Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1072-1011-2015 29 დეკემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – მ. ე-ე, დ. ე-ე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ-ე, კ. ე-ე, ნ. ე-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ქონებით სარგებლობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შუახევის რაისაბჭოს აღმასკომის 1989 წლის 14 დეკემბრის # 324 გადაწყვეტილებით ე-ეების ოჯახს, როგორც საშიში გეოლოგიური პროცესების აქტიურობის ზონაში მცხოვრებს, ნება დაერთო, შუახევის რაიონის სოფელ შუბანიდან მუდმივ საცხოვრებლად გადასულიყვნენ ქობულეთის რაიონში. # 324-ე გადაწყვეტილების დანართის თანახმად, ოჯახის შემადგენლობაში შევიდნენ გ. ე-ე და მისი ძმისშვილი დ. ე-ე. ქობულეთის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 7 მარტის №82 გადაწყვეტილებით გ. ე-ეს, ოჯახის ორი წევრის შემადგენლობით (თვითონ და დ. ე-ე) ნება დაერთო, დაბა ჩაქვში შეესყიდა თ. მ-ის საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო ნაკვეთზე გაშენებული მრავალწლიანი ნარგავებით, ამავე გადაწყვეტილებით, ჩაქვის სახალხო დეპუტატთა სადაბო საბჭოს აღმასკომს დაევალა დაბა ჩაქვში, ლ-ის (ამჟამად თ-ის ქუჩა) ქუჩა №12ა-ში მცხოვრები თ. მ-ის საბინაო წიგნში ჩაეწერა გ. ე-ე ოჯახის ორი წევრის შემადგენლობით (იხ. ტ.1., ს.ფ. 19-22).

2. 1990 წლის 10 აპრილს თ. მ-ესა და გ. ე-ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ე-ეების ოჯახმა თ. მ-ისაგან შეიძინა ხის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მოიცავდა 13,3 კვ.მეტრ საცხოვრებელ და 5,7 კვ.მეტრ დამხმარე ფართს, განლაგებულს 1035 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქობულეთში, დაბა ჩაქვში, თ-ის (ყოფილი ლ-ის ქუჩა) ქუჩა №12ა-ში. საცხოვრებელი სახლი გაიყიდა 20 000 მანეთად (იხ. ტ.1., ს.ფ. 23 -29).

3. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ქობულეთის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე ქობულეთში, დაბა ჩაქვში, თ-ის ქ№12ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საბინაო წიგნში მუდმივ მაცხოვრებლებად ჩაეწერნენ გ. ე-ე (შემდეგში ბიძა ან გარდაცვლილი მამკვიდრებელი) და მისი ძმისშვილები: დ. და მ. ე-ეები, ეს უკანასკნელი, საცხოვრებელი ფართის შეძენის დროისათვის, არასრულწლოვანი იყო.

4. ზემოხსენებულ საცხოვრებელ სახლში, 1990 წლიდან მუდმივად ცხოვრობენ დ. და მ. ე-ეები (შემდეგში მოსარჩელეები, ძმები ან კასატორები) დედასთან, გ. ე-ესთან ერთად, ხოლო გ. ე-ე გარდაცვალებამდე, მუდმივად ცხოვრობდა ქ. ბათუმში. 1991 წელს ძმებმა დაიწყეს დაბა ჩაქვი, თ-ის ქ№12ა-ში ქვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რაც დასტურდება საქმეზე დაკითხული მოწმეების ახსნა-განმარტებებითა და საქმეში წარმოდგენილი სამშენებლო მასალების შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულებებით.

5. ბიძამ ქობულეთში, დაბა ჩაქვში, თ-ის ქ№12ა-ში მდებარე მის მიერ შეძენილი 13,3 კვ.მეტრი ფართის ხის საცხოვრებელი სახლი დაშალა და გადაიტანა ხელვაჩაურის რაიონში, სადაც საკუთრებაში გააჩნდა მიწის ნაკვეთი, ხოლო ძმებმა, დედასთან ერთად, გააგრძელეს ცხოვრება მშენებარე ქვის საცხოვრებელ სახლში, რომელიც იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.

6. 1992 წელს ბიძა დაქორწინდა ნ. ბ-ეზე (შემდეგში გარდაცვლილი მამკვიდრებლის მეუღლე ან მოპასუხე), რომელთან თანაცხოვრების დროსაც შეეძინა ორი შვილი, კ. ე-ე, დაბადებული 1994 წლის 19 ივლისს და ნ. ე-ე, დაბადებული 1997 წლის 25 სექტემბერს (შემდეგში გარდაცვლილი მამკვიდრებლის შვილები ან მოპასუხეები).

7. ბიძა, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ლ-ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში და მას, თავის სიცოცხლეში, ძმისშვილების მიმართ, სადავო საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით, არასოდეს არანაირი პრეტენზია გამოუთქვამს. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ბიძას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ძმისშვილებთან, გარდაცვალებამდე პატრონობდა მათ და დაბა ჩაქვში, თ-ის ქ№12ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს მათ საკუთრებად მიიჩნევდა.

8. ბიძა გარდაიცვალა 1997 წლის 13 ოქტომბერს. გარდაცვლილის სამკვიდრო ქონებაზე, რომელშიც შედიოდა ასევე, დ. ჩაქვში, თ-ის ქ №12ა-ში მდებარე ქონება, პრეტენზია განაცხადა მისმა მეუღლემ, კერძოდ: 2003 წელს გარდაცვლილი მამკვიდრებლის მეუღლემ განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა, გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდროს მისაღებად, გაშვებული ვადის აღდგენა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ვადა, მან, მძიმე ოჯახური მდგომარეობისა და ფინანსური პრობლემის გამო, გაუშვა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 1306-ე, 1307-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1426-ე მუხლები) .

9. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით გარდაცვლილის მეუღლეს აღუდგა მეუღლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდროს მიღების ვადა, რის შემდეგაც მან და მისმა არასრულწლოვანმა შვილებმა (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი) სრულად მიიღეს სამკვიდრო ქონება, რომელშიც ასევე შევიდა ქ. ქობულეთში, დაბა ჩაქვში, თ-ის ქ№12-ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, სადაც 1990 წლიდან ცხოვრობდნენ გარდაცვლილი მამკვიდრებლის ძმისშვილები (სსკ-ის 1426-ე, 1336-ე მუხლები; იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი).

10. 2003 წლის 23 ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობით, გარდაცვლილი მამკვიდრებლის მეუღლემ და შვილებმა, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრებმა თანაბარწილად მიიღეს ქობულეთში, დაბა ჩაქვში, თ-ის ქ.№12ა-ში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც იმ დროისათვის შედგებოდა 1035 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთისა და ქვის ერთსართულიანი კაპიტალური საცხოვრებელი სახლისაგან, რომლის განაშენიანების ფართი იყო 155 კვ.მეტრი, ხოლო საერთო სასარგებლო ფართი 97,4 კვ.მეტრი .

11. მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლიდან მოპასუხეები ირიცხებიან სადავო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეებად, მათ აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში არასოდეს უცხოვრიათ, არ უწარმოებით აღნიშნულ სახლზე არანაირი სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები და პოლიციის ორგანოებს მ. ე-ის გამოსახლების მოთხოვნით მხოლოდ 2013 წელს მიმართეს.

12. მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება, გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, სადავო საცხოვრებელი სახლის მოსარჩელეებისათვის გადაფორმების თაობაზე, თუმცა, შემდეგ აღნიშნული შეთანხმება არ შედგა. გარდაცვლილი მამკვიდრებლის მეუღლისა და შვილების საკუთრებაში ირიცხება ქობულეთში, დაბა ჩაქვში, თ-ის ქ№12ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომლის საერთო სასარგებლო ფართი შეადგენს 141 კვ.მეტრს, ხოლო მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართია 1036 კვ.მეტრი.

13. ძმებმა 2014 წლის 13 იანვარს სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი მამკვიდრებლის მეუღლისა და შვილების წინააღმდეგ, მოითხოვეს მათთვის 72 803,17 ლარის დაკისრება, ასევე - საცხოვრებელი სახლით სარგებლობის უფლება.

14. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ, მოსარჩელეთა სასარგებლოდ, 72803,17 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხის ანაზღაურებამდე, მოსარჩელეებს ნება დაერთოთ, ესარგებლათ სადავო საცხოვრებელი სახლით.

15. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე 317-ე, 163-ე, 987-ე, 980-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე და 105-ე მუხლები.

16. სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

17. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, მხარეთა ასხნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე გაიზიარა მოსარჩელეების მტკიცება იმის თაობაზე, რომ ქობულეთში, დაბა ჩაქვში, თ-ის ქ№12ა-ში მდებარე ქვის კაპიტალური საცხოვრებელი სახლი ძმებმა ააშენეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ გარდაცვლილ მამკვიდრებელს (მოსარჩელეთა ბიძას) და მის მემკვიდრეებს აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში არასოდეს უცხოვრიათ და არც ბიძას გამოუთქვამს, თავის სიცოცხლეში, რაიმე პრეტენზია ძმისშვილების მიმართ სადავოდ ქცეული საცხოვრებელი სახლის მშენებებლობის გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ ბიძის გარდაცვალებამდე, ანუ 1997 წლამდე, მოსარჩელეებმა ფაქტიურად დაასრულეს საცხოვრებელი სახლის ძირითადი ნაწილის მშენებლობა, ხოლო საცხოვრებელი სახლის კაპიტალური რემონტი, მიშენება, დაშენება, გადახურვა მოხდა 2010-2013 წლებში.

18. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა წარმომადგენლის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მათ 1997 წლამდე ჩაატარეს შემდეგი სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ: 1) სამშენებლო მოედნის გამკვირივება ღორღით და ტერიტორიის ამაღლება 70-სმ-ით, ტერიტორიის მოსწორება და დატკეპნა ბულდოზერით; 2) ლენტური საძირკველის ამოჭრა მექ. წესით; 3) ლენტური საძირკველის ჩამოსხმა მზა ბეტონით; 4) იატაკის ფილის დაბეტონება; 5) კედლების აშენება მძიმე ბლოკით; 6) რ/ბეტონის დაბეტონება; 7) რ/ბეტონის ფილის დაბეტონება და ა.შ. ხოლო 2010-2013 წლებში მოსარჩელეებმა განახორციელეს შემდეგი სამშენებლო სამუშაოები: 1) II სართულის კედლების აშენება მძიმე ბლოკით; 2) სახურავის ხის კონსტრუქციის მოწყობა; 3) სახურავის ბურულის მოწყობა ალუმინის ტალღოვანი თუნუქით; 4) ხის კარების მოწყობა კომპლექტით; 5) ლითონის კარის მოწყობა; 6) ყავისფერი მეტალო პლასტმასის კარების მოწყობა; 7) მეტალო პლასტმასის კარების მოწყობა; 8) ხის ფანჯრების მოწყობა; 9) მეტალო პლასტმასის ფანჯრების მოწყობა ევროგაღებით; 10) თაბაშირ-მუყაოს ფილებით კედლების მოპირკეთება ლითონის პროფილით; 11) შეკიდული ჭერის მოწყობა თაბაშირ მუყაოს ფილებით; 12) იატაკის მოწყობა ლამინირებული პარკეტის ფილებით; 13) მეტლახის ფილებით იატაკის მოწყობა; 14) კედლებზე შპალერის გაკვრა; 15) ბათქაშის მოწყობა შიგა კედლებსა და ჭერში; 16) ხის აბვშივკის მოწყობა კედლებზე და ჭერში; 17) პენოპლასტის გაკვრა აბვშივკის უკან; 18) ელ. გაყვანილობის მოწყობა; 19) III კატეგორიის გრუნტის დამუშავება და მიწის უკუმიყრა მილის ჩადების შემდეგ; 20) მთ. წყლის მოყვანა პლასტმასის მილით და წყლის მიყვანა ტანსაცმლის სარეცხ მანქანამდე; 21) წყლის შერევით ონკანის მოწყობა; 22) სააბაზანო ვანის მოწყობა; 23) აბაზანის შემრევის მოწყობა; 24) სამზარეულოს ჭურჭლის სარეცხი ნიჟარის მონტაჟი; 25) სამზარეულოს შემრევის მოწყობა; 26) საპირფარეშოში აზიური ფაიფურის ნიჟარის მოწყობა რკინა ბეტონით; 27) მანქანის ფარეხისთვის საძირკვლის ამოჭრა; 28) რკინაბეტონის საძირკვლის ჩამოსხმა ხელით და სხვა.

19. სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის 2013 წლის 25 ნოემბრის დასკვნით (შემდეგში ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა), მხარეთა განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით, დადგენილად მიიჩნია, რომ მე-18 პუნქტში მითითებული სამუშაოები ჩაატარეს მოსარჩელებმა. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სადვო საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება სამშენებლო ნორმების, წესებისა და სამშენებლო რესურსების ფასები, 2013 წლის III კვარტლის დონეზე გათვალისწინებით, შეადგენდა 72803.17 ლარს.

20. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი წარმოადგენდნენ კეთილსინდისიერ მფლობელებს და არსებობდა, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისა და, შესაბამისად, მოპასუხეებისადმი მოთხოვნის დაყენების სამართლებრივი საფუძველი.

21. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეებმა სადავო საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე და მის გარემონტებაზე დახარჯეს 72803,17 ლარი და ამ მოცულობის ხარჯების გაწევა იმას უკავშირდებოდა, რომ ძმები მუდმივ მაცხოვრებლებად იყვნენ რეგისტრირეული აღნიშნულ მისამართზე, ხოლო შემდეგ, მოპასუხეებთან შეთანხმდნენ სახლის გადაფორმებაზე, რის გამოც, მოსარჩელეებს სადავოდ ქცეული სახლი მათ საკუთრებად მიაჩნდა.

22. სასამართლომ აღნიშნა, რომ, თავის მხრივ, მოპასუხეებს, 2013 წლის 19 სექტემბერს, მიმართული ჰქონდათ პოლიციის ორგანოებისათვის, მათ საკუთრებაში, დაბა ჩაქვში მდებარე უძრავი ქონებიდან მოსარჩელეების გამოსახლების მოთხოვნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეები უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ და მოსარჩელეებს უფლება ჰქონდათ, მოეთხოვათ მათ მიერ გაწეული დანახარჯების ანაზღაურება, ხოლო აღნიშნული ხარჯების ანაზღაურებამდე, შეენარჩუნებინათ სადავო ქონებით სარგებლობის უფლება.

23. მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

24. სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგზე:

24.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მამკვიდრებელი (მოსარჩელეთა ბიძა) გარდაცვალებამდე არ ცხოვრობდა სადავოდ ქცეულ სახლში. არც ის იყო სწორი, რომ მამკვიდრებელმა 20000 მანეთად ნაყიდი ხის სახლი (იხ. განჩინების მე-5 პუნქტი) უბრალოდ დაშალა და წაიღო, ხოლო დაბის ცენტრში არსებული უძრავი ნივთი, მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ დაუთმო ძმისშვილებსა და რძალს.

24.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 244-ე მუხლის მოთხოვნას, რადგან სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, ვერ განსაზღვრა, თუ რომელი გარემოებაა დადგენილი ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისათვის და რომელი დაუდგენელი.

25. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც თანხის ანაზღაურებამდე, მოსარჩელეებს, ნება დაერთოთ, ესარგებლათ სადავო ქონებით და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

26. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად შეაფასა მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მოსარჩელეებმა დაამტკიცეს სადავო სახლის აშენების ფაქტი, რაც საქმის საბოოლოო შედეგისადმი ნეიტრალურად განწყობილმა მოწმეებმაც დაადასტურეს, ამდენად, მათი განმარტებები დამაჯერებელი იყო სასამართლოსათვის.

27. სასამართლომ აღნიშნა, რომ გარდაცვლილი მამკვიდრებლის მეუღლის ინიციატივით სხდომაზე დაიკითხულმა მხოლოდ ერთმა მოწმემ, რომელიც მოპასუხის ძმა არის, განმარტა, რომ სადავო სახლში არ ყოფილა და არც მშენებლობის პროცესს დასწრებია, რადგან კოლმეურნეობაში მუშაობდა და არ ეცალა. ეს, მისთვის არც გარდაცვლილ მამკვიდრებელს (სიძეს) უთხოვია. მოწმემ დაადასტურა, რომ გარდაცვლილმა მამკვიდრებელმა შეიძინა თუნუქი, დაახლოებით 1992 წელს. ამასთან, განმარტა, რომ იმ დროს, სახლი ჯერ აშენებული არ ყოფილა და თუნუქი წინასწარ იქნა შეძენილი. მოწმემ განმარტა, რომ 1998 წლიდან იგი 10 წელი ციმბირში იმყოფებოდა. სასამართლოს მოსაზრებით, მოწმის მითითებული განმარტება მოსარჩელეთა მიერ მითითებულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს კი არ აბათილებდა, პირიქით, გარკვეულწილად, მათ პოზიციას ამყარებდა კიდეც.

28. სასამართლომ აღნიშნა, რომ გარდაცვლილი მამკვიდრებლის მიერ შეძენილი ხის სახლების დემონტაჟის შემდეგ, სადავო ქონება თავისუფალ მიწის ნაკვეთს წარმოადგენდა. ამ ნაკვეთზე მოსარჩელეებმა ააშენეს სახლი, რომლის ღირებულებაც 154 000 აშშ დოლარს შეადგენდა.

29. წინამდებარე განჩინების 22-ე პუნქტში დასახელებულ გარემოებაზე მითითებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ 2013 წლის 19 სექტემბრისათვის მოპასუხეებმა მიიღეს ქონების დაბრუნების უფლება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა ხარჯზე, მოპასუხეები უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მათთვის თანხის გადახდის დაკისრების ნაწილში კანონიერი იყო.

30. სასამართლომ აღნიშნა, რომ 1997 წლის 25 ნოემბრამდე ნაკვეთი, რომელზეც სადავო სახლი იდგა, წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, 1997 წლის 25 ნოემბრის შემდეგ კი, იგი მოპასუხეებს ეკუთვნოდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოსარჩელეები სადავო სახლს სხვის მიწაზე აგებდნენ, შესაბამისად, ისინი სადავო ქონების კეთილსინდისიერი მფლობელები ვერ იქნებოდნენ.

31. სასამართლომ სსკ-ის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ ნივთის დაბრუნებაზე უარის თქმის, ე.ი. ნივთის დაკავებით მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლება, მხოლოდ ქონების კეთილსინდისიერ მფლობელს ჰქონდა, ხოლო მოსარჩელეები სადავო ქონების კეთილსინდისიერი მფლობელები არ იყვნენ და, ამიტომ, მათი მოთხოვნა, ნივთის დაკავების უფლების გამოყენების თაობაზე, უსაფუძვლო იყო.

32. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 987-ე, 233-ე, 234-ე, 183-ე, 163-ე მუხლებით.

33. მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

34. საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:

34.1. კასატორებს მიაჩნიათ, რომ არიან კეთილსინდისიერი (არაუფლებამოსილი) მფლობელები, ვინაიდან შუახევის სახ. დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის განკარგულებით ნება დაერთოთ, ბიძასთან ერთად საცხოვრებლად გადასულიყვნენ ქობულეთის რაიონში, ხოლო შემდეგ- ბიძასთან ერთად უფლება მიეცათ, შეეძინათ საცხოვრებელი სახლი, ასევე, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლზე საბინაო წიგნის გახსნილიყო, სადაც ჩაწერილები და დღემდე რეგისტრირებულები არიან. კასატორების მტკიცებით, ნასყიდობის ხელშეკრულება ბიძამ, როგორც ოჯახის უფროსმა წევრმა, გააფორმა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ღირებულება, 20 000 მანეთი დ. ე-ემ გადაიხადა(იხ. ამ განჩინების 1-4 პუნქტები).

34.2. სადავო ქონებაზე კომუნალური გადასახადების გადამხდელებად კასატორები ირიცხებიან 1989 წლიდან, დღემდე უწყვეტად ცხოვრობენ იქ, სადაც საცხოვრებელი სახლი ააშენეს და კაპიტალურად გაარემონტეს, ვინაიდან ფიქრობდნენ, რომ საკუთარ სახლს აშენებდნენ და არემონტებდნენ, რაც ყველასათვის იყო ცნობილი.

34.3. სადავო ქონებას თვითნებურად არ დაუფლებიან, ვინაიდან სახელმწიფოს გადაწყვეტილებითა და ბიძასთან შეთანხმებით. დასახლდნენ ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით, როგორც მუდმივი მაცხოვრებლები, სადაც ახალი საცხოვრებელი სახლი ააშენეს.

34.4. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი, მოპასუხეთა მიერ თანხის სრულ გადახდამდე, საცხოვრებელი სახლის სარგებლობაზე. კასატორები სადავო ქონების კეთილსინდისიერი (არაუფლებამოსილი) მფლობელები არიან და მათ მიმართ უნდა გავრცელდეს, თანხის სრულ გადახდამდე, საცხოვრებელი სახლით სარგებლობის უფლება, სსკ-ის 163-ე მუხლის შესაბამისად.

35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიიდული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

36. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

38. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

39. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

41. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

41.1. კასატორების ერთ-ერთი პრეტენზიის საფუძველია ის, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ისინი არიან სადავო ქონების კეთილსინდისიერი (არაუფლებამოსილი) მფლობელები და მათზე უნდა გავრცელდეს, სსკ-ის163-ე მუხლის მე-3 ნაწილი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეები არ დავობენ სადავო ქონებისათვის მოსარჩელეთა მიერ გაღებული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე, ხოლო მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მათ აქვთ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეებზე დაკისრებული თანხის, 72 803.17 ლარის გადახდამდე სადავო ქონებით სარგებლობის უფლება.

41.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 163-ე მუხლის თანახამად, კეთილსინდისიერ მფლობელს უფლება აქვს, ისარგებლოს ნივთისა და უფლების ნაყოფით მანამ, ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის უფლებას ნივთის დაბრუნებაზე. მას შემდეგ, რაც უფლებამოსილი პირი წაუყენებს პრეტენზიას კეთილსინდისიერ მფლობელს, ამ მომენტიდან მიღებული ნივთისა და უფლების ნაყოფიც უფლებამოსილ პირს ეკუთვნის. ამდენად, როცა ნივთი, უფლებამოსილი პირის მიერ, თავისი უფლების გაცხადებით, მისი ინტერესის საგნად იქცევა, აქ უკვე კეთილსინდისიერი მფლობელის ნების ავტონომია მთავრდება და მისი მოქმედება ნორმატიული ნების შეფასების საგანი ხდება. მართალია, კეთილსინდისიერ მფლობელს ერთმევა ნივთი, მაგრამ ეს არ ხდება უპირობოდ. მფლობელობის კეთილსინდისიერება მას სსკ-ის 163-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებების გარდა, სხვა უფლებებითაც აღჭურავს. ერთ-ერთი ასეთთაგანია, ნივთზე გაწეული იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გასწია კეთილსინდისიერი მფლობელობის განმავლობაში. როგორც ხარჯების ანაზღაურების უფლება, ისე მისი მოცულობა პირდაპირ დამოკიდებულებაშია მფლობელის მიერ ნივთის სარგებლობისა და მისგან მიღებული ნაყოფის სიდიდეზე. ანაზღაურდება მხოლოდ ის ხარჯები, რაც ამ უკანასკნელით არაა კომპენსირებული.

41.3. მართალია, კეთილსინდისიერი მფლობელი ვალდებულია დააბრუნოს ნივთი, მაგრამ სამაგიეროდ, უფლებამოსილი პირიც, თავის მხრივ, ვალდებულია სსკ-ის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს. ვიდრე კეთილსინდისიერი მფლობელის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მანამ მას უფლება აქვს, უარი თქვას ნივთის დაბრუნებაზე. ნივთის დაკავების უფლება არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მნიშვნელოვანი გარანტიაა. აქედან გამომდინარე, პირმა აღნიშნული უფლებამოსილებით, რომ ისარგებლოს იგი უნდა იყოს არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელი.

41.4. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას და მსჯელობას, რომელიც მითითებულია ამ განჩინების 30-31 პუნქტებშია მითითებული.

41.5. სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება (აღნაგობის უფლება).

41.6. ამავე კოდექსის 234-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღნაგობის უფლების წარმოშობისა და შეძენის მიმართ, შესაბამისად, გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენის წესები.

41.7. საკასაციო პალატა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

41.8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, რომ მოსარჩელეები სადავო სახლს აგებდნენ მიწის მესაკუთრესთან დადგენილი ფორმის დაცვით დადებული ხელშეკრულების გარეშე და, ამიტომ, ისინი სადავო ქონების კეთილსინდისიერი მფლობელები არ არიან, შესაბამისად, მათზე ვერ გავრცელდება სსკ-ის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესი და, მოპასუხეების მიერ თანხის ანაზღაურებამდე, ვერც სადავო ქონებით. საკასაციო სასამართლო, ასევე, იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.10-4.14 პუნქტებში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს სსკ-ის 987-ე მუხლის დანაწესის თაობაზე.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ვ. ბ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 (ორასათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ე-ისა და დ. ე-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ. ე-ესა (პ/ნ ...) და დ. ე-ეს (პასპორტის ნომერი ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ. ბ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საკრედიტო საგადასახადო დავალება №13, გადახდის თარიღი 2015 წლის 16 ნოემბერი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე