საქმე №ა-563-გან-2-2016 1 აპრილი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - ა. პ-ის უფლებამონაცვლე გ. ბ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - რკ „ქ-ი“ (მოსარჩელე), ლ. ა-ი, შემოსავლების სამსახური (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით)
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების განმარტება და დაშვებული უსწორობების გასწორება
დავის საგანი - მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რეგისტრირებულმა კოოპერატივმა „ქ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში კოოპერატივ „ქ-ის“ ყოფილი დირექტორის - ა. პ-ის, შპს „ა-ას“ მეანაბრეების: ნ. გ-ის, ზ. წ-ის, ნ. ბ-ის, ნ. მ-ის (შ. ხ-ის უფლებამონაცვლე), ა. პ-ისა და ო. ლ-ის მიმართ კოოპერატივ „ქ-ის“ დირექტორ ა.პ-სა და კოოპერატივ „ქ-ის“ უფლებამონაცვლე შპს „ა-ას“ მეანაბრეთა რწმუნებულ ნ. გ-ეს შორის გაფორმებული 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობისა და დავალიანების ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მოთხოვნით.
2. რეგისტრირებულ კოოპერატივ „ქ-სა“ და ნ.გ-ეს შორის გაფორმებული ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით ასევე მიმართეს სასამართლოს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებმა: სსიპ „შემოსავლების სამსახურმა“ (თელავის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე) და ლ. ა-მა (იგივე ლ. გ-ა).
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
4. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე კოოპერატივ „ქ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი 1999 წლის 12-14 ოქტომბრის ქონების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც კოოპერატივ „ქ-ის“ დირექტორმა ა. პ-მა კორპორაცია „ქ-ის“ მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულ ნ. გ-ეს გადასცა კოოპერატივ „ქ-ის“ ბალანსზე რიცხული ქონება, კოოპერატივ „ქ-ს“ უარი ეთქვა კორპორაცია „ქ-სა“ და კოოპერატივ „ქ-ს“ შორის არსებულ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვაზე უსაფუძვლობის გამო, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირების: შემოსავლების სამსახურისა და ლ. ა-ის სარჩელები დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 1999 წლის 12-14 ოქტომბრის ქონების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც კოოპერატივ „ქ-ის“ დირექტორმა ა. პ-მა კორპორაცია „ქ-ის“ მეანაბრეთა ჯგუფის რწმუნებულ ნ. გ-ეს გადასცა კოოპერატივ „ქ-ის“ ბალანსზე რიცხული ქონება.
5. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ბ-ემ და ა. პ-ემ (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 1 ივნისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 23 ივლისის განჩინებები).
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის განჩინებით ნ. ბ-ისა და ა. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.
7. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ბ-ემ და ა. პ-ემ.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ისა და ა. პ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რეგისტრირებულ კოოპერატივ „ქ-ის“ სარჩელი კოოპერატივ „ქ-ის“ დირექტორ ა.პ-სა და კოოპერატივ „ქ-ის“ უფლებამონაცვლე შპს „ა-ას“ მეანაბრეთა რწმუნებულ ნ. გ-ეს შორის გაფორმებული 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობისა და დავალიანების ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო სსიპ „შემოსავლების სამსახურისა“ და ლ. ა-ის მოთხოვნის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
9. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ა. პ-ის უფლებამონაცვლე გ. ბ-ემ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების განმარტება, ასევე, უსწორობების გასწორება. განცხადების თანახმად, სააპელაციო სასამართლოში უფლებამონაცვლეობის საკითხის განხილვისას მომხსენებელმა მოსამართლემ განმარტა, რომ საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების თანახმად, სააპელაციო პალატამ უნდა იმსჯელოს მხოლოდ იმაზე, 2001 წლის 25 აპრილიდან სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ლ. ა-ის სარჩელები არის თუ არა ხანდაზმული, უარყოფით შემთხვევაში, არ იარსებებს გადაწყვეტილების შეცვლის წინაპირობები. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ის ვერ იმსჯელებს ამ ორი სარჩელის იურიდიული ინტერესის ნამდვილობაზე, ასევე სათანადო მოსარჩელის საკითხზე, ანუ იმ გარემოებებზე, რომლებიც სააპელაციო საჩივრის საფუძვლებია და განმცხადებლის მოსაზრებით, უზენაესმა სასამართლომ სწორედ ამ გარემოებათა გამოკვლევაზე მიუთითა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის განმარტებით, ის ვერ გაცდება უზენაესი სასამართლოს მითითებებს და ვერ გამოიკვლევს საქმეში არის თუ არა კოოპერატივის წესდება, იმ საზოგადოებას ჰყავდა თუ არა ერთზე მეტი დირექტორი, რომლის მიერ გაფორმებული სადავო გარიგებები იყო თუ არა საზოგადოების ინტერესების შესაბამისი და სხვა. მიუხედავად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ხარვეზიანობისა, განმცხადებლის მოსაზრებით, მასში არ არის მითითებული ამგავრი გარემოებები და სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მისი არასწორი ინტერპრეტაციის გამო, არსებობს გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობები, კერძოდ:
9.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველ სარჩელებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით არის თუ არა სააპელაციო პალატა უფლებამოსილი პირველ რიგში დაადგინოს ლ.ა-ისა და სსიპ სემოსავლების სამსახურის იურიდიული ინტერესი გარიგებების ბათილად ცნობის მიმართ. განმცხადებელმა ითხოვა იმის განმარტება, თუ რა დაადგინა საკასაციო სასამართლომ ამ სარჩელების იურიდიულ ინტერესად;
9.2. გულისხმობს თუ არა საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმის აკრძალვას, რომ სააპელაციო პალატამ არ იმსჯელოს სააპელაციო საჩივარში სადავოდ გამხდარ სათანადო მოსარჩელის საკითხზე;
9.3. თუ ლ.ა-ი და სსიპ შემოსავლების სამსახური ითვლებიან „ქ-ის“ კრედიტორებად, მათ მოვალის სხვა კრედიტორის მიმართ აქვთ თუ არა მოთხოვნის უფლება, ამასთან, მოვალის მიერ კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობის დარღვევის შემთხვევაში, იმ კრედიტორს, რომელსაც მიაჩნია, რომ მისი უფლებები დარღვეულია, შეუძლია თუ არა დაკმაყოფილებულ კრედიტორს მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება?
9.4. საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას გაითვალისწინა თუ არა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 4 ნოემბრისა და შემდგომი გადაწყვეტილებები, რომლითაც დადგინდა უფლებამონაცვლეობის საკითხი და დაზარალებულ მეანაბრე კრედიტორთა წრე. სადავო მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული ქონება თუ იქნებოდა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, იქონიებდა თუ არა ეს სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას გავლენას?
9.5. საქმეში წარმოდგენილია რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი და განჩინება მისი განმარტების თაობაზე. ამგვარი დოკუმენტი ლ.ა-ის მიმართ არ არის გაცემული. მოპასუხე მხარესთან მორიგება მან კოოპერატივის დირექტორის გაყალბებული ხელმოწერის საფუძველზე გააფორმა. საკასაციო სასამართლომ გაითვალისწინა თუ არა ის ფაქტი, რომ შემოსავლების სამსახური სადავოდ არ ხდის ლ.ა-ისა და მოპასუხის მორიგებას, ხოლო დაზარალებულ მეანაბრეებთან მორიგებას არ ეთანხმება;
9.6. უზენაესმა სასამართლომ გამოიყენა თუ არა საქმეში არსებული კახეთის სამხარეო პროკურატურის დადგენილებები, ასევე, თელავის რაიონული და უზენაესი სასამართლოს დადგენილებები და ამ დადგენილებებს გააჩნიათ თუ არა პრეიუდიციული მნიშვნელობა;
9.7. უზენაესმა სასამართლომ გამოიკვლია თუ არა საქმეში არსებული კოოპერატივ „ქ-ის“ წესდება და მისი რეგისტრაციის შესახებ დადგენილება? გამგეობა არის თუ არა დირექტორატი და იმ შემთხვევაში, თუკი დირექტორი მხოლოდ ერთი პირია, გამგეობაც ხომ ერთი პირისგან შედგება?
9.8. გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ქონება ტექბიუროში არ იყო რეგისტრირებული, ასევე, მიუთითა 2011 წლის 19 დეკემბრის განჩინებაზე და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე და 272-ე მუხლების შემადგენლობა არ დასტურდებოდა. დღეისათვის ქონება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, არ ადევს ყადაღა და რეგისტრაციის საფუძველი 2000 წელს ამ ქონების ტექბიუროში რეგისტრაცია იყო. აღნიშნული გარემოება ცვლის თუ არა საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების განმარტებას და სასამართლოს მსჯელობა შეიძლება თუ არა გამოყენებულ იქნა განმცხადებლის წინააღმდეგ? ფაქტობრივი გარემოებების შეცვლის გამო კვლავ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 106-ე და 272-ე მუხლის შემადგენლობა?
9.9. საჯარო რეესტრმა საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლების დამდგენ დოკუმენტად მიუთითა ნოტარიულად დამოწმებული 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტები, შესაბამისად, განმცხადებელმა ითხოვა იმის განმარტება, ამ აქტების დადების თარიღად საკასაციო სასამართლომ რატომ მიიჩნია მათი სანოტარო წესით დადასტურების პერიოდი. საქმეში არსებობს არაერთი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სადავო ქონების მეანაბრეთა წარმომადგენელ ნ.გ-ის სახელზე რეგისტრაცია, შესაბამისად, რატომ ჩათვალა საკასაციო სასამართლომ, რომ ქონება არ იყო აღრიცხული;
9.10. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ კოოპერატივს ჰყავდა მხოლოდ ერთი დირექტორი, შესაბამისად, მხარემ ითხოვა განმარტება იმისა, თუ საიდან მივიდა ამ დასკვნამდე სასამართლო;
9.11. რატომ გაიგო საკასაციო სასამართლომ ნ. გ-ის განმარტება არასწორად მიღება-ჩაბარების აქტების თაობაზე, როდესაც ნ.გ-ემ განმარტა ის, რომ 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის ბოლო ვარიანტია ის, რომელიც სანოტარო წესითაა დამოწმებული;
9.12. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კოოპერატივის დირექტორი არ იყო უფლებამოსილი, ერთპიროვნულად დაედო გარიგება. თუ საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ.ა-ი და შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი არიან სარჩელი აღძრან მეანაბრეების მიმართ, მაშინ მეანაბრეები რატომ იყვნენ არასათანადო მოსარჩელეები ლ.ა-ისა და კოოპერატივ „ქ-ს“ შორის არსებულ გარიგებებთან მიმართებაში? განმცხადებელმა მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ კოოპერატივის გამგეობა მხოლოდ დირექტორებისაგან შედგება, თუ წესდებაში დაშვებულია შეცდომა, მოქმედებს თუ არა კანონი და დასაშვებია თუ არა გამგეობაში 7 წევრის არსებობა?
9.15. ვინ არიან პროცესის მონაწილეები საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების თანახმად?
9.16. საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებისას ლ.ა-ისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელებზე ვინ არის მოპასუხე მხარე? იყო თუ არა დასაშვები ლ.ა-ის სარჩელი? ა.აპ-ი გარდაიცვალა და მას არ ჰყავს უფლებამონაცვლე, რომც არსებობდეს ასეთი პირი, როგორ უნდა ჩაებას იგი პროცესის მონაწილედ? სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველი სარჩელების მოპასუხე უნდა იყოს თუ არა კოოპერატივი „ქ-ი“? თუ მოპასუხედ არ არის იგი დასახელებული, არსებობს თუ არა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის საფუძველი? საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უპირობოდ გაუქმებასა და სარჩელი განუხილველად დატოვებას?
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების განმარტება, ამასთან, აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაშვებულია შეცდომები საქმის ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში და სწორედ ზემოხსენებული საკითხების გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომების გასწორება ითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, ა. პ-ის უფლებამონაცვლე გ. ბ-ის განცხადების საფუძვლიანობას და მიიჩნევს, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით, რომლის განმარტებასაც განმცხადებელი მოითხოვს, ნ. ბ-ისა და ა. პ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რეგისტრირებულ კოოპერატივ „ქ-ის“ სარჩელი კოოპერატივ „ქ-ის“ დირექტორ ა.პ-სა და კოოპერატივ „ქ-ის“ უფლებამონაცვლე შპს „ა-ას“ მეანაბრეთა რწმუნებულ ნ. გ-ეს შორის გაფორმებული 1999 წლის 12-14 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობისა და დავალიანების ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ არ დაკმაყოფილდა, სსიპ „შემოსავლების სამსახურისა“ და ლ. ა-ის მოთხოვნის ნაწილში კი, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2. მითითებული გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლოს არ დაუდგენია უფლებრივი საკითხი, რამეთუ გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც დასრულდა საქმის წარმოება, ეხება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ლ.ა-ის, როგორც დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირების სარჩელის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს.
3. განმცხადებლის მოთხოვნის სამართლებრივად სწორად შეფასების მიზნით, საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის დისპოზიციას, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს გადაწყვეტილების განმარტების საპროცესო მიზანი _ ხელი შეეწყოს გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას, ამასთანავე, ამ ინსტიტუტის დახმარებით აღმოიფხვრას სამართალწარმოებისას დაშვებული შესაძლო ხარვეზები, რაც გადაწყვეტილების ბუნდოვანებაში გამოიხატება. განსახილველ შემთხვევაში, ნორმაში მითითებული არც ერთი წინაპირობა სახეზე არ გვაქვს, კერძოდ, გადაწყვეტილებაში ნათლად და არაორაზროვნადაა გადმოცემული მისი როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი დასაბუთება და რაც მეტად მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება არ არის აღსრულებადი _ როგორც ზემოთ აღინიშნა, იგი არ განსაზღვრავს უფლების საკითხს. უფრო მეტიც, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტი ზოგადად არ ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აღსრულებადი აქტის სამოტივაციო ნაწილის იმგვარ განმარტებას, როგორც ეს წინამდებარე განცხადებაშია მოცემული (მხარე კონკრეტული შეკითხვების ფარგლებში ცდილობს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას).
4. რაც შეეხება გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომელზეც დასრულებული არ არის სამართალწარმოება, სასამართლო აქტის ამ ნაწილის განმარტების მოთხოვნა ზემოხსენებული ნორმის ფარგლებს ცდება. პალატა აღნიშნავს იმას, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალური საფუძველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლია. მითითებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას. მოცემული ნორმის დისპოზიციის, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების, როგორც სამოტივაციო, ისე, სარეზოლუციო ნაწილის შესწავლით არაორაზროვნად იკვეთება საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება, რომლის ფარგლებშიც სააპელაციო პალატა ვალდებულია, გამოიკვლიოს და დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები.
5. უსწორობის გასწორების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს იმას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და არც განცხადებით ირკვევა რაიმე ტექნიკური ან არითმეტიკული შეცდომის დაშვება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. ამდენად, განცხადება ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 262-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. პ-ის უფლებამონაცვლე გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების განმარტებისა და დაშვებული უსწორობების გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური