№ას-1005-949-2015
11 მარტი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენა
სხდომის მდივანი- ლელა სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. გა–ნი (მოპასუხე)
წარმომადგენელი--ა.თ–ლი
მოწინააღმდეგე მხარე – ე.უ–ვა (მოსარჩელე)
წარმომადგენელი-მ.ხ–ვა, ზ.კ–ნი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმება მტკიცებულებების დართვის თაობაზე
დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ე.უ–სა (შემდეგში: მოსარჩელე,აპელანტი, შემძენი) და მ.გ–ნს (შემდეგში: მოპასუხე,კასატორი გამსხვისებელი, მიმღები) შორის 1998 წელს დაიდო ზეპირი გარიგება - ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხე 15 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, შემძენს საკუთრებაში გადასცემდა ქ. ფოთში, ........ მდებარე მისი მამის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლს (შემდეგში - უძრავი ქონება) {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 477-ე მუხლი}.
2. მოპასუხემ შემძენს სახლი პირდაპირ მფლობელობაში გადასცა {სსკ-ის 155-ე მუხლის პირველი ნაწილი}, თუმცა მისთვის საკუთრების უფლება კანონით დადგენილი წესით არ გადაუცია {სსკ-ის 183-ე და 3111 მუხლები}.
3. შემძენმა, უძრავი ქონების ნასყიდობის შეთანხმებული ღირებულებიდან, მოპასუხეს გადაუხადა 12 500 აშშ დოლარი {სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი}.
4. 2014 წლამდე უძრავი ნივთი წარმოადგენდა მოპასუხის გარდაცვლილი მამის საკუთრებას. 2011 წლის ივნისში მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე მოსარჩელეს საკუთრებაში გადაუფორმებდა საცხოვრებელ სახლს, სამკვიდრო მოწმობის მიღების შემდეგ {სსკ-ის 1499-1500- მუხლები}.
5. 2014 წლის ივნისში მოპასუხე კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა საჯარო რეესტრში; მიუხედავად ამისა, მან დანაპირები არ შეასრულა და მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით არ გადასცა უძრავ ნივთზე საკუთრება (სსკ-ის 183-ე და 311-ე მუხლები}.
6. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხემ უძრავი ქონება მესამე პირს მიჰყიდა. მან სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის გადახდილი 12 500 აშშ დოლარისა და ნივთზე მფლობელობის დროს გაწეული სარემონტო ხარჯის, 500 აშშ დოლარის, მის სასარგებლოდ დაკისრება.
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან, როგორც მოთხოვნის გამომრიცხავი, ისე მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი შესაგებელი წარადგინა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. მხარეთა შორის არ დადებულა ნასყიდობის ხელშეკრულება. მართალია, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შედგა მოლაპარაკება ნასყიდობის ხელშეკრულების დადების თაობაზე და მოპასუხეს ბედ გადაეცა 1000 აშშ დოლარი, მაგრამ შემდეგში ხელშეკრულება არ დაიდო.
6.2. მოსარჩელეს სადავო უძრავ ქონების სარემონტო სამუშაოები არ ჩაუტარებია და არც ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგენია სასამართლოსთვის.
6.3. მოთხოვნა რომც წარმოშობილი იყოს, ვერ განხორციელდება ხანდაზმულობის გამო .
7. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 980-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 323-ე, 59-ე, 421-ე, 128-ე, 130-ე მუხლები.
8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე მითითებით:
8.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმად მოსარჩელემ მხოლოდ 1000 აშშ დოლარი გადაუხადა მოპასუხეს, ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებს, აპელანტის მითითებით ის 1998 წლიდან ცხოვრობს ზემოაღნიშნულ ბინაში, რაც შეუძლებელი იქნებოდა სადავო 12500 აშშ დოლარის გადახდის გარეშე.
8.2. აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში დამატებითი მტკიცებულების სახით წარადგინდა 2015 წლის 3 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლის თანახმადაც, გამსხვისებელი ცნობილ იქნა დამნაშავედ მოსარჩელისაგან მიღებული თანხის თაღლითურად დაუფლებაში და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით {სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი}. განაჩენით დადგენილად არის მიჩნეული ის ფაქტი, რომ შემძენმა (მოსარჩელემ) გამსხვისებელს (მოპასუხეს) გადასცა 12 500 აშშ დოლარი.
8.3. აპელანტის მოსაზრებით, 1998 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში შეუძლებელია საცხოვრებელ სახლს რაიმე სახით არ დასჭირვებოდა სარემონტო სამუშოების ჩატარება, თუნდაც იმ ფარგლებში, რაც მითითებულია სარჩელში.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 11500 აშშ დოლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა სარემონტო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე. სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს.
10. პალატამ დაადგინა წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოება. სასამართლომ, აღნიშნული ფაქტის დადგენისას გაითვალისწინა მოწმეთა ჩვენებები და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენით დადგენილი ფაქტები (იხ. ტ. 2. ს-ფ.112-142).
11. პალატის განმარტებით, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 1000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში მხარეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შორის ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო და ამ ხელშეკრულების საფუძველზე, აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს თანხა გადაუხადა.
12. პალატამ განმარტა, რომ მართალია, განაჩენს წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს {საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 106-ე და 105.1 მუხლები}, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ მას საერთოდ არ გააჩნია მტკიცებულებითი ღირებულება. პალატის დასკვნით, მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის ის გარემოებაც, რომ 1998 წლიდან მოსარჩელის ოჯახი სადავო ქონებას ფაქტობრივად ფლობს, ადასტურებს ზეპირად შეთანხმებული ნასყიდობის საფასურის, 12 500 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
12.1 პალატის შეფასებით, მხარეთა შორის გარიგება დაიდო კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ფორმის დაუცველად, შესაბამისად, ეს იყო ბათილი გარიგება, რომლის საფუძველზედაც 12 500 აშშ დოლარი მიმღებს გადაეცა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე [სსკ-ის 59-ე, 976–ე მუხლის 1–ლი ნაწილის "ა" ქვეპუნქტი].
13. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრაშემდეგი მოტივებით:
13.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები. მან მიუთითა რომ სადავო უძრავ ქონებაზე დადებული გარიგება დადებისთანავე ბათილია, თუმცა არ უმსჯელია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე. გარიგების დადებიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია 16 წელი, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, იმის მხედველობაში მიღებით, რომ უძრავ ქონებაზე დადებული გარიგება იმთავითვე ბათილია, ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლა დაიწყო გარიგების დადების მომენტიდან (1998წ), ამის გათვალისწინებით კი, გასულია უძრავ ნივთებზე გარიგების შედავების ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა.
13.2. სააპელაციო პალატამ ერთმნიშვნელოვნად დაადგინა რომ ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, თუმცა საქმის მასალებში არ მოიპოვება ამის დამადასტურებელი დასაშვები მტკიცებულება. სასამართლოს არ გამოუკვლევია იყო თუ არა მოსარჩელე ზეპირი გარიგების მონაწილე და რა სამართლებრივი უფლებამოსილება გააჩნდა ამ უკანასკნელს.
13.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იურიდიულად არასაკმარისია. მოწმეთა ჩვენებები და სასამართლოს განაჩენი არ შეიძლებოდა გამხდარიყო სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საკმარისი იურიდიული საფუძველი, უკანონოა სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ უძრავი ნივთის ნასყიდობის დროს თანხის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებას კანონი არ ადგენს და აღნიშნული შეიძლება დადასტურდეს სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულებით.
13.4. სააპელაციო პალატამ საქმის განხილვის დროს დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-382-ე მუხლები და მიიღო უკანონო განჩინება, რამდენადაც საქმეს მტკიცებულებად დაურთო აპელანტის მიერ წარდგენილი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენი. სასამართლოს არ გამოუკვლევია შეეძლო თუ არა მოსარჩელეს აღნიშნული განაჩენის პირველი ინსატანციის სასამართლოში წარდგენა მტკიცებულების სახით და უაპელაციოდ გაიზიარა აპელანტის პოზიცია.
13.5. სააპელაციო საჩივარში აპელანტმა მიუთითა, რომ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა მოპასუხისათვის 12000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა, თუმცა მოპასუხეს დააკისრა 11500 აშშ დოლარის გადახდა, რაც მოსარჩელეს არ მოუთხოვია, შესაბამისად სასამართლომაც არასწორად დაიანგარიშა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტის მიხედვით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, ასევე მხარეთა მოსაზრებების ზეპირი მოსმენით შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობის თაობაზე.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის იმ მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივადაც არასწორად შეაფასა.
17.1. სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა მხარეთა შორის ფორმადაუცველი გარიგების, უძრავი ნივთის ნასყიდობის, დადების ფაქტი.
17.2. ასეთი გარიგება კი დადების მომენტიდან ბათილია {სსკ-ის 59.1-ე, 61.1.-ე, 328-ე და 183-ე მუხლები}. შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხის წინაშე შეასრულა არარსებული ვალდებულება - სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადასცა მას 12 500 აშშ დოლარი. რასაკვირველია, გარიგება ნამდვილი გახდებოდა, თუ მას დაასტურებდნენ მხარეები, რადგანაც იგი არ ეწინააღმდეგებოდა ზნეობის ნორმებსა და საჯარო წესრიგის მოთხოვნებს, მაგრამ არ დადასტურებულა, მოპასუხის მხრიდან საპასუხო ნების არარსებობის გამო, მაშინ როდესაც მოსარჩელე მზად იყო დაედასტურებინა ბათილი გარიგება, რასაც ბუნებრივია, შედეგად მოჰყვებოდა არსებული სამართლებრივი ხარვეზის გამოსწორება {სსკ-ის 61-ე მუხლის მეოთხე ნაწილი}.
17.3. სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებები გაანალიზა, შეაფასა ერთობლივად და ისე გამოიტანა დასკვნა მოსარჩელის მიერ შესრულების - 12 500 აშშ დოლარის მიმღებისათვის გადახდის თაობაზე. სასამართლო დაეყრდნო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კანონით დასაშვებ მტკიცებულებებს, მათ შორის არაერთი მოწმის (გ.გ., ზ.ბ–ძე, ჯ.მ–ლი) ჩვენებასა და 2015 წლის 2 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს. მართალია, განაჩენით დადგენილ ფაქტებს სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს, მაგრამ იმის მტკიცება, რომ მას საერთოდ არ გააჩნია მტკიცებულებითი ღირებულება და დასაშვები არაა, სამართლებრივად დაუსაბუთებელია. განაჩენი წერილობითი მტკიცებულებაა და მასში დადგენილ ფაქტებს სამოქალაქო საქმეზე სასამართლო სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში აფასებს {სსსკ-ის 105.1 მუხლი}.
17.4. ის გარემოება, რომ აპელანტმა განაჩენი მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა, სამართლებრივ სურათს ვერ შეცვლის, რადგანაც მხარეს მისი წარდგენის შესაძლებლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ ჰქონდა. მოსარჩელემ განაჩენი ჩაიბარა 2015 წლის 31 მარტს, ანუ სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების დაწყების დროისათვის. შესაბამისად, სახეზე არ იყო სსსკ-ის 380-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა - არასაპატიო მიზეზით მტკიცებულების წარუდგენლობა და სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, მიეღო და სათანადოდ შეეფასებინა მტკიცებულება, რაც გააკეთა კიდეც.
17.5. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოებების არარსებობის პირობებში {სსკ-ის 976-ე მუხლის მეორე ნაწილი} სავსებით მართებულად მოითხოვა გადაცემულის უკან დაბრუნება, რადგანაც ამის შედეგად მოპასუხე გამდიდრდა {სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 979-ე მუხლის პირველი ნაწილი}.
18. კასატორის მტკიცება რომ ადგილი არ ჰქონია უძრავი ნივთის ნასყიდობაზე ზეპირი ფორმით შეთანხმებას და რომ მან, როგორც „ვითომ-კრედიტორმა“ მოპასუხისაგან მიიღო მხოლოდ 1000 აშშ დოლარი ბეს სახით, სააპელაციო სასამართლომ დამაჯერებლად უარყო საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზისა და ყველა გარემოების ურთიერთშეჯერების შედეგად.
19. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე (კონდიქციური მოთხოვნები) ვრცელდება 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა {სსკ-ის 128-ე მუხლის მესამე ნაწილი} (შდრ. სუსგ საქმე #ას-472-448-2013, 5.12.2013 წელი „ამ ურთიერთობაზე ვრცელდება არა დელიქტური ვალდებულებების, არამედ - უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი. ამდენად, ამ ურთიერთობაზე გამოყენებულ უნდა იქნას ხანდაზმულობის საერთო ვადა - 10 წელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ეს ვადა დადგენილია ყველა იმ ურთიერთობებისათვის, რომელიც არ ითვალისწინებენ სპეციალურ ვადას, მაგალითად, უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი“).
20. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა იმ მომენტიდან, როცა მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხვის მიუხედავად, დანაპირების შეასრულებას და მოპასუხისათვის კანონით დადგენილი წესით უძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემას არ აპირებდა, ანუ 2014 წლის ივნისში {სსკ-ის 130-ე მუხლი}. სარჩელი წარდგენილია 2014 წლის 13 ივნისს, რაც ადასტურებს იმას, რომ მოთხოვნა არაა ხანდაზმული და აქედან გამომდინარე, განხორციელებადია.
21. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე,257.1-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა"
1. მ.გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება;
3. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი