საქმე №ა-994-შ-24-2016 20 აპრილი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - კომპანია V. (ვ-ი.)
წარმომადგენელი - თ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ბათუმის მერია, სსიპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ბელგიის ქ.ანტვერპენის სავაჭრო სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბელგიის ქ.ანტვერპენის სავაჭრო სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს V.-ს (ვ-ი.) სარჩელი ქ.ბათუმის მერიისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირის „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ მიმართ დაკმაყოფილდა შემდეგი სახით: მოპასუხეებს ერთობლივად (სოლიდარულად) და ცალ-ცალკე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ შემდეგი თანხის ანაზღაურება: 784 978,04 ევრო ძირი თანხის სახით და 2 500,00 ევრო პირგასამტეხლოს სახით. გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნულ თანხას, 2002 წლის 2 აგვისტოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, დაემატა საყოველთაოდ მიღებული საპროცენტო განაკვეთის მიხედვით ძირ თანხაზე დარიცხული საურავი, რომლის დაანგარიშებაც მოხდება წარმოდგენილ ანგარიშ-ფაქტურებში (ინვოისებში) მითითებული გადახდის ვადების გასვლის დღიდან სასამართლო უწყების გაგზავნის დღემდე, აღნიშნული საპროცენტო განაკვეთის ცვლილებების გათვალისწინებით. ხოლო სასამართლო უწყების გაგზავნის მომენტიდან ამას დაემატება კანონისმიერი საურავი, ერთი მხრივ, საყოველთაოდ მიღებული განაკვეთით ძირ თანხაზე დარიცხული პროცენტი, იმის გათვალისწინებით, რომ ეს განაკვეთი უნდა შეესაბამებოდეს 2002 წლის 2 აგვისტოს კანონის შესაბამისად შემცირებულ განაკვეთს და, მეორე მხრივ, ზიანზე დარიცხული კანონისმიერი საურავი. ორივე შემთხვევაში, დარიცხვა გაგრძელდება სანამ სრულად არ მოხდება დაკისრებული გადასახდელების გადახდა. მოპასუხე მხარეებს ერთობლივად (სოლიდარულად) და ცალ-ცალკე დაეკისრათ სასამართლო ხარჯის ანაზღაურება,რომელიც გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის შედგება: უწყების გაგზავნის ხარჯის _ 497,52 ევროსა და სამართალწარმოების მინიმალური ბაჟის _ 1 100,00 ევროსაგან.
საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კომპანია V.-მ (ვ-ი.) და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტაციით, ასევე თავად გადაწყვეტილებით დასტურდება შემდეგი:
ა) მოპასუხეები უწყების ჩაბარების გზით იყვნენ ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, მათ პირველი უწყება გაეგზავნათ და ჩაბარდათ 2014 წლის 31 ოქტომბერს (იხ. გადაწყვეტილება, ასევე საფოსტო შეტყობინებები), თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან;
ბ) გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, შესულია კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას. ბელგიის ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოება არ მიმდინარეობს (იხ. ანტვერპენის სავაჭრო სასამართლოს მდივნისა და სასამართლო აღმასრულებელთა ბიუროს ცნობები);
გ) მოპასუხეებს ჩაბარდათ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ. სასამართლო აღმასრულებელთა ბიუროს უწყება);
დ) დასტურება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია თანახმად „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განჩინებით კომპანია „V.-ის“ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დაზუსტებული მოთხოვნა _ ნათლად განესაზღვრა თუ რა თანხის დაკისრების ნაწილში ითხოვს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებას და წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოთხოვნის საფუძვლიანობას დაადასტურებდა; სათანადო მტკიცებულებაზე დაყრდნობით განესაზღვრა შუამდგომლობის ავტორის სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა); წარმოედგინა უშუალოდ მხარის მიერ შედგენილი შუამდგომლობა. წარმომადგენლის მიერ შუამდგომლობის შემოტანის შემთხვევაში, უფლებამოსილების განმსაზღვრელ დოკუმენტისათვის უნდა დაერთო წარმომადგენლის ადვოკატის მოწმობის ასლი. ამასთან, განემარტა შუამდგომლობის ავტორს, რომ თუ მითითებულ ვადაში დადგენილი ხარვეზი სრულყოფილად არ გამოსწორდებოდა, მისი შუამდგომლობა არ მიიღებოდა და განუხილველად დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი ეროვნული საპროცესო კანონმდებლობაა, შესაბამისად, ამ კატეგორიის საქმეებზე, სპეციალური კანონით დადგენილ შეზღუდვათა გათვალისწინებით, ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განჩინებით კომპანია „V.-ის“ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დაზუსტებული მოთხოვნა _ ნათლად განესაზღვრა თუ რა თანხის დაკისრების ნაწილში ითხოვს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებას და წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოთხოვნის საფუძვლიანობას დაადასტურებდა; სათანადო მტკიცებულებაზე დაყრდნობით განესაზღვრა შუამდგომლობის ავტორის სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა); წარმოედგინა უშუალოდ მხარის მიერ შედგენილი შუამდგომლობა. წარმომადგენლის მიერ შუამდგომლობის შემოტანის შემთხვევაში, უფლებამოსილების განმსაზღვრელ დოკუმენტისათვის უნდა დაერთო წარმომადგენლის ადვოკატის მოწმობის ასლი. ამასთან, განემარტა შუამდგომლობის ავტორს, რომ თუ მითითებულ ვადაში დადგენილი ხარვეზი სრულყოფილად არ გამოსწორდებოდა, მისი შუამდგომლობა არ მიიღებოდა და განუხილველად დარჩებოდა.
საპროცესო ვადის დადგენის შესახებ განჩინება შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა ვ. ბ-მა ჩაიბარა 2016 წლის 6 აპრილს (იხ.ხელწერილი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2016 წლის 7 აპრილს და ამოიწურა 2016 წლის 16 აპრილს, მაგრამ ვინაიდან 16 აპრილი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა ჩაითვალოს 2016 წლის 18 აპრილს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია. ხოლო, 2016 წლის 19 აპრილს, სასამართლოს განცხადებით მოართა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა ვ.ბ-მა, რომელმაც დაადასტურა რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია. ამასთან, მოითხოვა საქმეში წარმოდგენილი დედანი დოკუმენტების დაბრუნება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილისა და ამავე კოდექსის 139-ე მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ შუამდგომლობის ავტორს უნდა დაუბრუნდეს დედანი დოკუმენტები, ხოლო საქმეში უნდა დარჩეს მოსამართლის მიერ შემოწმებული ასლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კომპანია V.-ის (ვ-ი.) შუამდგომლობა ბელგიის ქ.ანტვერპენის სავაჭრო სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად.
2. კომპანია V.-ს (ვ-ი.) დაუბრუნდეს საქმეში არსებული დედანი დოკუმენტები.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე