საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-3552-ა-16-2015 18 დეკემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი _ ლ. ბ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. გ-ი (მოსარჩელე)
განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 აგვისტოს განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი ლ. ბ-ის (შემდეგში მოპასუხე, განმცხადებელი ან კასატორი) წინააღმდეგ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 623-ე, 625-ე მუხლები, 286-ე მუხლის პირველი ნაწილი, 289-ე, 301-ე, 302-ე, 311 1 - ე მუხლები).
2. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 14 985 აშშ დოლარის გადახდა (სესხის ძირითადი თანხა - 9500 აშშ დოლარი, მოთხოვნილი პროცენტი - 5 485 აშშ დოლარი); მოპასუხის ფულადი ვალდებულების ამოღების უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო, ღია აუქციონზე, სარეალიზაციოდ იქნა მიქცეული მოპასუხის საკუთრებად რიცხული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ. გ-ში, ს-ს ქ. # 1ა, საკადასტრო კოდი … (სსკ, 623-ე, 625-ე, 289-ე. 311 1 - ე, 301-ე, 302-ე მუხლები, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 14 6 მუხლის მე-11 პუნქტი, 25 1 მუხლები).
3. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, ნაწილობრივ გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, 12 485 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება, 2015 წლის 26 ივნისს, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით, კასატორს ხარვეზი დაუდგინდა წარმოდგენილ განცხადებაზე, რომლითაც დაევალა, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ შვიდდღიან ვადაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, 401-ე, 284-ე მუხლები), ხოლო იმავე წლის 19 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, კასატორის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
7. 2015 წლის 11 სეტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა, რომელშიც მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინება მას 2015 წლის 3 აგვისტოს ჩაჰბარდა და მოითხოვა სასამართლოსგან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, კასატორს განესაზღვრა ვადა წარმოდგენილი განცხადების მოთხოვნის დაზუსტებისა და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად (სსსკ-ის 427-ე, მე-3 მუხლები).
8. 2015 წლის 30 სექტემბერს, კასატორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება.
9. კასატორის განცხადება მოტივირებულია იმით, რომ საკასაციო საჩივარზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინება, კასატორს რეალურად ჩაჰბარდა 3 აგვისტოს და არა 30 ივლისს, როგორც ეს შეცდომით მიუთითა საფოსტო განყოფილებამ გზავნილზე. ფოსტის შეცდომის გამო, უკუგზავნილზე მითითებული არასწორი თარიღის მიხედვით, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორს 2015 წლის 30 ივლისს ჩაჰბარდა სასამართლოს გზავნილი და მან დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველჰყო ხარვეზის აღმოფხვრა. კასატორი საკუთარი არგუმენტების დასადასტურებლად უთითებს საფოსტო განყოფილების წერილზე (შპს „ს-“-ს ადმინიტრაცია; 11.09.2015), სადაც აღნიშნულია, რომ კასატორს სასამართლოს გზავნილი ჩაჰბარდა 2015 წლის 3 აგვისტოს, ადრესატთან მეორე ვიზიტის დროს, ხოლო შეტყობინების ბარათზე, შპს „ს-“-ს გარდაბნის კურიერმა შეცდომით დააფიქსირა 30 ივლისი, ადრესატთან პირველი ვიზიტის თარიღი, როდესაც იგი სახლში არ იმყოფებოდა. ამავე წერილს ერთვის გზავნილის სტატუსების ელექტრონული ვერსიის ამონაწერი. განმცხადებელი იმასაც უთითებს, რომ მან მხოლოდ 2015 წლის 11 სექტემბერს შეიტყო გზავნილის არასწორი ჩაბარების შესახებ „ტ-“-ს საკურიერო სამსახურში, რასაც ადასტურებს ამავე სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, მოპასუხისთვის აქამდე უცნობი იყო ეს გარემოება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო ადრე მოიძიებდა მტკიცებულებებს და წარმოადგენდა სასამართლოში. განმცხადებელმა მოითხოვა საქმის წარმოების განახლება სსსკ-ის 424-ე მუხლის საფუძველზე და სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საპროცესო ვადის გაგრძელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და კასატორის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
11. ზემოხსენებული ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. სსსკ-ის 423-ე მუხლში მოცემულია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების საფუძვლები. მოხმობილი ნორმის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი საქმის განხილვისას სასამართლოში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
12. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო საკასაციო განაცხადის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო კასატორის მიერ ხარვეზის შეუვსებლობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23.07.2015წ. განჩინებით კასატორს, ბაჟის გადაუხდელობის მოტივით, დაუდგინდა ხარვეზი და, მის აღმოსაფხვრელად, განუსაზღვრა შვიდდღიანი ვადა. აღნიშნული ვადის დინება დაიწყო 2015 წლის 31 ივლისს და ამოიწურა იმავე წლის 6 აგვისტოს. მითითებულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს სასამართლოსთვის, რაც, 2015 წლის 19 აგვისტოს განჩინებით, მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
13. კასატორმა 2015 წლის 30 სექტემბერს მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება, რომლის მოტივები და მტკიცებულებები მითითებულია წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში.
14. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის არგუმენტები (იხ. განჩინების მე-9 პუნქტი) დასტურდება კონკრეტული მტკიცებულებებით, კერძოდ, საფოსტო განყოფილების წერილითა და გზავნილების ელექტრონული ვერსიით, რომელთა შესაბამისად, დგინდება, რომ მოპასუხეს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის განჩინება ჩაჰბარდა მხოლოდ კურიერის მეორე ვიზიტის დროს, იმავე წლის 3 აგვისტოს, ხოლო გზავნილის ჩაბარებად კურიერმა შეცდომით აღნიშნა ბარათზე, მისი ვიზიტის პირველი თარიღი - 30 ივლისი, როდესაც ადრესატი არ იმყოფებოდა ადგილზე. საფოსტო განყოფილების გზავნილების ელექტრონული რეესტრის მიხედვითაც დასტურდება, რომ მოპასუხეს 2015 წლის 3 აგვისტოს, 12:32:40 სთ-ზე ჩაჰბარდა გზავნილი. საკასაციო სასამართლოს წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, მიაჩნია, რომ მოპასუხეს არ დაურღვევია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა, რაც საქმის წარმოების განახლების საფუძველია, გათვალისწინებული სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით.
15. იმის გათვალსიწინებით, რომ მოპასუხეს არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და იგი, საქმის წარმოების განახლებასთან ერთად, ითხოვს, საპროცესო ვადის გაგრძელებას სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 აგვისტოს განჩინების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების ნაწილში. სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით, კასატორს უნდა განესაზღვროს შვიდდღიანი ვადა, რა დროშიც მან უნდა წარმოადგინოს უზენაეს სასამართლოში 623.25 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში - ლარში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინამდებარე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში მითითებული ფორმისა და რეკვიზიტების შესაბამისად, რის შემდეგაც საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 396-ე და 397-ე მუხლების მოთხოვნების საფუძველზე, გადაწყვეტს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 430-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 აგვისტოს განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 აგვისტოს განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება;
3. ლ. ბ-ის განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ლ. ბ-ეს დაევალოს ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს 624.25 (ექვსასოცდაოთხი აშშ დოლარისა და ოცდახუთი ცენტის) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“);
5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
6. განემარტოს კასატორს, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, საკასაციო საჩივარი არ მიიღება და განუხილველად დარჩება;
7. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე