოს 2013 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ. გ-სა და ს. ნ. ი-მს (S-m) შორის ქორწინება შეწყდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ის შუამდგომლობა განქორწინების თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს ქინგსის ოლქის სასამართლოს 2013 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს ქინგსის ოლქის სასამართლოს 2013 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ. გ-სა და ს. ნ. ი-მს (S-m) შორის ქორწინება შეწყდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური