№ას-1247-1170-2015 9 მარტი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს ,,ს.რ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ტ.კ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2011 წლის 24 მაისს, სს „ს.რ–ამ“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი, ასევე მყიდველი) შპს „ბ.ქ–თან“ (შემდეგში: გამყიდველი) დადო საქონლის ნასყიდობის №შს/11-148 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა სალიანდაგო ღორღის შესყიდვა.
2. 2014 წლის 20 ნოემბერს, ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და შპს „ტ. კ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე, მიმწოდებელი,) გამყიდველთან ერთად სოლიდარულად იკისრა წინამდებარე განჩინების პ.1-ში მითითებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, 360 847 მ3 კლდოვანი მთის ქანების, ფრაქცია 25-60 მმ, გარეცხილი და დამტვრეული სალიანდაგო ღორღის ეტაპობრივად მიწოდება. თავის მხრივ, მოპასუხემ ივალდებულა ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ფორმით და ვადაში მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება. ხელშეკრულების ვადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე განისაზღვრა {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის მუხლი 477-ე და 463-464-ე მუხლები}.
3. ხელშეკრულების საერთო პირობების 1.2. პუნქტის თანახმად, „ხელშეკრულების ღირებულება“ ნიშნავს, საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის (იხ. საქმე: ტ. 1/გვ. 18).
4. სადავო ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 8.1. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %,{სსკ-ის მუხლი 417}, რომელიც დაანგარიშებული იქნებოდა შვეიცარიულ ფრანკში, ხოლო ანაზღაურდებოდა ეროვნული ფულადი ერთეულით, ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად (იხ. საქმე: ტ.1/გვ. 24).
5. 2014 წლის 20 ნოემბრის ცვლილებით ხელშეკრულების საერთო ღირებულება ნაცვლად, 2 043 667.202 შვეიცარიული ფრანკისა, განისაზღვრა 2 021 195.202 შვეიცარიული ფრანკით, პირგასამტეხლოს ზღვრული ოდენობა კი - 143 616 შვეიცარიული ფრანკით (იხ. საქმე: ტ.1/გვ. 28) {სსკ-ის მუხლი 418}.
6. მოსარჩელემ 2014 წლის 11 სექტემბერს 415 მ3 ღორღი მოპასუხეს მიაწოდა 3 დღის დაგვიანებით, 20 სექტემბერს მისაწოდებელი 415 მ3 ღორღი - ერთი დღის დაგვიანებით, 22 სექტემბერს მისაწოდებელი ღორღი - სამი დღის დაგვიანებით, ანუ დაგვიანებული დღეების საერთო რაოდენობა შეადგენს 7 დღეს. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების საფუძველზე, მოსარჩელეს 2014 წლის სექტემბერში ღორღის მიწოდების 7 დღით დაგვიანებისათვის შემსყიდველმა პირგასამტეხლოს სახით დაარიცხა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1 %, რამაც საერთო ჯამში - 26 440.14 ლარი შეადგინა.
7. 2015 წლის 17 თებერვალს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა პირგასამტეხლოს 56.78 ლარამდე შემცირება.
8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი წარადგინა, შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით:
8.1. მხარეებმა თავისუფალი სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობებში, ნების ავტონომიის საფუძველზე ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრეს ხელშეკრულების პირობები, მათ შორის, პირგასამტეხლოს ოდენობაც, რომელიც ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამოიანგარიშება. მოსარჩელე არასწორად განმარტავს სახელშეკრულებო პირობებს, რამდენადაც პირგასამტეხლოს ოდენობას ანგარიშობს ეტაპობრივად განსახორციელებელი მიწოდების ღირებულებიდან.
8.2. მოპასუხემ გამოიყენა სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესაძლებლობა და მოსარჩელეს 2014 წლის 11 ნოემბრის N6693 წერილით აცნობა დარიცხული პირგასამტეხლოს 26 440.14 ლარის გაქვითვის თაობაზე {სსკ-ის 442-ე მუხლის მე-2 ნაწილი}, რაზეც მას პრეტენზია თავის დროზე არ გამოუთქვამს.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 2014 წლის 24 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდების ვადაგადაცილების გამო მოსარჩელესათვის დარიცხული პირგასამტეხლო შემცირდა და, ნაცვლად 26 440.14 ლარისა, პირგასამტეხლო 5288.02 ლარით განისაზღვრა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-317-ე, 361-ე, 417-420-ე მუხლები.
10. მოპასუხემ გადაწყვეტილება ნაწილობრივ, სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მან მიუთითა შემდეგზე:
10.1. მხარეთა შორის გაფორმებულ (24.05.2011წ. შს/11-148) ხელშეკრულებაში შევიდა რვა ცვლილება, თუმცა მოსარჩელე მხარეს არცერთ შემთხვევაში, სადავოდ არ გაუხდია პირგასამტეხლოს ოდენობა, რის გამოც პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ დავა საფუძველსაა მოკლებული.
10.2. სალიანდაგო ღორღი ხელს უწყობს რელსის სიმყარეს, რაც, თავის მხრივ უზრუნველყოფს მყიდველის გამართულ ფუნქციონირებას და ტვირთისა და მგზავრების უსაფრთხოდ გადაზიდვა-გადაყვანას. ღორღის დამატება სისტემურ რეჟიმში ხდება, რადგან ამას ითვალისწინებს ლიანდაგის მოვლა-შენახვის წესები და ერთი დღის დაგვიანებაც კი, აბრკოლებს ინსტრუქციით გათვალიწინებული ლიანდაგის მოვლა-შენახვის სამუშაოების შესრულებას. სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ მიწოდების დაგვიანებას ზიანი არ გამოუწვევია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 ოქტომბრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება.
12. პალატამ დადგენილად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. მან დამატებით მიუთითა, რომ დავის საფუძველია მხარეთა შორის გაფორმებული საქონლის შესყიდვის ხელშეკრულებიდან და მის საფუძველზე შეთანხმებული ხელშეკრულების საერთო და სპეციფიკური პირობებიდან გამომდინარე, ვალდებულებების შესრულება. ამასთან, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მან ვალდებულება დაარღვია, თუმცა არ ეთანხმება დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი მსჯელობა და მიიჩნია, რომ მოსარჩელის პრეტენზია პირგასამტეხლოს გამოანგარიშების წესთან დაკავშირებით სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული. ამასთან, პალატამ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებით შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე შეამცირა.
13. მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა , შემდეგი მოტივებით:
13.1. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
13.2. მოსარჩელე ვალდებული იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დროულად შეესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გადაეხადა შეთანხმებული პირგასამტეხლო. მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში, მოსარჩელე და მოპასუხე შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ზღვრულ ოდენობაზე. პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლით გათვალისწინებულ, ხელშეკრულების არსებითი პირობაა. წინასწარ შეთანხმებული პირგასამტეხლოს თაობაზე მოსარჩელეს სარჩელის აღძრამდე პრეტენზია არ გამოუთქვამს, შესაბამისად, დავა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13.3 სალიანდაგო ღორღის დროულ მიწოდებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა მყიდველისათვის, რისი გათვალისწინებითაც სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელის ვადაგადაცილებული შესრულებით მოპასუხისათვის ზიანის მიყენების ფაქტის არ არსებობის თაობაზე დაუსაბუთებელია.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:
სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით:
16.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია. კასატორის პოზიცია, რომ მოსარჩელე სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დაეთანხმა პირგასამტეხლოს ოდენობას და მისი განსაზღვრის წესს, სამართლებრივ სურათს ვერ შეცვლის. მხარეთა ნების ავტონომია არ ზღუდავს სასამართლოს ცალკეულ შემთხვევაში, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით შეაფასოს ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ღონისძიება რამდენად ემსახურება სახელშეკრულებო მიზნის მიღწევას და როგორია მისი თანაფარდობა შესაძლო ზიანთან და ვალდებულების დარღვევის ხასიათთან. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ აღნიშნა შემდეგი: „მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.“ იხ სუსგ.#ას-914-864-2015, 4 დეკემბერი 2015 წელი.
16.2. პირგასამტეხლო მინიმალური ზიანის ანგარიშში უზრუნველყოფს კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილებას, რასაც დამტკიცება არ სჭირდება, თუმცა, თუ კრედიტორს უფრო მეტის მოთხოვნა უნდა {სსკ-ს 404-ე მუხლი}, მაშინ მას ევალება დასაშვები და სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცოს ეს ზიანი. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას შესრულების დაყოვნებით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით. კასატორი მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მიუთითებს ზიანზე („სალიანდაგო ღორღის დროულ მიწოდებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შემსყიდველისთვის“), თუმცა საქმის სასამართლოში განხილვის პროცესში მას ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევით გამოწვეული ზიანის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს მყარი სამოსამართლო პრაქტიკა. პირსაგამტეხლოს ინსტიტუტთან დაკავშირებით, სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (იხ. სუს 2015 წლის 6 მარტის №ას-1342-1380-2014 განჩინება, სუს 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება, 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება).
18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს ,,ს.რ–ას “ (ს/კ ....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება #10957, გადახდის თარიღი 02.12.15 სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია“), 1,057.61 ლარის 70% – 740,32 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი