საქმე №160210015784343
საქმე №ას-186-178-2016 13 აპრილი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. გ.-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ.-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ. გ.-ამ (შემდგომში – მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.-ი გ.-ის (შემდგომში – მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა ჯ. გ.-ის (კ.-ის) (შემდგომში – მამკვიდრებელი) სამკვიდრო ქონებაზე ნ.-ი გ.-ის სასარგებლოდ 2014 წლის 11 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და სამკვიდრო ქონების – ქ.–ში, რ.-ის ქ. №..-ში მდებარე №.. ბინის (სკ ..) მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ აწ გარდაცვლილი მამკვიდრებელი იყო მისი ძმა, რომლის სამკვიდროს მისაღებად მიმართა ნოტარიუსს, თუმცა უარი ეთქვა დაბადების მოწმობაში არსებული შეუსაბამო ჩანაწერისა და პირველი რიგის მემკვიდრის – მოპასუხის არსებობის გამო, რომელზეც უკვე გაიცა სამკვიდრო მოწმობა.
3. მოსარჩელის მითითებით, მის ძმას სიცოცხლეში არასოდეს უთქვამს, რომ ჰყავდა შვილი, პირიქით, სწორედ აღნიშნული გახდა მეუღლე ბ. ი.-ასთან განქორწინების მიზეზი.
4. მამკვიდრებელი გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ საავადმყოფოში, სადაც მასზე მხოლოდ მოსარჩელე ზრუნავდა. გარდაცვალებამდე მამკვიდრებელმა საავადმყოფოში დაწერა წერილი, რომლითაც მთელ თავის ქონებას უტოვებდა მოსარჩელეს. ძმის დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა სარიტუალო ხარჯი გასწია მოსარჩელემ, დაეუფლა სამკვიდრო ქონებას და ნოტარიუსს მიმართა კანონით დადგენილ ვადაში.
5. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ პირველი რიგის მემკვიდრის არსებობის შემთხვევაშიც მას მაინც ეკუთვნოდა წილი სამკვიდროდან, როგორც ანდერძისმიერ მემკვიდრეს.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო სამკვიდრო მოწმობა მიიღო კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ის იყო მამკვიდრებლის შვილი, რაც ცნობილი იყო მოსარჩელისთვისაც, რომელიც მონაწილეობდა მოპასუხის ქორწილში თავის ძმასთან, იგივე მოპასუხის მამასთან ერთად. რაც შეეხება ხელწერილს, იგი სავარაუდოდ ყალბია და შედგენილია თავად მოსარჩელის მიერ, ვინაიდან მამკვიდრებელი, მძიმე ავადმყოფობის გამო, 2014 წლის მაისიდან იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, შესაბამისად, 2014 წლის 3 ივნისს ხელწერილს ვერ დაწერდა და თავის ნებას ვერ გამოხატავდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2014 წლის 8 ივნისს. სამკვიდრო მოიცავს ქ.-ში, რ.-ის ქ. №...-ში მდებარე №... ბინას.
10. 1979 წლის 16 აგვისტოდან 2007 წლის 14 თებერვლამდე მამკვიდრებელი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ბ. ი.-ასთან.
11. მოპასუხე დაიბადა 1983 წლის 10 აგვისტოს. მისი დაბადების რეგისტრაცია განხორციელდა მამის – აწ გარდაცვლილი მამკვიდრებლის განცხადების საფუძველზე 1983 წლის 12 აგვისტოს.
12. 2014 წლის 1 აგვისტოს მოპასუხემ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს მამის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. 2014 წლის 11 დეკემბერს მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აღირიცხა მოპასუხის საკუთრებად.
13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე არის მამკვიდრებლის და. 2014 წლის 13 ივნისს მან განცხადებით მიმართა ნოტარიუსს გარდაცვლილი ძმის სამკვიდროს მიღებისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ. განმცხადებელმა მიუთითა, რომ პირველი რიგის მემკვიდრეები არ არსებობენ.
14. 2015 წლის 9 იანვრის დადგენილებით ნოტარიუსმა მოსარჩელეს უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ მისა და მამკვიდრებლის დაბადების მოწმობებში იყო შეუსაბამობა. ამასთან, გაირკვა, რომ არსებობს გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი, რომლის სასარგებლოდაც 2014 წლის 11 დეკემბერს სამკვიდრო მოწმობა უკვე გაიცა.
15. ჯ.გ.-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ცვლილება შევიდა ნ.-ი კ.-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში და მისი გვარი შეიცვალა „გ.-ზე“.
16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადად ეფუძნება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე არ არის მამკვიდრებლის ბიოლოგიური შვილი, შესაბამისად, მამკვიდრებელს პირველი რიგის მემკვიდრე არ ჰყოლია, მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა უნდა გაუქმდეს და მოსარჩელე ცნობილ იქნეს მთელი სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ, როგორც მეორე რიგის კანონისმიერი მემკვიდრე.
17. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლებით.
18. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი – ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
19. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან გამოთხოვილი დაბადების სააქტო ჩანაწერის ასლით დგინდება, რომ დაბადების მოწმობა გაცემულია სააქტო ჩანაწერის საფუძველზე და მათში მითითებული მონაცემები ურთიერთშესაბამისია, ასევე, დგინდება, რომ დაბადების რეგისტრაცია განხორციელდა მამის განცხადების საფუძველზე, დაბადებიდან რამდენიმე დღეში – 1983 წლის 12 აგვისტოს, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელსაც რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
20. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება აღნიშნულ ფაქტზე და მიუთითა, რომ დღეისათვის მოპასუხის დაბადების სააქტო ჩანაწერი ძალაშია და იგი სადავოდ გამხდარი არ არის.
21. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ იგი წარმოადგენს მამკვიდრებლის ანდერძისმიერ მემკვიდრეს. აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია ხელწერილი, რომელიც, მოსარჩელის განმარტებით, წარმოადგენს მამკვიდრებლის კარნახით მის მიერ ჩაწერილ ტექსტს.
22. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან დასტურდება, რომ საავადმყოფოში მოთავსებიდან რამდენიმე დღეში მამკვიდრებელს საუბარი აღარ შეეძლო. დადგენილია, რომ გარდაცვალებამდე მამკვიდრებელი მძიმედ ავადმყოფობდა და მოთავსებული იყო აკად. ზ. კ.-ის სახელობის კლინიკა „რ.-ში“. საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტებით დასტურდება, რომ მამკვიდრებელს აღენიშნებოდა დიაფრაგმის დაზიანება, ელენთის დაზიანება, კუჭის ანტრალური ნაწილის წყლული სისხლდენით, მწვავე პნევმონია, არტერიული ჰიპერტენზია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა და სხვა. მას ჩაუტარდა შესაბამისი კვლევა და მკურნალობა. სადავო გარემოებასთან დაკავშირებით მოწმის სახით დაიკითხა ასევე ქირურგი, რომელმაც მას გაუკეთა ოპერაცია. მისი ჩვენებით ასევე დასტურდება ის ფაქტი, რომ ავადმყოფს საუბარი არ შეეძლო, შესაბამისად, საფუძვლიანია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი არ წარმოადგენს მამკვიდრებლის კარნახით მის მიერ ჩაწერილ ტექსტს.
23. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და მართებულად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე.
24. სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 1189-ე მუხლის, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე არ წარმოადგენს მამკვიდრებლის ბიოლოგიურ შვილს და მის პირველი რიგის მემკვიდრედ ვერ ჩაითვლება.
25. სსკ-ის 1344-ე, 1408-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით არ დასტურდება მამკვიდრებლის ნების გამოვლენა და აღნიშნული ხელწერილი ვერ ჩაითვლება ანდერძად.
26. სსკ-ის 1306-ე მუხლის პირველი პუნქტის, 1336-ე, 1337-ე, 1421-ე და 1424-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მამკვიდრებელს დარჩა პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი მოპასუხის სახით, რომელმაც 2014 წლის 1 აგვისტოს განცხადებით მიმართა ნოტარიუსს მამის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. 2014 წლის 11 დეკემბერს მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აღირიცხა მოპასუხის საკუთრებად.
27. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაზე მოპასუხის სასარგებლოდ 2014 წლის 11 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილობისა და სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელს სწორად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
28. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:
29. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს უნდა გამოეკვლიათ, იყო თუ არა სინამდვილეში აწ გარდაცვლილი მამკვიდრებელი მოპასუხის ბიოლოგიური მამა და დაეკმაყოფილებინა მხარის შუამდგომლობა „დნმ-ის“ გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ.
30. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხე მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრედ არასწორად ჩათვალა და აღნიშნულის საფუძვლად მიუთითა დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის გრაფაში მამკვიდრებლის დაფიქსირების ფაქტზე. ფაქტობრივად, იმ გარემოების შესახებ, რომ მოპასუხე მისი ბიოლოგიური შვილი არ იყო მამკვიდრებელმა შეიტყო გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, როცა ის მის სანახავადაც კი არ მისულა, თუმცა მამკვიდრებელმა თავისი მამობაზე შედავება ვერ მოასწრო გარდაცვალების გამო. მთელი ცხოვრება მას ბ. ი.-ასთან ჰქონდა უკმაყოფილება, ერთმანეთს დაშორდნენ კიდეც და ბოლოს შეიტყო რომ მოპასუხე მისი შვილი არ იყო.
31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
32. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
33. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2014 წლის 8 ივნისს. სამკვიდრო მოიცავს ქ.-ში, რ.-ის ქ. №..-ში მდებარე №.. ბინას.
34. 1979 წლის 16 აგვისტოდან 2007 წლის 14 თებერვლამდე მამკვიდრებელი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ბ. ი.-ასთან.
35. მოპასუხე დაიბადა 1983 წლის 10 აგვისტოს. მისი დაბადების რეგისტრაცია განხორციელდა მამის – აწ გარდაცვლილი მამკვიდრებლის განცხადების საფუძველზე 1983 წლის 12 აგვისტოს.
36. 2014 წლის 1 აგვისტოს მოპასუხემ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს მამის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. 2014 წლის 11 დეკემბერს მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აღირიცხა მოპასუხის საკუთრებად.
37. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე არის მამკვიდრებლის და. 2014 წლის 13 ივნისს მან განცხადებით მიმართა ნოტარიუსს გარდაცვლილი ძმის სამკვიდროს მიღებისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ. განმცხადებელმა მიუთითა, რომ პირველი რიგის მემკვიდრეები არ არსებობენ.
38. 2015 წლის 9 იანვრის დადგენილებით ნოტარიუსმა მოსარჩელეს უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ მისა და მამკვიდრებლის დაბადების მოწმობებში იყო შეუსაბამობა. ამასთან, გაირკვა, რომ არსებობს გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი, რომლის სასარგებლოდაც 2014 წლის 11 დეკემბერს სამკვიდრო მოწმობა უკვე გაიცა.
39. ჯ. გ.-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ცვლილება შევიდა ნ.-ი კ.-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში და მისი გვარი შეიცვალა „გ.-ზე“.
40. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ისევე, როგორც მოსარჩელის თავდაპირველი სასარჩელო პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოპასუხე არ არის მამკვიდრებლის ბიოლოგიური შვილი, შესაბამისად, მამკვიდრებელს პირველი რიგის მემკვიდრე არ ჰყოლია, მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა უნდა გაუქმდეს და მოსარჩელე ცნობილ იქნეს მთელი სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ, როგორც მეორე რიგის კანონისმიერი მემკვიდრე.
41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
43. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
44. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.
45. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
46. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა და კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ გარემოების უარსაყოფად, რომ სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან გამოთხოვილი მოპასუხის დაბადების სააქტო ჩანაწერის ასლის შესაბამისად, დაბადების რეგისტრაცია განხორციელდა მამის განცხადების საფუძველზე, დაბადებიდან რამდენიმე დღეში – 1983 წლის 12 აგვისტოს.
47. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გაამახვილეს ყურადღება, რომ დღეისათვის მოპასუხის დაბადების სააქტო ჩანაწერი ძალაშია და იგი სადავოდ არ გამხდარა. სწორედ აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელეს უარი ეთქვა გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარებაზე. ფაქტობრივად, მხარემ მისთვის სასურველი გარემოების დადასტურების კანონით დადგენილი სამართლებრივი საშუალებები არ გამოიყენა და მოპასუხის დაბადების სააქტო ჩანაწერი სათანადო წესით არ გაასაჩივრა.
48. ამასთან, დაბადების მოწმობა გაცემულია სააქტო ჩანაწერის საფუძველზე და მათში მითითებული მონაცემები ურთიერთშესაბამისია. სადავო ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულების ზემოთ მოხმობილი წესით გადანაწილებისას საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელსაც რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
49. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის არგუმენტს, რომ მამკვიდრებელმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყო, რომ მოპასუხე მისი შვილი არ იყო, რაც, კასატორის განმარტებით, უკავშირდება იმ გარემოებას, რომ მამკვიდრებლის ავადმყოფობის პერიოდში მოპასუხე მას არ აკითხავდა და არ უვლიდა.
50. უპირველესად, მხარის აღნიშნული პოზიცია რაიმე სახის მტკიცებულებით გამყარებული არ არის, თუმცა მითითებული არგუმენტის უპირობოდ გაზიარების შემთხვევაშიც, შვილის მიერ მშობლისათვის სათანადო ყურადღების გამოუჩენლობა არ წარმოადგენს მათ შორის ბიოლოგიური ნათესაური კავშირის არარსებობის დადასტურების საფუძველს.
51. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
52. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
53. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
54. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 9 მარტს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1105,25 ლარის 70% – 773,675 ლარი.
55. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საკასაციო სასამართლოში „დნმ-ის“ ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, საკასაციო სასამართლო მხარის ამ მოთხოვნას ვერ გაიზიარებს ვინაიდან სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.
56. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია. ცხადია, აღნიშნული წესი ვრცელდება ექსპერტიზის დასკვნის საქმეზე დართვაზეც, რადგან მითითებული დოკუმენტი საქმის სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებათა ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ.-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ. გ.-ას (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 9 მარტს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1105,25 ლარის 70% – 773,675 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური