Facebook Twitter

საქმე № 130210115722202

საქმე №ას-209-199-2016 8 აპრილი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომში – მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე.-ის“ მიმართ (შემდგომში – მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) პირგასამტეხლოს – 10 000 ლარის დაკისრების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 30 აპრილს დადებული №211 ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ იკისრა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში მდებარე სამხედრო ნაწილის სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურების უზრუნველყოფა.

3. ხელშეკრულება მოქმედებდა 2013 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 15 ივლისამდე. 15.1. პუნქტით, მიმწოდებლის მიერ მომსახურების არაჯეროვნად შესრულებისათვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო – 10 000 ლარი.

4. 2015 წლის 8 მაისს სამხედრო ნაწილმა სადილზე მიიღო 45 კგ პური. მომზადებული კერძისაგან განსხვავებით, პურის დღიური ნორმა სამხედრო ნაწილს შეიძლება, მიწოდებოდა ერთჯერადად ან რამდენჯერმე.

5. მოსარჩელის მითითებით, 2013 წლის 16 მაისს სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსის თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლისადმი მიმართვაში აღნიშნულია, რომ 2013 წლის 8 მაისს მოპასუხემ სამხედრო ნაწილს სადილზე მიაწოდა 45 კგ პური, 61 კგ-ის ნაცვლად. აღნიშნულზე 2013 წლის 5 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროს მუშაკებმა შეადგინეს აქტი მიმწოდებლის მიერ მომსახურების არაჯეროვნად შესრულების შესახებ და მიიღეს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე.

მოპასუხის მოზიცია:

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებისა და თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებიდან გამომდინარე, ერთ ჯარისკაცზე პურის დღიური ნორმაა 700 გრამი, რომელიც 2013 წლის 8 მაისს მიაწოდეს სოფელ ხცისში დისლოცირებულ ნაწილს. საჭირო პურის ოდენობა დგინდებოდა სასადილოს მენეჯერისა და სამხედრო ნაწილის წარმომადგენლის მიერ სამხედრო მოსამსახურეთა ოდენობის, ასევე, სხვა საჭმელების კალორიულობის გათვალისწინებით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2013 წლის 30 აპრილს მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში მდებარე სამხედრო ნაწილის სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურების უზრუნველყოფის ვალდებულება.

10. ხელშეკრულების 10.4.3. პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, უარი ეთქვა მომსახურების ან მისი ნაწილის მიღებასა და ანაზღაურებაზე, თუ ხელშეკრულებაში ან/მოთხოვნაში (შეკვეთაში) მითითებულ რაოდენობაზე ნაკლები იქნებოდა მიწოდებული.

11. ხელშეკრულების 15.1. პუნქტის თანახმად, მომსახურების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით.

12. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლისადმი 2013 წლის 16 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, 2013 წლის 8 მაისს მოპასუხემ სამხედრო ნაწილს სადილზე, 61 კგ-ის ნაცვლად, 45 კგ პური მიაწოდა, რის გამოც 44 სამხედრო მოსამსახურე პურის გარეშე დარჩა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2013 წლის 5 სექტემბერს აპელანტი მხარის შესაბამისმა სტრუქტურამ შეადგინა მომსახურების არაჯეროვნად შესრულების შესახებ აქტი და გადაწყდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.

13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება საქმის მასალებით დადასტურებული არ არის.

14. საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 16 მაისის წერილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ 2015 წლის 8 მაისს სადილზე გათვალისწინებული 61 კგ პურიდან, სამხედრო ნაწილმა 45 კგ პური მიიღო. ამავე წერილის თანახმად, მოპასუხისაგან უფლებამოსილმა პირმა განაცხადა, რომ პურის რაოდენობის დათვლისას შეცდომა იქნა დაშვებული და საღამოს ვახშამზე, დამატებით, პურის ის რაოდენობა გაიგზავნა, რაც დააკლდა.

15. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული წერილით დასტურდება გარემოება იმის შესახებ, რომ სამხედრო ნაწილმა 2015 წლის 8 მაისს სულ 61 კგ პური მიიღო.

16. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება ზუსტად არ განსაზღვრავდა, დროის რა მონაკვეთში (რომელ საათზე) ევალებოდა შპს „ე.-ს“ მოსარჩელისათვის პურის მთლიანი დღის მარაგის (61 პურის) მიწოდება. მოპასუხე მხარის განმარტებით, მომზადებული კერძისაგან განსხვავებით, პურის დღიური ნორმა სამხედრო ნაწილს ერთჯერადად ან რამდენჯერმე მიეწოდებოდა.

17. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნულ გარემოებას მოსარჩელე მხარეც ადასტურებს, როდესაც განმარტავს, რომ პურის მიწოდება მთელი დღის განმავლობაში შეიძლება მომხდარიყო. ამდენად, მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღიური ნორმის – 61 კგ პურის ერთდროულად (ერთ ჯერზე) მიტანის პირდაპირი ვალდებულება არ ჰქონდა.

18. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელის მიერვე წარდგენილი მტკიცებულებით (2013 წლის 16 მაისის წერილით) დადასტურებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ სამხედრო ნაწილს მიაწოდა 45 კგ პური სადილზე, ხოლო 16 კგ პური – ვახშამზე, შესაბამისად, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პურის ყოველდღიური ნორმის მიწოდების ვალდებულების დარღვევაზე მითითება საფუძველს მოკლებულია.

19. სააპელაციო საჩივრის საფუძვლებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტის დასადასტურებლად, მოპასუხის თანამშრომლების დაკითხვის ოქმებზე მითითება ვერ გამოდგება, ვინაიდან აღნიშნული ოქმები მხოლოდ იმ გარემოებას ადასტურებს, რომ სადილზე შეცდომით 45 კგ პური იქნა მიტანილი, რასაც მოპასუხე ისედაც არ უარყოფს.

20. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს არ გამოუყენებია ხელშეკრულების 10.4.3. პუნქტით მინიჭებული უფლება, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნაში (შეკვეთაში) მითითებულ რაოდენობაზე ნაკლები მომსახურება მიეწოდებოდა, უარი განეცხადებინა მომსახურების ან მისი ნაწილის მიღებაზე და ანაზღაურებაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ 2013 წლის 8 მაისის მომსახურება მიიღო და აანაზღაურა კიდეც.

21. სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ იმ ძირითადი დოკუმენტის შინაარსზე, რომელზეც მოსარჩელე (აპელანტი) აპელირებს. მითითებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შპს „ე.-მა“ მასზე დაკისრებული ვალდებულება პურის დღიური ნორმის (61 კგ) მიწოდების თაობაზე ჯეროვნად შეასრულა, თუმცა, დარღვევა მდგომარეობდა იმაში, რომ კომპანიის თანამშრომელმა დაუდევრობით ხცისის საველე ბაზაზე საკვებ მანქანას 45 კგ პური გაატანა.

22. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული დარღვევა მოთხოვნის სხვა საფუძველს წარმოადგენს. სასარჩელო მოთხოვნა კი აღნიშნულ საფუძველს არ ეფუძნება. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოთხოვნის სხვადასხვა საფუძველს წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა და მოპასუხის თანამშრომლის შეცდომით განპირობებული დარღვევა, რა დროსაც, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია მოპასუხის თანამშრომლის ქმედების მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობა და ა. შ. ვინაიდან სარჩელი ამ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით წარმოდგენილი არ არის, ამიტომ შესაგებლით არც მითითებული ფაქტებია შეცილებული. შესაბამისად, დაუშვებელია სასამართლოს მხრიდან სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეცვლა, სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე იმ ფაქტებზე დაყრდნობით მსჯელობს, რაც სარჩელშია მოცემული. სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) მიხედვით, კი მოპასუხემ მასზე დაკისრებული ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რაც წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დადასტურდა.

23. რაც შეეხება ფაქტს მასზედ, რომ სასადილოს თანამშრომელმა სოფელ ხცისში დისლოცირებულ საველე ბაზაზე ნაკლები რაოდენობით პური გააგზავნა, მითითებული ფაქტები სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლებში ასახული არ არის. მასში არ არსებობს მითითება, რომ მოსარჩელესთან ხელშეკრულება სასადილოს თანამშრომელმა დაარღვია, რომელიც ამავდროულად მოპასუხის თანამშრომელი იყო. არ არსებობს ასევე მითითება, თუ ვინ იყო საველე ბაზაზე პურის გაგზავნაზე ვალდებული სუბიექტი, ვინ განსაზღვრავდა გასაგზავნი პურის რაოდენობას, აღნიშნული რაოდენობის თაობაზე ეცნობა, თუ არა ზემოაღნიშნულ თანამშრომელს, პურის დათვლა და საველე ბაზაზე გაგზავნა მისი უშუალო ვალდებულება იყო, თუ იმ დროისათვის მენეჯერის დავალებას ასრულებდა და ა. შ. სხვაგვარად თუ ვიტყვით, სარჩელი წარმოდგენილი არ არის იმ ფაქტობრივ საფუძველზე დაყრდნობით, რომ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა მისი თანამშრომლის გადაცდომა, რამაც მისი მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება განაპირობა. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სარჩელის პირობებში მითითებულ ფაქტებზე მსჯელობით მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს) საპროცესო-სამართლებრივი დაცვის უფლებას წაართმევს, რაც დაუშვებელია.

24. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (შემდგომში სსკ), განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები წარმოშობილია მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

25. სსკ-ის 477-ე მუხლის, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის, 417-ე მუხლისა და მე-400 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობის არაჯეროვანი, ანუ რაოდენობრივად ნაკლები პურის, ან/და დადგენილ დროში პურის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი საქმის მასალებით დადასტურებულად არ მიიჩნია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

26. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

27. კასატორმა მიიჩნია, რომ არც ერთი ინსტანციის სასამართლოს სრულად არ გამოუკვლევია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რასაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოჰყვა.

28. მხარემ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხეს ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევია. სასადილოს მენეჯერისა და მოპასუხის თანამშრომლის დაკითხვის ოქმებითა და აღიარებით დასტურდება, რომ ხცისის საველე ბაზაზე არასაკმარისი რაოდენობის პროდუქტის მიტანა გამოწვეული იყო მათი ბრალეული ქმედებით.

29. კასატორმა მიიჩნია, რომ საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების 10.4.3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებების გამოუყენებლობის შესახებ. მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების არაჯეროვან შესრულებას მაკონტროლირებელი მხარის მიერ მოჰყვა რეაგირება და მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება.

30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

31. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

32. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 30 აპრილს მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში მდებარე სამხედრო ნაწილის სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურების უზრუნველყოფის ვალდებულება.

33. ხელშეკრულების 10.4.3. პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, უარი ეთქვა მომსახურების ან მისი ნაწილის მიღებასა და ანაზღაურებაზე, თუ ხელშეკრულებაში ან/მოთხოვნაში (შეკვეთაში) მითითებულ რაოდენობაზე ნაკლები იქნებოდა მიწოდებული.

34. ხელშეკრულების 15.1. პუნქტის თანახმად, მომსახურების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით.

35. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლისადმი 2013 წლის 16 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, 2013 წლის 8 მაისს მოპასუხემ სამხედრო ნაწილს სადილზე, 61 კგ-ის ნაცვლად, 45 კგ პური მიაწოდა, რის გამოც 44 სამხედრო მოსამსახურე პურის გარეშე დარჩა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2013 წლის 5 სექტემბერს აპელანტი მხარის შესაბამისმა სტრუქტურამ შეადგინა მომსახურების არაჯეროვნად შესრულების შესახებ აქტი და გადაწყდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.

36. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება საქმის მასალებით არ დადასტურდა.

37. საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 16 მაისის წერილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ 2015 წლის 8 მაისს სადილზე გათვალისწინებული 61 კგ პურიდან, სამხედრო ნაწილმა 45 კგ პური მიიღო. ამავე წერილის თანახმად, მოპასუხისაგან უფლებამოსილმა პირმა განაცხადა, რომ პურის რაოდენობის დათვლისას დაშვებულ იქნა შეცდომა და საღამოს ვახშამზე, დამატებით, პურის ის რაოდენობა გაიგზავნა, რაც მანამდე დააკლდა.

38. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული წერილით დასტურდება 2015 წლის 8 მაისს სამხედრო ნაწილისათვის სულ 61 კგ პურის მიწოდების ფაქტი.

39. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოპასუხეს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევია და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი წინაპირობები.

40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

41. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

43. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

44. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

46. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

47. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

48. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

49. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014).

50. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

51. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ გარემოების უარსაყოფად, რომ მოპასუხეს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევია. მან სადავო პერიოდში მოსარჩელეს მიაწოდა იმ ოდენობის პროდუქტი, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა მოპასუხეს არ წარმოშობია, ვინაიდან მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება ზუსტად არ განსაზღვრავდა, დროის რა მონაკვეთში (რომელ საათზე) ევალებოდა მოპასუხეს მოსარჩელისათვის პურის მთლიანი დღის მარაგის (61 პურის) მიწოდება. მოპასუხის განმარტებით, მომზადებული კერძისაგან განსხვავებით, პურის დღიური ნორმა სამხედრო ნაწილს ერთჯერადად ან რამდენჯერმე მიეწოდებოდა.

52. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მან გამოიყენა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 10.4.3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების არაჯეროვან შესრულებას მაკონტროლებელი მხარის მიერ მოჰყვა რეაგირება და მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება.

53. როგორც ზემოთ აღინიშნა, ხელშეკრულების დასახელებული პუნქტი ადგენს შემსყიდველის უფლებამოსილებას, უარი თქვას მომსახურების ან მისი ნაწილის მიღებასა და ანაზღაურებაზე, თუ ხელშეკრულებაში ან/მოთხოვნაში (შეკვეთაში) მითითებულ რაოდენობაზე ნაკლები იქნებოდა მიწოდებული. შესაბამისად, აღნიშნული პუნქტი გულისხმობს, რომ სადავო მიწოდების დროს პროდუქციის დანაკლისის აღმოჩენისას მოსარჩელეს შეეძლო, აღარ მიეღო დაგვიანებით წარმოდგენილი დანაკლისი და შემდგომ ედავა ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტის გამო მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული მექანიზმის ამოქმედების შესახებ, რაც არ განუხორციელებია და მოპასუხის მხრიდან დაგვიანებით შესრულებული მომსახურების მიღებაზე უარი არ უთქვამს.

54. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

55. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური