Facebook Twitter

№ას-1298-1218-2015 15 მარტი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.გ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ქალაქ თბილისის ... საჯარო სკოლა

(მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ.გ–ძე (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა სსიპ ქალაქ თბილისის ... საჯარო სკოლასთან (შემდეგში: სკოლა, მოპასუხე ან დამსაქმებელი) {საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ შემდეგში შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი}.

2. სსიპ ქალაქ თბილისის .... საჯარო სკოლის დირექტორის (შემდგომში: დირექტორი ) N.. ბრძანებით მოსარჩელე 2010 წლის პირველი მარტიდან დაინიშნა დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე.

3. 2011 წლის 1 სექტემბერს მოსარჩელესთან დაიდო შრომის ხელშეკრულება N5-01 და იგი ხელახლა, ერთი წლით, დაინიშნა იმავე თანამდებობაზე.

4. ამ დროიდან მოყოლებული დამსაქმებელი ყოველწლიურად აგრძელებდა მოსარჩელესთან ხელშეკრულების მოქმედების ვადას ერთი წლით.

5. ბოლოს ვადიანი შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესთან დაიდო 2014 წლის 1 სექტემბერს, რომლის მოქმედების ვადა 2015 წლის 1 სექტემბრამდე განისაზღვრა.

6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 11 სექტემბრის N... ბრძანებით სკოლის დირექტორად დაინიშნა დ.ბ–ძე, რომელმაც იმავე წლის 16 სექტემბრის ბრძანებით მოსარჩელე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.

7. 2014 წლის 26 ნოემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა დირექტორის 2014 წლის 16 სექტემბრის ბრძანების N1კ-01 ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 16 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ან ხელშეკრულების ამოწურვის დრომდე.

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა მოთხოვნის გამომრიცხავ გარემოებებზე, კერძოდ:

9.1. მოსარჩელე თანამდებობიდან განთავისუფლდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკანონმდებლო რეგულაციის შესაბამისად [„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის 41 პუნქტი].

9.2. სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მოსარჩელე სადავო ბრძანებას გაეცნო გამოცემის დღესვე, ხოლო სასამართლოში სარჩელი წარადგინა გასაჩივრების ვადის დარღვევით - 2014 წლის 26 ნოემბერს [საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის „ 38-ე მუხლის 4-6 პუნქტები].

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული გარემოებები. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, ევროპის სოციალური ქარტია, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე-38-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-41 პუნქტი.

10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით:

10.1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე- 41 პუნქტით განსაზღვრული გარემოება, არ წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისი პუნქტებით გათვალისწინებულ სამუშაოდან განთავისუფლების არცერთ სამართლებრივ, მათ შორის, არც მითითებული ნორმის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს, რომელიც სხვა ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

10.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად, ვინაიდან სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე ბრძანების გასაჩივრების ვადის ათვლა დაუკავშირა ბრძანების ჩაბარების პრეზუმფციას მოწმეთა ჩვენებაზე დაყრდნობით და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრძანების გამოცემის შემდგომი დღიდან მოსარჩელე სამსახურში არ გამოცხადებულა.

10.3. სადავო ბრძანება წარმოადგენს სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, იგი უნდა შეიცავდეს მითითებას მისი გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე, გასაჩივრების წესსა და ვადაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო ბრძანებაში მითითებული იყო სამუშაოდან განთავისუფლების სამართლებრივი საფუძველი, მისი გასაჩივრების 30- დღიანი ვადის დენა აპელანტის მოსაზრებით უნდა დაწყებულიყო ამ ბრძანების დადგენილი წესით ჩაბარების მომდევნო დღიდან. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს ზემოხსენებული ბრძანება არ ჩაბარებია, შესაბამისად, შეუძლებელი იყო მისი გასაჩივრების ვადის ათვლა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება.

12. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

13. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება იმის თაობაზე, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე- 41 პუნქტით განსაზღვრული ნორმა არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლებას. კანონის მითითებული ნორმის განმარტებისას პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა საერთო საამართლოების კომპეტენციას და თავად იმსჯელა ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე.

14. პალატამ დაასკვნა, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას დირექტორი მოქმედებდა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-41 პუნქტი მიიჩნია საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საპატიო, ობიექტურ გარემოებად {საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი}, რადგან ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი სპეციალური საკანონმდებლო აქტი საჯარო სკოლაში დირექტორის დანიშვნას უკავშირებს ამ სკოლის დირექტორის მოადგილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას.

15. სააპელაციო სასამართლომ ლ.კ–ის (შემდეგში მოწმე) ჩვენებასა და თავად მოსარჩელის ახნა-განმარტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელისათვის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ცნობილი იყო 2014 წლის 16 სექტემბრიდან, ხოლო მოსარჩელემ სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, მიმართა იმავე წლის 26 ნოემბერს, ისე რომ არ უსარგებლია შრომის კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურებით, რითაც დაარღვია ამავე კანონით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ვადა [საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის 6 პუნქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის მუხლი 130-ე, 144-ე მუხლის პირველი ნაწილი].

16. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

16.1. განსახილველ დავაზე გამოსაყენებელი კანონის ნორმა, კერძოდ, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-41 პუნქტი არ შეიძლება განხილული იყოს საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტურ გარემოებად. საქმეზე დადგენილი ფაქტები არ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რაც ახლად დანიშნულ დირექტორს ხელს შეუშლიდა განეხორციელებინა საკადრო და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით თავისი გეგმა, რაც, კასატორის მოსაზრებით შეიძლებოდა მიჩნეულიყო ისეთი სახის გარემოებად, რომელიც გაამართლებდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრულ ვადაზე ადრე შეწყვეტას, ხოლო მარტოოდენ ახალი დირექტორის დანიშვნის ფაქტი დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან განთავისუფლების ობიექტურ მიზეზად არ შეიძლება ჩაითვალოს.

16.2. სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე სასამართლოს მსჯელობა უსაფუძვლოა და არგუმენტს მოკლებულია. უსაფუძვლოა ბრძანების გასაჩივრების ვადის ათვლის თარიღად პრეზუმფციის გამოყენება. ბრძანების ჩაბარება უნდა დადასტურდეს უტყუარი მტკიცებულებებით, ასეთად კი არ შეიძლება განხილულ იქნეს მოწმის ჩვენება. ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც მოსარჩელეს ჩაბარდა სადავო ბრძანება, კერძოდ, 2014 წლის 28 ოქტომბერს. დამსაქმებელი ვალდებული იყო განთავისუფლების თაობაზე წერილობით შეტყობინება გაეგზავნა კასატორისათვის. მოსარჩელე გონივრულ ვადაში ელოდებოდა განთავისუფლების ბრძანების გაცნობას. მოპასუხის მიერ მისი ვალდებულების შეუსრულებლობის შემდეგ კასატორმა 2014 წლის 28 ოქტომბერს თავად გამოითხოვა სადავო ბრძანება და მისი გაცნობიდან გამოიყენა გასაჩივრების 30- დღიანი ვადა.

17. კასატორმა ასევე იშუამდგომლა 2014 წლის 16 სექტემბრის მთლიანი დღის ვიდეო ჩანაწერის გამოთხოვა, რომელიც, მისი აზრით, უტყუარად დაადასტურებდა მოწმის ჩვენების შეუსაბამობას (რომელსაც დაეყრდნო სასამართლო სარჩელის ხანდაზმულობის დადგენისას) ვიდეომასალაში წარმოდგენილ ფაქტებთან. 18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

19.საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლია შემდეგი გარემოებების გამო:

სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

21. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია. სახელდობრ:

21.1.საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, სკოლის დირექტორის ბრძანების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის ათვლის მიმართ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ბრძანების წერილობით გაცნობის წესის დაცვის უპირობო აუცილებლობის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას ამახვილებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში დამკვიდრებულ განმარტებაზე: „განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ეფუძნება ნების ავტონომიის და თანასწორობის პრინციპებს, რაც უცხოა საჯარო სამართლის სფეროსათვის. რაც შეეხება მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის პირობებს, იგი გამომდინარეობს როგორც საჯარო („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი), ასევე კერძო (საქართველოს შრომის კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი) სამართლის კანონმდებლობიდან. ამდენად, სახეზე არ გვაქვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი _ „ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი“.(იხ. სუს 2012 წლის 10 დეკემბრის განჩინება Nას-996-935-2012)

21.2. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს: მართალია, სკოლის დირექტორი თავისი არსით საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირია, თუმცა მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებთან შრომითი კონტრაქტის დადების დროს იგი მოქმედებს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, შესაბამისად დირექტორის ბრძანება დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლება ხელშეკრულების მოშლის სამოქალაქო სამართლებრივი შინაარსის მატარებელია, რომლის მიზანშეწონილობის და გასაჩივრების წესის კანონზომიერიების განხილვისას სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დანაწესია უპირატესი. სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენის საწყის წერტილად განსაზღვრულია დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კონკრეტულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებისა და თავად იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სადავო ბრძანების გამოცემის შემდგომ დასაქმებული სამუშაო ადგილზე აღარ გამოცხადებულა, ცალსახაა, რომ კასატორისთვის ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობამდეც ცნობილი იყო უფლების დარღვევის თაობაზე, თუმცა მას სასამართლოსთვის დარღვეული უფლების დასაცავად არ მიუმართავს ხანდაზმულობის ვადის დენის ფარგლებში.

21.3.რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას, ვიდეო ჩანაწერის მტკიცებულების სახით გამოთხოვის თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საკასაციო ეტაპზე მტკიცებულებათა გამოკვლევა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა არ ხდება. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) {სსსკ-ის 407.2. მუხლი}.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამ ტიპის დავებზე სტაბილური სამოსამართლო პრაქტიკა არსებობს. აღნიშნულის საილუსტრაციოდ პალატა ყურადღებას ამახვილებს ერთ-ერთ საქმეზე გაკეთებულ შემდეგ განმარტებაზე: „საკასაციო სასამართლო ... უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანამდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. მოცემულ შემთხვევაში, დავა ეხება შრომით ურთიერთობას ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ ტიპის დაწესებულებებში შრომითი ურთიერთობები სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის რეგულირდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.... საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სპეციალურ კანონს მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს შორის წარმოშობილი შრომითი ურთიერთობების რეგულირების სფეროში. შესაბამისად, სკოლის დირექტორის ინიციატივით მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულების ვადამდე მოშლის კანონიერების საკითხი უნდა შემოწმდეს სწორედ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების ფარგლებში.“(იხ. სუს 2013 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება Nას1265-1194-2012, 2014 წლის 10 იანვრის განჩინება N ას1391-1312-12, 2012 წლის 10 დეკემბრის განჩინება Nას-996-935-2012).

23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.გ–ძეს (პ/№....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება#1, გადახდის თარიღი 24.12.15 სს ,,საქართველოს ბანკი“), 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი