საქმე №ა-4332-შ-90-2015 8 აპრილი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - შპს „R.“
მოწინააღმდეგე მხარე – ი. გ-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის დრეზდენის მიწის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი და გერმანიის დრეზდენის მიწის სასამართლოს 2014 წლის 20 იანვრის განჩინება
დავის საგანი – სასამართლო ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გერმანიის დრეზდენის მიწის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით გაუქმდა დრეზდენის მიწის სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განაჩენი და ი. გ-ეს უარი ეთქვა სარჩელზე. მოსარჩელეს დაეკისრა ორივე ინსტანციის სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება. ამასთან, განისაზღვრა რომ, განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
1.2. გერმანიის დრეზდენის მიწის სასამართლოს 2014 წლის 20 იანვრის განჩინებით კი, 2013 წლის 10 ოქტომბრის დრეზდენის მიწის უზენაესი სასამართლოს დროებით აღსასრულებელი განაჩენის საფუძველზე, ი. გ-ის მიერ მოპასუხე მხარისათვის ასანაზღაურებელი ხარჯი განისაზღვრა 2 787.60 ევროთი.
2. შპს „R.-მა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის დრეზდენის მიწის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 10 ოქტომბრის განაჩენისა და დრეზდენის მიწის სასამართლოს 2014 წლის 20 იანვრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 იანვრის განჩინებით შპს „R.-ის“ შუამდგომლობა გერმანიის დრეზდენის მიწის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად მხარის იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო, ხოლო გერმანიის დრეზდენის მიწის სასამართლოს 2014 წლის 20 იანვრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში. შუამდგომლობა და თანდართული მასალები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს.
4. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ი. გ-ემ, წარმოადგინა შუამდგომლობის ავტორთან ელექტრონული მიმოწერის ასლები, ასევე, სს „თ-ის“ მიერ დამოწმებული საგადახდო დავალების ასლი და განმარტა, რომ შუამდგომლობის ავტორთა შეთანხმებით მან უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება შეასრულა. ეს გარემოება დაადასტურა შპს „R.-მაც“ (იხ. სასამართლო მოხელის შესაბამისი აქტი, რომლის თანახნადაც, შპს „R.-ის“ წარმომადგენელი ადასტურებს შპს-ის დირექტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების ფაქტს).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შპს „R.-ის“ შუამდგომლობაზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 იანვრის განჩინებით შპს „R.-ის“ შუამდგომლობა გერმანიის დრეზდენის მიწის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად მხარის იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო, ხოლო გერმანიის დრეზდენის მიწის სასამართლოს 2014 წლის 20 იანვრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში. უცხო ქვეყნის სასამართლოს მითითებული განჩინებით, სასამართლო ხარჯის სახით მოწინააღმდეგე მხარის ვალდებულება განსაზღვრულია 2 787.60 ევროთი.
2. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 25 იანვრის განჩინება საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა ი. გ-ეს, რომლის პასუხადაც ადრესატმა წარმოადგინა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დაკისრებული ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება _ საგადახდო დავალება 2 787,60 ევროს ჩარიცხვის თაობაზე იმ საბანკო რეკვიზიტებზე, რაც ასახულია შპს „R.-ის“ წარმომადგენლის მიერ ი.გ-ისათვის მიწოდებულ ანგარიშზე, გარდა აღნიშნულისა, ვალდებულების შესრულებას ადასტურებს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტი (სადაც შპს „R.-ის“ წარმომადგენელი ადასტურებს საწარმოს დირექტორის მიერ თანხის მიღების ფაქტს და მოითხოვს საკასაციო სასამართლოს მიერ ი.გ-ის განცხადების განხილვას).
3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების საკითხის მარეგულირებელ ნორმებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს, რომლის 386-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორს აქვს ფულის ჩარიცხვისათვის გამიზნული საბანკო ანგარიში იმ ადგილას ან იმ ქვეყანაში, სადაც გადახდა უნდა მოხდეს, მაშინ მოვალეს შეუძლია ამ ანგარიშზე ჩარიცხვით შეასრულოს თავისი ფულადი ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრედიტორი ამის წინააღმდეგია. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალების შესწავლით დასტურდება ი.გ-ის მიერ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ფულადი ვალდებულების შესრულება. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 და 70.3 მუხლების თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა აღსრულების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. ამდენად, კრედიტორის სასარგებლოდ შესრულების გზით ვალდებულების შეწყვეტის პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასებისას საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ეროვნული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისი ნორმებით.
5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. ამავე კოდექსის 209-ე მუხლის თანახმად კი, 272-ე და 275-ე მუხლების შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განსახილველად მომზადების დროს საქმის წარმოება მოსამართლემ შეიძლება შეწყვიტოს ან სარჩელი (განცხადება) განუხილველად დატოვოს, რის შესახებაც მას გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
6. მითითებული ნორმებისა და განჩინების სამოტივაციო ნაწილში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ სწორედ დავის საგნის არარსებობის გამო უნდა შეწყდეს წარმოება შპს „R.-ის“ შუამდგომლობაზე ი. გ-ის მიმართ, გერმანიის დრეზდენის მიწის სასამართლოს 2014 წლის 20 იანვრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე, 272-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შეწყდეს წარმოება შპს „R.-ის“ შუამდგომლობაზე ი. გ-ის მიმართ, გერმანიის დრეზდენის მიწის სასამართლოს 2014 წლის 20 იანვრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დავის საგნის არარსებობის გამო.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური