საქმე №ა-1216-ა-7-2016 18 აპრილი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი – ნ. (ი.) შ.-ე
წარმომადგენელი – ზ. ც.-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. კ.-ე
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 იანვრის განჩინება
განცხადების ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განხლება
დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. (ი.) შ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ლ. კ.-ის მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ნ. (ი.) შ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. (ი.) შ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ნ. (ი.) შ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. (ი.) შ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2015 წლის 22 დეკემბერს ნ. (ი.) შ.-ემ განცხადებოთ მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ უარს ამბობს კერძო საჩივარზე, ვინაიდან მხარეები მორიგდნენ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 იანვრის განჩინებით ნ. (ი.) შ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ნ. (ი.) შ.-ის კერძო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა.
2016 წლის 11 მარტს ნ. (ი.) შ.-ის წარმომადგენელმა ზ. ც.-ემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და აღნიშნა, რომ ნ. (ი.) შ.-ეს არ უთქვამს უარი კერძო საჩივარზე, მან უარი განაცხადა მხოლოდ საჩივარზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და მოითხოვა სასამართლოს მიერ შესაბამისი რეაგირების განხორციელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განჩინებით ნ. (ი.) შ.-ეს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაზუსტებული განცხდების წარმოდგენა.
2016 წლის 31 მარტს ნ. (ი.) შ.-ის წარმომადგენელმა ზ. ც.-ემ წარმოადგინა დაზუსტებული განცხადება და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 იანვრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ნ. (ი.) შ.-ის კერძო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება. ასევე განცხადების ავტორის წარმომადგენელმა მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ნ. (ი.) შ.-ის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო.
საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 1 აპრილის განჩინებით ნ. (ი.) შ.-ის წარმომადგენელ ზ. ც.-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და განცხადების ავტორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულების წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ნ. (ი.) შ.-ის წარმომადგენელ ზ. ც.-ეს ჩაბარდა 2016 წლის 1 აპრილს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც განცხადების ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. (ი.) შ.-ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 იანვრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ განცხადების ავტორის წარმომადგენელ ზ. ც.-ეს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 1 აპრილის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2016 წლის 1 აპრილს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.281). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველ.. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 2 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 6 აპრილს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც განცხადების ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო გაიზიარებდა განცხადების ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას უარი არ უთქვამს კერძო საჩივარზე, არსებობს მეორე გარემოება, რომელიც ასევე გამოიწვევდა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვებას, რადგან კერძო საჩივრის ავტორმა არ გამოასწორა ხარვეზი, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინების საფუძველზე, არ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან განცხადების ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. (ი.) შ.-ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 იანვრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზ. ძლიერიშვილი