საქმე №ას-151-147-2016 19 აპრილი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „პ-ი“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა-ე (მოსარჩელე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
I. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:
1. ა--ემ (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა მოპასუხე სს „პ-ის (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე ან დამსაქმებელი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: მოპასუხე ბანკის დირექტორის 2014 წლის 29 აპრილის ბრძანების ბათილად ცნობა; მოსარჩელის აღდგენა მოპასუხე ბანკის ვაკის სერვის პუნქტში ფიზიკური პირების მრჩევლის თანამდებობაზე; მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, 2014 წლის 29 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 2007 წლის 21 დეკემბრიდან 2014 წლის 29 აპრილამდე მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე ბანკში. მისი საქმიანობა არაერთხელ გამხდარა მოპასუხე ბანკის ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითი შეფასების საფუძველი.
2014 წლის 11 აპრილს, ვაკის სერვის პუნქტის კოორდინატორმა სიტყვიერად შესთავაზა არჩევანი - პოზიცია დაეტოვებინა 11 აპრილს ან თვის ბოლოს, 30 აპრილს.
მოსარჩელე გახდა პიროვნული შეუთავსებლობის მსხვერპლი. მან უარი განაცხადა საკუთარი ნებით თანამდებობის დატოვებაზე.
II. მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
4. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე ერთმანეთში ურევს 2007 წელს, მის მიმართ, გამოსაცდელი ვადის დროს არსებულ გამოწვევებს და მოთხოვნებს და დღევანდელი რეალობით მოცემულ მდგომარეობას; 2007 წლიდან საქართველოს საბანკო სისტემა შეიცვალა, გაიზარდა, ასევე გაიზარდა კლიენტებისათვის მისაწოდებელი არასაბანკო პროდუქტების სია და სხვ. განსაკუთრებით ბოლო წლებში, განხორციელდა მთელი რიგი ტექნოლოგიური მიღწევები ამ სფეროში. როდესაც დასაქმებული დადგა ახალი გამოწვევების წინაშე, მისი უნარ-ჩვევები არასაკმარისი აღმოჩნდა დაკავებულ თანამდებობასთან მიმართებაში, რაც პირდაპირ გამოიხატა მოსარჩელის მხრიდან ბანკის მიერ დადგენილი გეგმის სისტემატურ ჩავარდნაში: 01 თვის წარმატებული მონაცემი ვერ გამოდგება იმის დასტურად, რომ მისი საქმიანობა და ბიზნეს უნარ-ჩვევები იყო საკმარისი.
5. მოპასუხემ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გააფრთხილა მოსარჩელე მისი გათავისუფლების შესახებ, გადაუხადა მას დადგენილი კომპენსაცია.
6. პიროვნული ანგარიშსწორების არსებობას მოპასუხე უარყოფს და აღნიშნულს ბანკის სტრატეგიისათვის მიუღებლად მიიჩნევს.
III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2007 წლის 12 სექტემბრიდან მუშაობდა მოპასუხე ბანკში სამომხმარებლო სესხების ექსპერტის, ბიზნეს სესხების ექსპერტის და ფიზიკური პირების მრჩევლის პოზიციებზე.
10. 2014 წლის 29 აპრილს, მოპასუხემ მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელესთან, 2014 წლის 05 მაისიდან შრომითი ხელშეკრულების (შრომითი ურთიერთობის) შეწყვეტის შესახებ, რის შესახებაც, 2014 წლის 29 აპრილს, ელექტრონული წერილით შეატყობინა მას. შეტყობინებაში, გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი და 38-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან.
11. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის გაფორმებული შრომის ხელშეკრულება არ შეიცავდა დასაქმებულის მოვალეობების კონკრეტულ ჩამონათვალს, მოპასუხის განმარტება, რომ მოსარჩელე არ ასრულებდა ბანკის მიერ დადგენილ სამუშაო ფინანსურ გეგმას და არ აკეთებდა პრეზენტაციებს, სადავო ბრძანების სამართლებრივ საფუძველს ბუნდოვანს ხდიდა.
12. სააპელაციო პალატამ შრომით სამართლებრივი დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურების გათვალისწინებით, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთი შეაბრუნა დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც დააკისრა მოსარჩელის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულება.
13. მოპასუხე მოსარჩელის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობის ფაქტობრივ საფუძვლად უთითებდა შემდეგს:
ა) მოსარჩელე ვერ ასრულებდა ბანკის მიერ დადგენილ სამუშაო ფინანსურ გეგმას;
ბ) მის მიერ ჩატარებული პრეზენტაციები იყო ცუდი;
გ) კლიენტებთან ურთიერთობაში იყო ფამილარული.
14. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად აპელანტის ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენდა მოწმეთა ჩვენებები. მოწმის სახით დაკითხული ვაკის სერვის პუნქტის კოორდინატორის ნ. ხ-ის და ფიზიკური პირების დაკრედიტების კოორდინატორის გ. ნ-ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებები, რომელთა შინაარსით ირკვეოდა, რომ „ბოლო პოზიციაზე მოსარჩელის მუშაობის შედეგები იყო არადამაკმაყოფილებელი, როგორც უშუალოდ საკრედიტო კუთხით, ისე კლიენტების მოზიდვის, ანაბრების სფეროს თუ ყოველკვარტალური პრეზენტაციის გაკეთების მხრივ; მითითებულ პერიოდში, მოპასუხე ბანკის მიერ დადგენილ სამუშაო ფინანსურ გეგმას მოსარჩელე ვერ ასრულებდა. მთლიანად ბანკში, იმავე პოზიციაზე დასაქმებული 14 თანამშრომლის მონაცემებში მოსარჩელის პირადი მაჩვენებელი საშუალოზე დაბალია (ბოლოდან მეორე). იგი, მისთვის მიცემულ დავალებებს (მითითებებს) ასრულებდა არასრულად, ამასთან, ზედაპირულად; კლიენტებთან ურთიერთობაში აკლდა თავდაჯერებულობა და კომპეტენტურობა; ამავე დროს, მათთან ურთიერთობაში იყო ზედმეტად ფამილარული.
15. პალატის მოსაზრებით არ არსებობდა მოწმეთა ჩვენებების გაზიარების საფუძველი, რადგან ნ. ხ-სა და მოსარჩელეს შორის იყო გარკვეული უთანხმოება, ასევე, ნ. ხ-ი და გ. ნ-ი უშუალოდ მონაწილეობდნენ მისი გათავისუფლების შესახებ საკითხის განხილვაში და გადაწყვეტილების მიღებაში.
16. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ბანკის მიერ დადგენილი გეგმის შეუსრულებლობა უპირობოდ არ შეიძლებოდა შეფასებულიყო არაკვალიფიციურ თანამშრომელად, მოსარჩელის მიჩნევის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ იყო მტკიცებულებები, რომლებითაც დადგინდებოდა თუ რა მეთოდით და რა მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა აღნიშნული გეგმის (მისაღწევი შედეგების) შემუშავება; რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარება „გეგმა“; თანამშრომლის მიერ გეგმის შესრულებისას გასათვალისწინებელია გარეშე ფაქტორებიც, რასაც შესაძლოა ემოქმედა გეგმის სრულყოფილად შესრულებაზე (მაგალითად ფინანსური კრიზისი), რაც გამორიცხავს ბანკის თანამშრომლის ბრალს გეგმის არაჯეროვნად შესრულებაში. აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის ბანკის სხვა თანამშრომელთა მხრიდან გეგმის შესრულების შედეგები, რაც თავლნათელს გახდიდა გეგმის შეუსრულებლობაში რამდენად მიუძღვის ბრალი მოსარჩელეს და ხომ არ არის ეს გამოწვეული ზოგადად ბანკის ფინანსური პოლიტიკით, ან სხვა გარეშე ფაქტორებით.
17. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ განსახორციელებელ პრეზენტაციებს, მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ პრეზენტაციები განკუთვნილი იყო მხოლოდ ბანკის თანამშრომელთათვის და შეეხებოდა განვლილი პერიოდის შედეგების შეჯამებასა და მომავალი გეგმების დასახვას, შესაბამისად, აღნიშნულის განხორციელება სცდებოდა ფიზიკური პირების მრჩევლის ჩვეულებრივ საქმიანობას და მათი განუხორციელებლობა არ შეიძლებოდა განხილული ყოფილიყო დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობად, მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან, ანდა შესასრულებელ სამუშაოსთან. ამასთან, საქმეში არ მოიპოვებებოდა მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ პრეზენტაციების გაკეთება მოსარჩელეს ოფიციალურად ევალებოდა და რომ მოსარჩელის მიერ ჩატარებული პრეზენტაცია იყო ცუდი.
18. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ ბანკის თანამშრომლის მხრიდან კლინეტებისადმი მიმართვა სიტყვებით „ღმერთმა დაგლოცოს“ წარმოადგენს ფამილარულ დამოკიდებულებას და გაითვალისწინა ის, რომ კლიენტების მომსახურების სფეროში მუშაობისას მუშაკს განსაკუთრებით მართებს სიტყვების მაქსიმალურად სწორად შერჩევა, ვინაიდან თითოეული სიტყვა კლიენტისთვის აღიქმება იმ ორგანიზაციის ნათქვამად, რომელსაც მუშაკი წარმოადგენს, თუმცა, მიმართვა „ღმერთმა დაგლოცოთ“ ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ურთიერთობის სტანდარტებიდან და ფორმებიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება შეფასდეს ფამილიარულ დამოკიდებულებად.
19. გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატამ ყურადღება გაამახვილა ნ. ხ-ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ განმარტებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ მოსარჩელე უფრო არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, ვიდრე ვერ ასრულებდა. პალატის მოსაზრებით, მოწმის აღნიშნული ჩვენება გამორიცხავს მოსარჩელის არაკვალიფიციურობას. შესაბამისად, მოპასუხის მითითება მოწმე ნ.ხ--------ის ჩვენებაზე დაყრდნობით მოსარჩელის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით, გაზიარებული არ იქნა.
20. დამატებით პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის მხრიდან ბანკში მუშაობის პერიოდში რაიმე დისციპლინარული გადაცდომის ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა მოპასუხის მიერ აპელანტის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები: 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის მაისამდე პერიოდში გეგმის არაჯეროვნად შესრულება, ბანკის თანამშრომლებისთვის პრეზენტაციის ცუდად ჩატარება და კლიენტისადმი სიტყვებით მიმართვა „ღმერთმა დაგლოცოთ“, აღნიშნული ქმედებები არ წარმოადგენდა საკმარის, სერიოზულ საფუძველს იმისათვის, რომ დამსაქმებელს მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეეწყვიტა არაკომპეტენტურობის და დაბალი კვალიფიკაციის საფუძვლით.
21. საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ვინაიდან სააპელაციო პალატამ მიიჩნია, საქმეზე არ იყო დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ა) განაცდური ხელფასის ოდენობა - მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა იძულებით განაცდურის დაკისრება. შესაბამისად, დასაზუსტებელი იყო რა თანხას ითხოვდა მოსარჩელე განაცდურის სახით ყოველთვიურად და რამდენს შეადგენდა მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება მის გათავისუფლებამდე.
ბ) მოსარჩელის გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობის არსებობა - თუ დადგინდება მოპასუხე ბანკის ვაკის სერვის პუნქტში ფიზიკური პირების მრჩევლის თანამდებობის არარსებობის ფაქტი, სასამართლოს შეფასების საგანი უნდა ყოფილიყო უკანონოდ გათავისუფლებული პირის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის საკითხი.
VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები:
23 გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა მოწინააღმდეგე მხარემ.
24. კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს სსსკ-ის 394. „ე“ მუხლს.
25. კასატორი მიუთითებს, რომ მოცემული დავის განხილვისას დაირღვა სსსკ-ის მე-4 მუხლი.
26. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია მოქმედებდა თუ არა მოპასუხე საბანკო სფეროში არსებული რეგულაციებისა და წესს-ჩვეულებების მიხედვით. ასრულებდა თუ არა იგი ჯეროვნად ფიზიკური პირის მრჩევლის პოზიციაზე არსებული მუშაკის ვალდებულებებს (თანამდებობრივი ინსტრუქციების მიხედვით). მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ვალდებულების შესრულებას სჭირდება არამარტო კვალიფიკაცია, არამედ შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომელიც ეხმარება ამ პოზიციაზე დასაქმებულ პირებს წარმატებით გაართვან თავი ახალ, კონკურენტუნარიან გარემოს და მისი საქმიანობით ბანკმა მიიღოს დადგენილი მინიმალური შემოსავალი. ამ პოზიციაზე დასაქმებულ პირს უნდა გააჩნდეს არა მხოლოდ უმაღლესი განათლება და დიპლომი, არამედ კომუნიკაციის კარგი უნარი.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლო ერთმანეთში ურევს არაკვალიფიციურობასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებს. მოსარჩელის თანდებობრივი მოვალეობა და შესასრულებელი სამუშაო გეგმა კვალიფიკაციასთან კავშირში არაა, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს უმაღლესი განათლება, მაგრამ არ გააჩნდეს პროფესიული და მარკეტინგული უნარ-ჩვევები და უნარი შეასრულოს დასახული სამუშაო გეგმა, კონკრეტულ შემთხვევაში 10 თვის უარყოფით შედეგზე აპელირებდა მოპასუხე.
- კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელე ვერ ასრულებდა სამუშაო გეგმას და მისი ფინანსური მაჩვენებელი იყო საშუალოზე დაბალი.
- კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელე ბიზნეს სესხების ექსპერტის პოზიციიდან კვლავ დაქვეითდა ფიზიკური პირების მრჩევლის პოზიციაზე. 2013 წლის 26 ივლისიდან იგი მუშაობდა ვაკის სერვის ცენტრში და საქმიანობდა ფიზიკური პირების მრჩევლის პოზიციაზე. მისი დაქვეითება განაპირობა ბიზნეს სესხების ექსპერტის თანამდებობასთან მისმა შეუსაბამობამ.
- კასატორი უთითებს, რომ მოსარჩელე ჯეროვნად არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მოსარჩელემ, დადგა რა ახალი გამოწვევების წინაშე, თავისი უნარ-ჩვევებით, არასაკმარისი კვალიფიკაციით თავი ვერ გაართვა, გაზრდილ მოთხოვნებს და მასზე დაკისრებულ ამოცანებს. მისი მუშაობის პერიოდის ანალიზი ცხადყოფს, რომ მისი მუშაობის შედეგი იყო არადამაკმაყოფილებელი, როგორც უშუალოდ, საკრედიტო ისე, სხვა საბანკო პროდუქტების კუთხით.
უფრო მეტიც, კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს ხელი რომ არ შეშლოდა მომავალ საქმიანობაში, მას შესთავაზეს ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტა, რაზედაც მოსარჩელემ უარი განაცხადა. საბოლოდ, მოპასუხე იძულებული გახდა სშკ-ის 37 „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გაეთავისუფლებინა იგი დაკავებული თანამდებობიდან.
- კასატორი მიუთითებს მოსარჩელის ზედმეტად ფამილარულ დამოკიდებულებაზე კლიენტებთან ურთიერთობაში, აგრეთვე არაჯეროვანი პრეზენტაციების ჩატარებაზე.
31. კასატორის მოსაზრებით, მხარეთა შორის არასწორად გადანაწილდა მტკიცების ტვირთი, სახელდობრ, იგი არ ეთანხმება სასამართლოს იმ პოზიციას, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუშაკის გათავისუფლების საფუძვლების არსებობის მტკიცების ვალდებულება დამსაქმებელს ეკისრება, რადგან მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არღვევს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები).
32. კასატორის მოსაზრებით, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველად დაბრუნება არ იყო დავის ობიექტური გადაწყვეტა.
33. გარდა ამისა, უზუსტობებია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში, კერძოდ, არასწორია თითქოს მოსარჩელემ ელექტრონულად მიიღო შეტყობინება გათავისუფლების შესახებ, რადგან მას დაზღვეული ფოსტით გაეგზავნა აღნიშნული ბრძანება და ჩაბარდა ხელზე.
სასამართლოს მითითება იმაზე თითქოს მხარეთა შორის არ არსებობდა დასაქმებულის მოვალეობათა სრული ჩამონათვალი, რაც ბუნდოვანს ხდიდა მოპასუხის მითითებას, რომ მოსარჩელე არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, კასატორს არასწორად მიაჩნია. ამ არგუმენტის საწინააღმდეგოდ კასატორი მიუთითებს შრომითი კონტრაქტის 3.2 მუხლზე, რომელიც მუშაკს ავალდებულებს გულისხმიერად და კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი მოვალეობები. ამასთან, დასაქმებულის შეხედულებით, ეს მოვალეობანი შეიძლება გაიზარდოს, შეიცვალოს ან შემცირდეს. კონტრაქტის 3.8 მუხლის თანახმად კი, მუშაკი ვალდებულია თავისი კვალიფიკაციის შესაბამისად შეასრულოს დასაქმებულის ყველა ბრძანება.
კასატორის მოსაზრებით არასწორია მითითება იმაზე, თითქოს პრეზენტაციების ჩატარების ვალდებულება მოსარჩელეს არ ეკისრებოდა და მიუთითებს შრომითი კონტრაქტის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად დასაქმებული თანახმაა შეასრულოს სამუშაო ინსტრუქციის, კონტრაქტისა და დებულების შესაბამისად.
იმ გარემოებაზე აპელირება, რომ მოსარჩელე ვერ ასრულებდა სამუშაო გეგმას შეიძლება თავად მოსარჩელის განმარტებითაც იქნეს მიჩნეული დადგენილად (სსსკ-ის 131-ე მუხლი), რადგან პროცესზე მოსარჩელე ცდილობდა მოეძებნა ის ობიექტური გარემოებები თუ, რატომ ვერ სრულდებოდა სამუშაო საფინანსო გეგმები მის მიერ.
34. კასატორი არ ეთანხმება მოწმეთა ჩვენების უარყოფასაც და აღნიშნავს, რომ მათი მოწვევა სასამართლოში სწორედ მოსარჩელის ინიციატივით განხორცილდა. ამასთან, მოწმეება ფიცის ქვეს მისცეს ჩვენება და რაიმე უსწორო ინფორმაცია სასამართლოსათვის მათ არ მიუწოდებიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
VII. საკასაციო პალატის დასკვნები:
35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2016 წლის 08 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
36. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
37. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- მოსარჩელე 2007 წლის 12 სექტემბრიდან მუშაობდა მოპასუხე ბანკში სხვადასხვა პოზიციებზე: სამომხმარებლო სესხების ექსპერტი, ბიზნეს სესხების ექსპერტი და ფიზიკური პირების მრჩეველი.
- 2014 წლის 29 აპრილს, მოპასუხემ მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელესთან, 2014 წლის 05 მაისიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.
- შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი და 38-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
ზემოთ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ.
38. მოსარჩელემ სადავოდ გახადა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის გადაწყვეტილება.
39. საკასაციო პალატა პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.
40. საკასაციო პალატა მიუთითებს სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც დამსაქმებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს დასაქმებულს.
41. კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორი მოსარჩელის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობის ფაქტობრივ საფუძვლად უთითებს შემდეგს:
ა) მოსარჩელე ვერ ასრულებდა ბანკის მიერ დადგენილ სამუშაო ფინანსურ გეგმას;
ბ) მის მიერ ჩატარებული პრეზენტაციები იყო ცუდი;
გ) კლიენტებთან ურთიერთობაში იყო ფამილარული.
42. მოცემულ შემთხვევაში, გამოსაკვლევია შეწყდა თუ არა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება ნორმის (სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი) შემადგენლობის სრული დაცვით, რაც თავის მხრივ, სადავო გადაწყვეტილების ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამომრიცხველი გარემოებაა.
43. სადავო საკითხის კვლევის მიზნით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხ.). თუმცა შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილებისას გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.
44. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ერთ-ერთი პრეტენზიაც სწორედ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორ განაწილებას ეფუძნება. კასატორი მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის დამსაქმებლის მხარეს შებრუნებით დაირღვა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ძირეული პრინციპები (იხ., საკასაციო საჩივარი ტ.2. ს.ფ. 117).
45. კასატორის მითითებულ პოზიციას საკასაციო აპალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი: ზოგადი წესი, რომელიც სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრება თითოეულ მხარეს, და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა რა სამსახურიდან გათავისუფლების (შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა) მართლზომიერება, რომელიც უნდა შემოწმდეს შრომის სამართალში მოქმედი ნორმებით, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სწორედ იმ სტანდარტით, რომელსაც შრომის სამართალი აწესებს და რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების (შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის) კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. საკასაციო პალატის ამგვარი დასკვნის საფუძველია პრინციპი, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები, ან რომ მას არ გააჩნია საკმარისი კვალიფიკაცია ან არ ფლობს შესაბამის უნარ-ჩვევებს, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა ან რომელ უნარ-ჩვევებს არ ფლობს, მით უფრო, რომ ამა თუ იმ საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ფლობის საკითხი შეფასებით კატეგორიას განეკუთვნება.
შესაბამისად, ამ შემთხვევაში, კასატორია (მოპასუხე) ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს მოსარჩელის მიერ, შრომითი მოვალეობების დარღვევისა და უნარ-ჩვევების არქონის ფაქტები, რაც სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით მას სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად შეერაცხებოდა.
ამდენად, ამ ნაწილში, კასატორმა ვერ დაასაბუთა სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევა (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
46. კასატორი მოსარჩელის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებს იმავე გარემოებებზე, რაზედაც მიუთითებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში, სახელდობრ:
ა) მოსარჩელე ვერ ასრულებდა ბანკის მიერ დადგენილ სამუშაო ფინანსურ გეგმას;
ბ) მის მიერ ჩატარებული პრეზენტაციები იყო ცუდი;
გ) კლიენტებთან ურთიერთობაში იყო ფამილარული.
47. სსსკ-ის მე-4 მუხლის დანაწესით, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 102-ე მუხლის დებულება, ამავე მუხლით განსაზღვრულია მტკიცებულებათა სახეები, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. საბოლოოდ კი, მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო მათ ერთობლიობაში სსსკ–ის 105–ე მუხლის მეორე ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მტკიცებულებათა შეფასება უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
48. სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად კასატორი ეყრდნობა მოწმეთა ჩვენებებს, რომელიც საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვერ დაედება საფუძვლად დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, გამომდინარე იქიდან, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მოსარჩელეს ედავება ბანკის მიერ დადგენილი სამუშაო ფინანსური გეგმის შეუსრულებლობას. ამ გარემოებების არსებობის დასადასტურებლად კი, ძირითად მტკიცებულებად მოწმეთა ჩვენებები მით უფრო, მოწმის სახით დაკითხული ვაკის სერვის პუნქტის კოორდინატორის ნ. ხ-ის და ფიზიკური პირების დაკრედიტების კოორდინატორის გ. ნ–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებები საკმარისი არ არის. მათი შინაარსით ირკვევა, რომ „ბოლო პოზიციაზე მოსარჩელის მუშაობის შედეგები იყო არადამაკმაყოფილებელი, როგორც უშუალოდ საკრედიტო კუთხით, ისე კლიენტების მოზიდვის, ანაბრების სფეროს თუ ყოველკვარტალური პრეზენტაციის გაკეთების მხრივ; მითითებულ პერიოდში, მოპასუხე ბანკის მიერ დადგენილ სამუშაო ფინანსურ გეგმას მოსარჩელე ვერ ასრულებდა. მთლიანად ბანკში, იმავე პოზიციაზე დასაქმებული 14 თანამშრომლის მონაცემებში მოსარჩელის პირადი მაჩვენებელი საშუალოზე დაბალია (ბოლოდან მეორე). იგი, მისთვის მიცემულ დავალებებს (მითითებებს) ასრულებდა არასრულად, ამასთან, ზედაპირულად“.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ით განსაზღვრულია მტკიცებულებათა ცალკეული სახეები, რომელთა შორისაა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები. სსსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი რომლისთვისაც ცნობილია რაიმე საქმის შესახებ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაკითხულ მოწმეთა ჩვენების შინაარსი არ ქმნიდა დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობების დარღვევის დადგენისათვის ურყევ რწმენას. ამასთან, მოწმეთა ჩვენებების გაზიარების საფუძველი არ არსებობდა იმ თვალსაზრისითაც, რომ ნ. ხ--სა და მოსარჩელეს შორის იყო გარკვეული უთანხმოება, ასევე, ნ. ხ--ი და გ. ნ--ი უშუალოდ მონაწილეობდნენ მისი გათავისუფლების შესახებ საკითხის განხილვაში და გადაწყვეტილების მიღებაში. შესაბამისად, მათი ჩვენებები უტყუარ მტკიცებულებად მიჩნეული ვერ იქნებოდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზსს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, საწრმუნოობის) შემოწმებას.
49. კასატორი არ ეთანხმება მოწმეთა ჩვენების უარყოფას და აღნიშნავს, რომ მათი მოწვევა სასამართლოში სწორედ მოსარჩელის ინიციატივით განხორცილდა. ამასთან, მოწმეებმა ფიცის ქვეშ მისცეს ჩვენება და რაიმე უსწორო ინფორმაცია სასამართლოსათვის მათ არ მიუწოდებიათ.
კასატორის ამ პოზიციას მოწმეთა ჩვენების უპირობოდ გაზიარების საფუძვლად საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებები, ისევე როგორც სადავო გარემოების დასდასატურებლად წარმოდგენილი ნებისმიერი მტკიცებულებები ფასდება სასამართლოს მიერ სწორედ მათი უტყუარობისა და სარწმუნოობის თვალსაზრისით. შესაბამისად, იმაზე მითითება თუ ვისი ინიციატივით იქნა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულება ან და დაკითხული მოწმე, მათ შეფასებაზე გავლენას არ ახდენს. განმსაზღვრელი სწორედ ის არის უყალიბებენ თუ არა ისინი მოსამართლეს შინაგან რწმენას და შესაბამისად, ადასტურებენ თუ არა სადავო ფაქტობრივ გარემოებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვერც ამ ნაწილში დაასაბუთა კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევა (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
50. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომლითაც პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ბანკის მიერ დადგენილი გეგმის შეუსრულებლობა უპირობოდ არ შეიძლებოდა შეფასებულიყო არაკვალიფიციურ თანამშრომელად, მოსარჩელის მიჩნევის საფუძველი.
საკასაციო პალატის ამგვარი დასკვნის საფუძველს ის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნის, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლებითაც დადგინდებოდა თუ რა მეთოდით და რა მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა აღნიშნული გეგმის (მისაღწევი შედეგების) შემუშავება; რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა „გეგმა“. მით უფრო, რომ აღნიშნული სუბიექტური ფაქტორია და ობიექტური კრიტერიუმების არსებობის გარეშე, მისი შესრულების რეალური შეფასება შეუძლებელია. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომ თუკი „გეგმა“ არ არის ზუსტად ჩამოყალიბებული, მაშინ თანამშრომლის მიერ მისი შესრულებისას გასათვალისწინებელია გარეშე ფაქტორებიც, რასაც შესაძლოა ემოქმედა გეგმის სრულყოფილად შესრულებაზე (მაგალითად ფინანსური კრიზისი), რაც გამორიცხავს ბანკის თანამშრომლის ბრალს გეგმის არაჯეროვნად შესრულებაში. აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის ბანკის სხვა თანამშრომელთა მხრიდან გეგმის შესრულების შედეგებიც, რაც თავლნათელს გახდიდა გეგმის შეუსრულებლობა რამდენად შეერაცხება ბრალად მოსარჩელეს და ხომ არ არის ეს გამოწვეული ზოგადად ბანკის ფინანსური პოლიტიკით, ან სხვა გარეშე ფაქტორებით.
ზემოთაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რომ გაექარწყლებინა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა.
51. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად მოპასუხემ/კასატორმა მიუთითა მოსარჩელის მიერ უხარისხოდ ჩატარებულ პრეზენტაციებზეც.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული არგუმენტი ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული. როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი პრეზენტაციები განკუთვნილი იყო მხოლოდ ბანკის თანამშრომელთათვის და შეეხებოდა განვლილი პერიოდის შედეგების შეჯამებასა და მომავალი გეგმების დასახვას, შესაბამისად, აღნიშნულის განხორციელება სცდებოდა ფიზიკური პირების მრჩევლის ჩვეულებრივ საქმიანობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ იმ მოვალეობის ჯეროვანი შეუსრულებლობა, რომელიც არ შედიოდა დასაქმებულის სამუშაო ვალდებულებაში, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მასთან შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტას. მით უფრო, აღნიშნული არ შეიძლება შეფასდეს დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობად.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებითაც, რომ საქმეში არ მოიპოვებებოდა მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ პრეზენტაციების გაკეთება მოსარჩელეს ოფიციალურად არ ევალებოდა, თუმცა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი საწინააღმდეგო მოსაზრების არგუმენტირებულ დასაბუთებას არც ამ ნაწილში შეიცავს.
52. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფსებას, რომ ბანკის თანამშრომლის მხრიდან კლინეტებისადმი მიმართვა სიტყვებით „ღმერთმა დაგლოცოს“ წარმოადგენს ფამილარულ დამოკიდებულებას და გასათვალისწინებელია ის, რომ კლიენტების მომსახურების სფეროში მუშაობისას მუშაკს განსაკუთრებით მართებს სიტყვების მაქსიმალურად სწორად შერჩევა, ვინაიდან თითოეული სიტყვა კლიენტისთვის აღიქმება იმ ორგანიზაციის ნათქვამად, რომელსაც მუშაკი წარმოადგენს, თუმცა, მიმართვა „ღმერთმა დაგლოცოთ“ ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ურთიერთობის სტანდარტებიდან და ფორმებიდან გამომდინარე, არ შეიძლება შეფასდეს ფამილიარულ დამოკიდებულებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილშიც, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.
53. ხოლო რაც შეეხება, საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საკითხს, ამ ნაწილში, წარმოდგენილია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).
სსსკ-ის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამდენად, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან დაბრუნება, ისევე როგორც საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, სააპელაციო სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება. მიუხედავად ამისა, აღნიშნული არ გულისხმობს სააპელაციო სასამართლოს შეუზღუდაობას, ნებისმიერი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს საქმე. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნამდვილ აზრს, რითაც მოცემულ შემთხვევაში, შებოჭილია სააპელაციო სასამართლო. ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უკან უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება (საკასაციო პალატის მითითებული მსჯელობა შესაბამისობასია უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან, იხ., სუს 10.12.2012წ.-ის განჩინება საქმე №ას-657-618-2012 ).
54. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა საქმის გადაწყვეტისათვის მნისვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად, სახელდობრ, საქმის უკან დაბრუნების აუცილებლობა სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა მასზე მითითებით, რომ დადგენას საჭიროებდა განაცდური ხელფასის ოდენობა და მოსარჩელის გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობის არსებობა. ამ ფაქტების დადგენის აუცილებლობა კი, სააპელაციო სასამართლოს მითითებით განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა იძულებით განაცდურის დაკისრება. შესაბამისად, დასაზუსტებელი იყო რა თანხას ითხოვდა მოსარჩელე განაცდურის სახით ყოველთვიურად და რამდენს შეადგენდა მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება მის გათავისუფლებამდე. ამასთან ერთად, თუ დადგინდება მოპასუხე ბანკის ვაკის სერვის პუნქტში ფიზიკური პირების მრჩევლის თანამდებობის არარსებობის ფაქტი, სასამართლოს შეფასების საგანი უნდა ყოფილიყო უკანონოდ გათავისუფლებული პირის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის საკითხი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ განეკუთვნება ისეთ გარემოებებს, რომელთა გამოც გამართლებული იქნებოდა საქმის უკან გადაგზავნა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს თავადვე შეეძლო დაედგინა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად შეეფასებინა ისინი და გამოეყენებინა კანონის შესაბამისი ნორმები. ამას მოითხოვს გონივრულ ვადაში საქმის განხილვისა და პროცესუალური ეკონომიის ინტერესებიც, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში, მიზანშეუწონელია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველად დაბრუნება.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, გარემოებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ საქმის უკან დაბრუნების საფუძვლად მიიჩნია, არ განეკუთვნება ისეთ გარემოებებს, რაც სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას ართმევდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თავად გადაეწყვიტა საქმე და არ დაებრუნებინა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.
55. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული საპროცესო გარემოებები არ წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს თავად შეეძლო განეხორციელებინა ის საპროცესო მოქმედებები და დაედგინა საქმის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადგენაც პირველი ინსტანციის სასამართლოს დაავალა, მიეცა მათთვის სამართლებრივი შეფასება და გამოეტანა არსებითი გადაწყვეტილება საქმეზე.
56. საკასაციო პალატის ამგვარი დასკვნის საფუძველია სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა და მოიცავს ადამიანის უფლებას მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, სწრაფად და ეფექტიანად (Profitis and Others v. Greece, §93; Tierce v. San Marino, §31; Surmeli v. Germany [GC], §129; Capuano v. Italy, §§30-31; Versini v. France, §29), რაც წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას იმგვარად მოაწყოს თავისი სამართლებრივი სისტემა, რომ სასამართლოებმა უზრუნველყონ თითოეული პირის უფლება გონივრულ ვადაში მიაღწიოს საბოლოო გადაწყვეტილებას დავაზე, რომელიც მისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალებების განხორციელებას ეხება (Scordino v. Italy (no.1) [GC] §183, Surmeli v. Germany [GC], §129).
57. თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს რა, რომ მართლმსაჯულება იყოს სწრაფი და ეფექტიანი, ხაზს უსვამს, რომ ამით არ უნდა დაზარალდეს მართლმსაჯულების სწორად (სათანადოდ) განხორციელების პრინციპი (Von Maltzan and Others v. Germany (dec.) [GC], §132), რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების უფრო ზოგადი პრინციპია.
სამართლიანი სასამართლოს უფლებით დადგენილი სტანდარტის ჭრილში, სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული, სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების განხილვა, თვალსაჩინოს ხდის, რომ რამდენიმე მათგანი, კერძოდ: ა) საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ; ბ) სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული; გ) გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომელიც უწყებრივად სასამართლოს არ ექვემდებარება; დ) გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ზეპირი განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დარღვეულია პროცესის საჯაროობის წესები; ე) გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი; ვ) გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ; ზ) საქმეში არ არის სასამართლოს სხდომის ოქმი - პირდაპირ გამომდინარეობს მართლმსაჯულების სწორად განხორციელების პრინციპიდან, მათ შორის, საქმის განხილვაში მხარის მონაწილეობის და სამართლიანი და საჯარო განხილვის ფუნდამენტური უფლებიდან, და ქმნის იმ შემთხვევას, როდესაც ცალსახაა, რომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმ სასამართლოს, სადაც მოხდა აღნიშნული დარღვევა.
თუმცა სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული კიდევ ორი საფუძველი, კერძოდ: ა) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; და ბ) გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია - წარმოადგენს ისეთ საფუძვლებს, რომლებიც, საკასაციო სასამართლოს აზრით, იძლევა სსსკ-ის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებების სრულყოფილი ანალიზის შედეგად და სამართლიანი სასამართლოს უფლების ჭრილში, საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნების მართებულობა-არამართებულობის შეფასების საშუალებას.
58. სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის უკან დაბრუნების მართებულობის შეფასებისას, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს: (1) რა პროცესუალური გარემოებები მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის უკან დაბრუნებაზე; (2) ამ გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება, და (3) ხომ არ გამოიწვევს ეს საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას (იხ. სუსგ 2012 წლის 10 იანვარი, Nას-1118-1145-2011).
59. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება საქმის ხელახალი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების ნაწილში და ამ ნაწილში, საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
37. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხიც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „პ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე