Facebook Twitter

საქმე № 330210014443914

საქმე №ას-231-220-2016 27აპრილი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს სადაზღვევო კომპანია „ა.-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო. ღ. ც.-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ო.ღ.ც.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს სადაზღვევო კომპანია „ა.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე, აპელანტი) მიმართ და მოითხოვა 2013 წლის ოქტომბერში გაწეული მომსახურების ღირებულების – 42 469,30 ლარისა და ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის 2013 წლის 29 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს – 42,50 ლარის გადახადა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის ოქტომბერში, „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის №177 დადგენილების შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამედიცინიო მომსახურება გაუწია მოპასუხის მიერ დაზღვეულ პირებს, რისი ღირებულებაც შეადგენს. მოპასუხეს მომსახურების ღირებულება მოსარჩელისათვის არ გადაუხდია.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად, არ წარუდგინა მომდევნო თვის 5 რიცხვამდე საანგარიშგებო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც მზღვეველი ახორციელებს დოკუმენტების ინსპექტირებას და შედეგად ფორმდება ურთიერთშედარების აქტი. მხოლოდ მითითებული აქტის შედგენის შემდეგ წარმოიშვება მზღვეველის ვალდებულება, გადარიცხოს თანხა. ამავდროულად, პირგასამტეხლო მოვალეს ეკისრება მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ძირითადი ვალდებულება არ შეუსრულებია. მოცემულ შემთხვევაში კი ასეთი სახის ვალდებულება მოპასუხეს არ გააჩნდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 42 469,30 ლარისა და 2013 წლის 29 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს ყოველდღიურად 42 469,30 ლარის 0.1 %-ის (42,50 ლარის) გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 29 ნოემბრიდან 2014 წლის 8 აგვისტომდე დაეკისრა 42 469.30 ლარის 0.1%-ის, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე –დარჩენილი ძირითადი თანხის – 42469.30 ლარის 0.02%-ის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში 2013 წლის ოქტომბერში გაუწია 42 469,30 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება.

7. მოპასუხეს გაწეული სამედიცინო მომსახურებისა და მისი ღირებულების შესახებ წარედგინა შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია 2013 წლის 4 ნოემბერს. მას სამედიცინო მომსახურების ღირებულება მოსარჩელისათვს არ აუნაზღაურებია.

8. სააპელაციო პალატამ მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამები შეწყდა.

9. „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების მეექვსე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით დადასტურებული საანგარიშგებო დოკუმენტაცია (დაზღვეულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სადაზღვევო პოლისის/ხელშეკრულების ასლი, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა), სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა და შემთხვევათა რეესტრი წინასწარ შეთანხმებული ფორმატით) მიმწოდებელმა მზღვეველს უნდა წარუდგინოს წერილობით ან ელექტრონულად თითოეულ თვეში დასრულებული შემთხვევები მინიმუმ თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.

10. იმავე დადგენილების მეექვსე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისათვის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიწოდების დროს მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი წერილობითი ან ელექტრონული მიღება-ჩაბარების აქტი, რაც ადასტურებს იმას, რომ მიმწოდებელმა მზღვეველს დროულად წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო მზღვეველმა ჩაიბარა იგი. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მზღვეველი აგებს პასუხს ჩაბარებული დოკუმენტაციის დაკარგვისათვის ან შემთხვევითი განადგურებისათვის.

11. ამავე დადგენილების მეექვსე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია, საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც თან ერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით. რეესტრი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეული შემთხვევის თაობაზე აღიარებული და კორექტირებული თანხების შესახებ. მზღვეველმა ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს არა უგვიანეს ამ პერიოდის დამთავრებიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში.

12. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებით გათვალისწინებული წესით და ვადებში წარადგინა მზღვეველისათვის შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია, რაზეც მხარეთა შორის გაფორმდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები. მოსარჩელის მიერ წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვალდებულება გააჩნდა მოპასუხეს, რომელიც ვალდებული იყო, დოკუმენტაციის მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში განეხორციელებინა საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გაეფორმებინა ურთიერთშედარების აქტი, რის შემდეგაც 4 სამუშაო დღის ვადაში უნდა განეხორციელებინა სადაზღვეო თანხის გადარიცხვა.

13. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა, კერძოდ, არ განახორციელა დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება, არ მიიღო ზომები მოსარჩელესთან ურთიერთშედარების აქტის გასაფორმებლად და სადაზღვეო თანხა მიმწოდებელს არ გადაურიცხა.

14. დადგენილების მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანგარიშსწორების შესახებ ურთიერთშედარების აქტი წარმოადგენს დოკუმენტს (წერილობითი ან ელექტრონული), რომელიც დგება მიმწოდებელსა და მზღვეველს შორის და ასახავს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებას მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების მართებულობაზე და მზღვეველის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობასა და ანაზღაურების ვადაზე.

15. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არ გაფორმებულა „ანგარიშსწორების შესახებ ურთიერთშედარების აქტი“ (გათვალისწინებული წესების მე-2 მუხლის „უ“ პუნქტით) არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მზღვეველის გათავისუფლებას სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ ჩაატარა სამედიცინო მომსახურება, რომლის ანაზღაურებაზე ვალდებულება უნდა დაეკისროს შემკვეთს/სადაზღვევო კომპანიას. ამასთან, მოპასუხემ 2013 წლის 4 ნოემბრიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში მოსარჩელის მიერ წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება არ განახორციელა და არაფერი მოიმოქმედა ურთიერთშედარების აქტის გასაფორმებლად, ამით ეს უკანასკნელი დაეთანხმა მოსარჩელის მხრიდან წარდგენილი ანგარიშგების დოკუმენტების საფუძველზე გაწეული მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურებაზე.

17. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მომსახურების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად მოპასუხე სწორად განისაზღვრა, ვინაიდან, როგორც ეს საქმის მასალებით დგინდება, მოსარჩელემ სამედიცინიო მომსახურება გაუწია სწორედ მოპასუხის მიერ დაზღვეულ პირებს, ხოლო აპელანტის პოზიცია, რომ გარკვეული კონტიგენტის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი იყო, სს „ჩ.ო. კ.-ა“ და შპს „მ. პ. ს.“ ვერ გახდება მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ცვლილების საფუძველი.

18. სსკ-ის 417-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებით.

19. პალატამ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი უფლებამოსილია: დაზღვეულთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში მზღვეველს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა ასანაზღაურებელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს გადახდა მზღვეველს არ ათავისუფლებს წარმოშობილი დავალიანების ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულებისაგან.

20. ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამის პუნქტში საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აგვისტოს №479 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება და მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით – დაზღვეულთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში მზღვეველს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა ასანაზღაურებელი თანხის 0,02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს გადახდა მზღვეველს არ ათავისუფლებს წარმოშობილი დავალიანების ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულებისაგან.

21. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტში კიდევ განხორციელდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №528 დადგენილებით და საბოლოოდ ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით მიმწოდებელი უფლებამოსილია: დაზღვეულთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე – ასანაზღაურებელი თანხის 0,02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს გადახდა მზღვეველს არ ათავისუფლებს წარმოშობილი დავალიანების ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულებისაგან.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

22. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

23. კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის სამართლებრივი საფუძვლები განმარტა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ.

24. კასატორის მითითებით, მხარეთა შორის სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურებისას წარმოშობილი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177-ე დადგენილებით, რომელიც დეტალურად არეგულირებს მხარეებს შორის ანგარიშწორების განხორციელების წესს, პირობებსა და საფუძველს, რომლის მიხედვითაც ურთიერთშედარების აქტი არის დოკუმენტი (წერილობითი ან ელექტრონული), რომელიც დგება მიმწოდებელსა და მზღვეველს შორის და ასახავს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებას მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების მართებულობაზე და მზღვეველის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობაზე. ამავე დადგენილების თანახმად, მზღვეველმა უნდა განახორციელოს ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის სამედიცინო დაწესებულებისათვის ანგარიშწორება.

25. ამდენად, მხარემ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის თანხის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია. ასევე, არასწორია მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება. №177 დადგენილებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს პირობა მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მზღვეველის მიერ მოხდა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დადგენილებით გათვალისწინებული გადახდის წესით გადახდის ვადის დარღვევა. დადგენილების მიხედვით კი, ანგარიშწორების გადახდის წესი, ვადები და ოდენობა განისაზღვრება მხარეთა მიერ ორმხრივად ხელმოწერილი ურთიერთშედარების აქტით.

26. კასატორმა აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარისათვის ცნობილი იყო სს „ჩ.ო. კ.-ასთან“ მისი სახელშეკრულებო ურთიერთობის შესახებ, კერძოდ, 2013 წლის 1 მარტიდან მზღვეველის მიერ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაზღვეულ პირთა ცალკეული კონტიგენტის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე, აღნიშნულ პირებზე გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დამუშავებას და მზღვეველისათვის მიწოდებას სრულად უზრუნველყოფს სს „ჩ.ო. კ.-ა“.

27. ანალოგიურად, მოწინააღმდეგე მხარისათვის ცნობილი იყო, რომშპს „მ. პ. ს.სა“ და კასატორს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში 2013 წლის 1 მაისიდან მზღვეველის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ პირთა კონტიგენტის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას, აღნიშნულ პირებზე გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავებას, მზღვეველისათვის მიწოდებას და კლინიკასთან თანხების ანგარიშწორებას უზრუნველყოფს შპს „მ. პ. ს.“.

28. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, მოწინააღმდეგე მხარეს საანგარიშგებო დოკუმენტაცია და შესაბამისად მოთხოვნა ოქტომბრის თვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით უნდა წარედგინა ზემოაღნიშნული კომპანიებისათვის.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

30. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

31. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში 2013 წლის ოქტომბერში გაუწია 42 469,30 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება.

32. მოპასუხეს გაწეული სამედიცინო მომსახურებისა და მისი ღირებულების შესახებ წარედგინა შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია 2013 წლის 4 ნოემბერს. მას სამედიცინო მომსახურების ღირებულება მოსარჩელისათვს არ აუნაზღაურებია.

33. სააპელაციო პალატამ მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამები შეწყდა.

34. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე უთითებს, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებით, რომლის თანახმად მოწინააღმდეგე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია კასატორისათვის სათანადოდ არ მიუწოდებია, შესაბამისად, მოპასუხეს თანხისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ გააჩნდა.

35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტების მიმართ მხარეს დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

38. დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელემ ჩაატარა სამედიცინო მომსახურება, რომლის ანაზღაურებაზე ვალდებულება უნდა დაეკისროს შემკვეთს/სადაზღვევო კომპანიას. ამასთან, მოპასუხემ 2013 წლის 4 ნოემბრიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში მოსარჩელის მიერ წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება არ განახორციელა და არაფერი მოიმოქმედა ურთიერთშედარების აქტის გასაფორმებლად, ამით ეს უკანასკნელი დაეთანხმა მოსარჩელის მხრიდან წარდგენილი ანგარიშგების დოკუმენტების საფუძველზე გაწეული მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურებაზე.

39. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მომსახურების ანაზღაურების ვალდებულება გააჩნდა სწორედ მოპასუხეს, რადგან მოსარჩელე მოემსახურა მოპასუხის მიერ დაზღვეულ პირებს. შესაბამისად, გათვალისწინებული ვერ იქნა მხარის პოზიცია, რომ გარკვეული კონტიგენტის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი იყო სს „...კ.-ა“ და შპს „მ. პ. ს.-ო“.

40. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრებას, სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

41. „შესრულების“ ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

42. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

44. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

45. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

46. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

47. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014).

48. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

49. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით.

50. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

51. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სუს 2014 წლის 24 მარტის განჩინება №ას-1284-1226-2013 საქმეზე, 2.02.2015წ. განჩინება №ას-1171-1116-2014 საქმეზე).

52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

53. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 24 მარტის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1039,50 ლარის 70% – 727,65 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს სადაზღვევო კომპანია „ა.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს სადაზღვევო კომპანია „ა.-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 24 მარტის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1039,50 ლარის 70% – 727,65 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური