Facebook Twitter

საქმე №ას-75-72-2016 11 მარტი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი, მოწინააღმდეგე მხარე: 1. შპს „გ.“ (მოსარჩელე)

2. ამხანაგობა „თ. 138“, მ. ზ-ე, მ. ტ-ა, ლ. ჯ-ი (შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორების მოთხოვნა: 1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

2. განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „გ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობა „თ. 138-ის“, მ. ზ-ის, გ. ც-ის, მ. ტ-ასა და ლ. ჯ-ის მიმართ მოპასუხეებისათვის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 83 945.44 ლარისა და პირგასამტეხლოს - 89 438 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. ამხანაგობა „თ. 138-მა“, მ. ზ-ემ, ლ. ჯ-მა და მ. ტ-ამ შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს შპს „გ.-ის“ მიმართ 593 401 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ასევე, 239 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „გ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ამხანაგობა „თ. №138-ს“, მ. ზ-ეს, გ. ც-ეს, მ. ტ-ასა და ლ. ჯ-ს დაეკისრათ 83 985.44 ლარისა (მენარდის საზღაურის სახით) და 20 000 ლარის (პირგასამტეხლოს სახით) გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ამხანაგობა „თ. №138-მა“, მ. ზ-ემ, ლ. ჯ-მა და მ. ტ-ამ.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ხოლო თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში იგი უცვლელად იქნა დატოვებული.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ამხანაგობა „თ. 138-ის“, მ. ზ-ის, მ. ტ-ასა და ლ. ჯ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „გ.-ს“ აპელანტების სასარგებლოდ დაეკისრა 350 438 ლარის, ასევე, ადვოკატის ხარჯის _ 5 165 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 9 299,25 ლარის გადახდა.

7. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს აპელანტებმა და შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვეს შპს „გ.-ის“ კუთვნილ აქტივზე _ #... სააღსრულებო ფურცელში აპელანტების მიმართ დაფიქსირებულ მოთხოვნაზე ყადაღის დადება, ასევე ამ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გადახდევინების მოთხოვნის, მისი აღსასრულებლად წარდგენისა და იძულებითი აღსრულების დაწყების მოთხოვნის აკრძალვა მანამ, ვიდრე შეგებებულ სარჩელზე არ დასრულდება სამართალწარმოება.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 დეკემბრის განჩინებით განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „გ.-ს“ აეკრძალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე 2015 წლის 17 ნოემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებული მოთხოვნის (რაც გულისხმობს უფლებას - შპს „გ.-მა“ მოითხოვოს ამხანაგობა „თ. 138-ის“, მ. ზ-ის, მ. ტ-ასა და ლ. ჯ-ისაგან საერთო ჯამში 107 255 ლარის (83985.44+20000+3269.56) გადახდევინება) ნებისმიერი ფორმით გასხვისება და გირავნობით დატვირთვა.

9. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის განჩინება გაასაჩივრა ორივე მხარემ: შპს „გ.-მა“ მოითხოვა განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე, იმის განმარტება, ეს განჩინება გულისხმობდა თუ არა სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენის უფლების შეზღუდვას, ხოლო ამხანაგობა „თ. 138-მა“, მ. ზ-ემ, მ. ტ-ამ და ლ. ჯ-მა მოითხოვეს მათი განცხადების სრულად დაკმაყოფილება.

9.1. შპს „გ.-ის“ საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

9.1.1. ამხანაგობა „თ. 138-ის“, მ. ზ-ის, მ. ტ-ასა და ლ. ჯ-ის შეგებებული სარჩელის უზრუნველსაყოფად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით, ყადაღა დაედო შპს „გ.-ის“ უძრავ ნივთს, საკადასტრო კოდით #.... ეს ყადაღა ძალაშია, ამდენად, მათი მოთხოვნა სრულადაა უზრუნველყოფილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის მოქმედება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შეჩერებულია, ამდენად, ამ ნორმით შპს „გ.-ის“ წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფა არ უნდა განხორციელებულიყო. განმცხადებელს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ შპს „გ.-ს“ მართლაც არ გააჩნია რაიმე ღირებული აქტივი ან ზემოთ მითითებულმა უძრავმა ნივთმა, რომელიც შეგებებული სარჩელის უფრო დიდ მოთხოვნას უზრუნველყოფდა, დაკარგა ღირებულება.

9.2. ამხანაგობა „თ. 138-მა“, მ. ზ-ემ, მ. ტ-ამ და ლ. ჯ-მა საჩივარში მიუთითეს შემდეგ გარემოებებზე:

9.2.1. თუ შპს „გ.“ აღსასრულებლად მიაქცევს თავის ერთადერთ ღირებულ აქტივს _ მოთხოვნას, აღმოჩნდება, რომ, ერთი მხრივ, მოისპობა ეს აქტივი, რომლიდანაც შეიძლება მოხდეს შპს „გ.-ის“ მიმართ არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება, ხოლო, მეორე მხრივ, გაცილებით ნაკლები ღირებულების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სარეალიზაციოდ მიექცევა მ. ტ-ას კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი. 2015 წლის 25 ნოემბრის განცხადებით მოთხოვნილი ღონისძიება არ წარმოადგენს აღსრულების შეჩერებას, რადგან აღსრულება ჯერ არც დაწყებულა.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული და გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოს შემდეგი დასაბუთებით:

10.1. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერით შეჩერებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის მხოლოდ იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, იურიდიული პირის - მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალების ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების, მათ შორის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და 91 მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილების დროებითი მმართველისათვის მინიჭებას. ყველა სხვა. მათ შორის მოცემული სადავო საკითხის გადაწყვეტისას მითითებული ნორმა მოქმედებს შეუზღუდავად. გასაჩივრებულ განჩინებას ასევე საფუძვლად დაედო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი. სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ გადაწყვეტილების უზრუნველყოფა მიზნად ისახავს მოსარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაუბრკოლებელი აღსრულებისათვის წინასწარი გარანტიის შექმნას. ამასთან, კანონი განსაზღვრავს ამომწურავ შემთხვევებს, როცა დაიშვება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება. ამ შემთხვევებისაგან განსხვავებული საფუძვლითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნორმაზე მითითებით, აღსრულების შეჩერება ვერ მოხდება.

10.2. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტებმა განცხადებაში სწორად მიუთითეს, რომ მათ მიერ აღძრული შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების შეუფერხებელი აღსრულებისათვის აუცილებელი იყო სადავო ქონების (აქტივის) შენარჩუნება შპს „გ.-ის“ საკუთრებაში, იმავე უფლებრივი მდგომარეობით, როგორც ამჟამად არსებობდა. მოპასუხისაგან სადავო ქონების გასხვისების ან უფლებრივად დატვირთვის შედეგად ეს ქონება საერთოდ აღარ იარსებებდა ან მნიშვნელოვნად შემცირდებოდა მისი ღირებულება, რაც გაართულებდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. ამ მიზნის მიღწევა, პალატის განმარტებით, შესაძლებელი იყო არა მხოლოდ ისეთი მკაცრი ღონისძიების გამოყენებით, როგორიცაა ყადაღა („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტი), არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებითაც.

10.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მან ასევე მართებულად მიიჩნია, რომ დანარჩენ ნაწილში განცხადება დაუსაბუთებელი იყო, რადგან განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ღონისძიებები (გადახდევინებისა და სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენის აკრძალვა) ფაქტობრივად იწვევდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას. მოცემულ საქმეში კი, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი და ზემოთ უკვე მითითებული ამომწურავი შემთხვევებიდან არცერთი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინებების დასაბუთებულობის შემოწმებისა და შპს „გ.-ის“, ასევე, ამხანაგობა „თ. 138-ის“, მ. ზ-ის, მ. ტ-ასა და ლ. ჯ-ის საჩივრების საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივრებში მითითებული პრეტენზიები არ ქმნიან მათი დაკმაყოფილების წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:

1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

2. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორების განცხადება შინაარსობრივად წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნას, რამდენადაც მისი მიზანი, სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, შეგებებულ სარჩელზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობაა, შესაბამისად, პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს შეფასებას გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების მიმართ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარკვეული შეზღუდვების ფარგლების თაობაზე, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, იურიდიული პირის - მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალების ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების, მათ შორის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და 91 მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილების დროებითი მმართველისათვის მინიჭებას. ამ ნაწილში შპს „გ.-ის“ საჩივარი უსაფუძვლოა და სწორად არ იქნა გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მხრიდან.

3. რაც შეეხება ამავე საჩივარში გამოთქმულ იმ პრეტენზიას, რომლის თანახმადაც, სარჩელი იყო უზრუნველყოფილი და დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენების წინაპირობები არ არსებობდა, პალატა მას ასევე არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქმეში არსებული ამხანაგობა „თ. 138-ის“, მ. ზ-ის, მ. ტ-ასა და ლ. ჯ-ის განცხადების შესწავლით, რომლითაც მოთხოვნილია შპს „გ.-ის“ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება, ირკვევა შემდეგი: უძრავი ქონება, რომელიც მოპასუხის სხვა ვალდებულების გამო ისედაცაა გამოყენებული უზრუნველყოფის საგნად, წარმოადგენს შპს „გ.-ის“ ერთადერთ აქტივს და მისი ღირებულება მიახლოებით 100 000 აშშ დოლარადაა შეფასებული. ამავე განცხადებით მოთხოვნილია ყველა საბანკო დაწესებულებაში შპს-ის ანგარიშზე 800 000 ლარის ფარგლებში ყადაღის დადება. საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა მხოლოდ ნაწილობრივ, უძრავი ქონების დაყადაღების მოთხოვნის ნაწილში დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო პალატამ, 2014 წლის 14 მარტის განჩინებით საქალაქო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება დატოვა უცვლელად. დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის კონტექსტში, ლოგიკურია, დავის წარმოებისას შპს „გ.-ის“ სასარგებლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ქონებრივ სიკეთეზე (რომლითაც გაიზარდა შპს „გ.-ის“ მატერიალური აქტივი), მოწინააღმდეგე მხარემ ასევე მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რადგანაც, განცხადების თანახმად, შეგებებული სარჩელის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის შპს-ს არ გააჩნდა საკმარისი მატერიალური სახსრები. ამდენად, შპს „გ.-ის“ პრეტენზია უკვე გამოყენებული ღონისძიების საკმარისობის კუთხით დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლოს შინაგანი რწმენა ამ შემთხვევაში ემყარება შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე და 191-ე მუხლების თანახმად, სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი მართლმსაჯულების რეალური განხორციელების ამოცანას ემსახურება და სასამართლოს მიერ ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი სიკეთით კრედიტორის სარგებლობის ხელშეწყობაა, რათა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის მისი ინტერესი მოვალის არაკეთილსინდისიერების გამო არ შეილახოს, ხოლო მართლმსაჯულება ფორმალური ხასიათის მატარებელი არ გახდეს.

4. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ამხანაგობა „თ. 138-ის“, მ. ზ-ის, მ. ტ-ასა და ლ. ჯ-ის პოზიციას სასამართლოს მხრიდან სამართლის ნორმათა არასწორი განმარტების თაობაზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გადახდევინების მოთხოვნის, მისი აღსასრულებლად წარდგენისა და იძულებით აღსრულების მოთხოვნის აკრძალვაზე უარი მხარეს იმ საფუძვლით უთხრა, რომ არ არსებობდა სააღსრულებო პროცესის შეჩერების წინაპირობები (დავა არ იყო აღძრული „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე), ასევე, განსახილველი საკითხი არ გამომდინარეობდა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნიდან.

5. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განცხადებით მოთხოვნილი ღონისძიება არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევას, არამედ, იგი ამავე ნორმის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოვალისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვაა. პალატა განმარტავს, რომ აღსრულების დაწყება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლითაა განსაზღვრული და მოცემული ნორმის დებულებათაგან არც ერთი სახეზე არაა, უდავოა ისიც, რომ არც თავდაპირველი და არც შეგებებული სარჩელის საგანი ქონების დაყადაღების კანონიერებას არ შეეხება, შესაბამისად, განმცხადებლების მოთხოვნა (სააღსრულებო ფურცლის წარდგენის, გადახდევინების მოთხოვნისა და გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების აკრძალვის თაობაზე) სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ საკანონმდებლო შეზღუდვის ფარგლებში არ ექცევა. მიუხედავად ამისა, მაინც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო წინაპირობა (სსსკ-ის 393.3 მუხლი), რამდენადაც ქვემდგომმა სასამართლომ, უზრუნველყოფის გამოყენებული ზომის გათვალისწინებით, შეძლო შპს „გ.-ისათვის“ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიკუთვნებული მოთხოვნის ეკვივალენტური ღირებულებით შენარჩუნება (აეკრძალა კრედიტორს ამ მოთხოვნის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა), რაც შეგებებული სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ზომის გათვალისწინებით, შპს „გ.-ის“ ქონებრივი რესურსის მაქსიმალურად შენარჩუნების ამოცანას ემსახურება. როგორც აღინიშნა, სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ერთი მხრივ, გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის აღსრულების ხელშეწყობას ისახავს მიზნად და, მეორე მხრივ, ამ ღონისძიების გატარების შედეგად დაცული უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული ბალანსი მხარეთა თანასწორობისა. სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით უსაფუძვლოდ არ უნდა შეიზღუდოს მოპასუხის კანონიერი ინტერესი. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმადაც, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდინარე ვერ იქნება გაზიარებული შეგებებული სარჩელის ავტორების მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზია განცხადების სრულად დაკმაყოფილების თაობაზე, რადგანაც იგი კრედიტორის იმ უფლების შემზღუდველია, რომელიც მას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აქვს მინიჭებული და, ბუნებრივია, სრული გარანტია გააჩნია, შეგებებულ სარჩელზე სამართალწარმოების დასრულებამდე აღასრულოს იგი.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდმინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ქვემდგომი სასამართლოს განჩინებების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ.-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ამხანაგობა „თ. 138-ის“, მ. ზ-ის, მ. ტ-ასა და ლ. ჯ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 დეკემბრისა და 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური