Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-936-886-2015 4 დეკემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს "პ-ზ" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "გ-ა" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2012 წლის 26 აპრილს შპს ,,გ-ასა’’ (შემდეგში მოსარჩელე ან გამყიდველი) და შპს ,,პ-ზ-ს’’ (შემდეგში მოპასუხე, მყიდველი ან კასატორი) შორის წერილობით დაიდო პროდუქციის რეალიზაციის შესახებ N02/2012 ხელშეკრულება (შემდეგში ხელშეკრულება), რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამყიდველისაგან მყიდველი შეიძენდა სიგარეტს, პროდუქციის შემდგომი რეალიზაციის მიზნით [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში, სსკ 477-ე მუხლი].

2. აღნიშნული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

2.1. რეალიზაციის საგანს წარმოადგენდა სიგარეტი, რომლის ასორტიმენტი, ფასი და რაოდენობა განისაზღვრებოდა მიწოდებულ პროდუქციაზე თანდართული დოკუმენტაციით (1.2 პუნქტი);

2.2. პროდუქციის გადაცემა დადასტურდებოდა ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი სასაქონლო ზედნადებით. (1.3 პუნქტი);

2.3. მყიდველი მოვალე იყო, გადაეხადა პროდუქციის ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით (2.2.1);

2.4. მყიდველი ასევე ვალდებული იყო, აენაზღაურებინა ყოველი მიწოდებული პარტიის/პროდუქციის ღირებულება (2.2.6);

2.5. გამყიდველი უფლებამოსილი იყო, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის, არაჯეროვნად შესრულების და/ან ცალმხრივად ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის არსებული დავალიანების გადახდა, მოთხოვნიდან არაუგვიანეს ერთ თვეში (2.1.6 პუნქტი);

2.6. ხელშეკრულების 2.1.6. პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შემთხვევაში, მყიდველი მოვალე იყო, გადაეხადა გამყიდველისათვის არსებული დავალიანება სრულად, მოთხოვნიდან ერთ თვეში (2.2.7.);

2.7. ანგარიშწორება შეთანხმდა ეროვნულ ვალუტაში ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით, სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, მიწოდებული პროდუქციის მიღებიდან 10 (ათი) დღეში (3.1.);

2.8. ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მხარეების მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან და მოქმედებდა 1 (ერთი) კალენდარული წელი, თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებდა სურვილს, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე (7.1. პუნქტი);

2.9. ხელშეკრულების შეწყვეტა ვადაზე ადრე შესაძლებელი იყო, თუ ამის შესახებ წერილობით ეცნობებოდა მეორე მხარეს 1 (ერთი) თვით ადრე (7.2. პუნქტი);

2.10. მხარეები თანხმდებოდნენ, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში არსებული მიწოდებული პროდუქციის ფულადი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად მყიდველი ვალდებული იყო, იპოთეკით დაეტვირთა ნებისმიერი სახის უძრავი ქონება, ან წარმოედგინა საბანკო გარანტია მხარეებს შორის შეთანხმებულ თანხაზე (8.1. პუნქტი) [სსკ-ის 327-ე მუხლი].

3. 2012 წლის 26 აპრილს მხარეთა შორის წერილობით გაფორმდა შეთანხმება (ტ.2., ს.ფ. 178), რომლითაც ისინი, ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში, შეთანხმდნენ, რომ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის, ან ხელშეკრულების ვადის გასვლის შემთხვევაში, მყიდველს უფლება ჰქონდა გამყიდველისადმი არსებული ფულადი ვალდებულებები დაეფარა ამ უკანასკნელისათვის, დაუზიანებელი პროდუქციის დაბრუნებით; დაბრუნებული პროდუქციის თანხა განისაზღვრებოდა იმავე ფასით, რა ფასითაც მოხდა მიწოდება, ხოლო დაბრუნებული პროდუქციის ღირებულება გამოაკლდებოდა არსებულ დავალიანებას. აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, მოპასუხემ, 2013 წლის 15 ოქტომბერს, #ელ-0085049392 სასაქონლო ზედნადებით, მოსარჩელეს დაუბრუნა 17631,56 ლარის პროდუქცია.

4. ხელშეკრულების 7.1. პუნქტით, თუ მხარეები, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე, 2013 წლის 26 აპრილამდე, ერთი თვით ადრე, არ განაცხადებდნენ სურვილს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ის გაგრძელდებოდა ავტომატურად, ყოველი მომდევნო ერთი წლით.

5. 2012 წლის 1 ნოემბერს მხარეებმა შეადგინეს შედარების აქტი (ტ.2., ს.ფ.180), რომლის მიხედვით, მათ შორის „საქონლისა და მომსახურების დასახელება, ზომის ერთეული, რაოდენობა, ფასი, დღგ და ა.შ. აისახა სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში, როგორც მიღებისას, ასევე გადაცემისას, რომლის საფუძველზეც, 2012 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ურთიერთანგარიშსწორებისა და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შედეგად“, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელისადმი შეადგენდა 219 292 (ორას ცხრამეტი ათას ორას ოთხმოცდათორმეტი) ლარს. აღნიშნული დავალიანება გამომდინარეობდა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან და არ იყო მოპასუხის მიერ, ამ ხელშეკრულებამდე არსებული პერიოდის, დავალიანების აღიარება.

6. 2013 წლის 1 აგვისტოს გამყიდველმა და მყიდველმა შეადგინეს შედარების აქტი (ტ.2., ს.ფ.181), რომლითაც ამავე თარიღით, მყიდველის დავალიანება გამყიდველისადმი შეადგენდა 311 345 (სამას თერთმეტი ათას სამას ორმოცდახუთი) ლარს. აღნიშნული დავალიანებაც გამომდინარეობდა ხელშეკრულებიდან და არ წარმოადგენდა მოპასუხის მიერ, ამ ხელშეკრულებამდე არსებული პერიოდის, დავალიანების აღიარებას.

7. 2013 წლის 21 ოქტომბერს გამყიდველმა წერილობით მიმართა მყიდველს მათ შორის არსებული ხელშეკრულების 8.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისა და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მითითებული ხელშეკრულება მხარეთა შორის 2013 წლის 21 ნოემბერს შეწყდა.

8. 2013 წლის 27 ნოემბრის წერილით გამყიდველმა მყიდველს აცნობა, რომ ხელშეკრულების 2.2.7. პუნქტის თანახმად, ეს უკანასკნელი ვალდებული იყო, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 1 (ერთი) თვეში, სრულად დაეფარა არსებული დავალიანება. მყიდველმა 2013 წლის 25 ნოემბერს გადარიცხა დავალიანების მცირე ნაწილი, მხოლოდ 9 915,00 ლარი, გადასახდელი ვალდებულება კი შეადგენდა 82 203.44 ლარს. მყიდველს ისიც განემარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულებების შესრულების ვადა ამოწურული იყო და მას დავალიანება 3 (სამი) დღის ვადაში სრულად უნდა დაეფარა.

9. 2014 წლის 30 ოქტომბერს გამყიდველმა წინასასარჩელო უზრუნველყოფის მოთხოვნით, განცხადებით მიმართა სასამართლოს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, იმავე წლის 31 ოქტომბრის, განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა განმცხადებელი საწარმოს მოთხოვნა და მყიდველის საბანკო ანგარიშებს, 82 203.44 ლარის მოთხოვნის ფარგლებში ყადაღა დაედო. გამყიდველმა იმავე წლის 17 ნოემბერს სარჩელი აღძრა მყიდველის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის დავალიანების თანხის დაკისრება.

10. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით გამყიდველის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361.2-ე, 477-ე, 327-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებით.

12. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე დავალიანებას ანგარიშობდა საქმეზე წარმოდგენილი თანხის ბრუნვის ცხრილის მიხედვით, რომლითაც დავალიანება გაანგარიშებული იყო 2011 წლის 23 მაისიდან 2013 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის ფაქტობრივ საფუძვლად, გამყიდველი უთითებდა, მხარეთა შორის, ზეპირი და წერილობითი ხელშეკრულების არსებობაზე, ასევე, მატერიალურ და ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებზე. დადგინდა, რომ საქმეში წარმოდგენილი, 2012 წლის 25 აპრილიდან 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაცემული სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 717 1370,80 ლარის პროდუქცია (სიგარეტი).

13. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნიდან გამომდინარე, მოთხოვნის საფუძვლიანობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, თუმცა, საქმეში წარმოდგენილი არ იყო 2011 წლის 23 მაისიდან 2012 წლის 25 აპრილამდე პერიოდის სასაქონლო ზედნადებები, რომლებითაც დადასტურდებოდა თავად მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, აღნიშნულ პერიოდში, განსაზღვრული ღირებულების პროდუქციის მოპასუხისათვის მიწოდებისა და ამ უკანასკნელის დავალიანების არსებობაზე სხვადასხვა პერიოდში. საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩენილიყო მოპასუხის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 2011 წლის 17 ივნისის, 2 დეკემბრისა და 2012 წლის 13 იანვრის შემოსავლის ორდერები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა პროდუქციის ღირებულება, შესაბამისად - 19 980 ლარი, 9 720 ლარი და 11 210 ლარი, რაც არ ნიშნავდა, მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდში - 2011 წლის 23 მაისიდან 2012 წლის 25 აპრილამდე, მოსარჩელის წინაშე მოპასუხის სხვა ფულადი ვალდებულების არსებობას, რადგან ეს გარემოება გამყიდველი საწარმოს განმარტებიდან და, თანხის ბრუნვის შესახებ, მის მიერვე წარდგენილი ცხრილიდან გამომდინარე, უნდა დადგენილიყო კონკრეტული სასაქონლო ზედნადებებით, რაც საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა.

14. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 25 აპრილის #ელ-0003734751 სასაქონლო ზედნადებით, რომელშიც პროდუქციის ღირებულებად მითითებულია 98 913 ლარი და, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სხვა სასაქონლო ზედნადებებით მიწოდებული პროდუქციის ღირებულება 7 072 457,80 ლარი, მოპასუხემ სრულად გადაუხადა მოსარჩელეს და მის მიმართ დავალიანება 82 203,44 ლარი არ გააჩნდა (ტ.3., ს.ფ.240).

15. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა მოძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თუმცა, დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოებების დადგენას, არსებობდა თუ არა ზეპირი ფორმის ნასყიდობის ხელშეკრულებები მხარეთა შორის, რა პერიოდში და შესრულებული ჰქონდა თუ არა მოპასუხეს ნასყიდობის ღირებულების გადახდის ვალდებულება.

16. სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიაპყრო მოსარჩელის მიერ მითითებულ სადავო პერიოდს - 2011 წლის 23 მაისიდან 2013 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2012 წლის 25 აპრილს Nელ-0003734751 სასაქონლო ზედნადებით, მოპასუხეს მიეწოდა 98 913 ლარის საქონელი, ასევე, შესაგებელზე მოპასუხემ დაურთო 2011 წლის 17 ივნისის, 2 დეკემბრისა და 2012 წლის 13 იანვრის შემოსავლის ორდერები, რაც მიუთითებდა მხარეთა შორის, მხოლოდ კონკრეტულ პერიოდში, ზეპირი სახის ნასყიდობის ხელშეკრულებების არსებობაზე.

17. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2012 წლის 26 აპრილიდან მხარეთა შორის არსებობდა წერილობითი ხელშეკრულება, რომლითაც ხელშეკრულების რეალიზაციის საგანს წარმოადგენდა სიგარეტი, პროდუქციის გადაცემა დასტურდებოდა ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი სასაქონლო ზედნადებით. მყიდველის მოვალეობას წარმოადგენდა, ანაზღაურება მოეხდინა ყოველი მიწოდებული პარტიის/პროდუქციის მიხედვით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა მხარეთა შორის 2012 წლის 1 ნოემბერსა და 2013 წლის 1 აგვისტოს შედარების აქტები, რასაც ცხადჰყოფდა ამ დოკუმენტების შინაარსი და მათი შედგენის თარიღი. მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება გაგრძელდა ერთი წლით და შეწყდა 2013 წლის 21 ნოემბერს. ამასთან, აღსანიშნავი იყო, რომ წარმოდგენილი იყო სასაქონლო ზედნადებები 2012 წლის 25 აპრილიდან 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით. რაც შეეხება 2012 წლის 25 აპრილამდე არსებულ პერიოდს, იგი სადავოდ გახადა მოპასუხემ, სახელშეკრულებო ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის საფუძვლით და ამ პირობებში, სადავო პერიოდთან დაკავშირებით, მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს.

18. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, 82 203,44 ლარი წარმოადგენდა მხარეთა შორის არსებული მატერიალური და ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით გადაცემული საქონლის ღირებულების გადაუხდელ ნაწილს, რაც წარმოიშვა თითოეული სასაქონლო ზედნადებით მიწოდებული პროდუქციის ღირებულების მოპასუხის მიერ გადაუხდელობით. ამის გამო, მოპასუხეს პერიოდულად რჩებოდა დავალიანება. ამდენად, მოსარჩელის განმარტების თანახმად, 2011 წლის 23 მაისიდან, მოპასუხეს საქონელი მიეწოდებოდა სასაქონლო ზედნადებებით, ეს გარემოება საქმის მასალებით ნაწილობრივ დადასტურდა, რადგან წარმოდგენილი იყო სახელშეკრულებო ურთიერთობის ამსახველი სასაქონლო ზედნადებები მხოლოდ 2012 წლის 25 აპრილიდან.

19. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, ცალსახა იყო, რომ სასაქონლო ზედნადები წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და საქონლის მოპასუხისათვის მიწოდების ფაქტის დადასტურების მტკიცებულებას. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ, როგორც წესი, მხარეთა შორის ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობისას, სასაქონლო ზედნადებები წარმოადგენდნენ დამოუკიდებელი, ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებების არსებით პირობას, რადგან ხელშემკვრელი მხარეები, საქმიანობის ყოველი კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე, თანხმდებოდნენ საქონლის ოდენობაზე, ფასზე, საქონლის ტრანსპორტირებით მიწოდებაზე, ამასთან, თითოეულ ზედნადებში, როგორც აღრიცხვის დოკუმენტში, ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებისას, მხარეთა შეთანხმებით, აისახებოდა წინა შეთანმებისაგან და შესაბამისად, წინა სასაქონლო ზედნადებისაგან განსხვავებული მონაცემები - სხვა საქონლის ოდენობა, ფასი და ა. შ. ამ პირობებში და მოპასუხის პოზიციის გათვალისწინებით, რომელმაც, სასაქონლო ზედნადებების საქმეში არარსებობის გამო, სადავოდ გახადა 2011 წლის 23 მაისიდან 2012 წლის 25 აპრილამდე პერიოდში სახელშეკრულებო ურთიერთობების არსებობის ფაქტი, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ამ ფაქტის სასაქონლო ზედნადებებით დადასტურება, ანუ თუ მოპასუხეს გააჩნდა დავალიანება და იგი წარმოშობილი იყო 2012 წლის 25 აპრილამდე არსებულ პერიოდში მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადაუხდელობით. თავდაპირველად, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა ამ დავალიანების წარმოშობის ფაქტობრივი საფუძველი, კერძოდ ის, რომ კონკრეტული სასაქონლო ზედნადებებით მოპასუხეს მიაწოდა კონკრეტული ღირებულების საქონელი, რაც გამყიდველმა ვერ შეძლო, ხოლო მხოლოდ ახსნა-განმარტება და ცხრილი, თანხის ბრუნვის შესახებ, ვერ გამოდგებოდა მითითებული ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

20. სასამართლომ მიუთითა, რომ 2012 წლის 26 აპრილის ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდის მსგავსად, რომელთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილი იყო სასაქონლო ზედნადებები, მოსარჩელეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაედასტურებინა 2011 წლის 23 მაისიდან 2012 წლის 25 აპრილამდე, სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, მოპასუხესთან კონკრეტული ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებების დადების ფაქტი, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდებოდა. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შემოსავლის ორდერებს, ისინი, მართალია, ადასტურებდნენ კონკრეტულ პერიოდში სახელშეკრულებო ურთიერთობებს, თუმცა, ამავე დროს, მიუთითებდნენ არა დავალიანებაზე, არამედ 2011 წლის 17 ივნისს, 2 დეკემბერსა და 2012 წლის 13 იანვარს, კონკრეტული ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტზე. ამასთან, საქმის მასალებით (სასაქონლო ზედნადებები, ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან და შემოსავლის ორდერები), ასევე დადგინდა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა 2012 წლის 25 აპრილიდან, იმავე წლის 26 აპრილის ხელშეკრულების შეწყვეტამდე, და, ყველა სასაქონლო ზედნადებით მიწოდებული ღირებულების მოპასუხის მიერ გადახდის ფაქტი.

21. მოპასუხის მითითებაზე, 2011 წლის 23 მაისიდან დავალიანების მოთხოვნაზე ხანდაზმულობის შესახებ, ხოლო ამის საპირისპიროდ, მოსარჩელის პოზიციაზე, რომ მოპასუხემ ვალი აღიარა, სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, დასახელებულ პერიოდში, სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი, სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ემსჯელა აღნიშნულ საკითხებზე.

22. გამყიდველმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

23. სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგზე:

23.1. გამყიდველს ჰქონდა მსგავსი დავები, რომლებიც არაერთმა სასამართლომ დადებითად გადაწყვიტა. ამ დავებში სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები იდენტური იყო, განსხვავებული იყო მხოლოდ მოპასუხე კომპანიები, ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის პერიოდი და არსებული დავალიანების მოცულობა.

23.2. მოპასუხის პოზიცია, რომ 2011 წლის 23 მაისიდან გარკვეულ პერიოდამდე, ხანდაზმულობის საფუძვლით, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უნდა მომხდარიყო, ადასტურებს იმას, რომ მყიდველი სადავოდ არ ხდიდა მოთხოვნის არსებობას, მაგრამ, ხანდაზმულობის მოტივით, უარს აცხადებდა გადახდაზე.

23.3. მოპასუხე ნაწილობრივ ასრულებდა ვალდებულებებებს, თუმცა, მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა გრძელდებოდა; შესაბამისად, მოთხოვნის უფლება, მოსარჩელეს იმ დროს წარმოეშვა, როდესაც მოპასუხემ მიღებული პროდუქციის ანაზღაურების ვალდებულებების შესრულება შეწყვიტა. აქედან გამომდინარე, დავა არ შეიძლებოდა ხანდაზმული ყოფილიყო.

23.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-5 გვერდზე, სასამართლოს მსჯელობა მოდავე მხარეთა შორის გაფორმებულ შედარების აქტზე, არასწორად იყო განვითარებული. სასამართლო მიზანმიმართულად შეეცადა ფაქტები არასწორად განემარტა, კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებულ შედარების აქტებში არსად იყო ნახსენები ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულება. შედარების აქტში ნათლად იყო ჩამოყალიბებული, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელისადმი.

23.5. სასამართლომ უხეშად დაარღვია პროცესუალური ნორმები, ფაქტობრივი გარემოებები არასწორად შეაფასა, ამასთან, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი არ გაანაწილა სწორად, ვინაიდან მთლიანად მოსარჩელეს დააკისრა მტკიცების ტვირთი იმ პირობებში, როდესაც ზოგიერთ გარემოებას მოპასუხე არ ხდიდა სადავოდ.

23.6. მოსარჩელემ მოპასუხეს სხვადასხვა პერიოდში მიაწოდა საქონელი, რომლის ღირებულება მყიდველმა სრულად არ გადაიხადა, შესაბამისად, გამყიდველს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა კონტრაჰენტისგან საპირისპირო შესრულება, ანუ შეთანხმებული ფასის გადახდა, რამაც 82 203. 44 ლარი შეადგინა.

24. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით გამყიდველის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მის სასარგებლოდ, მყიდველს დაეკისრა 82 203 ლარისა და 44 თეთრის გადახდა.

25. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გამყიდველმა თავისი მოთხოვნის დასამტკიცებლად სასამართლოს წარუდგინა სასაქონლო ზედნადებები და შედარების აქტები. მყიდველისათვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულება და გადახდილი თანხა, გამყიდველმა სასამართლოს წარუდგინა ცხრილის სახით (ტ. 1., ს.ფ. 145-153), რომელშიც მითითებული მონაცემები, მოპასუხეს, სადავოდ არ გაუხდია, მეტიც, 2014 წლის 15 დეკემბერს მყიდველმა წერილობით მიმართა რაიონულ სასამართლოს და განმარტა, რომ ცხრილში, საქონლის მიწოდების ნაწილში, დაშვებული იყო მხოლოდ ერთი უზუსტობა - ცხრილის მიხედვით, 05/07/12 წლის №0005742588 სასაქონლო ზედნადებით მიწოდებული იყო 92 725 ლარის პროდუქცია, სინამდვილეში, კი მიწოდებული იყო 90 250 ლარის პროდუქცია. მოპასუხემ იქვე მიუთითა, რომ ცხრილში გადახდილად ასახულ თანხებსა და რეალურად გადახდილ თანხებს შორის “სხვაობა არ გამოვლენილა” (ტ. 3, ს.ფ. 41).

26. სასამართლომ მიუთითა ამ განჩინების მე-5 და მე-6 პუნქტებში დასახელებულ აქტებზე და განმარტა, რომ მხარეები არ დავობდნენ, რომ გამყიდველის მიერ წარდგენილ ცხრილში მითითებული მონაცემები ზუსტი იყო.

27. სასამართლომ აღნიშნა, რომ მყიდველს უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გამყიდველისათვის სრულად უნდა აენაზღაურებინა ნასყიდობის საზღაური.

28. სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.

29. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების 3.1. პუნქტიდან გამომდინარეობდა მყიდველის ვალდებულება ნასყიდობის ფასი, მიწოდებული პროდუქციის მიღებიდან, 10 დღეში უნდა გადაეხადა. ამ ხელშეკრულების დადებამდე, მხარეებს წერილობითი შეთანხმება არ დაუდიათ, შესაბამისად, მყიდველს გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა პროდუქციის მიღებისთანავე. ამრიგად, მყიდველს გამყიდველის წინაშე ვალდებულებები უნდა შეესრულებინა პერიოდულად, პროდუქციის მიწოდების კვალობაზე.

30. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამყიდველს სარჩელი უნდა აღეძრა თითოეულ შემთხვევაში, თანხის გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან 3 წლის ვადაში. მოსარჩელემ, თავისი უფლების დასაცავად, სასამართლოს მიმართა 2014 წლის 30 ოქტომბერს და, ამ დღის შემდეგ, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა, შესაბამისად, გამყიდველის სარჩელი, შეიძლებოდა ხანდაზმული ყოფილიყო მხოლოდ 2011 წლის 30 ოქტომბრამდე წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, თუმცა, სადავო არ იყო, რომ ამ პერიოდში წარმოშობილი დავალიანება მყიდველს გასტუმრებული ჰქონდა და მოსარჩელეს მისი ანაზღაურების მოთხოვნა არც ჰქონდა დაყენებული, ხოლო იმ ნაწილში, რომელიც დავის საგანს წარმოადგენდა, სასარჩელო მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული.

31. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 477-ე, 361-ე, 129-130-ე, 138-ე მუხლებით და სსსკ-ის 102-ე, 105-ე მუხლებით.

32. მყიდველმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გამყიდველის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

33. მოპასუხის საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:

33.1. გადაწყვეტილებაში არასწორადაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულების წერილობით დადების შემდგომ პერიოდს მოიცავდა და ამ პერიოდში დავალიანებამ 82 203,44 ლარი შეადგინა.

33.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხე ეთანხმებოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცხრილის მიწოდების ნაწილში დაფიქსირებულ მონაცემებს.

33.3. სასამართლომ სსკ-ის 138-ე მუხლის არასწორი განმარტების შედეგად დაადგინა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების შეტანით, 30.10.2014 წელს შეწყდა (პუნქტი 4.28-4.29.), მაშინ, როდესაც სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა სარჩელის შეტანით 14.11.2014 წელს უნდა შემწყდარიყო. აღსანიშნავია, რომ ამ ნაწილში სასამართლოს განმარტება განსხვავდება დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკისაგან (კასატორი უთითებს 04.04.2011წ. სუსგ №ას-71-62-2011 საქმეზე).

33.4. ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის შედეგად, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული და, არასწორად დააკმაყოფილა სარჩელი.

34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

35. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

37. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

38. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

39. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

40.1. კასატორი სადავოდ ხდის დავალიანების წარმოშობის პერიოდს, ხანდაზმულობის საკითხს, მიწოდებული პროდუქციის ღირებულებისა და გადახდილი თანხის მის მიერ აღიარების ფაქტს.

40.2. სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედევით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

40.3. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

40.4. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, გამყიდველმა მყიდველს პროდუქცია მიაწოდა, ხოლო ამ უკანასკნელმა ნასყიდობის საზღაური სრულად არ გადაიხადა.

40.5. გამყიდველის მიერ მყიდველისათვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულება და გადახდილი თანხის შესახებ მონაცემები მოცემულია სასამართლოსათვის წარდგენილ ცხრილში (იხ. ტ. 1, ს.ფ. 145-153).

40.6. მხარეებმა 2012 წლის 1 ნოემბერს შეადგინეს შედარების აქტი, რომლითაც დაადასტურეს, ამ დროსათვის ურთიერთანგარიშსწორებისა და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შედეგად, მყიდველს ჰქონდა 21 992 ლარის დავალიანება გამყიდველისადმი.

40.7. 2013 წლის 1 აგვისტოს მხარეებმა შეადგინეს იდენტური შინაარსის აქტი, რომელშიც მიუთითეს, რომ გამყიდველის წინაშე მყიდველის დავალიანება 311 354 ლარს შეადგენდა.

40.8. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობას, რომ 2012 წლის 1 ნოემბრის შედარების აქტში მითითებული დავალიანების გათვალისწინებით, 2013 წლის 25 ნოემბრამდე მიწოდებულ პროდუქციასა და გადახდილ ანაზღაურებას შორის სხვაობა არის 82 203,44 ლარი. იგივე ოდენობა გამოდის, 2013 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით არსებული დავალიანების გათვალისწინებით, მიწოდებული პროდუქციის ღირებულებისა და ამ პროდუქციისათვის გადახდილი საზღაურის შედარებით.

40.9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების თავისებურებიდან გამომდინარე, მყიდველს პერიოდულად უნდა შეესრულებინა ვალდებულებები.

40.10. სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

40.11. საკასაციო სასამართლო მოხმობილი ნორმების საფუძველზე, განმარტავს, რომ მოსარჩელეს სარჩელი უნდა აღეძრა თითოეულ შემთხვევაში, თანხის გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან 3 წლის განმავლობაში.

40.12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 2012 წლის 1 ნოემბრისა და 2013 წლის 1 აგვისტოს შედარების აქტებში მითითებული დავალიანების გათვალისწინებით, 2013 წლის 25 ნოემბრამდე მიწოდებულ პროდუქციასა და გადახდილ ანაზღაურებას შორის სხვაობა არის ის თანხა, რაც სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოსარჩელემ და, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა მოპასუხეს.

40.13. წინასასარჩელო განცხადება სასამართლოში შეტანილია 2014 წლის 30 ოქტომბერს, ხოლო სარჩელი აღძრულია იმავე წლის 17 ნოემბერს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას მოთხოვნილი თანხის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან არც 2012 წლის 1 ნოემბრიდან და არც 2013 წლის 1 აგვისტოდან, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა არ არის გასული.

40.14. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, იმსჯელოს სსკ-ის 138-ე მუხლიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტასთან დაკავშირებით, კერძოდ, იგი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანით შეწყდა, თუ სარჩელის აღძვრით. სასამართლოს მოსაზრებით, ამ საკითხს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს დავის მართებულად გადაწყვეტისათვის, რადგან გავლენას ვერ იქონიებს მოპასუხის ვალდებულებაზე მოსარჩელის წინაშე, რომლის შესრულება, ხანდაზმულობის ვადის დაცვით, იქნა მოთხოვნილი მყიდველისაგან.

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

42. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 4 110.18 ლარის გადახდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს სახელმწიფო ბაჟის 30%, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, კასატორს უნდა დაეკისროს 1233.05 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "პ-ზ-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "პ-ზ-ს" (ს/კ …) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ას-936-886-2015) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 4 110.18 (ოთხი ათას ას ათი ლარისა და თვრამეტი თეთრის) ლარის 30 %-ის 1 233.05 (ათას ორას ოცდაცამეტი ლარისა და ხუთი თეთრის) ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე