26 აპრილი, 2016 წელი,
№ას-241-228-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – 1. ს.კ–ძე (პირველი მომჩივანი)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.გ–ის სავარაუდო უფლებამონაცვლე ი.გ.
2. ი.გ–ის სავარაუდო უფლებამონაცვლე ი.გ. (მეორე მომჩივანი)
მოწინააღმდეგე მხარე - ს.კ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საქმის წარმოების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.გ. (შემდეგში: მოსარჩელე, გამჩუქებელი) და ს.კ–ძე (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, პირველი კერძო საჩივრის ავტორი, დასაჩუქრებული) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2008 წლის 11 ივნისიდან {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 1106-ე და 1151-ე მუხლები}.
2. 2013 წლის 4 თებერვალს მეუღლეებს შორის დაიდო წერილობითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ მოპასუხეს აჩუქა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება - მდებარე ქ. ქუთაისში, …... (შემდეგში: უძრავი ქონება) {სსკ-ის 311-ე პრიმა, 524-ე, და 525.2-ე მუხლები}.
3. 2013 წლის 20 ნოემბერს დასაჩუქრებულმა ნაჩუქარი ქონება მის მიერ ნასესხები 35 000 აშშ დოლარის დაბრუნების უზრუნველსაყოფად დატვირთა იპოთეკით {სსკ-ის 623-ე მუხლი, 286-ე და 289-ე მუხლის პირველი ნაწილები}.
4. 2014 წლის 13 მაისს დასაჩუქრებულმა სესხის - 6000 აშშ დოლარი უზრუნველსაყოფად კვლავ დატვირთა ნაჩუქარი უძრავი ქონება.
5. 2012 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხესთან განქორწინების {სსკ-ის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი}, სადავო უძრავ ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და კვლავ მის საკუთრებად აღრიცხვის მოთხოვნით. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის ორ საფუძველზე: დასაჩუქრებულის მხრიდან დიდი უმადურობის გამოვლენისა და მძიმე შეურაცხყოფის მიყენებაზე {სსკ-ის 529.1 მუხლი} და ჩუქების შემდეგ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩავარდნაზე [სსკ-ის 530.1-ე მუხლი] მიუთითა.
6. მოპასუხემ განქორწინების მოთხოვნის ნაწილში ცნო სარჩელი, ხოლო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნას არ დაეთანხმა.
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. განქორწინებით შეწყდა გამჩუქებელსა და დასაჩუქრებულს შორის 2008 წლის 11 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება. 2013 წლის 4 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულება გაუქმდა და დადგინდა უძრავი ქონების კვლავ მოსარჩელის სახელზე აღრიცხვა. სასამართლომ დავის მოსაწერიგებლად გამოიყენა სსკ-ის 54-ე, 56-ე, 524-ე, 529-ე, 530-ე მუხლები.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით სრულად გაასაჩივრა მოპასუხემ შემდეგი დასაბუთებით:
8.1. სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული მასალები სრულყოფილად, მას არ უნდა შეეწყვიტა ქორწინება, იგი ვალდებული იყო, მიეღო ზომები მეუღლეთა შერიგებისათვის. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 56-ე მუხლი, ვინაიდან იგი არ ყოფილა სარჩელის სამართლებრივი საფუძველი.
8.2. ქონების იპოთეკით დატვირთვა არაა ჩუქების გაუქმების საფუძველი; მოსარჩელემ იცოდა ქონების იპოთეკით დატვირთვის თაობაზე. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დასაჩუქრებული არ უვლიდა მოსარჩელეს და უმადურობას იჩენდა მის მიმართ.
8.3. სასამართლოს ჩუქების გაუქმება არ უნდა განეხილა განქორწინების სარჩელთან ერთად, ვინაიდან ეს უკანასკნელი სხვა ხასიათის მოთხოვნაა. სასამართლოს ცალკე წარმოებად უნდა გამოეყო განქორწინების საქმე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 356-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 თებერვლის განჩინებით დავაზე საქმის წარმოება შეჩერდა მოწინააღმდეგე მხარის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, 6 თვის ვადით – 2015 წლის 10 აგვისტომდე.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
11. პირველი მომჩივნის საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
11.1. სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად დამოკიდებულია მატერიალურ სამართალურთიერთობაზე, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დაუშვებელია, მაშინ ასევე დაუშვებელია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც.
11.2. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სსკ-ის 453-ე მუხლის მეორე ნაწილზე, ამავე კოდექსის 529-ე მუხლის პირველ ნაწილზე, სსსკ-ის 92-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და მიიჩნევს, რომ ჩუქების გაუქმების მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ გამჩუქებელს, ის არის პროცესუალურად მოსარჩელე და ეს უფლება არ გადადის მემკვიდრეობით. სსკ-ის 529-ე მუხლის შინაარსიდან ნათელია, რომ დასაჩუქრებულის საქციელის შემფასებელი თავად მჩუქებელია (სუსგ, 2004 წლის 9 მარტის განჩინება საქმეზე №ას-332-1005-03). კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მეუღლეებს შორის 2013 წლის 4 თებერვალს დადებული ჩუქების ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები პირადი ხასიათისაა, რის გამოც ჩუქების გაუქმების მოთხოვნის უფლება შეწყდა გამჩუქებლის გარდაცვალებით.
11.3. სსკ-ის 1122-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის გარდაცვალებით ქორწინება ისედაც წყდება.
12. მეორე მომჩივნის დასაბუთება ემყარება შემდეგ გარემოებებს:
12.1. მართალია, სსსკ-ის 279-ე მუხლის თანახმად, მხარის გარდაცვალების შემთხვევაში სასამართლო აჩერებს საქმის წარმოებას უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ ასეთ დროს დღის წესრიგში დგება მეორე საკითხი – დაიშვება თუ არა ყველა მატერიალურსამართლებრივ დავაზე უფლებამონაცვლეობა. ისეთ საკითხებზე, რომლებიც პირად ურთიერთობებს განეკუთვნება, მათ შორის, ქორწინების შეწყვეტა უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მისი აზრით, განქორწინების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოება არ უნდა შეეჩერებინა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო ან სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პირობებში სააპელაციო წარმოება შეწყვეტილიყო.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განჩინებებით კერძო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე წარმოდგენილი კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლო განხილვის საგანს წარმოადგენდა, ერთ მხრივ, ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნა, ხოლო მეორე მხრივ, მეუღლეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე დაეთანხმა ქორწინების შეწყვეტას, თუმცა შემდგომში სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების თაობაზე სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა. ასევე, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში დავის მიმდინარეობის ეტაპზე საქმის წარმოება სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე. საპელაციო საჩივრით აპელანტმა სადავო გახადა როგორც განქორწინების, ისე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების სასამართლოსეული დასკვნები.
17. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ორივე საჩივრის ავტორს იმაში, რომ განქორწინების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონი და არასწორად შეაჩერა საქმის წარმოება. დადგენილია, რომ დავის დასრულებამდე ერთ-ერთი მეუღლე (მოსარჩელე) გარდაიცვალა, ანუ 2015 წლის 23 იანვრიდან ქორწინება შეწყდა {სსკ-ის 1122-ე მუხლის „ა“ პუნქტი 11221-ე მუხლის პირველი ნაწილი} . შესაბამისად, ამ შემთხვევაში არა მარტო საპროცესო უფლებამონაცვლეობა იყო დაუშვებელი, არამედ ვლინდებოდა საქმის შეწყვეტის სხვა საფუძველიც - დავის არ არსებობა. აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 272-ე მუხლის „ა1“ პუნქტის მიხედვით სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო შეეწყვიტა საქმის წარმოება.
18. რაც შეეხება პირველი მომჩივნის იმ მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოება უნდა შეეწყვიტა 2013 წლის 4 თებერვლის ჩუქების გაუქმების მოთხოვნის ნაწილშიც იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის გარდაცვალების გამო დაუშვებელი იყო უფლებამონაცვლეობა, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. მოსარჩელე ამ ნაწილში თავის მოთხოვნას ერთდროულად ორ სამართლებრივ საფუძველზე ამყარებდა: დასაჩუქრებულის მხრიდან დიდი უმადურობის გამოვლენასა და მძიმე შეურაცხყოფის მიყენებაზე {სსკ-ის 529.1 მუხლი}, ჩუქების შემდეგ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩავარდნაზე [სსკ-ის 530.1-ე მუხლი]. ამ შემთხვევაში ქონების უსასყიდლოდ გადაცემა მხარეთა შორის არსებულ საქორწინო ურთიერთობასთან იყო დაკავშირებული და ის წარმოადგენდა მოსარჩელის შენატანს თანაცხოვრების უზრუნველყოფისათვის. ბუნებრივია, გამჩუქებელი ამ ნაბიჯს დგამდა იმის მოლოდინით, რომ მოპასუხესთან მშვიდობიან საქორწინო ურთიერთობას გააგრძელებდა, მეუღლე მისი შრომისუუნარობის ან ავადმყოფობის დროს მოუვლიდა მას, შეასრულებდა ზრუნვის ზნეობრივ და იმავდროულად კანონისმიერ მოვალეობას {სსკ-ის 1182-ე მუხლი}. სამკვიდრო მასაში შედის ქონებრივი უფლებები, მათ შორის ჩუქების გაუქმების მოთხოვნაც {სსკ-ის 1328-ე მუხლი} და, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები საბოლოოდ დადასტურდება, მაშინ ის სამართლებრივი შედეგი მიიღება, რომლის მიღწევაც აწ გარდაცვლილს სურდა - ნაჩუქარ უძრავ ქონებაზე უფლება სამკვიდრო მასაში შევა; აქედან გამომდინარე, მასზე უფლება გარდაცვლილის მემკვიდრეებს წარმოეშობათ {სსკ-ის 1328-ე, 1424-ე, 1421.1 და 1433-ე მუხლები}.
19. უსაფუძვლოა პირველი მომჩივნის მოსაზრება, რომ ჩუქების გაუქმების მოთხოვნა მხოლოდ გამჩუქებელს ეკუთვნის. ამის საწინააღმდეგო არგუმენტად ვერ გამოდგება მხარის მითითება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (იხ. სუსგ, 2004 წლის 9 მარტის განჩინება საქმეზე №ას-332-1005-03), რადგანაც, ჯერ ერთი, ამ საქმის ფაქტობრივი გარემოებები მკვეთრად განსხვავდება განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებებისაგან, მითითებულ საქმეში დასაჩუქრებული იყო მესამე პირი და არა მეუღლე; მეორე - გამჩუქებელს სიცოცხლეში სადავოდ არ გაუხდია ჩუქება, სარჩელი აღძრეს მეორე რიგის მემკვიდრეებმა; მესამე - მოსარჩელეები მხოლოდ სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების განხორციელებას უკავშირებდნენ სამართლებრივ შედეგს - ჩუქების გაუქმებას; მეოთხე- უზენაეს სასამართლოს არ განუმარტავს, რომ ჩუქების გაუქმების მოთხოვნის უფლება შეწყდა მჩუქებლის გარდაცვალებით და აქედან გამომდინარე, არ შეუწყვეტია საქმის წარმოება.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი მომჩივნის მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმების თობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.კ–ძის და ი.გ–ის სავარაუდო უფლებამონაცვლის ი.გ–ის კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 თებერვლის განჩინება ი.გ–სა და ს.კ–ძეს შორის ქორწინების შეწყვეტის თაობაზე საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდეს დავის არ არსებობის გამო;
3. დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი