საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1019-962-2015 18 დეკემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2012 წლის 29 თებერვალს შპს ,,ს- ოსა” (შემდეგში მომსახურების ბიურო, ს/კ …) და ფიზიკურ პირს მ. გ-ს (შემდეგში - მოპასუხე, მყიდველი ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, წ-ის ქუჩა №9-ში მდებარე №1, №2, №3 (საკადასტრო კოდი …) და ამავე მისამართზე მდებარე შენობა - ნაგებობის №1 (საკადასტრო კოდი …) ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალები. ქონების საფასური განისაზღვრა 205 000 (ორას ხუთი ათასი) ლარით. ხელშეკრულების 5.1.3 პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო, დაესრულებინა დემონტაჟი, ხოლო მის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალები და ნარჩენები გაეტანა ტერიტორიიდან, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 4 თვეში [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 477-ე მუხლი].
2. მყიდველმა სრულად გადაიხადა ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული საფასური, 205 000 ლარი (სსკ-ის 477.2-ე მუხლი).
3. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით, მომსახურების ბიურომ ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს (შემდეგში ეკონომიკის სამინისტრო) გადასცა (ტ. 1, ს.ფ. 22-25) (სსკ-ის 198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, 199-ე მუხლი).
4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდეგში მოსარჩელე, ქონების სააგენტო, გამყიდველი ან კასატორი) 2014 წლის 19 მაისს სარჩელი აღძრა მყიდველის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის 93 643 (ოთხმოცდაცამეტი ათას ექვსას ორმოცდასამი) ლარის დაკისრება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით გამყიდველის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და, გადაწყვეტილების მიღებისას, იხელმძღვანელა სსკ-ის 352-ე, 405-ე, 407-ე და 477-ე მუხლებით.
7. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ზიანი არ მისდგომია.
8. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა. იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მოპასუხემ მიწის ნაკვეთებიდან, შეთანხმებულ ვადაში, არ გაიტანა მეორადი სამშენებლო მასალები და ნარჩენები, მოსარჩელეს წარმოდგენილი ჰქონდა მხოლოდ ფოტოსურათები, რომელთა საფუძველზე არ ხდებოდა იდენტიფიცირება, თუ როდის იყო გადაღებული აღნიშნული ფოტოსურათები, შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია აღნიშნულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, ხოლო სხვა მტკიცებულება, გამყიდველს არ წარუდგენია. სასამართლომ ასევე იმსჯელა, მოწმეთა განმარტებებზე, რომლებმაც დაადასტურეს მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ქონების სააგენტოს, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ზიანი არ მისდგომია.
9. საქმეში განთავსებული ქონების სააგენტოს მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, ნასყიდობის ხელშკრულებით, შენობა-ნაგებობების დემონტაჟის შემთხვევაში მისაღები მასალების საერთო ღირებულება შეადგენდა 298 643 (ორას ოთხმოცდათვრამეტი ათას ექვსას ორმოცდასამი) ლარს. მოსარჩელე სწორედ აღნიშნულ მტკიცებულებაზე მითითებით ითხოვდა ექსპერტის დასკვნაში დაფიქსირებულ თანხასა და ნასყიდობის ფასს შორის სხვაობას (298 643 – 205 000), ზიანის ანაზღაურების სახით. სასამართლომ მიუთითა, რომ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, რადგან ექსპერტიზის დასკვნასა და ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმებულ ფასს შორის განსხვავება ზიანს არ წარმოადგენდა. 10. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებმა ნასყიდობის ფასი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის საფუძველზე [სსკ-ის 319-ე მუხლი] შეათანხმეს, რაც მხარის უფლებას წარმოადგენდა, თავად გადაეწყვიტა, რა პირობებით და რა ფასად გაასხვისებდა კუთვნილ ქონებას, შესაბამისად, გამყიდველის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. სასამართლომ იმაზეც იმსჯელა, რომ ექსპერტიზის დასკვნა დათარიღებული იყო 2012 წლის 27 იანვრით, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა იმავე წლის 29 თებერვალს, რაც მიუთითებდა, რომ ხელშეკრულების დადების დროისათვის, გამყიდველისთვის ცნობილი იყო ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი და მასში ასახული ქონების შეფასება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქონების სააგენტომ იცოდა ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის ღირებულება, თუმცა, მეორადი სამშენებლო მასალები, ექსპერტის დასკვნაში მითითებული თანხის ნაცვლად, 205 000 ლარად გაყიდა, რითაც ქონების სააგენტოს ზიანი არ მისდგომია.
11. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი; სასამართლომ იმსჯელა მოპასუხის განმარტებაზე, რომ მან ხელშეკრულება დაარღვია მხოლოდ ნაწილობრივ, რაც ობიექტური მიზეზით (მისი პატიმრობით) იყო განპირობებული, რის გამოც, დააგვიანა ტერიტორიის 4 თვეში გათავისუფლება სამშენებლო ნარჩენებისაგან, თუმცა, შემდეგ ტერიტორია დაასუფთავა. სასამართლოს შეფასებით, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ არ შეიძლებოდა ამ საფუძვლით ხელშეკრულებაზე უარის თქმა.
12. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე სსკ-ის 352-ე მუხლზე მითითებით ითხოვდა მოპასუხისათვის, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე განსაზღვრული ქონების ღირებულებასა და ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ფასს შორის, სხვაობის დაკისრებას. სასამართლოს დასკვნით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ზიანი არ მისდგომია და ხელშეკრულებაზე უარი არ შეესაბამებოდა კანონის დანაწესს. მყიდველმა სრულად გადაიხადა, ნასყიდობის ხელშეკრულებით, მხარეთა მიერ განსაზღვრული ნასყიდობის საფასური. ამდენად, არ შეიძლებოდა, მოსარჩელეს მოეთხოვა იმაზე მეტი თანხის გადახდა, ვიდრე ეს მხარეთა გარიგებით იყო შეთანხმებული.
13. ქონების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
14. სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგზე:
14.1. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.1.3. პუნქტზე (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) და მე-7 მუხლზე მითითებით, გამყიდველი აპელირებდა, რომ საპრივატიზებო პირობის შესრულების დადასტურების მიზნით, მყიდველს მისთვის უნდა წარედგინა შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა დემონტაჟის დასრულება, ამის შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის ფაქტი და დასრულების თარიღი. აღნიშნული გამყიდველს ეცნობა ეკონომიკის სამინისტროს 14.09.2012წ. წერილით. მყიდველს ამ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება სააგენტოში არ წარუდგენია.
14.2. გამყიდველი არ დაეთანხმა სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს (იხ. განჩინების მე-11 პუნქტი) და აღნიშნა, რომ სასამართლომ უგულებელჰყო სსკ-ის 361-ე მუხლის მოთხოვნა, ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების თაობაზე. 14.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა სსკ-ის 352-ე მუხლის მოთხოვნა იმ პირობებში, როდესაც: 1. მყიდველმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება; 2. მას მიეცა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად; 3. დამატებით ვადაში, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების განმეორებით შეუსრულებლობის გამო, სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, ხოლო მყიდველს წარმოეშვა გადაცემული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების ვალდებულება; 4. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქონების დაბრუნება, შეუძლებლი იყო, მყიდველს უნდა გადაეხადა გამყიდველისათვის ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი თანხა (იხ. განჩინების მე-9 პუნქტი).
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის განჩინებით, გამყიდველის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. 16. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები არ დავობდნენ, რომ მყიდველმა სრულად გადაიხადა ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული საფასური, მან შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შენობა-ნაგებობების დემონტაჟის, სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების გატანის თაობაზე. გამყიდველი სადავოდ ხდიდა იმ ფაქტს, რომ მოპასუხემ შეთანხმებულ ვადაში არ გაიტანა მეორადი სამშენებლო მასალები და ნარჩენები.
17. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობები და დასკვნები (იხ. განჩინების 8-13 პუნქტები) და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამყიდველისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.
18. სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე, 105-ე და სსკ-ის 316-ე, 317-ე, 319-ე, 477-ე 405-ე, 407-ე, 352-ე, 405-ე მუხლებით.
19. ქონების სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
20. საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგ საფუძვლებზე:
20.1. გასაჩივრებული განჩინების მოტივაციით, სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი, პირდაპირ ეწინააღმდეგება სასამართლო გადაწყვეტილებაში, დასკვნების იმპერატიული ფორმით, მაქსიმალურად ნათლად და ამომწურავად ჩამოყალიბების შესახებ პრინციპს და ამავდროულად ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას, განახორციელოს საპრივატიზაციო ვალდებულებებზე მკაცრი კონტროლი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები დამრღვევთა მიმართ.
20.2. კასატორი იმეორებს სააპელაციო საჩივრის პრეტენზიებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების 14.1- 14.3 ქვეპუნქტებშია ასახული.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, ქონების სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ქონების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
25. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
27. კასატორის მტკიცებით, იგი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულებიდან გასვლა და მოთხოვნილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრება, ვინაიდან ნატურით დაბრუნება შეუძლებელი იყო. ამასთან, მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს არა მხოლოდ ქონების ღირებულებასა და რეალურად გადახდილ თანხას შორის სხვაობას, არამედ იმ ზიანის თანხას, რომელიც განიცადა სახელმწიფომ მყიდველის მიერ კონკრეტული ვალდებულების შეუსრულებლობით. 28. ზიანის სამართლებრივ ბუნებაზე, მისი წარმოშობის საფუძვლებსა და მხარის მიერ ზიანის მოთხოვნის წინაპირობების თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი სახეა ფულადი კომპენსაცია, რომელიც შეიძლება სასამართლომ ერთ მხარეს დააკისროს მეორისათვის მიყენებული კონკრეტული ზიანის სანაცვლოდ. ვალდებულების წარმოშობის თითოეული საფუძველი (ხელშეკრულება, დელიქტი, უსაფუძვლო გამდიდრება), მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის სტაბილურობას, დაცვის ადეკვატური სამართლებრივი საშუალებებით უზრუნველყოფს. ისევე, როგორც ვალდებულება შეიძლება იყოს სახელშეკრულებო ან არასახელშეკრულებო, მისი დარღვევით გამოწვეული ზიანიც, შეიძლება მომდინარეობდეს ხელშეკრულებიდან ან კანონიდან. წინამდებარე განჩინებაში მითითებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების (იხ. განჩინების 1-4 პუნქტები) გათვალისწინებით, სახელშეკრულებო ზიანის წარმოშობა და მისი ანაზღაურების ვალდებულება პირდაპირ და უშუალო კავშირშია ხელშეკრულების დარღვევასთან ან შეუსრულებლობასთან. მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული შეუსრულებლობა, რომელმაც კრედიტორისათვის უარყოფითი შედეგის დადგომა განაპირობა, წარმოადგენს სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ წინაპირობებს. შესრულება ყოველთვის არ არის დაკავშირებული პირის ბრალეულობასთან და შესაბამისად, ყოველთვის არ წარმოშობს სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ზიანის მიმყენებლისთვის დაკისრებული ანაზღაურებით უნდა აღდგეს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (სსკ-ის 408.1 მუხლი). ცხადია, ზიანის ფაქტის დადგომამდე არსებული მდგომარეობის ნატურით აღდგენა ყოველთვის ვერ ხერხდება. ასეთ დროს სასამართლოს მიზანია ყველაზე ადეკვატური ეკვივალენტური ანაზღაურების დადგენა ან ფულადი კომპენსაციით დაზარალებული პირის ინტერესებისა და უფლებების დაცვის უზრუნველყოფა (სსკ-ის 409 მუხლი).
29. კასატორი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას უკავშირებს მოპასუხის მიერ ვალდებულების (სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა) დროულ შეუსრულებლობასა და აქედან წარმოშობილი ზიანის მოპასუხე მხარისათვის დაკისრებას.
30. საკასაციო სასამართლოს, სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე და 105-ე მითითებით, უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მოთხოვნა, ვინაიდან იგი ვერ ადასტურებს, თუ რა სახის ზიანი მიადგა ვალდებულების დროული შეუსრულებლობით. საკასაციო საჩივრის ავტორის არგუმენტაცია, რომ ვალდებულება დროულად არ შესრულდა და, ამის გამო, ავტომატურად უნდა დაეკისროს მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და ზიანის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაზე, რომ მხარეები ვალდებულების დროული შეუსრულებლობის გამო, რაიმე სახის ზიანის ანაზღაურებაზე შეთანხმებული არ ყოფილან და ზოგადი ხასიათის მსჯელობა, ვალდებულების დროული შეუსრულებლობის გამო, ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე გაზიარებული ვერ იქნება.
31. კასატორის მეორე პრეტენზიასთან, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 405-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, აღნიშნავს, რომ თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებით ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა. სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ამავე კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება), ხოლო, ნატურით დაბრუნების ნაცვლად, მოვალეს ეკისრება ფულადი ანაზღაურება, თუ შეძენილის ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხულია მისი დაბრუნება (სსკ-ის 352-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). ხელშეკრულებიდან გასვლას სსკ-ის 352-359-მუხლები აწესრიგებს, ამ ინსტიტუტის თავისებურება გამოხატულია იმ სამართლებრივ შედეგში, რომელიც მოსდევს მის რეალიზაციას - მხარეთა რესტიტუცია. ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი შესაძლოა გახდეს ვალდებულების ნაწილობრივი დარღვევაც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დარჩენილი ნაწილის შესრულებამ კრედიტორისათვის აზრი დაკარგა. ვალდებულების უმნიშვნელო დარღვევა ვერ იქცევა ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლად. ის, თუ რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი დარღვევა, კონკრეტული შემთხვევის შეფასებით უნდა გადაწყდეს. ზოგადად, მნიშვნელოვან დარღვევად განხილული უნდა იქნეს დარღვევები, რომლებიც რეალურ უარყოფით გავლენას ახდენენ შედეგზე, რომელიც ხელშეკრულების მხარეს უნდა მიეღო ვალდებულების შესრულების შედეგად.
32. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მყიდველმა სრულად გადაიხადა ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული საფასაური, 205 000 ლარი და შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შენობა-ნაგებობის დემონტაჟის, სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების გატანის თაობაზე. კასატორი სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ მოპასუხემ შეთანხმებულ ვადაში არ გაიტანა სამშენებლო მასალები და ნარჩენები. მოპასუხის განმარტებით, მან ხელშეკრულება დაარღვია მხოლოდ ნაწილობრივ ანუ, ობიექტური მიზეზების გამო (მისი პატიმრობა), რეალურად დააგვიანა სამშენებლო ნარჩენებისაგან ტერიტორიის გათავისუფლება, თუმცა, ტერიტორია დასუფთავებულ იქნა. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა იმდენად უმნიშვნელო იყო, დაუშვებელი იყო ამ საფუძვლით ხელშეკრულებაზე უარის თქმა და ხელშეკრულებიდან გასვლა. 33. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, კასატორს უარი უნდა ეთქვას მის განხილვაზე.
34. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე