Facebook Twitter

საქმე № 330210014556655

საქმე №ას-156-152-2016 8 აპრილი, 2016 წელი

№ას-156-152-2016 ნ.-ი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე. ნ.-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ნ.-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ. ნ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ნ.-ის მიმართ საადვოკატო მომსახურების – 15 000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ არის პროფესიით ადვოკატი. მოპასუხემ მიმართა გარდაცვლილი ძმის – ი. ნ.-ის სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით საადვოკატო მომსახურების გაწევის თაობაზე. მხარეთა შორის გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება და მოსარჩელის ანაზღაურება განისაზღვრა 15 000 აშშ დოლარით.

3. მხარის მითითებით, მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ი. ნ.-ი გარდაიცვალა თურქეთის რესპუბლიკაში. ოჯახს არ გააჩნდა მისი გარდაცვალების მოწმობა. შესაბამისად, აღნიშნული საქმის წარმართვა დაკავშირებული იყო დიდ სირთულეებთან, თუმცა მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. მან საადვოკატო მომსახურება გაუწია მოპასუხის ოჯახის სხვა წევრებსაც, მაგრამ ე. ნ.-მა მომსახურების ღირებულება არ აუნაზღაურა.

მოპასუხის მოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ ნამდვილად ჩამოიტანა თურქეთის რესპუბლიკიდან ი. ნ.-ის გარდაცვალების მოწმობა, რისთვისაც მიიღო 5000 აშშ დოლარი. სადავო თანხის მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს ჰქონდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე გახდებოდა ძმის მემკვიდრე. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო. ამავე სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინებით კი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ გაუქმდა, საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8. მოსარჩელე მხარეს სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის დღის შესახებ ეცნობა სატელეფონო შეტყობინების გზით, რაც დასტურდება 2014 წლის 9 ოქტომბრის სასამართლოში დაბარების შესახებ სატელეფონო აქტით, თუმცა იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

9. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ 2014 წლის 5 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე ნ. ნ.-ის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

10. აპელანტი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მან 2014 წლის 9 ოქტომბერს ნამდვილად მიიღო სასამართლო შეტყობინება 2014 წლის 5 ნოემბრის სასამართლო სხდომის შესახებ. ნ. ნ.-ი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისი სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რასაც ადასტურებს საჩივარზე დართული ჯანმრთელობისა და ექიმი ნევროლოგის ცნობა.

11. საქმეში წარმოდგენილი შპს „მ.-ის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობით დასტურდება, რომ ნ. ნ.-მა 2014 წლის 5 ნოემბერს ნამდვილად მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. ცნობაში ასახული სამედიცინო დიაგნოზის თანახმად, მას დაუდგინდა ვეგეტატური ნერვული სისტემის დაზიანება G. 90.8 ვეგეტო სისხლძარღვოვანი კრიზი.

12. შპს „მ.-ის“ ექიმი ნევროლოგის 2015 წლის 12 იანვრის ცნობის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ნ. ნ.-მა პოლიკლინიკას მიმართა 2014 წლის 5 ნოემბერს. პაციენტი იმყოფებოდა მიღებაზე ექიმ ნევროლოგთან დიაგნოზით: ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაზიანება კრიზის სახით. ექიმის განმარტებით, ზემოაღნიშნული დიაგნოზით, პაციენტს შეუძლია გადაადგილება და აქვს ნორმალური აზროვნება, მხოლოდ კრიზის დროს საჭიროებს წოლით რეჟიმს.

13. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ნ.-ი 2014 წლის 5 ნოემბერს იყო ავად და, დასმული დიაგნოზიდან გამომდინარე, საჭიროებდა წოლით რეჟიმს. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება უნდა ჩაითვალოს იმ მოვლენად, რასაც მხარის გამოცხადებისათვის ხელის შეშლა შეეძლო და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლისა და 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნევა.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ნ. ნ.-ის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით – ავადმყოფობით.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ე. ნ.-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

16. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

17. მხარემ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის დაცვით შედგენილი მტკიცებულება, რომელიც თავისი შინაარსით პირდაპირ დაადასტურებდა მხარის გამოცხადების შეუძლებლობას. არ იყო შევსებული ექიმთან მიმართვის, სტაციონარში გაგზავნის, მოთავსებისა და გაწერის დრო. შესაბამისად, არ ირკვევა, დროის რა მონაკვეთში მიმართა პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას. მითითებული ცნობა გაცემულია ამბულატორიული და არა სტაციონარული მომსახურების ფარგლებში და არ შეიცავს დათქმას, რომ პაციენტს ესაჭიროებოდა წოლითი რეჟიმი.

18. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეს უკანონოდ დაურთო სააპელაციო საჩივარზე დართული სამედიცინო ცნობა, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის მქონე დოკუმენტის წარმოდგენა მოსარჩელეს მანამდეც შეეძლო და აპელანტს არ დაუსაბუთებია, რა საპატიო გარემოების გამო მოხდა ცნობის მოგვიანებით წარდგენა. სააპელაციო პალატამ ყოველგვარი მსჯელობისა და განჩინების გამოტანის გარეშე დაურთო საქმეს ახალი მტკიცებულება. აღნიშნული მტკიცებულების საქმეზე დართვის შესახებ მოპასუხემ შეიტყო მხოლოდ გასაჩივრებული განჩინების მიღების შემდეგ, როდესაც სასამართლომ მითითებული ცნობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას დაუდო საფუძვლად მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ იმთავითვე განაცხადა ამგვარი მტკიცებულების საქმეზე დართვის დაუშვებლობის თაობაზე. ასეც რომ არ იყოს, ცნობის შინაარსი წინააღმდეგობრივია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნებს მაინც არ შეესაბამება.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მარტის განჩინებით ე. ნ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე. ნ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

21. მოცემულ საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ ნ. ნ.-ის სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაინიშნა 2014 წლის 5 ნოემბერს, რის შესახებ მოსარჩელეს ეცნობა 2014 წლის 9 ოქტომბერს კანონის მოთხოვნათა დაცვით (ტომი 2, ს.ფ. 63).

22. სასამართლოს მიერ დადგენილ დროს ნ. ნ.-ი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ საქალაქო სასამართლოს არ აცნობა.

23. მოპასუხე ე. ნ.-მა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ნ. ნ.-ის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო.

24. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარში მოსარჩელემ 2014 წლის 5 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე საკუთარი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითა პროცესის დღეს ჯანმრთელობის უეცარ გაუარესებაზე. მან განმარტა, რომ 10.30 საათზე გამოვიდა სახლიდან, რათა მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, თუმცა მოულოდნელად დაკარგა გონება. სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ გამოიძახა, რადგან ჯერ კიდევ გეგმავდა პროცესზე გამოცხადებას, მაგრამ თავი იგრძნო შეუძლოდ.

25. სამედიცინო დახმარების მისაღებად მოსარჩელემ იმავე დღეს მიმართა შპს „№.-ას“ და საჩივარს დაურთო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – სამედიცინო დოკუმენტის ფორმა №IV-100/ა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2014 წლის 5 ნოემბერს ნ. ნ.-მა მიმართა პოლიკლინიკას, ჩაუტარდა ნევროლოგის კონსულტაცია და დაუდგინდა ვეგეტატური ნერვული სისტემის დაზიანება G90.8 – ვეგეტოსისხლძარღვოვანი კრიზი.

26. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული სამედიცინო ცნობა არ შეიცავს პირდაპირ მითითებას მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება.

27. ამავდროულად, კასატორი სადავოდ ხდის ნ. ნ.-ის მიერ სააპელაციო საჩივარზე შპს „მ.-ის“ ექიმ ნევროლოგის 2015 წლის 12 იანვრის №10-2 ცნობის, როგორც ახალი და კანონდარღვევით წარდგენილი მტკიცებულების საქმისათვის დართვას.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

30. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

31. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოსარჩელე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე სასამართლოს არ აცნობა. საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არაკეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.

32. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 229-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოსარჩელისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოსარჩელის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოპასუხის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

33. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში სადავოა, მოსარჩელის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება, ჩაითვალოს საპატიოდ.

34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

35. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

36. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განიმარტოს კანონმდებლის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“.

37. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე.

38. განსახილველ შემთხვევაში ნ. ნ.-ის მიერ წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტის ფორმა №IV-100/ა-ში ასახულია პაციენტისათვის დასმული დიაგნოზი – ვეგეტატური ნერვული სისტემის დაზიანება G90.8 – ვეგეტოსისხლძარღვოვანი კრიზი. ასევე, ირკვევა, რომ აღნიშნული დიაგნოზი მოსარჩელეს დაესვა 2014 წლის 5 ნოემბერს (სასამართლო სხდომის დღეს) შპს „.. პოლიკლინიკისათვის“ მიმართვის დროს.

39. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ 2014 წლის 5 ნოემბერს საქმის განხილვაზე ნ. ნ.-ის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით – მოსარჩელის იმგვარი ავადმყოფობით, რომელიც გამორიცხავდა იმავე დღეს სასამართლო პროცესზე მის გამოცხადებას. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი სამედიცინო დოკუმენტის №IV-100/ა ფორმით და მასში ასახული პაციენტის დიაგნოზით.

40. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატამ საქმეს დაურთო არსებითად ახალი შინაარსის მქონე მტკიცებულება – შპს „მ.-ის“ ექიმ ნევროლოგის 2015 წლის 12 იანვრის №10-2 ცნობა.

41. მითითებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაზიანების – კრიზის დროს პაციენტს შეუძლია გადაადგილება და აქვს ნორმალური აზროვნება, თუმცა კრიზის დროს საჭიროებს წოლით რეჟიმს.

42. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული ცნობა წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ დიაგნოზის განმარტებას და არ შეიცავს რაიმე ახალ გარემოებას, რაც მანამდე წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტში მითითებული არ იყო. იმ შემთხვევაშიც, მხარეს აღნიშნული განმარტება სრულებითაც რომ არ წარმოედგინა, მითითებული არ გამოიწვევდა დავის გადაწყვეტის განსხვავებულ შედეგს, რადგან მოსარჩელის მიერ საჩივარზე დართული ცნობით ნათლად ირკვეოდა პროცესის დღეს მხარისათვის დასმული დიაგნოზი – სისხლძარღვოვანო კრიზი. ისეთი უარყოფითი პროცესების მიმდინარეობისას კი, როგორსაც მოსარჩელის დიაგნოზი მოიცავს, მხარეს ობიექტურად არ ექნებოდა სასამართლოში გამოცხადების შესაძლებლობა.

43. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

44. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

46. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ე. ნ.-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 27 თებერვალს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1858,35 ლარის 70% – 1300,845 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ნ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ე. ნ.-ის (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 27 თებერვალს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1858,35 ლარის 70% – 1300,845 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური