საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-720-685-2015 29 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ე. კ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ჯ-ი" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, სააპელაციო პასუხის წარდგენის ვადის აღდგენა და საქმის განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2013 წლის 1 მარტს შპს ”ჯ-ისა” (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი ან ტელეკომპანია) და ე. კ-ას (შემდეგში - მოსარჩელე, დასაქმებული ან კასატორი) შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით, 2013 წლის 1 ივლისამდე.
2. იმავე მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება კვლავ გაფორმდა 2013 წლის 1 აგვისტოს იმავე წლის 31 დეკემბრამდე.
3. დასაქმებულის სახელფასო განაკვეთი შეადგენდა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარს.
4. 2014 წლის 16 იანვრის # 26 ცნობაში მითითებულია, რომ იანვარში, ტელეკომპანიაში რეორგანიზაციის გამო, დაიხურა გადაცემა „მ-ი“, რის გამოც შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დასაქმებულთან (იხ. ტ.1, ს.ფ. 23).
5. დასაქმებულმა 2014 წლის 17 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას დამსაქმებლის წინააღმდეგ, მოითხოვა სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
6. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, ტელეკომპანიას დაეკისრა კომპენსაციის 6000 (ექვსი ათასი) ლარის გადახდა, ხოლო სამსახურში აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა სარჩელი.
7. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - შრომის კოდექსი) პირველი მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი, ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) ნორმებით.
9. სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
10. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით, ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ ეს პირები არიან. დადგენილია, რომ მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა (შრომის კოდექსის მე-6 მუხლი).
11. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
12. ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დამსაქმებლის მიერ, ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია, არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურება, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
13. საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 16 იანვრის ცნობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტელეკომპანიაში, რეორგანიზაციის გამო, დასაქმებულთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი).
14. სასამართლოს მითითებით, საქმის განხილვის დროს სარჩელში მოპასუხე ტელეკომპანიამ დაცვის სტრატეგია ააგო არა რეორგანიზაციის გამო მუშაკის გათავისუფლებაზე, არამედ - ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მის გათავისუფლებაზე.
15. სასამართლოს მითითებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ”ა” ქვეპუნქტი განსაზღვრავს რეორგანიზაციის საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტას. შესაბამისად, მოპასუხეს, არანაკლებ სამი კალენდარული დღით ადრე, უნდა გაეფრთხილებინა დასაქმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ამასთან, კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ წერილობითი შეტყობინებით გააფრთხილონ. აღნიშნული მუხლით დადგენილია კომპენსაციის ოდენობაც, რომელიც ორი თვის შრომის ანაზღაურებაზე ნაკლები არ უნდა იყოს.
16. საქმის მასალებში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ ორგანიზაციაში განხორციელდა რეორგანიზაცია. რეორგანიზაცია არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ უმნიშვნელო ცვლილებები, რაც ყველა საწარმოში შეიძლება ხდებოდეს, იწვევს კადრების შემცირებას. რეორგანიზაცია არ არის, თუ ორგანიზაცია კვლავ იმავე საქმიანობას აგრძელებს, რასაც შემცირებული თანამშრომლის მეშვეობით ასრულებდა, მაგრამ მას გადაარქვა სახელი, უმნიშვნელოდ შეცვალა სტრუქტურა ან განახორციელა არაარსებითი ცვლილებები. რეორგანიზაცია უნდა საბუთდებოდეს საწარმოს არსებითი საჭიროებით, რომ ამის გარეშე საწარმო შესაძლოა გაკოტრდეს, ვალებში ჩავარდეს, ან მიიღოს მნიშვნელოვანი ზიანი. რეორგანიზაცია გამართლებულია მმართველი რგოლის მიერ მიღებული ინოვაციური სტრუქტურის დაგეგმვით, ახალი გამოწვევების, საწარმოს განახლების განზრახვის შემთხვევაში. ასეთ დროს მოპასუხემ (დამსაქმებელმა) სასამართლოს უნდა დაუმტკიცოს, რომ არსებობდა სერიოზული, გათვლილი და დასაბუთებული გეგმა, რაც საწარმოს რეორგანიზაციის აუცილებლობას ადასტურებდა. სასამართლო ვერ ჩამოთვლის ყველა შესაძლო შემთხვევას, რადგან შეუძლებელია ჩამონათვალი ამომწურავად მიეთითოს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მოპასუხემ რეორგანიზაციის საჭიროება მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა დაასაბუთოს, განსახილველ შემთხვევაში, შესაბამისი მტკიცებულებები არ იყო წარდგენილი, რაც დაადასტურებდა ტელეკომპანიაში რეორგანიზაციის ჩატარებასა და მის საფუძვლიანობას.
17. დამსაქმებელმა სასამართლო განხილვისას მიუთითა, რომ გარდა რეორგანიზაციისა, დასაქმებული გათავისუფლდა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. უფრო მეტიც, მოსარჩელის ძირითადი გათავისუფლების მიზეზი სწორედ აღნიშნული საფუძველი გახდა.
18. სასამართლოს მითითებით, შრომის კოდექსი ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას აღნიშნული საფუძვლით, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში, ყურადღება გამახვილდა და გამოკვლეულ იქნა დასაქმებულის პოზიცია, რომ მას დროულად არ ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რის გამოც იგი გაგრძელებულად იქნა მიჩნეული. სადავო ნორმა არის შრომითი ხელშეკრულების 4.3. პუნქტი, კერძოდ: ''იმ შემთხვევაში, თუ მხარეები წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე 2 კვირით ადრე არ გამოთქვამენ სურვილს, მისი შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულება ითვლება ავტომატურად გაგრძელებულად მომდევნო იმავე პერიოდულობით, რაც მითითებულია 4.1. და 4.2. პუნქტებში, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან''. ამავე ხელშეკრულების 4.1. და 4.2. პუნქტებით დადგენილია: ''წინამდებარე შრომითი ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან. წინამდებარე შრომითი ხელშეკრულება დადებულია განსაზღვრული ვადით და მოქმედებს 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით''. სასამართლომ მიიჩნია, აღნიშნული ნორმები უნდა განმარტებულიყო იმგვარად, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს 2013 წლის 31 დეკემბრამდე, 2 კვირით ადრე უნდა დაეფიქსირებინა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
19. საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით არ დადგინდა, რომ დასაქმებულს ინდივიდუალურად აცნობა დამსაქმებელმა მასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამსახურის შენობის გარკვეულ სივრცეში განცხადების გავრცელება, მისი საინფორმაციო დაფაზე გაკვრა, არ ადასტურებს, რომ ყველა დასაქმებული გაეცნო განცხადებას. ამასთან ცნობილია, რომ დამსაქმებლის ადმინისტრაციის შენობა არ იყო დასაქმებულის სამუშაო ადგილი და ეს უკანასკნელი არ იყო ვალდებული, სამუშაო სივრცის გარეთ არსებულ საინფორმაციო დაფაზე წაეკითხა განცხადებები.
20. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დამსაქმებელი არის სოლიდური შესაძლებლობების იურიდიული პირი მრავალრიცხოვანი აპარატით. მის განკარგულებაში არიან სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები და მას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობისას არასრულყოფილი საქმისწარმოება გამოიწვევდა დავას. განსახილველ შემთხვევაში, კანონის საფუძველზე, დასაქმებული არ გაუფრთხილებიათ პირადად, გასაგებად, სრულყოფილად და არაორაზროვნად, რაც მას შეუქმნიდა რწმენას, რომ დამსაქმებელს გადაწყვეტილი ჰქონდა ხელშეკრულების შეწყვეტა, ასევე, დაუდასტურებელია ფაქტი, რომ დასაქმებულმა სოციალური ქსელის „ფეისბუკი” მეშვეობით მიიღო შეტყობინება. ამის დასადასტურებლად დამსაქმებელს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები.
21. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა ვერ უზრუნველჰყო დასაქმებულის დროული გაფრთხილება ხელშეკრულების შეწყვეტაზე. ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, ითვლება, რომ ხელშეკრულება კვლავ გაგრძელდა, თუმცა, ხელშეკრულების შეწყვეტაზე ტელეკომპანიის გადაწყვეტილებამ გამოიწვია დასაქმებულის უფლებების შელახვა. სასამართლომ, ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, დაასკვნა, რომ დასაქმებულის გათავისუფლება უკანონო იყო.
22. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით შეუძლებელი იყო დასაქმებულის იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომ ''შრომითი ხელშეკრულება ჩაითვალოს ავტომატურად გაგრძელებულად 2014 წლის 31 მაისამდე და მოსარჩელე ... აღდგენილი იქნეს“ ტელეკომპანიაში პროდიუსერის თანამდებობაზე.
23. სასამართლომ, თავისი დისკრეციის ფარგლებში, იმსჯელა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის დანაწესით, კერძოდ, მე-8 ნაწილის თანახმად, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, დამსაქმებლის გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ ბათილად ცნობის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველჰყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია.
24. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის - 6000 ლარის გადახდა.
25. დამსაქმებელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
26. ტელეკომპანიამ სააპელაციო საჩივრის შემდეგ საფუძვლებზე მიუთითა:
26.1. დამსაქმებელმა, შრომითი ხელშეკრულების 4.3 პუნქტის შესაბამისად, დირექტორის 2013 წლის 3 დეკემბრის №349 ბრძანებით (იხ. ტ.1, ს.ფ.40) 28 დღით ადრე გამოხატა თავისი ნება ხელშეკრულების შეწყვეტაზე. ბრძანება, გამოცემის დღესვე, ცნობილი გახდა დასაქმებულისათვის კომპანიაში აპრობირებული ფორმით, ყველა ოთახში საინფორმაციო დაფაზე გამოკვრითა და სოციალურ ქსელში, "ფეისბუკის" დახურულ გვერდზე, გამოქვეყნებით, რომელსაც მხოლოდ თანამშრომლები იყენებდნენ.
26.2. დასაქმებულმა საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომ მისთვის უცნობი იყო გათავისუფლების შესახებ, ვერ წარმოადგინა, მის ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენდა მოწმის განმარტება. დასახელებული მოწმე იყო კომპანიის თანამშრომელი, რომელიც დასაქმებულის მეგობარი იყო და მასთანაც, ასევე, ვადის გასვლის გამო, შეწყდა ხელშეკრულება, რაც ეჭვს იწვევდა მის მიუკერძოებლობაში და მისი განმარტება არ შეიძლებოდა სადავო გარემოების დადგენის საფუძველი ყოფილიყო.
26.3. საწყობში დასაქმებულის მფლობელობაში არსებული ნივთის მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ტ.1, ს.ფ. 42) ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ დასაქმებული ინფორმირებული იყო 03.12.2013 წლის # 349 ბრძანების შესახებ. ტექნიკის მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერი პირი იყო დასაქმებულის თანამდებობრივად დაქვემდებარებული თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ მისი დავალებების გათვალისწინებით მოქმედებდა და, დასაქმებულის ნებართვის გარეშე, არ შეეძლო, თვითნებურად ჩაებარებინა სამსახურში მისთვის გადაცემული კომპიუტერული ტექნიკა. ეს ფაქტი დასაქმებულმაც დაადასტურა, ხოლო ამის საპირისპიროდ, დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
26.4. სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილი არ იყო დამსაქმებლის ადმინისტრაციის შენობა და მას არ ევალებოდა სამუშაო სივრცის გარეთ არსებულ საინფორმაციო დაფაზე წაეკითხა განცხადებები. მიუხედავად იმისა, რომ არ მუშაობდა ტელეკომპანიის ადმინისტრაციულ შენობაში, სასამართლოს მოსაზრებით, ეს ფაქტი, დასაქმებული არ აძლევდა იმაზე აპელირების საშუალებას, რომ არ იყო ვალდებული, გასცნობოდა კომპანიის განცხადებას, რადგან დამსაქმებლის საქმიანობიდან და მიზნებიდან გამომდინარე, თანამშრომლები სხვადასხვა ადგილზე არიან განთავსებული, მართალია, ეს ადგილები ერთ სივრცეში არაა, თუმცა ერთ მთლიან "ორგანიზმს" შეადგენს, ტელეკომპანიაში იგივე წესები და პირობები ვრცელდება, როგორც ადმინისტრაციულ შენობაში, დამსაქმებელი მათ მუშაობასა და გამართულობაზე იმავე ხარისხით ზრუნავს, როგორც ადმინისტრაციულ შენობაზე.
26.5. მოწმე ნ. ბოლქვაძის ჩვენებით დადასტურებულია, რომ დასაქმებული ყოველ პარასკევს ესწრებოდა ადმინისტრაციულ შენობაში სათათბირო სხდომებს და, ადმინისტრაციული შენობის ოთახების განლაგების სტრუქტურიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო, მას მხედველობიდან გამორჩენოდა საინფორმაციო დაფაზე გამოკრული განცხადება.
27. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 იანვრის განჩინებით მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დასაქმებულის მიერ სააპელაციო შესაგებლის, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო.
28. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 372-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქმეთა განხილვა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოებს პირველი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი ნორმების შესაბამისად, თუ სპეციალური წესებით, სხვა რამ არ არის განსაზღვრული. სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო ინსტანციით წარმოებისათვის დადგენილი ნორმები არ ითვალისწინებს სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) წარდგენასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ წესს, შესაბამისად, გამოყენებული უნდა ყოფილიყო პირველი ინსტანციის სასამართლოებში შესაგებლის წარდგენის ვალდებულების შესახებ სსსკ-ის 201-ე მუხლი, რომლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ, სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის (სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შესრულებისათვის) აწესებს მის წინააღმდეგ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ, ზეპირი მოსმენის გარეშე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. იმავე მუხლის თანახმად, ამ დროს სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ სსსკ-ის XXVI თავში მოცემული წესებით. დაუსწრებელი გადაწყვეტილების არსიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო შესაგებლის შეუტანლობა უნდა გათანაბრებულიყო პროცესზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობასთან.
29. სასამართლომ აღნიშნა, დამსაქმებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ, სსსკ-ის 201.7-ე და 2321-ე მუხლებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა ყოფილიყო შემდეგი საფუძვლები: 1) აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს უნდა ჰქონოდა ჩაბარებული სააპელაციო საჩივრის ასლი და გაეფრთხილებინათ სააპელაციო შესაგებლის წარდგენის ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობაზე; 2) აპელანტის მოთხოვნას იურიდიულად უნდა ამართლებდეს სააპელაციო საჩივარში მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები.
30. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ დასაქმებულს სააპელაციო საჩივარი ჩაჰბარდა 2014 წლის 24 დეკემბერს, გზავნილის ჩაბარება დადასტურებული იყო მამის, დ. კ-ას, ხელმოწერით (ტ.2, ს.ფ. 9). სსსკ-ის 70-ე მუხლის შინაარსის შესაბამისად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. 74-ე მუხლის თანახმად, უწყება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ადრესატთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.
31. ასევე დადგინდა, რომ დასაქმებული, გზავნილზე დართული მიმართვით, გაფრთხილებული იყო, სააპელაციო საჩივრის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, შესაგებლის სასამართლოში წარუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობის შესახებ.
32. სასამართლომ აღნიშნა, რომ დასაქმებულს სააპელაციო შესაგებლის სასამართლოში წარდგენის 7 დღიანი ვადა ამოეწურა 2014 წლის 29 დეკემბერს; მან შესაგებელი დაგვიანებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, 2015 წლის 8 იანვარს წარადგინა.
33. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ არც დასაქმებულს და არც მის წარმომადგენელს სასამართლოსათვის არ მიუმართავთ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე სსსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო შესაგებლის წარდგენის ვადის ამოწურვით, მიიღება ამ ვადაში შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული შედეგი - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობაზე მსჯელობის წინაპირობა.
34. სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დადგენილად უნდა მიჩნეულიყო აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები, რომ დამსაქმებელმა უზრუნველყო დასაქმებულის დროული გაფრთხილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
35. ასეთ პირობებში სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობები დამსაქმებლის სააპელაციო საჩივრის დასაკმაყოფილებლად.
36. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოხმობილი ნორმები და მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა დამსაქმებლის მოთხოვნას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც სსსკ-ის 201-ე და 2321-ე მუხლების შესაბამისად, 2015 წლის 15 იანვარს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სრულად დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დასაქმებულს უარი ეთქვა დამსაქმებლისაგან 6000 ლარის კომპენსაციის მიღებაზე.
37. დასაქმებულმა 2015 წლის 24 თებერვალს საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, იმავე სასამართლოს 15.01.2015 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
38. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ განსახილველ საქმეში სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 2321-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ასევე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბუნების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებზე დაყრდნობით, დასაქმებულმა განახორციელა მთელი რიგი ღონისძიებები, რათა სასამართლო დაერწმუნებინა სააპელაციო შესაგებელის საპატიო მიზეზით წარუდგენლობაში. დასაქმებულის განმარტებით, სასამართლო გზავნილი ჩაჰბარდა მის მამას (იხ. ამ განჩინების 30-ე პუნქტი), რომელმაც გზავნილი გადასცა შვილს. დასაქმებულის განმარტებით, მან ჩაიხედა დოკუმენტებში და ნახა სასამართლო უწყება, რომლითაც სხდომის დღედ განსაზღვრული იყო 15.01.2015 წელი. ამ დროს იგი იყო ავად, მაღალი სიცხე ჰქონდა და, ამის გამო, დოკუმენტებს დეტალურად არ გასცნობია. დასაქმებულის განმარტებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მის მიერ დოკუმენტების დეტალურად გაცნობის შემთხვევაშიც კი, გაუგებარი დარჩებოდა სააპელაციო შესაგებლის რაობა და მისი წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგები, ვინაიდან იგი არ არის სამართლის მცოდნე და ვერ ერკვევა სასამართლო წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებში. დასაქმებულმა იფიქრა, რომ 15 იანვრამდე დოკუმენტებს მიაწვდიდა წარმომადგენელს. მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ საპროცესო მოქმედებისათვის გზავნილში უფრო მოკლე ვადა იყო განსაზღვრული. დასაქმებულმა თავის წარმომადგენელს გზავნილი გადასცა 2015 წლის 6 იანვარს, რომელმაც პირველივე შესაძლებლობისთანავე, 8 იანვარს წარადგინა შესაგებელი სასამართლოში. ამდენად, სრულიად გაუმართლებელი იყო, რომ მხარე დასჯილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, იმის გამო, რომ მან არ იცოდა საპროცესო სამართალწარმოების წესები.
39. სააპელაციო სასამართლო დასაქმებულის საჩივარისა და საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებებიე მოსმენის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო და მიუთითა სსსკ-ის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც, მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
40. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დასაქმებულს სააპელაციო სასამართლოს გზავნილი ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით და მას შეეძლო, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, წარედგინა სააპელაციო შესაგებელი, რაც არ გაუკეთებია და არც წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. დასაქმებულმა სააპელაციო შესაგებელი სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ წარადგინა, რაც მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის განჩინებით, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
41. დასაქმებულმა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის განჩინება, დასაქმებულის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მათი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
41.1 არც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში და არც გასაჩივრებულ განჩინებაში (შემდეგში - გასაჩივრებული სასამართლო აქტები) სასამართლოს არ უმსჯელია, თუ რატომ არ მიიჩნია სასამართლომ დასაქმებულის მიერ მითითებული მიზეზი, სააპელაციო შესაგებლის წარდგენის ვადის დარღვევის საპატიო მიზეზად.
41.2 კანონი არ განმარტავს საპატიო მიზეზის ცნებას, შესაბამისად, სასამართლომ უნდა განმარტოს, თუ რას მიიჩნევს, ან რას არ მიიჩნევს ასეთად. გასაჩივრებული აქტებით სასამართლომ მხოლოდ ის დაადგინა, რომ შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზი არ იყო საპატიო, ხოლო, თუ რატომ არ იყო ეს მიზეზი საპატიო, მხარეს ამაზე პასუხი არც კანონიდან და არც სასამართლოს გადაწყვეტილებით არ მიუღია. საპატიო მიზეზის განსამარტავად სასამართლოს არც დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე მიუთითებია.
41.3 გასაჩივრებული სასამართლო აქტებით არაა განმარტებული, როგორ უნდა ეცნობებინა მხარეს სასამართლოსათვის სააპელაციო შესაგებლის ვადის დაგვიანებით შეტანის შესახებ, თუ მას თავადაც არ შეუმჩნევია ასეთი ვადის არსებობა.
41.4 გასაჩივრებული სასამართლო აქტებით არაა განმარტებული, თუ რა ჩაითვლებოდა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ სასამართლოსთვის ინფორმაციის მიწოდებად. სასამართლო რას მიიჩნევს ასეთ ცნობად, სასამართლო მხოლოდ აღნიშნავს, რომ ასეთი ცნობა არ მიუღია.
41.5 კანონის დანაწესი, რომ მხარეს არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის საპატიო მიზეზის შესახებ, გულისხმობს, რომ მხარეს წინასწარ არ შეეძლო, ეცნობებინა სასამართლოსთვის აღნიშნულის თაობაზე. კანონით არ არის განმარტებული, თუ რას ნიშნავს „თავისი დრო“, თუმცა, ნორმის განმარტებით, ვინაიდან კანონი არ ადგენს რაიმე სპეციალურ დროს, ივარაუდება, რომ „თავისი დრო“ არის დრო დადგენილი ვადის ფარგლებში, როცა საპროცესო მოქმედება უნდა შესრულებულიყო.
41.6. თუკი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ მხარეს შეგნებულად არ უთქვამს უარი პროცესში მონაწილეობაზე, შესაგებლის წარდგენაზე, შემთხვევითობის გამო, თუნდაც, ეს შემთხვევითობა მხარის გაუთვითცნობიერებლობით იყოს გამოწვეული, არ შეიძლება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდეს. სასამართლოს გასაჩივრებულ აქტებში ამაზე საერთოდ არ უმსჯელია.
41.7. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებული მიუთითებდა უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნულ განმარტებებზე, სასამართლომ არ იმსჯელა და არ დაასაბუთა, რატომ არ ეთანხმება აღნიშნულ განმარტებებს. ყოველივე აღნიშნულის გამო, გასაჩივრებული სასამართლო აქტები დაუსაბუთებელია და არღვევს მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომლის ნაწილია დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების მიღების უფლება და, არა უბრალოდ, სასამართლო გადაწყვეტილების მიღების უფლება სადავო საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, არსებობს სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
41.8. დასაქმებული არ იყო ვალდებული, ზედმიწევნით სცოდნოდა სსსკ-ით სასამართლოში საქმისწარმოების წესები.
41.9. სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ ჩათვალა, რომ მხარე არ თანამშრომლობდა სასამართლოსთან, რამ აფიქრებინა სასამართლოს, რომ დასაქმებულმა ცნო სააპელაციო საჩივარი, ან, მან წინასწარი განზრახვით, არ შეიტანა სააპელაციო შესაგებელი სასამართლოში. სასამართლომ არ უპასუხა მხარის არგუმენტებს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბუნებასთან დაკავშირებით, ამიტომ არსებობს გასაჩივრებული აქტების გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი.
41.10 საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2014 წლის 30 დეკემბრის Nას-1161-1106-2014 საქმეში, სამოტივაციო ნაწილში მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე Liakopoulou v.Greece, 20627/04,&17.2006 ECHR, სადაც ევროპის სასამართლომ განმარტა შემდეგი: „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, თუმცა, ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდონ მოსარჩელის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ დონემდე, რომ გავლენა იქონიოს სასამართლო უფლების არსზე.
41.11. საქმეზე Georgiy Nikolayevich Mikhayliv v. Russia, 4543/04,&57, 2010,ECHR ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „სასამართლომ ვადის შემზღუდველი პროცედურული ნორმა ისეთნაირად განმარტა, რომ ხელი შეუშალა მომჩივნის საჩივრის გამოკვლევას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის სასამართლოს ეფექტური დაცვის უფლება დაირღვა“.
41.12. კასატორის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ზემოთ მოყვანილ გადაწყვეტილებაში დავის საგანს წარმოადგენდა სააპელაციო გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, რომელიც არ ექვემდებარება აღდგენას, ან გაგრძელებას. განსახილველ შემთხვევაში, საკითხი ეხება სასამართლოს მიერ დადგენილ ვადას, რომელიც შეიძლება გაგრძელებულიყო, თუკი მხარე ამ ვადის გასვლამდე აღმოაჩენდა, რომ ვერ ასწრებდა შესაგებლის შეტანას.
41.13. ამ შემთხვევაშიც, არსებობს სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის და მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი. სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც მხარეს ავალდებულებს, შუამდგომლობა დაყენოს წერილობითი სახით.
41.14. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია იმაზე, რეალურად დაჰკარგა თუ არა მხარემ დავისადმი ინტერესი, არამედ მექანიკურად და დაუსაბუთებლად დაასკვნა, რომ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობა მიიჩნევა ასეთი ინტერესის დაკარგვად.
42. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით დასაქმებულის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის შესწავლის, შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
43. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)
44. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, იურიდიულად გამართლებულად მიიჩნია დამსაქმებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა. სსსკ-ის 387-ე მუხლი არეგულირებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელიგადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სსკ-ის 387-ე მუხლის მესამე ნაწილი, 372-ე მუხლი). სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც საქმის განხილვის დრო, კანონით დადგენილი წესით, ეცნობა, არასაპატიო მიზეზით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე აცნობა სასამართლოს. სსსკ-ის 387-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრულია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელ ნორმათა შორისაა 2321-ე მუხლი, რომლის მიხედვით, მოპასუხის მიერ, ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს სსსკ-ის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში, მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. ”ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაიშვება თუ: ა) მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით იქნა ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელი (სააპელაციო საჩივარი) და თანდართული მასალები და ამომწურავად განემარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგები; ბ) მოპასუხემ (მოწინააღმდეგემ მხარემ) ბრალეულად დაარღვია შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა; გ) სარჩელში (სააპელაციო საჩივარში) მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო (სააპელაციო) მოთხოვნას. აღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად შემოწმებას, სარჩელში (სააპელაციო საჩივარში) მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება, იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა, იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და საქმის არსებითად განხილვის აუცილებლობას, იმ განსხვავებით, რომ ასეთ დროს მოპასუხისაგან (მოწინააღმდეგე მხარისაგან) მტკიცებულებების მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს“ (იხ. სუსგ # ას 535-509-2013, 24.03.2014წ.). საკასაციო სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე მითითებით, რომელიც დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის ნაწილია, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ განსახილველ სადავო სამართალურთიერთობაში, სააპელაციო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარე იყო მოსარჩელე, რომელიც ამჟამად კასატორია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემდგომ სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის გასათვალისწინებელია არა მხოლოდ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების იურიდიული მართებულობა მოთხოვნასთან მიმართებით, არამედ ისიც, თუ რამდენად აბათილებს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული, ამავე საჩივარში მითითებული გარემოებები გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
45. განსახილველ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს სააპელაციო საჩივარში მითითებული მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (დადგენილად მიჩნეული გარემოებები) და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება (რამდენად გააბათილა აპელანტმა გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტები).
46. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, წინამდებარე განჩინების 18-21 პუნქტებში მითითებული გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამ გარემოებათაგან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, დასაქმებულის უფლებაზე, ინდივიდუალურად, გასაგებად, არაორაზროვნად ყოფილიყო გაფრთხილებული დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველზე, რაც უკავშირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლით გარანტირებულ შრომის უფლებას. დამსაქმებლის სააპელაციო საჩივრით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ დგინდება დაუსწრებელი გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული მსჯელობის მიხედვით, რომელიც ძირითადად სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობის პროცესუალურ-სამართლებრივ შედეგებს ეხება, ხოლო რაც შეეხება იმ გარემოებას, თუ რატომ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები დადგენილად, კერძოდ, რომ დამსაქმებელმა უზრუნველჰყო დასაქმებულის დროული გაფრთხილება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე (იხ. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ტ.2., ს.ფ. 38) არ არის დასაბუთებული.
47. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამატებით კვლევას და შესაბამის შეფასებას საჭიროებს მოდავე მხარეთა შორის 2013 წლის 1 მარტს ხელმოწერილი ხელშეკრულების 3.3. პუნქტი, რომლითაც დამსაქმებელი ვალდებული იყო, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინება გაეგზავნა დაზღვეული წერილით, ან ჩაებარებინა უშუალოდ ადრესატისათვის; ასევე, გამოსაკვლევია მხარეთა შორის იმავე წლის 1 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების 4.3. პუნქტი. მითითებული პუნქტით, ორივე შეთანხმების პირობების მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, დასაქმებულს უშუალოდ, ინდივიდუალურად უნდა მიეღო შეტყობინება დამსაქმებლისაგან. წინამდებარე განჩინების მე-18, მე-19 პუნქტებში მითითებული გარემოებებისა და შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე [შრომითი ურთიერთობებისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობოთ განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები] საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნოს, რომ დასაქმებულის ერთ-ერთ ძირითად უფლებას განეკუთვნება, მისი წინასწარი ინფორმირება, გასაგებად, არაორაზროვნად და დროულად, შესაძლო გათავისუფლების შესახებ, რა საფუძვლითაც არ უნდა იყოს აღნიშნული გამოწვეული. სასამართლო განმარტავს, რომ შრომის კოდექსის 38-ე მუხლი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს, თითოეული მათგანის შემთხვევაში, ცალსახად აწესრგებს დამსაქმებლის იურიდიულ ვალდებულებას, წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით გააფრთხილოს დასაქმებული მასთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულის გათავისუფლებისათვის, მისი წინასწარი ინფორმირება გამომდინარეობდა მხარეთა შორის 01.08.2013წ. ხელმოწერილი ხელშეკრულების 4.3. პუნქტიდან. წინამდებარე განჩინების მე-4, 13-18 პუნქტებზე მითითებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მითითებული, თუ რომელი საფუძვლით მიიჩნია სასამართლომ გათავისუფლებულად დამსაქმებელი ტელეკომპანიიდან, თუმცა, მიუხედავად ამისა, დამსაქმებელმა აიღო ვალდებულება, წინასწარ ეცნობებინა დასაქმებულისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. სწორედ ამ კონტექსტშია მნიშვნელოვანი დადგინდეს, სააპელაციო საჩივარში მითითებული რომელი გარემოებები ამართლებს, სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო მოთხოვნას, რადგან ამგვარი მსჯელობა და დასკვნები გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში (იხ.ტ.2., ს.ფ. 36-39) არ არის ასახული. აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლით დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ, ხოლო, რაც შეეხება კასატორის მსჯელობას შესაგებლის წარდგენის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, ისინი არ უნდა იქნეს გაზიარებული, მათი იურიდიული დაუსაბუთებლობის მოტივით.
47. ზემოხსენებული მსჯელობისა და დასკვნების გათვალსიწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს გასაჩივრებული 2015 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე სააპელაციო სასამართლოს იმავე წლის 21 მაისის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზერ უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ (საქმე # 2ბ/7089-14) და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს .
48. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. კ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
3. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
პ. ქათამაძე