საქმე № 330210015001002028
საქმე №ას-257-245-2016 13 აპრილი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. მ.-ი (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. დ.-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ. დ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. მ.-ის (შემდგომში – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ ალიმენტის არასრულწლოვანი შვილის – 2014 წლის 1 ნოემბერს დაბადებული ი. მ.-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის – 800 ლარის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 1 თებერვლიდან მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც 2014 წლის 1 ნოემბრის შეეძინათ შვილი – ი. მ.-ი.
3. 2015 წლის 19 მაისს მეუღლეები განქორწინდნენ და მოსარჩელე მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლებთან. მოპასუხე არ ზრუნავს შვილის აღზრდაზე და მოსარჩელეს მატერიალურად არ ეხმარება.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ 300 ლარის გადახდის ნაწილში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის – 2014 წლის 1 ნოემბერს დაბადებული ი. მ.-ის სასარგებლოდ ალიმენტის – ყოველთვიურად 450 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2015 წლის 9 ივნისიდან მის სრულწლოვანებამდე.
6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის ოდენობასთან დაკავშირებით მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 1 ნოემბერს მხარეებს რეგისტრირებულ ქორწინებაში შეეძინათ შვილი – ი. მ.-ი.
9. მოსარჩელე ცხოვრობს დედასთან და ძმასთან ერთად. მცირეწლოვანი ი. მ.-ი იმყოფება დედასთან, რაც მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
10. მოპასუხე მუშაობს სს „თ.-ში“ და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 5625 ლარს.
11. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეს აქვს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ყოველთვიური გადასახადი – 1371 აშშ დოლარი, რაც საქმის განხილვის დროისათვის, ეროვნულ ვალუტაში 3170 ლარს შეადგენს.
12. მოსარჩელე მუშაობს სტომატოლოგიურ კლინიკა „კ.-ში“. ფიქსირებული ხელფასი არ გააჩნია. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 400 ლარს.
13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 1197-ე, 1198-ე, 1212-ე მუხლებით და მიუთითა „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაზე, რომლითაც აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
14. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.
15. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
16. სააპელაციო პალატამ მიუთითა ამავე კონვენციის მე-18 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის საგანს.
17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რომ სსკ-ისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას.
18. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.
19. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება მის მშობლებს ეკისრებათ.
20. სსკ-ის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას.
21. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და, იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
22. საბანკო სესხის დაფარვის ხარჯებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საბანკო სესხი, როგორც დროებითი მოვლენა, ვერ მიიჩნევა ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ აპელანტი ყოველთვიურად გადასახდელი თანხის დიდ ოდენობაზე მიუთითებს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბანკში ყოველთვიური გადასახადის ოდენობის შემცირება შესაძლებელია სესხის დაფარვის გრაფიკის გრძელვადიან პერიოდზე გადატანით.
23. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა მიუთითა ვალუტის კურსის დევალვაციაზე, თუმცა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვერც აღნიშნული გარემოება გახდება ალიმენტის შემცირების წინაპირობა, ვინაიდან, არ შეიძლება ცალმხრივად შეფასდეს და მხედველობაში არ იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ ვალუტის კურსის ცვლილება, ასევე, პირდაპირპროპორციულად აისახება იმ საყოფაცხოვრებო ნივთების ღირებულებაზეც, რომელთა შეძენაც ბავშვის მოვლისა და რჩენისათვის აუცილებელია. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მცირეწლოვანი ი. მ.-ი დედასთან ცხოვრობს და მთლიანად დედის კმაყოფაზე იმყოფება.
24. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ. მ.-ისათვის გადასახდელად განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა – 450 ლარი ის გონივრული ოდენობაა, რაც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო, მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
25. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
26. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ყოველთვიურად ალიმენტის 300 ლარზე მეტი ოდენობით დაკისრებასთან დაკავშირებით შემდეგი საფუძვლებით:
27. კასატორმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.
28. მხარის მითითებით, სააპელაციო პალატას ალიმენტის ოდენობა უნდა განესაზღვრა არა მოპასუხის ხელფასის – 5625 ლარის, არამედ ხელზე ასაღები 4500 ლარის გათვალისწინებით.
29. სსკ-ის 1214-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო, რომ კასატორი კრედიტის დასაფარად ყოველთვიურად იხდის 1371 აშშ დოლარს და მის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ პენსიონერი და მეორე ჯგუფის ინვალიდობის მქონე მშობლები.
30. კასატორმა იშუამდგომლა საკასაციო სასამართლოს წინაშე „ა.-იდან“, „ე.-დან“ და „კ.-დან“ მოსარჩელის ხელფასის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. მხარემ მიუთითა, რომ მოსარჩელე სასამართლოს საკუთარ შემოსავალს უმალავს, რის შესახებაც კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების მიღების შემდეგ შეიტყო. მოსარჩელის შემოსავლის დადგენის შემთხვევაში მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შემცირდება.
31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
32. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
33. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 1 ნოემბერს მხარეებს რეგისტრირებულ ქორწინებაში შეეძინათ შვილი – ი. მ.-ი.
34. მოსარჩელე ცხოვრობს დედასთან და ძმასთან ერთად. მცირეწლოვანი ი. მ.-ი იმყოფება დედასთან, რაც მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
35. მოპასუხე მუშაობს სს „თ.-ში“ და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 5625 ლარს.
36. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეს აქვს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ყოველთვიური გადასახადი – 1371 აშშ დოლარი, რაც საქმის განხილვის დროისათვის, ეროვნულ ვალუტაში 3170 ლარს შეადგენს.
37. მოსარჩელე მუშაობს სტომატოლოგიურ კლინიკა „კ.-ში“. ფიქსირებული ხელფასი არ გააჩნია. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 400 ლარს.
38. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის მცირეწლოვანი ბავშვის სარჩენად მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობას.
39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
41. სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის მიხედვით, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლით დადგენილია, რომ არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
42. კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე მიიღებს სასამართლო.
43. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. ცხადია, ალიმენტის გადამხდელ მშობელთან მისი დანარჩენი შვილების ცხოვრების შემთხვევაში მათ სარჩენ არასრულწლოვანთან მიმართებით რაიმე სახის უპირატესობა არ ენიჭებათ.
44. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას.
45. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც იგი ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად იღებს და ალიმენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ მისი ოდენობიდან. რაც შეეხება შემოსავლის განკარგვას, მხარე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განკარგოს შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულების შემდეგ დარჩება.
46. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის მითითება საბანკო სესხის დაფარვის ხარჯებთან დაკავშირებით, როგორც დროებითი მოვლენა, ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად ვერ ჩაითვლება (სუსგ 4.03.2011 წ. საქმე №ას-1356-1194-2010).
47. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის ყოველთვიური შემოსავლის, სარჩენი ბავშვის ასაკისა და იმ მშობლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა ვერანაირად ვერ ჩაითვლება მოპასუხის კანონიერი ინტერესების შემლახველად და აღნიშნული თანხის მოცულობის მეტად შემცირების ვერანაირ სამართლებრივ, ფაქტობრივ თუ გონივრულ საფუძველზე კასატორმა ვერ მიუთითა.
48. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
49. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
51. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 23 მარტს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
52. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის შუამდგომლობას საქმეზე ახალი მტკიცებულებების – მოსარჩელის შემოსავლის დამადასტურებელი ცნობების გამოთხოვის შესახებ, ვინაიდან სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.
53. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია. აღნიშნულ წესზე გავლენას ვერ მოახდენს მხარის მითითება, რომ მისთვის კონკრეტული გარემოების ან მტკიცებულების არსებობის შესახებ ცნობილი გახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ამგვარი მტკიცებულებები მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ. მ.-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 23 მარტს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური