საქმე №ას-75-72-2016 6 მაისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „გ. 2007“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ამხანაგობა „თ.“, დამფუძნებელი წევრები: მ. ზ-ე, მ. ტ-ა, ლ. ჯ-ი (შეგებებული სარჩელის ავტორი) გ. ც-ე (მოპასუხე ძირითად სარჩელში)
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ან საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორების მოთხოვნები და მათი ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „გ. 2007-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი ან მენარდე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობა „თ.-ის“, მ. ზ-ის, გ. ც-ის, მ. ტ-ასა და ლ. ჯ-ის (შემდგომში _ მოპასუხე თავდაპირველ სარჩელში, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების - 83 945.44 ლარისა და პირგასამტეხლოს - 89 438 ლარის დაკისრება. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1.1.1. მხარეებს შორის 2007 წლის 15 ივნისს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება. მენარდემ შეასრულა გარკვეული სამუშაოები, თუმცა დამკვეთს სრულად არ აუნაზღაურებია შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
1.2. ამხანაგობა „თ.-მა“, მ. ზ-ემ, ლ. ჯ-მა და მ. ტ-ამ (შემდგომში _ შეგებებული სარჩელის ავტორები, აპელანტები ან დამკვეთები) შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს თავდაპირველი მოსარჩელისათვის შეგებებული სარჩელის ავტორების სასარგებლოდ 593 401 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ასევე, 239 000 ლარის დაკისრება.
1.2.1. შეგებებული სარჩელის თანახმად, თავდაპირველ მოსარჩელეს ამხანაგობისა და მისი წევრების წინაშე გააჩნია დავალიანება, რომელიც წარმოშობილია მხარეთა შორის არსებული ნარდობის ხელშეკრულებიდან. მენარდემ ამხანაგობის დაკვეთით აწარმოა სამშენებლო სამუშაოები. აღმოჩნდა, რომ სახლის მშენებლობის საფასურად მას მიღებული აქვს უფრო მეტი თანხა, ვიდრე ამას ითვალისწინებდა ნარდობის ხელშეკრულება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოთხოვნის განხორციელების შემწყვეტი/შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხეებმა (ძირითად სარჩელზე) სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ მათ დავალიანება არ გააჩნიათ, არამედ გადახდილი აქვთ იმაზე მეტი თანხა, ვიდრე მხარეს ეკუთვნოდა, ამასთან, მიუთითეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელი იმ დასაბუთებით, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება დამკვეთის მიერ მენარდისათვის იმაზე მეტი თანხის გადახდის ფაქტი, ვიდრე მას ხელშეკრულებით ეკუთვნოდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 83 985.44 ლარისა (ნარდობის საზღაურის სახით) და 20 000 ლარის (პირგასამტეხლოს სახით) გადახდა, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტების მოთხოვნა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შეგებებული სარჩელის ავტორებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
4.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შეგებებული სარჩელის ავტორების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5. კასატორების მოთხოვნა და საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შეგებებული სარჩელის ავტორებმა, მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.
5.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ხოლო თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინება დარჩა უცვლელად.
6. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაკმაყოფილდა აპელანტთა წარმომადგენლის შუამდგომლობა და მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შეგებებული სარჩელის ავტორების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თავდაპირველ მოსარჩელეს შეგებებული სარჩელის ავტორების სასარგებლოდ დაეკისრა 350 438 ლარის, ასევე საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების: 5 165 ლარისა (იურიდიული მომსახურება) და 9 299,25 ლარის (სახელმწიფო ბაჟი) გადახდა.
6.2. ამავე სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის განჩინებით თავდაპირველი მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2015 წლის 2 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
7. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა მათი გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ან საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ. 2007-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერება. ამ საკითხის სამართლებრივად სწორად შეფასების მიზნით პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
1.1.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს, სადაც მენარდეს წარმოადგენს შპს „გ. 2007“, ხოლო დამკვეთს _ ამხანაგობა „თ.“ და მისი დამფუძნებელი წევრები;
1.1.2. მენარდის სასარჩელო მოთხოვნას ამ სამართალურთიერთობიდან გამომდინარე დამკვეთისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება და ამ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება წარმოადგენდა, ხოლო შემკვეთი მოთხოვნას ამყარებდა შეცდომით ზედმეტად თანხის გადახდაზე და კონდიქციური ვალდებულების საფუძველზე მის უკან დაბრუნებას მოითხოვდა.
1.1.3. საქალაქო სასამართლოს გადაწყეტილებით მენარდის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც ძალაში იქნა დატოვებული, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლოს მიერ, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატამ 2015 წლის 18 მაისის განჩინებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გააუქმა რა ქვემდგომი სასამართლოს განჩინება, დამკვეთის მოთხოვნის საფუძვლიანობის შესამოწმებლად საქმე დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
1.1.4. სააპელაციო პალატის მიერ საქმის ხელახალი განხილვისას 2015 წლის 5 ოქტომბრის სხდომა გადადო 2015 წლის 2 ნოემბერს, 14:30 საათზე. სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ მხარეები, მათ შორის აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (შპს „გ. 2007-ის“) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირი _ გ.ყ-ი. საქმის განხილვის ახალი სხდომის დროის თაობაზე მხარეები გაფრთხილდნენ, რაც დასტურდება საქმეში არსებული ხელწერილით, ამავე ხელწერილში განმარტებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის შინაარსი.
1.1.5. 2015 წლის 2 ნოემბერს დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე (თავდაპირველი მოსარჩელე), გამოცხადებულმა აპელნტმა (წარმომადგენელმა) სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, რაც სააპელაციო პალატამ 2015 წლის 2 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა, ჩათვალა რა მხარის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნას. რაც შეეხება შპს „გ. 2007-ის“ საჩივარს, პალატამ ის უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
1.2. კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ სასამართლომ, ერთი მხრივ, არასწორად მიიჩნიია მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოდ, რადგანაც ინფორმირების წესები დაარღვია, ხოლო, მეორე მხრივ, სადავოდ ხდის დადგენილად მიჩნეული გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის იურიდიულ მართებულობას.
1.3. კასატორის პრეტენზიების სამართლებრივი საფუძვლიანობის შესამოწმებლად პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე საკითხზე:
1.3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს, კერძოდ, ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.
1.3.2. იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე; ბ) გამოცხადებული აპელანტი უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე. ამ გარემოებათა კუმულატიურად არსებობა, წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის დადგენის შემდეგ, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა.
1.3.3. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ მის მიმართ დარღვეულია პროცესის თაობაზე შეტყობინების წესები (სსკ-ის 230.1 მუხლი), რადგანაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარე ხელწერილით იქნა გაფრთხილებული სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის, ასევე გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს ახალი სასამართლო სხდომის დღეს და ამის შესახებ აცნობებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. გამოუცხადებელ და საქმეში ახალჩაბმულ პირებს ახალი სასამართლო სხდომის დღე ეცნობებათ ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესებით. მითითებული საპროცესო ნორმა სასამართლო სხდომის გადადებისას მხარეთა ინფორმირების ამომწურავ ჩამონათვალს განსაზღვრავს და ამ კუთხით ქვემდგომ სასამართლოს არ დაურღვევია შეტყობინების მარეგულირებელი ნორმები, შესაბამისად, პალატა უარყოფს კასატორის იმ პოზიციას, რომლის თანახმადაც, სასამართლომ გაურკვეველი საფუძვლების გამო არასწორად აცნობა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს მორიგი სხდომის თარიღი, რომ სხდომა ჩატარდა წინა დღეს, ასევე იმას, რომ სააპელაციო სასამართლოს შპს „გ. 2007-ის“ დირექტორის ასაკისა და იურიდიული გამოცდილების არქონის გამო სატელეფონო შეტყობინება დამატებით უნდა განეხორციელებინა და სხვა. მსგავსი პრეტენზიები არ ემყარება შესაბამის საპროცესო საფუძვლებს, რაც შეეხება ხელწერილზე ხელმოწერას, მასში სრულადაა ასახული გამოუცხადებლობის შედეგები და ხელმომწერ პირებს სრული შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მის შინაარსს.
1.3.4. ვინაიდან არ დასტურდება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი, საკასაციო პალატა კვლავ მიუბრუნდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმას. რომლის თანახმადაც მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სააპელაციო სასამართლო დაემყარება მომჩივანის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნიშნავს არა სარჩელში მითითებული გარემოებების ავტომატურად დადგენილად მიჩნევას, არამედ იმის შემოწმებას, სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებებით (დადგენილად მიჩნევით) გაბათილდება თუ არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი სადავო ნაწილის დასკვნები, რომლებიც აპელანტის წინააღმდეგაა მიმართული, ანუ სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, მხედველობაში უნდა მიღოს აპელანტის ახსნა-განმარტება (რომელიც შეიძლება არც იყოს მოსარჩელე), ხოლო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით აპელანტის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს (ანუ აპელანტი მიუთითებს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მატერიალური ნორმის შემადგენელ ელემენტებზე). ამ შემთხვევაში, მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასება არ ხდება, თუმცა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ ყოველთვის უნდა შემოაწმოს სახეზე ხომ არ არის პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტები.
1.3.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის (სხვა სარჩელის) მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციული მნიშვნელობის შემოწმების დროს ყურადღება ექცევა როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ისევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოების შინაარსს.
1.3.6. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია ასევე სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
1.3.7. მითითებული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, ამავე დავის ფარგლებში მენარდის სარჩელის ნაწილში, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, დადგენილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან შემკვეთის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი (სკ-ის 629-ე მუხლი), კერძოდ:
ა) 2007 წლის 15 ივნისს, ერთი მხრივ, ამხანაგობა „თ.-ს“, როგორც „დამკვეთსა“ და, მეორე მხრივ, შპს „გ. 2007-ს“, როგორც „შემსრულებელს“ შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ.ქობულეთში, თ-ის გამზირის #...ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულებით განისაზღვრა სამუშაოთა ღირებულება - 3 697 500 ლარით;
ბ) სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2007 წლის პირველი ივლისიდან 2008 წლის ივნისამდე პერიოდი;
გ) ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ, რომ „დამკვეთი“ შეამოწმებდა დასრულებული სამუშაოს მოცულობას და დადასტურების შემთხვევაში, ფორმდებოდა სათანადო აქტი. მშენებლობის ობიექტის დამთავრების შემდეგ ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერდა მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები (კომისიის წევრები);
დ) 2008 წლის 4 აპრილს, ერთი მხრივ, „დამკვეთსა“ და შპს „გ. 2007-ს“ შორის დაიდო დამატებითი ხელშეკრულება ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ (ლიფტების შეძენა და მონტაჟი), რომლის საგანს წარმოადგენდა 3 ცალი 10-სართულიანი (გაჩერებიანი), 630 კგ. ტევადობის ლიფტის გადაცემა და მონტაჟი, 96 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ($ - K=1.49 ლარი, დღგ-ს ჩათვლით) გადახდის პირობით;
ე) დადგენილია მენარდის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტი, რომლის სანაცვლო ანაზღაურება დამკვეთს მისთვის არ გადაუხდია, შესაბამისად, მან გადააცილა შესრულების ვადა, სწორედ ამ საფუძვლებიდან გამომდინარე იქნა მიჩნეული დასაბუთებულად მენარდის სარჩელი დავალიანების ანაზღაურებისა და მისი ანაზღაურების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
1.3.8. ზემოხსენებული, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების საპირისპიროდ, მიუხედავად აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისა, სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია დადგენილად ამავე სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში შპს „გ. 2007-ისათვის“ ზედმეტად (უსაფუძვლოდ) თანხის გადახდა, რომლის ოდენობაც, საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 18 მაისის განჩინების შესაბამისად, უნდა განსაზღვრულიყო 350 438 ლარით.
1.4. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დებულებები, რის თაობაზეც მხარემ დასაბუთებული შედავება წარმოადგინა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
1.5. ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა წინამდებარე საკასაციო საჩივრის საგანს არ წარმოადგენს, ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, შეგებებულ სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები კანონის ძალით მიიჩნევა დადგენილად, პალატა თვლის, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, შესაბამისად, თავადაა უფლებამოსილი გადაწყვიტოს დავა (სსსკ-ის 411-ე მუხლი). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მენარდის მხრიდან სამუშაოების შესრულების ფაქტი, რომელთა ღირებულება სრულად არ აქვს ანაზღაურებული დამკვეთს, შეუძლებელია ამავე სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში დასტურდებოდეს მენარდის მიერ დამკვეთისაგან კუთვნილზე მეტი ანაზღაურების მიღების ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესრულების კონდიქციის საფუძვლით შეგებებული სარჩელის თუნდაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში დაკმაყოფილების წინაპირობები.
2. სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები:
2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
2.2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „გ. 2007-ის“ (ს/#...) კუთვნილ ქობულეთში, თ-ის სანაპიროს ...ში მდებარე #... ბინას (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #...) დაედო ყადაღა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „გ. 2007-ს“ აეკრძალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე 2015 წლის 17 ნოემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებული მოთხოვნის ნებისმიერი ფორმით გასხვისება და გირავნობით დატვირთვა.
2.3. ვინაიდან საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის ავტორებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 2.1. პუნქტში მითითებული საფუძვლიდან გამომდინარე, ზემოხსენებული განჩინებები უნდა გაუქმდეს.
3. სასამართლო ხარჯები:
3.1. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 9 მარტის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გაზიარებულ იქნა კასატორის შუამდგომლობა მძიმე მატერიალური მდგომაროების თაობაზე და საქმის განხილვის დასრულებამდე კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
3.2. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით დასრულდა სამართალწარმოება, საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლით და მიიჩნევს, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ გადავადებული ბაჟის გადახდა. ამასთანავე, რადგანაც შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, აღარ არსებობს მხარეთა შორის პროცესის ხარჯების განაწილების წინაპირობა და ქვემდგომი სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 1991, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „გ. 2007-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2016 წლის 11 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ამხანაგობა „თ.-ის“, მ. ზ-ის, მ. ტ-ასა და ლ. ჯ-ის შეგებებული სარჩელი შპს „გ. 2007-ისათვის“ 350 438 ლარის, ასევე საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. ამხანაგობა „თ.-ს“ (ს/#...), მ. ზ-ეს (პ/#...), მ. ტ-ასა (პ/#...) და ლ. ჯ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განჩინებით კასატორისათვის გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 8 000 ლარის გადახდა.
5. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს „გ. 2007-ის“ (ს/#...) კუთვნილ ქობულეთში, თ-ის სანაპიროს ...ში მდებარე #... ბინას (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #...) დაედო ყადაღა, ასევე, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 დეკემბრის განჩინება, რომლითაც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით შპს „გ. 2007-ს“ აეკრძალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე 2015 წლის 17 ნოემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებული მოთხოვნის ნებისმიერი ფორმით გასხვისება და გირავნობით დატვირთვა.
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე