Facebook Twitter

საქმე № 330210014477998

საქმე №ას-280-266-2016 27 აპრილი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს. და ა. ხ.-ეები (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. შ.-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდრო ქონებიდან წილის მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სარჩელის საფუძვლები:

1. ს. და ა. ხ.-ეებმა (შემდგომში – მოსარჩელეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ი. შ.-ას (შემდგომში – მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვეს, 2002 წლის 1 მაისს გარდაცვლილი რ. მ.-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების – ქ.თბილისში, მ. გამზირის მე-.. კვ.-ის .. კორპუსში მდებარე №.. ბინის 2/3 წილის თანამესაკუთრეებად ცნობა.

2. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ აწ გარდაცვლილ რ. მ.-ს დარჩა სამი მემკვიდრე – მ. ე.-ი, მოპასუხის დედა – ლ. რ.-ი და მოსარჩელეების დედა – ა.-ე. მ.ე.-მა დედის სამკვიდროდან კუთვნილი წილი მიიღო და გაასხვისა. სამკვიდრო მიიღეს დანარჩენმა მემკვიდრეებმაც. მოცემული მომენტისათვის ლ. რ.-ი და ა.-ე გარდაცვლილები არიან. მოსარჩელეებმა მიიღეს დედის სამკვიდრო, თუმცა მოპასუხეს არანაირი ინტერესი მის მიმართ არ გამოუვლენია.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ: ა) მითითება, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; ბ) მითითება გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; გ) სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით 658.54 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარმოდგენა.

7. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტების წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელება, რაც 2015 წლის 30 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა. ამასთან, აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

8. აპელანტების წარმომადგენელმა კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს საპროცესო ვადის დამატებით 3 დღით გაგრძელების თაობაზე.

9. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 იანვრის განჩინებით ს. და ა. ხ.-ეებს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 3 დღით და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ: ა) მითითება, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; ბ) მითითება გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; გ) სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით 658.54 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

10. აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტების წარმომადგენელს ჩაბარდა 2016 წლის 29 იანვარს.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო დაუდგენს მხარეს იმ საპროცესო მოქმედებას რომელიც ამ ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო და განუსაზღვრავს ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულება სავალდებულო ხასიათისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიმართ გამოყენებული იქნება ამავე ნორმის ბოლო ნაწილით გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული პროცესუალური სანქცია – სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩება განუხილველად.

12. 2016 წლის 5 თებერვალს (ფოსტას – 2016 წლის 1 თებერვალს) სასამართლოს განცხადებით კვლავ მიმართა აპელანტების წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის დამატებით 2 დღით გაგრძელება.

13. სააპელაციო პალატის განმარტებით, სსსკ-ის 64-ე მუხლის დანაწესი, რომ სასამართლომ შეიძლება საპროცესო ვადა გააგრძელოს მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, დისპოზიციურია და სასამართლო ამ საკითხის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს საპროცესო ვადის გაგრძელების მსურველი მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული მიზეზის დასაბუთების სარწმუნოობითა და საფუძვლიანობით.

14. სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რა დროსაც თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული დავის ორივე მხარეს მყოფი სუბიექტების ინტერესები, სწორედ ამ მიზნითაა დაწესებული საქმის განხილვის ვადები, რათა მართლმსაჯულების განხორციელების გაჭიანურებით არ შეილახოს იმ მოდავე პირის უფლებები, რომელიც მათ სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს.

15. განსახილველ შემთხვევაში აპელანტებს მიეცათ გონივრული ვადა სააპელაციო საჩივრის დაზუსტებისათვის და სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის, რაც მათ არ განახორციელეს და არც რაიმე უტყუარი მტკიცებულება წარმოადგინეს, რაც დაადასტურებდა მათ მძიმე ქონებრივ მდგომარეობას.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეავსეს, მათი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

18. კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ძირითად სირთულეს წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხის მოძიება. ქვეყანაში არსებული რთული სოციალური ფონის გათვალისწინებით, მხარეს გაუჭირდა სასამართლოს მიერ დადგენილი ოდენობით თანხის გადახდა. აღნიშნულის მიუხედავად, სანამ სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებდა, მხარემ სახელმწიფო ბაჟი მაინც გადაიხადა, რითაც საქმისადმი საკუთარი ინტერესის არსებობა დაადასტურა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

20. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

22. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

23. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ 10 დღის ვადაში: ა) მითითება, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; ბ) მითითება გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; გ) სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით 658.54 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარმოდგენა.

24. აპელანტების შუამდგომლობის საფუძველზე ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა სააპელაციო სასამართლომ რამდენჯერმე (ჯერ – 5, ხოლო შემდეგ 3 დღით) გააგრძელა და მხარეს განუმარტა, რომ ხარვეზის დროულად შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

25. ხარვეზის შევსების ვადის 3 დღით გაგრძელების შესახებ 2016 წლის 8 იანვრის განჩინება აპელანტებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და 2016 წლის 29 იანვარს ჩაბარდა მათ წარმომადგენელს, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ (ს.ფ. 295).

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

27. შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 30 იანვარს და ამოიწურა 2016 წლის 1 თებერვალს. აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, არამედ მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო პალატის წინაშე საპროცესო ვადის დამატებით 2 დღის გაგრძელების შესახებ.

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

29. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. შესაბამისად, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა (სუსგ 30.01.2015წ. საქმე №ას-1238-1178-2014).

30. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტებს საკმარისი და გონივრული ვადა მიეცათ ხარვეზის გამოსასწორებლად. მათი მოთხოვნით საპროცესო ვადა ორჯერ გაგრძელდა, შესაბამისად, სადავო ვადის კიდევ გაგრძელება გამოიწვევდა საქმის განხილვის ვადის გაუმართლებელ გაჭიანურებას და ხელყოფდა მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს.

31. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მიღებამდე აპელანტებმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადეს, რითაც საქმის განხილვისადმი საკუთარი ინტერესის არსებობა დაადასტურეს.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზი კუმულაციური ხასიათისაა და ითვალისწინებს დადგენილ ვადაში: ა) სახელმწიფო ბაჟის გადახდას; ბ) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენას; გ) კანონით დადგენილი წესით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენას.

33. აპელანტებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და კანონით დადგენილი წესით შედგენილი სააპელაციო საჩივარი არ წარმოუდგენია. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორთა მიერ მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდაზე მითითება ხარვეზის გამოსწორებულად მიჩნევის წინაპირობა ვერ გახდება.

34. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

36. რაც შეეხება კერძო საჩივარზე თანდართულ აპელანტი მხარის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფოს ბაჟის ქვითრის ასლებს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარე უფლებამოსილია, მიმართოს სააპელაციო პალატას, წარადგინოს გადახდის ქვითრის დედანი და მოითხოვოს მითითებული თანხის დაბრუნება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. და ა. ხ.-ეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე