№ას-1243-1166-2015 9 მარტი, 2016 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ.მ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ა–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.ა–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, მეუღლე) და ზ.მ–ძე (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, მომჩივანი, კასატორი, მეუღლე) 2004 წლის 6 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 1106-ე და 1151-ე მუხლები}.
2. ერთად ცხოვრების დროს მეუღლეებს შეეძინათ ორი შვილი: 2005 წლის 26 თებერვალს დაბადებული გ. და 2006 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული ნ. {სსკ-ის 1189-ე მუხლი}.
3. 2015 წლის 30 მარტს მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ქორწინების შეწყვეტისა და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით {სსკ-ის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, 1212-ე, 1214-ე, 1198-ე მუხლები}.
4. მოსარჩელის მითითებით, მისი შვილები ცხოვრობენ მოსარჩელის მშობლების სახლში, ბავშვებზე ზრუნავს მარტო. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე რესტორანში მუშაობს და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს საშუალოდ 1500 აშშ დოლარს, ასევე, მოპასუხის მშობლებს საკუთარი სახლი აქვთ წყალტუბოში, რომლის გაქირავებით შესაძლებელი იქნება შემოსავლის მიღება 400 ლარის ფარგლებში.
5. სარჩელი და თანდართული საბუთები მოსარჩელემ ჩააბარა მოპასუხის მამას, ა. მ–ძეს, 2015 წლის 18 აპრილს. მოპასუხეს წერილობითი შესაგებლის სასამართლოში წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღის ვადა. მან აღნიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარადგინა.
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა {საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 2321 მუხლი}. მეუღლეთა შორის ქორწინება შეწყდა განქორწინებით, მოპასუხეს მისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის 300-300 ლარის (სულ 600 ლარი) გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე ან/და მდგომარეობის შეცვლამდე.
7. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც სადავო გახადა გზავნილის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მისთვის ჩაბარება {სსსკ-ის 70-78-ე მუხლები].
8. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
9.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და მყარი შემოსავალი ჰქონდა, მაშინ, როდესაც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვებოდა.
9.2. არც მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება მოიპოვებოდა საქმეში. მოპასუხის მამამ მიუთითა, რომ სარჩელის მიღების დღისათვის მოპასუხე საქართველოში არ იმყოფებოდა და გზავნილი ვერ ჩააბარა, ხოლო განცხადება ადრესატზე გზავნილის ჩაუბარებლობის შესახებ სასამართლოში არ წარადგინა მოსარჩელის ზემოქმედებით, რომელმაც მას აცნობა, რომ მის იურიდიულ ინტერესს მხოლოდ განქორწინება შეადგენდა, ხოლო ალიმენტის მოთხოვნაზე უარს ამბობდა. მოპასუხეს გზავნილი არ ჩაბარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.
11. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათგან გამომდინარე სამართლებრივი დასკვნები.
12. პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზს, რაც შეიძლებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გამხდარიყო.
13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავოს არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მოპასუხის ძირითადი საცხოვრებელი ადგილია - წყალტუბო , ...... ხოლო ის გარემოება, რომ, მისი ოჯახის წევრისათვის უცნობი იყო მოპასუხის მისამართი, პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრით დადგინდა, რომ ხარვეზის განჩინების ჩაბარებიდან ორ დღეში, მოპასუხემ მამას, ა.მ–ეს, სანოტარო რწმუნებულება მისცა, რათა დავა ეწარმოებინა სასამართლოში.
14. პალატის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ მოპასუხის მამამ გზავნილის ჩაბარების შემდეგ არ იცოდა როგორ ემოქმედა და ამიტომ ვერ შეძლო შესაგებლის სასამართლოში წარდგენა, არ ჩაითვლებოდა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად.
15. პალატამ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მიჩნეულ იქნა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, დასაბუთებული იყო.
16. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა შემდეგი საფუძვლებით:
16.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის მასალები. რამდენადაც საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებდა სარჩელს, არ არსებობდა მოპასუხის საქართველოში ყოფნის და მუდმივი შემოსავლის მიღების მტკიცებულება, რაც უპირობოდ აუცილებელი იყო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისათვის, ასევე, არ არსებობდა მტკიცებულება ხარჯების დასაბუთებაზე, თუ რამდენი თანხა იყო აუცილებელი ბავშვების მოვლა-პატრონობისათვის, სასამართლოს უნდა გამოეკვლია მითითებული გარემოებები, მიუხედავად იმისა, საქმეზე წარდგენილი იყო თუ არა შესაგებელი.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
18.საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია, სახელდობრ:
21.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა არ იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით. ის ფაქტი, რომ იგი საქართველოში არ იმყოფებოდა, საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება და, შესაბამისად, სამართლებრივ შედეგს ვერ შეცვლის, რადგანაც არ წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების გამომრიცხავ გარემოებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას კრძალავს სსსკ-ის 233-ე და 230-ე მუხლებით გათვალისწინებულ იმ შემთხვევებში, როცა:
ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სსსკ-ის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;
გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;
დ) არ არსებობდა სარჩელის აღძვრის წინაპირობები;
ე) თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. ჩამოთვლილთაგან არცერთი გარემოება საქმეზე დადგენილი არ ყოფილა.
21.2. დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოადგენდნენ ალიმენტის დაკისრების სამართლებრივ წინაპირობებს. შვილების რჩენის ვალდებულება მოპასუხის კანონისმიერი ვალდებულებაა {სსკ-ის 1212-ე მუხლი}. მოცემულ შემთხვევაში მშობლებს შორის არ არსებობდა შეთანხმება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრაზე {სსკ-ის 1213-ე მუხლი}. ორივე შვილი მხოლოდ დედის (მოსარჩელე) კმაყოფაზეა. სასამართლოს მიერ დანიშნული ალიმენტი, თითოეულისათვის თვეში 300 ლარი, განსაზღვრულია შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში {სსკ-ის 1214-ე მუხლი}.
21.3. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს, იმის თაობაზე, რომ, განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სარჩელს იურიდიულად ამართლებდა.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინება #ას-1431-1350-2012, 2012 წლის 2 ივლისის განჩინება #ას-715-671-2012).
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ზ.მ–ძეს (პ/№.....) დაუბრუნდეს ს.ზ–ძის (პ/№...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება#, გადახდის თარიღი 24.12.15 სს ბანკი ,,რესპუბლიკა“), 360 ლარის 70% – 252 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი