№ას-1285-1206-2015 23 თებერვალი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი –1. მ–მ–ა
2. კ–ღ–ძე, კ–ღ–ძე, გ.ღ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - 1. კ–ღ–ძე, კ–ღ–ძე, გ.ღ–ძე (მოპასუხეები)
2. მ–მ–ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა, სააპელაციო საჩივრის განუხილევლად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 1977 წელის 26 მარტის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის თანახმად, ლ.ქ–ემ (შემდეგში მამკვიდრებელი) და ნ.ქ–ძემ (შემდეგში მოსარჩელე), მიიღეს სამკვიდრო ქონება თითოეულმა ½ წილი პროპორციით, მდებარე ქ. ქუთაისი, ......
2. 2009 წლის 13 აგვისტოს მოსარჩელემ, როგორც მამკვიდრებლის შვილმა მიიღო მისი კუთვნილი წილი მდებარე ქ, ქუთაისი, ........
3. 2007 წლის 8 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, გ.ღ–ძემ (შემდეგში პირველი მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიიღო სამკვიდრო ქ. ქუთაისში, ......... მდებარე საცხოვრებელი ბინა {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 1336-ე, მუხლის პირველი ნაწილი და 1500-ე მუხლი}.
4. ქ. ქუთაისში, ........ მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრეა პირველი მოპასუხე, ხოლო ½ ნაწილის თანამესაკუთრეა მოსარჩელე და კ–ღ–ძე (შემდეგში მეორე მოპასუხე, აპელანტი, შუამდგომლობის ავტორი, კერძო საჩივრის ავტორი, ანდერძისმიერი მემკვიდრე). საერთო საკუთრების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული 2009 წლის 3 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ მამკვიდრებლის ½ წილი სამკვიდროს მიღებამდე, მის საკუთრებაში რიცხული ქონების ½ ნაწილი ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცა მეორე მოპასუხეს {სსკ-ის მუხლი 477-ე}.
5. 2009 წლის 18 ნოემბრის უძრავი ქონების გაყოფის აქტით მოსარჩელე, პირველი მოპასუხე და მეორე მოპასუხე შეთანხმდნენ მათ საკუთრებაში არსებული ქონების განაწილების წესზე, რაც, მათი ნების თანახმად, შესაბამისი განაწილებით აღირიცხა საჯარო რეესტრში ოთხი სხვადასხვა საკადასტრო კოდით.
6. 2012 წლის 8 ოქტომბერს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მის საკუთრებაში გამოყოფილი უძრავი ქონება კ–ღ–ძეზე გაასხვისა (მესამე მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) (სსკ-ის 477-ე მუხლი).
7. 2013 წლის 19 მარტს პირველმა მოპასუხემ საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონება აჩუქა მესამე მოპასუხეს, ხოლო მესამე მოპასუხემ ასვე თავის საკუთრებაში არსებული ქონება საკუთრების უფლებით გადასცა მეორე მოპასუხეს {სსკ-ის მუხლი 524-ე, 525.2, 183-ე და 3111-ე მუხლები}.
8. 2013 წლის 7 მაისს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს, სადავოდ გახადა წინამდებარე განჩინების 4-7 პუნქტებში მითითებული გარემოებები და მის ქონებაზე მოპასუხეთა მესაკუთრედ აღრიცხვის სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტების, გარიგებების, ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ქუთაისში ........ მდებარე 386 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მოსარჩელის სახელზე აღრიცხვაც, მისი რეგისტრაცია ერთ საკადასტრო კოდზე და ამავე უძრავი ქონების ½ ნაწილის იპოთეკისაგან განთავისუფლება.
9. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე აღიარებულ იქნა ქმედუუნარო პირად და მის მეურვედ დაინიშნა მ–მ–ა (შემდეგში მეურვე, კერძო საჩივრის ავტორი, კანონისმიერი მემკვიდრე), რომელიც განსახილველ დავაში ჩაება მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის სტატუსით.
11. სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში მოპასუხეებმა სასამართლოში წარადგინეს სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძი, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მის საკუთრებაში რიცხული მთელი ქონება უანდერძა მეორე მოპასუხეს (ნოტ. N090794027; 26/11/2009წ.) {სსკ-ის მუხლი 1344}.
12. 2013 წლის 2 აგვისტოს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მეურვემ, გაზარდა სარჩელი და 2009 წლის 26 ნოემბრის ანდერძის ბათილად ცნობა მოითხოვა, ვინაიდან სადავო ცალმხრივი გარიგების შედგენისას მის მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილი არ იყო {სსკ-ის 1345-ე მუხლი, სსკ-ის 58-ე მუხლის მე-3 ნაწილი}.
13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 26 ნოემბრის ანდერძი, ასევე კონკრეტული დავის ფარგლებში სადავოდ გამხდარი სხვა გარიგებებიც. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული გარემოებები, ხოლო დავის მოსაწერიგებლად გამოიყენა სსკ-ის 50-ე, 56-ე, 58-ე, 477-ე, ასევე სსსკ-ის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლები.
14. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
15. 2014 წლის 14 ნოემბერს მოსარჩელე გარდაიცვალა.
16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა 6 თვის ვადით - 2015 წლის 30 მაისამდე [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი].
17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის განჩინებით მეურვე ცნობილ იქნა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ. სასამართლოს განჩინებას საფუძვლად დაედო მეურვის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, სანოტარო ორგანოში სამკვიდროს მიღების მოთხოვნით მიმართვისა და კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან კონკრეტულ პირთა მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის დამადასტურებელი სანოტარო აქტები {სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილი, მუხლი 1336-ე, მუხლი 1434-ე}.
18. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა შემდეგი საფუძვლით:
18.1. მოსარჩელის ანდერძისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენდა მეორე მოპასუხე {სსკ-ის მუხლი 1344}, რომელმაც სამკვიდროს მიღების მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში მიმართა ნოტარიუსს {სსკ-ის მუხლი 1424}. შესაბამისად, განსახილველ დავაში სასამართლომ მეურვე არასწორად მიიჩნია მოსარჩელის უფლებამონაცვლედ.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და, მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
20. ქუთაისის სააპელაცო სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, მეურვის შუამდგომლობა უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერების ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ასევე, არ დაკმაყოფილდა მეორე მოპასუხის შუამდგომლობა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე.
21. პალატის განმარტებით, შუამდგომლობის ავტორებმა საქმის წარმოების შეჩერების ვადაში ვერ შეძლეს მოსარჩელის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღება და მისი სასამართლოსთვის წარდგენა, რაც განსახილველ დავაზე საპროცესო უფლებამონაცვლის ჩაბმის კანონიერი საფუძველი იქნებოდა. პალატამ მიიჩნია, რომ მხარის გარდაცვალების შემთხვევაში საქმის წარმოების შეჩერების კანონით დადგენილი სამართალწარმოების ერთწლიანი ვადა ამოიწურა და არ არსებობდა მეურვის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, მითუმეტეს რომ მას პალატისათვის არ მიუმართავს ისეთი შინაარსის დასაბუთებით, რაც სასამართლოს მხრიდან შესაძლებელს გახდიდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებას, უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერების ვადის 6 თვით გაგრძელების თაობაზე [სსსკ-ის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი].
22. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს, როგორც მეურვემ- ასევე, მოპასუხეებმაც.
23. მეურვის კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
23.1. პალატამ არასწორად განმარტა სსსკ-ის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომელიც ამავე კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების დადგომისას, ადგენს საქმის წარმოების შეჩერების გონივრულ ვადას - „არა უმეტეს ერთი წლისა“. მოქალაქის გარდაცვალებისას, ხსენებული ვადის დენა იწყება და მთავრდება საქმის წარმოების შეჩერების კანონისმიერ გონივრულ ერთ წლიან ვადაში, თუმცა საქმის წარმოების შეჩერების ვადის ათვლა არ ხდება ავტომატურად, არამედ მას ადგენს სასამართლო. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ საქმის წარმოება შეაჩერა 6 თვის ვადით, შესაბამისად, პალატას უნდა დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა და საქმის წარმოების შეჩერების ვადა გაეგრძელებინა საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული გონივრული - ერთ წლამდე ვადით, ანუ საქმის წარმოების შეჩერების გამოყენებული ვადის გათვალისწინებით დამატებით 6 თვითა და 26 დღით.
24. მოპასუხეთა კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
24.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, მეორე მოპასუხეს მიღებული ჰქონდა მოსარჩელის სამკვიდრო.
24.2. მეორე მოპასუხე წარმოადგენს მოსარჩელის ანდერძისმიერ მემკვიდრეს მთელ დანაშთ ქონებაზე, რომელმაც 2015 წლის 6 მაისს მიმართა ნოტარიუს სამკვიდროს მისაღებად, შესაბამისად, სასამართლოს მეორე მოპასუხე მოსარჩელის უფლებამონაცვლედ უნდა მიეჩნია.
24.3. სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 23 აპრილს და შემდეგ უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 28 სექტემბერს განმარტეს, რომ 1421-ე მუხლის მიხედვით, უფლებამოსილი პირის მიერ სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანა მოწმობს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებას. სასამართლომ ანდერძისმიერი მემკვიდრე არ ცნო უფლებამონაცვლედ, ვინაიდან, მან ვერ წარადგინა სამკვიდრო მოწმობა, რითაც სასამართლომ მიიღო უკანონო განჩინება.
24.4. სასამართლოს სხდომა ჩანიშნული იყო 2015 წლის 20 ნოემბერს, 10:50 საათზე. სხდომა დაიწყო სასამართლო პროცესის თაობაზე მხარეთათვის შეტყობინებული ვადის დაუცველად 2015 წლის 20 ნოემბერს 10:45 საათზე, რითაც კერძო საჩივრის ავტორს შეეზღუდა სასამართლო განხილვაში მონაწილეობის უფლება.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მეურვის და მოპასუხეთა კერძო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
26. სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის გაცნობის, გარემოებების შეფასების და კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტაციის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე გამოიტანა დასკვნა, რომ კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
27. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ:
ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა;
ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
28. სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია მოცემულ დავაში საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხი, არ გაითვალისწინა და არ შეაფასა საქმის მთელი რიგი გარემოებები. პირველ რიგში, ის რომ მამკვიდრებელმა სიცოცხლეშივე სადავოდ გახადა მეორე მოპასუხის სასარგებლოდ შედგენილი ანდერძი და საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა - ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 26 ნოემბრის ანდერძი, ასევე კონკრეტული დავის ფარგლებში სადავოდ გამხდარი სხვა გარიგებებიც. მოსარჩელის გარდაცვალების შემდეგ მეურვემ, რომელიც მამკვიდრებლის მეორე რიგის კანონისმიერი მემკვიდრეა, და მეორე მოპასუხემ, შეასრულეს სამკვიდროს მისაღებად საჭირო იურიდიული მოქმედება, კანონით დადგენილ ვადაში შეიტანეს განცხადება სანოტარო ორგანოში {სსკ-ის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილი}. ის ფაქტი, რომ ვერც ერთმა მათგანმა წარუდგინა სასამართლოს სამკვიდრო მოწმობა, უფლებამონაცვლეობის საკითხის განხილვაზე გავლენას ვერ იქონიებს. ჯერ ერთი, სამკვიდრო მოწმობის გაცემა, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაშია სავალდებულო {სსკ-ის 1499.2} და როგორც წესი, ის ერთგვარი იურიდიული ფიქციის მატარებელია რეგისტრაცია-სავალდებულო უფლებების მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხვისთვის და ამდენად, გულისხმობს არა სამკვიდროს მიღებას აღნიშნული მოწმობის საფუძველზე, არამედ მემკვიდრის სამკვიდროს მიღებაზე განცხადებული ნების დოკუმენტურ დადასტურებას. მეორეც, თუ მხარეთა შორის წამოჭრილი დავისა და დაწყებული სამართალწარმოების შესახებ ცნობილია ნოტარიუსისათვის, მას არა აქვს უფლება, დავის დასრულებამდე გასცეს სამკვიდრო მოწმობა {სსსკ-ის 11-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მეშვიდე და 46.2-ე მუხლები}.
29. პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ით განსაზღვრული უფლებამონაცვლეობის ინსტიტუტი არ შეიძლება დავუკავშიროთ ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემას, ვინაიდან ეს სამართლებრივ პროცესს ჩიხში შეიყვანს და საქმეზე სამართლიანი სასამართლოს განხორცილების პრინციპთან მოვა წინააღმდეგობაში. უფლებამონაცვლეობის საკითხთან მიმართებით, სწორედ სასამართლო, რომელიც ხელისუფლების დანაწილების ამოსავალი პრინციპის თანახმად ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს გარანტს წარმოადგენს, აფასებს უფლებამონაცვლედ დაშვებას. შესაბამისად, სასამართლოში სადავოდ ქცეული სამემკვიდრეო უფლებები თავად ამ ორგანომ უნდა შეაფასოს და გამოიტანოს დასკვნა, სამკვიდროს მიღებაზე განცხადების შეტანა რამდენად საკმარისია უფლებამონაცვლეობის დასადგენად.
31. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავოა არა ის თუ რა სამართლებრივ ქმედებას უნდა დაუკავშირდეს პირის უფლებამონაცვლედ ჩაბმა, კერძოდ, ეს იქნება მემკვიდრის მიერ სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანა თუ სამკვიდრო მოწმობის სასამართლოსთვის წარდგენა, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საერთოდ დასაშვებია თუ არა უფლებამონაცვლეობა.
32. იმ შემთხვევაში, თუ დავაზე საბოლოო გადაწყვეტილებით დადგინდება 2009 წლის 26 ნოემბრის ანდერძის ბათილობა, ამოქმედდება კანონისმიერი მემკვიდრეობის ნორმები და მეურვე, რომელიც მეორე რიგის კანონისმიერი მემკვიდრეა, შეძლებს ამ უფლების რეალიზაციას. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ამ საქმეში მისი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაბმის საკითხი.
33. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის დროს უნდა შეაფასოს მეორე მოპასუხეს რამდენად აქვს პროცესუალური უფლება მის წინააღმდეგ მიმდინარე დავაში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩართვა მოითხოვოს, მაშინ როდესაც ანდერძის ნამდვილობაა სადავოა.შესაბამისად, ანდერძისმიერი მემკვიდრის უფლებამონაცვლედ ჩაბმა, ხომ არ დაარღვევს მოსარჩელის ძირითად უფლებას სამართლიანი სასამართლოს განხორციელების თაობაზე; სასამართლო პროცესის საპირისპირო მხარეზე, მოპასუხისა და მოსარჩელის სტატუსით ერთი და იმავე პირის, ანდერძისმიერი მემკვიდრის ჩაბმა, რამდენად ემსახურება სასამართლოს ძირითად ფუნქციას დავა გადაწყვიტოს მხარეთა თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების საფუძველზე და რამდენად შეესაბამება იგი საპროცესო ურთიერთობებში დადგენილ საკანონმდებლო წესრიგს.
34. რაც შეეხება მოპასუხეთა პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 20 ნოემბერს ჩანიშნული სასამართლოს სხდომა მხარეთათვის შეტყობინებული ვადის დაუცველად 5 წუთით ადრე დაიწყო, რითაც კერძო საჩივრის ავტორს შეეზღუდა სასამართლო განხილვაში მონაწილეობის უფლება, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 20 ნოემბერს გადაიდო არა საქმის განხილვა, არამედ განსახილველ დავაზე სასამართლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება; შესაბამისად, მხარის სხდომაზე დასწრება, ისევე როგორც მისი გამოუცხადებლობა, საქმეზე მიღებულ შედეგზე გავლენას ვერ იქონიებდა.
39. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ ზემოხსენებული მსჯელობის და საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საპროცესო და მატერიალური სამართლის ძირითადი პრინციპების მხედველობაში მიღებითა და გამოსაყენებელი ნორმების სწორი ინტერპრეტაციის გზით ხელახლა უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს განსახილველ დავაზე მოსარჩელის უფლებამონაცვლეობის საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ–მ–ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. კ–ღ–ძის, კ–ღ–ძისა და გ.ღ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი