Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-711-677-2015 29 დეკემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ. ა-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ჩ-ე, დ. ღ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2013 წლის 1 მაისს ი-ის მე-2 კორპუსის შენობაში, ი. ღ-ემ (შემდეგში ზიანის მიმყენებელი ან მოპასუხეთა შვილი), გ. ა-ა (შემდეგში - დაზარალებული, მოსარჩელე ან კასატორი) გადმოაგდო მეორე სართულის კიბის მოაჯირიდან, 11 მეტრის სიმაღლიდან; გოგონა დაენარცხა პირველი სართულის იატაკს და მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (ტ. 1, ს.ფ 26-27).

2. 2013 წლის 14 მაისის განჩინებით, ზიანის მიმყენებელი პირი სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევისათვის მოთავსდა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” (შემდეგში ექსპერტიზის ბიურო) ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში (ტ. 1, ს.ფ 26-27).

3. ექსპერტიზის ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის №002505413 დასკვნით (შემდეგში ექსპერტიზის დასკვნა), ზიანის მიმყენებელს დაუდგინდა არადიფერენცირებული შიზოფრენია (კოდი F 20.3 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, ზიანის მიმყენებელი პირი დაავადებული იყო ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით - არადიფერენცირებული შიზოფრენიით და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, ეხელმძღვანელა მისთვის, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით (შეურაცხადობა); მას არ შეეძლო, ანგარიში გაეწია თავისთვის, მიეცა სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ის დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. იგი საჭიროებს არანებაყოფლობით, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას შპს „ა-ის“ (შემდგომში - ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი) პირობებში /ხონი-ქუტირი/ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 49-59).

4. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეზე, №0003503078 დადგენილებით, მოპასუხეთა შვილის მიმართ შეწყდა გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა (ტ. 1, ს.ფ 26-27).

5. დ. ღ-ე და თ. ჩ-ე არიან ზიანის მიმყენებლის მშობლები (შემდგომში - მშობლები, მოპასუხეები ან მოწინააღმდეგე მხარე) (იხ. ვაჟის დაბადების მოწმობა - ტ. 1, ს.ფ. 123).

6. დაზარალებულმა 2013 წლის 9 აგვისტოს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა, მათ სოლიდარულად დაჰკისრებოდათ შვილის მიერ მიყენებული მატერიალური ზიანის - 3605. 61 ლარისა და მორალური ზიანის - 35 000 ლარის ანაზღაურება.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით დაზარალებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ისიც, რომ მშობლებისათვის უცნობი იყო, რომ შვილი დაავადებული იყო ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით - არადიფერენცირებული შიზოფრენიით.

9. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 995-ე მუხლით (სარჩელის აღძვრის დროისათვის მოქმედი რედაქციით, 2015 წლის 20 მარტის კანონით # 3339 ცვლილების შეტანამდე), 1276-ე, 1277-ე მუხლებით.

10. ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაავადება (არადიფერენცირებული შიზოფრენია), რომელიც ზიანის მიმყენებელს დაუდგინდა დანაშაულის ჩადენის დროს, არ იძლეოდა იმის მტკიცების საშუალებას, რომ მას აღნიშნული ავადმყოფობა ბავშვობიდან, პერმანენტულად ჰქონდა. საქმეში წარმოდგენილია სამხედრო სამედიცინო კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვით, მოპასუხეთა შვილმა 2009 წელს გაიარა სამედიცინო შემოწმება და სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი იყო. მოპასუხეებმა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მის ბავშვობაშივე გაამახვილეს ყურადღება და, გამოვლენილი შიშების გამო, მკურნალობა ჩაუტარეს ნევროპათოლოგ გ. ნ-თან. კონსულტაციების შედეგად გაკეთებული სამედიცინო დასკვნები ასახულია ექსპერტიზის დასკვნაში. კერძოდ, ექსპერტის დასკვნაში მითითებულია, რომ 2003 წლის 10 მარტის კონსულტაციის ფურცელზე ასახული დიაგნოზით, ზიანის მიმყენებელს დაუდგინდა ანანკასტური (აკვიატებათა) ნევროზი, ღამის ენურეზი, გამოსარიცხია SCH (იშიფრება როგორც შიზოფრენია) მარტივი ფორმა, ნევროლოგიური ორგანიკა არ აქვს. 05.08.2003 წლის ჩანაწერით: ,,ბავშვი კარგადაა, დარჩა მხოლოდ მავნე ჩვევა-ფურთხება”.

11. სასამართლოს აზრით, მე-10 პუნქტში მითითებული ფაქტი მოწმობს, რომ მშობლები სისტემატურად ზრუნავდნენ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, სამედიცინო შემოწმების შედეგად მიღებული დასკვნები არ იძლეოდა ბავშვის ფსიქიკურად დაავადებულად, ჭკუასუსტად და სულით ავადმყოფად მიჩნევის საფუძველს. იგივე დაადასტურა ექსპერტ-ფსიქიატრმა თ. ნ-მა, რომელმაც 20.12.2013 წლის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შეუძლებელია იმის წინასწარ განსაზღვრა, რა დრო სჭირდება არადიფერენცირებული შიზოფრენიის განვითარებას. ამ ავადმყოფობის ნიშნების აღქმა რთულია სპეციალისტის გარეშე და გარშემომყოფთათვის ადვილად საცნობი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს, თუ იგი გამოკვეთილია. ვაჟთან კლინიკური გასაუბრების შედეგები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის გაკეთების საფუძველი გახდა, ეხება პირის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოკვლევას მხოლოდ დანაშაულის ჩადენის მომენტში. ექსპერტის განმარტების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნევროპათოლოგთან მკურნალობის პერიოდში, ზიანის მიმყენებლისათვის დანიშნული მედიკამენტები არ იყო განკუთვნილი შიზოფრენიის მკურნალობისთვის, არც შემდგომ დიაგნოზებში ფიქსირდება შიზოფრენიაზე მითითება. მიუხედავად იმისა, რომ ნევროპათოლოგს არ აქვს შესაბამისი ცოდნა, დაუდგინოს პირს შიზოფრენიის დიაგნოზი და ამის კომპეტენცია მხოლოდ ფსიქიატრს აქვს. სასამართლოს მითითებით, ნათელი იყო, რომ მოპასუხეთა შვილს არ აღენიშნებოდა შიზოფრენიის ისეთი გამოკვეთილი ნიშნები, რომელიც გარშემომყოფთათვის და მისი მშობლებისათვის აშკარად შესამჩნევი იქნებოდა. შეუძლებელი იყო იმ მომენტის კონკრეტულად განსაზღვრა, როდის დადგა კლინიკური სურათი - მოპასუხეთა შვილის შიზოფრენიით დაავადება. შესაბამისად, მშობლებისთვის უცნობი იყო შვილის ქმედუუნარობის შესახებ.

12. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 995-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, მეთვალყურეობის მოვალეობის დარღვევისას, პასუხისმგებლობა მრავალმხრივია. სისხლისსამართლებრივ სანქციებთან ერთად, მოსარჩელეს აქვს კერძო-სამართლებრივი მოთხოვნები - ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 995-ე მუხლი. ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ პირს ეკისრება მეთვალყურეობა ზიანის მიმყენებელზე, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეუძლებელი იყო ამ ზიანის თავიდან აცილება” (იხ. ამ განჩინების მე-9 პუნქტი).

13. სსკ-ის 995-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, ,,მეთვალყურეობა“ გულისხმობს ზიანის მიმყენებლის მიმართ, მზრუნველობის გამოჩენას, რომლის მიზანიც არის მესამე პირთა დაცვა. თუ გამორიცხულია ზიანის უშუალოდ მიმყენებლისგან, როგორც საფრთხის წყაროდან, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ამის ვალდებულება ეკისრებათ სამართლებრივად მასზე პასუხისმგებელ პირებს.

14. საქალაქო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია განემარტა, თუ ვინ საჭიროებს ზედამხედველობას და ვინ არიან მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი პირები.

15. სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 995-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საჭიროა, რომ ზიანის მიმყენებელი საჭიროებდეს მეთვალყურეობას. მოხმობილი ნორმის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ასეთ პირებს წარმოადგენენ ჭკუასუსტები ან სულით ავადმყოფები. ასეთად მიიჩნევიან ისინი, რომლებიც თავიანთი გონებრივი და სულიერი განვითარების გამო, საჭიროებენ ზედამხედველობას; შემდეგი წინაპირობაა მეთვალყურეობის ვალდებულება. ასეთი ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას კანონით ან ხელშეკრულებით. კანონის საფუძველზე, მეთვალყურეობაზე ვალდებული პირი შეიძლება იყოს მშობელი, მეურვე, მზრუნველი, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე – აღმზრდელი, ძიძა. არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენლები არიან: მშობლები, მეურვე (სსკ-ის 1276-ე მუხლი) და მზრუნველი (სსკ-ის 1277-ე მუხლი). კანონით მეთვალყურეობის ვალდებულება არ ეკისრებათ მშობლებს სრულწლოვანი სულით ავადმყოფი და ჭკუასუსტი შვილების მიმართ. სრულწლოვან პირზე ზედამხედველობას ახორციელებენ მეურვე და მზრუნველი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხეთა შვილი სრულწლოვანია, მშობლები არ არიან ზედამხედველობაზე ვალდებული სუბიექტები. ამასთან, მშობლების პასუხისმგებლობა გამოირიცხა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მათი უყურადღებობის გამო არ დაუდგინდა მათ შვილს ფსიქიკური აშლილობა 2013 წლის 1 მაისამდე, რაც მასზე სავალდებულო ზედამხედველობის განხორციელების საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, ზიანის მიმყენებელი პირის მიერ ქმედების ჩადენის მომენტში, არ არსებობდა მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი სხვა პირი (მეურვე, მზრუნველი ან ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული სხვა პირი).

16. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსი ადგენს მეთვალყურეობაზე ვალდებული პირის პასუხისმგებლობას, აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს იმ პირისგან, რომელიც საჭიროებდა მეთვალყურეობას. აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლით, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის უნდა დგინდებოდეს შემდეგი ნიშნების ერთობლიობა: ა) ზიანი; ბ) ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება გ) არამართლზომიერ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი; დ) მეთვალყურეობაზე ვალდებული პირის ბრალი. ყურადსაღებია, რომ მოცემული ნორმის გამოყენების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის სპეციალური სუბიექტის – მეთვალყურეობაზე ვალდებული პირის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება, თუ ზიანი დადგა მეთვალყურეობაზე ვალდებული პირის განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით.

17. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეები არ წარმოადგენდნენ მეთვალყურეობაზე ვალდებულ პირებს, მოსარჩელის მოთხოვნა მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს.

18. დაზარალებულმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

19. სააპელაციო საჩივარი შემდეგ საფუძვლებს ემყარებოდა:

19.1. ექსპერტიზის დასკვნით ზიანის მიმყენებლის დიაგნოზია ქრონიკული არაიდენტიფიცირებული შიზოფრენია. „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის # 1/ნ ბრძანების (შემდგომში # 1/ნ ბრძანება) მე-9 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაავადებებს, ანატომიურ და გონებრივ დეფექტებს შორის, რომლებიც წარმოადგენენ მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს, გადამოწმების გარეშე (უვადოდ) არის: შიზოფრენია, მკვეთრად გამოხატული დეფექტი. რაც შეეხება შრომისუუნარობის ტერმინის განმარტებას, მოცემულია სოციალური პაკეტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის # 179 დადგენილებაში. ამ დადგენილების მეორე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განმარტებულია: შრომისუუნარო - პირი, რომელსაც დადგენილი აქვს მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ან არის 18 წლამდე ან 65 წლის და მეტი ასაკის. შესაბამისად, დგინდება, რომ პირისათვის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის საფუძველს წარმოადგენს ნებისმიერი სახის შიზოფრენია. დაზარალებულის მოსაზრებით, ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დგინდება, რომ მოპასუხეთა შვილს წლების წინაც ჰქონდა და ახლაც აქვს მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის და, შესაბამისად, სრულად შრომისუუნაროდ ცნობის საფუძველი, რის გამოც ის უნდა ყოფილიყო მშობლების რჩენა-კმაყოფაზე.

19.2. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ ინციდენტის შედეგად განიცადა განსაკუთრებული ფიზიკური და მორალური ტანჯვა, კერძოდ, დაუზიანდა შინაგანი ორგანოები, მათ შორის ფილტვები და ღვიძლი მძიმედ, რომელიც გახეთქილიც ჰქონდა და ამის გამო, ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ასევე, ჩამტვრეული ჰქონდა ნეკნები და მენჯის ძვლები, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე და მისი გადარჩენის შანსი მხოლოდ 2% იყო. წამლებსა და მკურნალობაში დაეხარჯა კოლოსალური თანხები, თუმცა, არსებული უმძიმესი ვითარების ფონზე, ყველა შესაბამისი მტკიცებულების მოძიება და შენახვა ვერ შეძლო. აპელანტის ხელთ არსებული დოკუმენტებით, მიყენებული ზიანი შეადგენს 3605.61 ლარს. ზიანის მიმყენებლის მშობლებმა, რომლებმაც კარგად იცოდნენ საკუთარი შვილის მდგომარეობა, მხოლოდ უმნიშვნელო დახმარება გაიღეს დაზარალებულის დასახმარებლად, რაც დაიხარჯა სამკურნალო პრეპარატებსა და ნივთების შეძენაში. დაზარალებულის ოჯახი სოციალურად დაუცველია და ოჯახის სარეიტინგო ქულაა 62 940.

19.3. დაზარალებულმა, გარდა მატერიალური ზიანისა, ასევე, განიცადა ენით აღუწერელი მორალური ტანჯვა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. მეტიც, პირად საუბარში, ზიანის მიმყენებლის მშობლები აცხადებენ, რომ საზოგადოება მზად უნდა იყოს მათი შვილის არაადეკვატური გამოხტომებისათვის, რადგან ის არის ძალიან ნიჭიერი და ყველა გენიოსისაგან მისაღები უნდა იყოს მსგავსი საქციელი, მაგალითად ასახელებენ აინშტაინს. მოპასუხეები ადანაშაულებენ დაზარალებულს და აცხადებენ, იგი მოაჯირთან ახლოს რომ არ მდგარიყო, მსგავსი რამ არ მოხდებოდა. მოწინააღმდეგე მხარე, მიუხედავად დაზარალებულის მიმართვისა, ყველანაირი ზიანის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს.

19.4. მოთხოვნის საფუძვლიანობა კანონიდან გამომდინარეობს, სსკ-ის 995-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ჭკუასუსტი ან სულით ავადმყოფი პირი, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ზიანს მიაყენებს სხვა პირს, მას არ ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება; დაზარალებული აღნიშნავს, რომ კოდექსის ეს დანაწესი არ ართმევს უფლებას დაზარალებულ პირს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი პასუხისმგებელი პირი არის ის, რომელსაც ეკისრება მეთვალყურეობა ზიანის მიმყენებელზე. სსკ-ის 995-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ პირს ეკისრება მეთვალყურეობა ზიანის მიმყენებელზე, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაურის ზიანი.

19.5. დაზარალებულს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში, პირდაპირ დგას დასახელებული ნორმის განმარტების საკითხი. არსებობს ნორმის განმარტების რამდენიმე მეთოდი. ამ შემთხვევაში, ნორმის განმარტება, მისი მიზნიდან და დაცვის ობიექტიდან გამომდინარე, ცალსახად ამართლებს მის სარჩელს და მიუთითებს მოთხოვნის საფუძვლიანობაზე. ასევე, ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებიდან გამომდინარე, დგინდება სამართლიანობის აღდგენის ის მიზანი, რაც კანონმდებელს ჰქონდა ნორმის მიღების მომენტში. სსკ-ის 995-ე მუხლის მეორე ნაწილში მითითებულია, რომ ჭკუასუსტის ან სულით ავადმყოფის მიერ მიყენებულ ზიანზე, პასუხისმგებელია ის პირი, რომელსაც ეკისრება მეთვალყურეობა. დაზარალებულის მითითებით, მოცემულ დავაში მეთვალყურეს წარმოადგენენ ზიანის მიმყენებლის მშობლები. განმარტების საგანი არის ტერმინი „ეკისრება“, რაშიც კანონმდებელი ყოველთვის გულისხმობს კანონმდებლობის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, „რაც შეიძლება დოკუმენტებში გამოხატულიც კი არ იყოს“ (იხ.სააპელაციო სასამართლოს განჩინების 3.1.2 პუნქტი, ტ. 2, ს.ფ. 167).

19.6. ყურადსაღებია ისიც, რომ ზიანის მიმყენებელი არ ყოფილა რაიმე განსაკუთრებული ემოციური ფონით დამუხტული, ან დროებითი სულიერი აშლილობის მდგომარეობაში, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, არ იკვეთება ბოლო პერიოდის რაიმე მოვლენა, რასაც შეეძლო მისი მდგომარეობის ცვლილება. შესაბამისად, ეს პროცესი მიმდინარეობდა წლების განმავლობაში, მშობლებისა და ახლობელების თვალწინ, მათ კი არ მიიღეს შესაბამისი ზომები, რაც მოპასუხეებს მომხდარზე აკისრებს პასუხისმგებლობას.

19.7. დაზარალებული კატეგორიულად არ ეთანხმება, წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტში ასახულ მსჯელობას, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზიანის მიმყენებელს პერმანენტულად ჰქონდა ავადმყოფობის ნიშნები, რასაც მისი მშობლები მოიხსენიებენ, როგორც დამახასიათებელ უცნაურ ქცევებს, რომლებიც, სწორედ მათი უცნაურად მიჩნევის გამო, დაამახსოვრდათ და მოპასუხეებმა თვითონვე აღწერეს ექსპერტთან გასაუბრების დროს.

19.8. დაზარალებული არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, თითქოს მშობლებმა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბავშვობიდანვე, მის ადრეულ ასაკშივე გაამახვილეს ყურადღება. დაზარალებული არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას, თითქოსდა საქმის მასალებით დგინდება, რომ ექიმ გ. ნ-ის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გამოსარიცხი იყო შიზოფრენიის არსებობა. დაზარალებულს მიაჩნია, რომ ამას საქმეში არსებული არცერთი მასალა არ ადასტურებს; მოპასუხეებს, რომლებიც გაფრთხილებული იყვნენ ექიმისგან, არც თავდაპირველად და არც გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ, არ მიუღიათ ზომები შვილისათვის დასმული დიაგნოზის გამოსარიცხად.

19.9. დაზარალებული არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილშიც, რომ მოპასუხეები ზრუნავდნენ შვილის ჯანმრთელობაზე. მისი მტკიცებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მშობლებმა შვილი ექიმთან კონსულტაციაზე მიიყვანეს 2003 წლის 10 მარტს და შემდეგ, იმავე წლის 5 აგვისტოს. ექიმთან მხოლოდ ორი კონსულტაციის შემდეგ, მშობლები კვლავ ამჩნევდნენ შვილს უცნაურობებს, რაც აღნიშნულია ექსპერტიზის დასკვნაში. ექსპერტისათვის მოპასუხეთა მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მათ შვილს ჰქონდა შემდეგი უცნაური ჩვევები: შიშები, აკვიატებები, ჭამისას ათვალიერებდა პურს, რომ რაიმე არ შეჰყოლოდა, წამდაუწუმ იბანდა ხელებს, ჰქონდა მოწამვლის შინაარსის აზრები, საკვების გასინჯვამდე, ყოველთვის ითხოვდა, რომ ჯერ მშობლებს გაესინჯათ კერძი და ა.შ.

19.10. დაზარალებული არ ეთანხმება სასამართლოს შეფასებას ექსპერტ-ფსიქიატრის - თ. ნ-ის განმარტების ნაწილშიც. დაზარალებული აღნიშნავს, რომ ექსპერტი გულისხმობდა დღეის მდგომარეობით იმის გარკვევის შეუძლებლობას, თუ როდის განუვითარდა ზიანის მიმყენებელს დაავადება. გარდა ამისა, ექსპერტმა აღნიშნა, რომ ახლობლებს შეეძლოთ შეემჩნიათ დაავადების ნიშნები, თუ ისინი მკვეთრად გამოხატული იქნებოდა და თუ ეს განიმარტებოდა ექსპერტიზის დასკვნასთან ერთობლიობაში; ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მშობლები ბოლო პერიოდამდე ამჩნევდნენ შვილს აკვიატებულ ქმედებებს და შეგრძნებებს, ამასთან, გაფრთხილებული იყვნენ შიზოფრენიის გამორიცხვის აუცილებლობაზე, ეს ფაქტობრივი გარემოებები სხვა არაფერია, თუ არა დასტური იმისა, რომ მშობლებს შემჩნეული ჰქონდათ შვილისათვის ისეთი ნიშნები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ადამიანს არ ახასიათებს ხოლმე და რადგან სწორად შეაფასეს ეს ნიშნები, როგორც ავადმყოფური, ამიტომაც აღწერეს ისინი ექსპერტთან.

20. სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებით დაზარალებულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

21. სასამართლომ სრულად გაიზიარა წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული, ასევე საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.

22. სსკ-ის 995-ე მუხლის კომენტირებისას, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის სახეზე უნდა იყოს შემდეგი გარემოებები: ზიანის მიმყენებელი უნდა იყოს ჭკუასუსტი ან სულით ავადმყოფი; ასეთი პირის ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო; პირს, რომელსაც ეკისრება ზიანის ანაზღაურება, უნდა ევალებოდეს მეთვალყურეობა ზიანის მიმყენებელზე, ზიანის თავიდან აცილება არ უნდა იყოს შეუძლებელი. შესაბამისად, სასამართლომ უნდა დაადგინოს, წარმოადგენდნენ თუ არა მოპასუხეები მეთვალყურეობაზე ვალდებულ პირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზიანის მიმყენებლის მიერ, დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის, მშობლებისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მათი შვილის ისეთი სახის დაავადების შესახებ, რომლის გამოც აუცილებელი იყო მისი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა. ამ მხრივ, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს შეფასება, რომ ზიანის მიმყენებელს არ აღენიშნებოდა შიზოფრენიის ისეთი გამოკვეთილი ნიშნები, რომელიც მისი მშობლებისათვის შესამჩნევი იქნებოდა, რაც მეთვალყურეობაზე და შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირებად მიჩნევის საფუძველს წარმოშობდა.

23. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც შეფასებულია გამოსაკვლევი პირის - ზიანის მიმყენებელი პირის მონაცემები მისი პირადი ცხოვრებიდან. კერძოდ, მას 11 წლის ასაკში ძაღლმა უკბინა, რის შემდეგაც დასჩემდა სხვადასხვა სახის შიშები და აკვიატებები, ამის გამო, მას კონსულტაცია გაუწია ნევროპათოლოგმა; სისხლის სამართლის საქმეში განთავსებულ კონსულტაციის ფურცელში აღნიშნულია დაავადების დიაგნოზი (იხ. ამ განჩინების მე-10 პუნქტი). 08.05.2003 წლის ჩანაწერით ირკვევა, რომ „ბავშვი კარგადაა, დარჩა მხოლოდ მავნე ჩვევა - ფურთხება. გასინჯვითი ორგანიკა არ აქვს. დაინიშნა პირიუმი, ციკლოდოლი“.

24. სასამართლოს შეფასებით, მართალია, მშობლებისათვის ცნობილი იყო მათი შვილის არასახარბიელო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რის გამოც მათ, ჯერ კიდევ 2003 წელს მიმართეს ნევროპათოლოგს თუმცა, არც იმხანად დადგენილი დიაგნოზი და არც შემდგომში ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნები და მკურნალობის შედეგები, არ იძლეოდა ვაჟის ფსიქიკურად დაავადებულად მიჩნევის საფუძველს.

25. სასამართლომ ამ განჩინების 24-ე პუნქტში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით, ასევე ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოში ექსპერტ-ფსიქიატრის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ განმარტებაზე. ექსპერტი აღნიშნავდა, რომ წინასწარ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა დროში შეიძლება ჩამოყალიბდეს არადიფერენცირებული შიზოფრენია, ეს ინდივიდუალური შეფასების საგანია. შესაძლო პაციენტში სიმპტომები არ არის მკვეთრად გამოკვეთილი და მისი შემჩნევა (დიაგნოზირება) არასპეციალისტს შესაძლოა გაუჭირდეს. მოცემულ შემთხვევაში, დასკვნა გაკეთდა პაციენტთან კლინიკური გასაუბრების შედეგად, რა დროსაც მოხდა მისი იდეების შესწავლა. 05.08.2003 წლის კონსულტაციის ჩანაწერში მითითებული მედიკამენტი: მელიპრამინი, რომელიც დაენიშნა პაციენტს, წარმოადგენს ანტიდეპრესანტს, შესაბამისად, მიმართულია დეპრესიული ფონის მოხსნისაკენ. 08.05.2003 წლის ჩანაწერის თანახმად, პაციენტს დაენიშნა პირიუმი და ციკლოდოლი. ექსპერტ-ფსიქიატრის განმარტებით, პრეპარატი - ციკლოდოლი ინიშნება, როგორც კორექტორი, იმისათვის, რომ მოიხსნას არასასურველი გამოვლინებები, ხოლო, პირიუმი არის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მქონე ნივთიერება (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინების 4.7 პუნქტი, ტ.2, ს.ფ.172, ასევე, 20.12.2013წ. სასამართლო სხდომის ოქმი15:08:55სთ).

26. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქმეში წარმოდგენილი, წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობით (იხ. ტ.1, ს.ფ. 75) დასტურდება, რომ ზიანის მიმყენებელი 13.04.2009 აყვანილი იყო სამხედრო აღრიცხვაზე და ცნობილი იყო, სამხედრო სამსახურისათვის ვარგის პირად, რაც თავისთავად იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ იგი ამ პერიოდისათვის იყო ჯანმრთელი და არ აღენიშნებოდა რაიმე ფორმით გამოხატული ფსიქიკური ხასიათის რომელიმე დაავადება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მისი ჯანმრთელობის (ფსიქიკურ) მდგომარეობას და, შესაბამისად, სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობას. სასამართლომ, ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მის მშობლებს არასდროს მიუმართავთ ფსიქიატრისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო აღქმული, როგორც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანისა, რომელიც საჭიროებდა ფსიქიატრიულ მკურნალობას. შესაბამისად, სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია შეფასება, რომ მშობლებისათვის ზიანის მიმყენებელი არ წარმოადგენდა პირს, რომელიც საჭიროებდა მათ მეთვალყურეობას.

27. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გამოკვლევის, ასევე, საქალაქო სასამართლოსათვის ექსპერტ-ფსიქიატრის მიერ მიცემული განმარტების შეფასების და ზემოთ მითითებული გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებისათვის, მათი შვილის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების დროს, უცნობი იყო მისი ფსიქიკური დაავადებისა - არადიფერენცირებული შიზოფრენია - და, შესაბამისად, მისი ქმედუუნარობის შესახებ, რის გამოც მშობლები ვერ იქნებიან მიჩნეული მეთვალყურეობაზე ვალდებულ პირებად. აღნიშნული კი სსკ-ის 995-ე მუხლის მეორე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

28. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაზარალებულმა ვერ უზრუნველჰყო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ, შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა, რის გამოც, არ არსებობდა მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

29. სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიმღები ერთ-ერთი მოსამართლე დარჩა განსხვავებულ აზრზე. მისი მოსაზრებით, მოცემული დავის გადაწყვეტისთვის საკვანძო საკითხი დამოკიდებულია სამართლებრივ შეფასებაზე, რომელიც უკავშირდება ფსიქიკურად დაავადებული პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შედეგად დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სწორად განსაზღვრას.

30. მოსამართლის განსხვავებულ აზრში მითითებულია:

30.1. ფაქტია, რომ მოპასუხეთა შვილი, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, დაავადებული იყო ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით-არადიფერენცირებული შიზოფრენიით და მას არ შეეძლო გაეთვალისწინებინა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის (შეურაცხადობა). ასევე ფაქტია, რომ ზიანის მიმყენებელი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა დანაშაულის შეურაცხად მდგომარეობაში ჩადენის გამო.

30.2. უშუალოდ ზიანის მიმყენებელი პირის შეურაცხადობის გამო, მოსარჩელის მიერ დაყენებული მოთხოვნის ადრესატად სსკ-ის 995-ე მუხლის დანაწესზე მითითებით, მართებულად დასახელდნენ ზიანის მიმყენებელი პირის მშობლები.

30.3. იმის გათვალისწინებით, რომ ზიანის მიმყენებელი, 2013 წლის 01 მაისის შემთხვევის ჩადენისას, იყო სრულწლოვანი, ასევე, მისი ქმედუუნაროდ ცნობისთვის დადგენილი წესით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ მშობლებს, მოპასუხეთათვის, როგორც ზიანის მიმყენებლის კანონიერი წარმომადგენლებისათვის მოთხოვნის დაყენება უსაფუძვლოა და ამ მხრივ არც მოსარჩელე დავობს.

30.4. სსკ-ის 995-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ პირს ეკისრება მეთვალყურეობა ზიანის მიმყენებელზე, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეუძლებელი იყო ამ ზიანის თავიდან აცილება.

30.5. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი დაუკავშირა იმ მსჯელობას, რომ ზიანის მიმყენებელს არ აღენიშნებოდა შიზოფრენიის ისეთი გამოკვეთილი ნიშნები, რომლებიც მისი მშობლებისთვის შესამჩნევი იქნებოდა და, ამის გამო, ისინი არ შეიძლება მოიაზრებოდნენ ზიანის მიმყენებლის მეთვალყურეობაზე ვალდებულ პირებად. ამგვარი დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან.

30.6. საყურადღებოა საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილი, სადაც დაფიქსირებულია გამოსაკვლევი პირის მშობლების მიერ ექსპერტისათვის მიწოდებული ინფორმაცია. საგულისხმოა, რომ ეს ინფორმაცია და გარემოებები საქმის ზეპირი განხილვისას მოპასუხეს (ვაჟის დედა) არ უარუყვია.

30.7. მნიშვნელოვანია, რომ როგორც უდავოდ დგინდება, ზიანის მიმყენებელს, 11 წლის ასაკში, ჰქონდა მოწამვლის შინაარსის აზრები, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ საჭმელს არ ჭამდა მანამ, სანამ მშობლებს არ გაასინჯებდა. მას ამ ასაკში აღენიშნებოდა სხვა სახის აკვიატებებიც (ხშირად ნერწყვა, ხშირად იწმენდდა ნერწყვს), ფაქტია, რომ ამ აკვიატებათა გამო მშობელმა შვილის სამკურნალოდ მიმართა ნევროპათოლოგს (გ.ნ-ს).

30.8. საყურადღებოა ნევროპათოლოგის მიერ 2003 წლის 10 მარტს შედგენილი კონსულტაციის ფურცელი, სადაც მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა სპეციალისტმა განმარტა, რომ მისთვის არ იყო ცნობილი, რომ ამ ასაკში აღენიშნებოდა მოწამვლის შინაარსის აზრები მოპასუხეთა შვილს. გ. ნ-ის განმარტებით, ასეთი სახის ჩივილი სცდება აკვიატებების ფარგლებს და ის შეფასებული უნდა იქნეს ბოდვად, რომელიც საჭიროებდა არა ნევროპათოლოგის, არამედ ფსიქიატრის კონსულტირებას და შესაბამის მკურნალობას. ექსპერტთან საუბრის დროს, მშობლები განმარტავდნენ, რომ შვილს პერიოდულად ეცვლებოდა აკვიატებები, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ყიდულობდა უამრავი რაოდენობის საწერ კალმებს, რვეულებს, თუმცა, მათ რეალურად არ იყენებდა, ჰქონდა შიშები, რომ საწერი კალამი არ დამთავრებულიყო და, რამდენიმე წამში ერთხელ, ამოწმებდა კალმის გულს. მშობლების განმარტებით, სტუდენტობის პერიოდში, იგი ძალზედ შეიცვალა და გახდა თავის თავში ჩაკეტილი, არ სიამოვნებდა ოჯახის წევრებთან ყოფნა, არ სურდა მშობლებთან კონტაქტი (2014 წლის 27 ივნისის საოქმო ჩანაწერი 17:20:54, 17:21:29, 17:22:59).

30.9. შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მშობლების მიერ ექსპერტებისათვის მიწოდებული ინფორმაციიიდან ცალსახად ირკვევა, რომ მათთვის შესამჩნევი იყო შვილის შეუსაბამო და არაადეკვატური მოქმედებები, რაც სხვადასხვა ასაკში განსხვავებული ინტენსივობით გამოიხატებოდა. აღსანიშნავია, რომ მშობლები შვილის ქმედებების დახასიათებისას ყურადღებას ამახვილებდნენ სწორედ იმგვარ მოქმედებებზე, რომლებიც მოკლებული იყო მიზეზშედეგობრიობას და აშკარად აღიქმებოდა, როგორც შეუსაბამო ქცევები. მაგალითისათვის, საკმარისია ვაჟის კონკრეტული ქცევები მოწამვლის შესახებ აზრებიდან გამომდინარე, როდესაც ბავშვი არ ღებულობდა საკვებს, სანამ მშობლები არ გასინჯავდნენ კერძს; ასევე, უმიზეზოდ, რამდენიმე წამში საწერი კალმის გულის შემოწმება, ასევე, სტუდენტობის წლებში, მშობლებთან ურთიერთობაზე უარის თქმა და მუდმივად გარეთ ყოფნის სურვილი; ასევე ინტერესების დაკარგვა (მაგ.სწავლისადმი). საგულისხმო და მნიშვნელოვანია, რომ მშობლები თავის დროზე, კერძოდ, გ. ნ-თან ვიზიტის შემდეგ, ფაქტობრივად გაფრთხილებული იყვნენ, რომ გამოსარიცხი იყო დიაგნოზი შიზოფრენიის თაობაზე.

30.10. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია იმ დასკვნის გაკეთება, რომ მოპასუხეები, როგორც სრულწლოვანებამდე, ისე სრულწლოვანების შემდეგ პერიოდშიც ამჩნევდნენ და აფიქსირებდნენ მათი შვილის მხრიდან გამოვლენილ არაადეკვატურ და შეუსაბამო ქცევებს. ამასთან ფაქტია, რომ ისინი ინფორმირებული იყვნენ, რომ შვილის ამ შეუსაბამო ქცევების გამო, არსებობდა შიზოფრენიის განვითარების საშიშროება და ამ პირობებში უფრო მეტად საყურადღებო და აუცილებელი იყო ვაჟის მეთვალყურეობა.

30.11. მოპასუხეებს არ წარუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა შიზოფრენიის გამოსარიცხად ქმედითი ღონისძიებების განხორციელებაზე. ექსპერტ გ.ნ-ის განმარტება, რომ მის მიერ ჩატარებული მკურნალობის შემდეგ მიღებული იყო დადებითი შედეგი, არ შეიძლებოდა ყოფილიყო შიზოფრენიის გამორიცხვისთვის საკმარისი ღონისძიება, მით უმეტეს, ექსპერტი განმარტავს, რომ იგი არ ყოფილა ინფორმირებული პაციენტის მშობლების მიერ, რომ ბავშვს აღენიშნებოდა მოწამვლის შესახებ მოსაზრებები, რაც აკვიატებებს სცილდება და სპეციალისტის მიერ ფასდება როგორც ბოდვა.

30.12. სსკ-ის 995-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის გამოყენებისათვის და, შესაბამისად მეთვალყურეობაზე ვალდებული პირის სწორად განსაზღვრისათვის, ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არა ის გარემოება, რომ მეთვალყურეობის ვალდებულება შესაბამის პირს დაკისრებული ჰქონდეს მაინცდამაინც მესამე პირის (მაგ. რომელიმე სახელმწიფო უწყების) მიერ, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა კონკრეტული ფაქტობრივი საფუძვლების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ მეთვალყურეობის ვალდებულების წარმოშობაზე. შესაბამისად, სახეზეა ის აუცილებელი ფაქტობრივი საფუძველი, რაც საკმარისია მოპასუხეების მეთვალყურეობაზე ვალდებულ პირებად მისაჩნევად.

31. დაზარალებულმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

32. საკასაციო საჩივრის პრეტენზიები ამ განჩინების 19.1-19.10.პუნქტებში მითითებული სააპელაციო საჩივრის საფუძვლების იდენტურია.

33. კასატორი უთითებს, რომ მას შემდეგ, რაც ზიანის მიმყენებელი გამოუტყდა გრძნობებში და მან უარით უპასუხა, ახალგაზრდა კაცი გახდა დაზარალებულის "აჩრდილი“. ყველგან დაჰყვებოდა, ლექციებზე თუ მეტროში, მუდმივად ეჭვიანობდა მასზე, მათ შორის ნათესავებზეც.

34. იგი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დიაგნოზის გათვალისწინებით, არასათანადო მოპასუხეა, რომლისგანაც არ შეიძლება ახსნა-განმარტების მიღება. აშკარაა, რომ სახეზეა მისი ქმედუუნაროდ ცნობის საფუძველი, თუმცა, არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ვაჟის ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ, ან ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი მისთვის მეურვის დანიშვნის თაობაზე. აღნიშნულის მიუხედავად, არსებობს სსკ-ის 995-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენების საფუძველი, კერძოდ, არსებობენ პირები, რომელთაც კანონით ევალებათ მეთვალყურეობა ჭკუასუსტ და სულით ავადმყოფ პირზე და ასეთები არიან მშობლები, სსკ-ის 1212-ე მუხლის თანახმად, "მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ." რჩენაში იგულისხმება მატერიალური პასუხისმგებლობის აღება, თუ შრომისუუნარო შვილს ეკისრება ფულადი პასუხისმგებლობა.

35. კასატორი მისი საჩივრის განხილვის ყოველ ეტაპზე უთითებს გერმანიის სამოქალაქო კოდექსის § 823-826, 827, 828, 932-ზე, რომელთა შინაარსიდან გამომდინარე, ვაჟის მშობლების დასახელება მოპასუხედ სრულიად სამართლიანი და საფუძვლიანია. მიუხედავად იმისა, რომ მშობლებმა იცოდნენ შვილის არაადეკვატური საქციელის შესახებ, ისინი იჩენდნენ უმოქმედობას და ურღვევდნენ შვილს ჯანმრთელობის დაცვის უფლებას, რაც "ბავშვის უფლებების კონვენციის" 24-ე მუხლის თანახმად, ბავშვის საყოველთაო უფლებაა.

36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გ. ა-ას საკასაციო საჩივარი 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით წარმოებაში მიიღო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო იმავე წლის 10 სექტემბრის განჩინებით, დასაშვებად ცნო სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან სადავო სამართლებრივი საკითხი ეხება სსკ-ის 995-ე მუხლის განმარტებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების, საქმის, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის განსხვავებული მოსაზრების, დეტალურად შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

37. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში განთავსებული მასალების მიხედვით, უდავოა, რომ მომხდარი ინციდენტის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, კასატორმა მიიღო სიცოხლისათვის საშიში არაერთი ტრავმა, რამაც მას მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილები და მორალური განცდა, ამასთან, მის გადარჩენას, შემდგომ მკურნალობასა და რეაბილიტაციას ხანგრძლივი დრო, ნებისყოფა და დიდი ძალისხმევა დასჭირდა.

39. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანს წარმოადგენს სსკ-ის 995-ე მუხლის განმარტების მართებულობა, რადგან სახეზეა ზიანის მიმყენებელი პირის მოქმედება, რომლის ბრალეულად მიჩნევა, გამოირიცხა მისი შეურაცხადობის გამო, რაც დადგენილია საქმეში არსებული მტკიცებულებებით (იხ. განჩინების მე-12 პუნქტი).

40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელში მოპასუხეებად დასახელებული ზიანის მიმყენებლის მშობლების, სსკ-ის 995-ე მუხლის მეორე ნაწილის (იხ. განჩინების მე-12 პუნქტი) დეფინიიციის თანახმად, ზიანის მიმყენებელ პირზე პასუხისმგებლებად მიჩნევის წინაპირობები და, სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, მათთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით არ დასტურდება არა მხოლოდ ფორმალურ-იურიდიული საფუძველი, რომ მოპასუხეები იყვნენ მეთვალყურეობაზე ვალდებული პირები, არამედ, არც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეა შესაძლებელი, მოხმობილი ნორმის (ცვლილებამდე არსებული რედაქციით) „თუ პირს ეკისრება მეთვალყურეობა ზიანის მიმყენებელზე, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეუძლებელი იყო ამ ზიანის თავიდან აცილება“ უფრო ფართოდ განმარტება საკასაციო სასამართლოს მიერ შემდეგ გარემოებათა გამო:

40.1. წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტში განვითარებულ მსჯელობაზე მითითებით, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზიანის მიმყენებელი პირის მშობლების მიჩნევა ვალდებულ პირებად, რომელთაც უნდა განეხორციელებინათ საკუთარ შვილზე მეთვალყურეობა, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, რადგან არ დასტურდება, რომ მშობლებმა არ გამოიჩინეს სათანადო ყურადღება შვილისადმი, როდესაც მას შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წარმოადგენენ განსახილველი დავის შესწავლისას, მტკიცებულებათა ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგებს ისეთი სპეციფიკური საკითხების შეფასებისას, როგორიცაა ზიანის მიმყენებლის ფსიქიკური მდგომარეობა, მის მიერ ჩადენილ ქმედებამდე (იხ. წინამდებარე განჩინების 24-27 პუნქტები).

40.2. საკასაციო საჩივრის საფუძვლებთან ერთად, საკასაციო სასამართლომ გულდასმით შეისწავლა და გააანალიზა საქმეში განთავსებული მოსამართლის განსხვავებული აზრი (იხ. განჩინების 30-ე პუნქტი), რაც, ასევე, მნიშვნელოვანია დავის შინაარსისა და კასატორისათვის მიყენებული ზიანის თავისებურების გათვალისწინებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიებთან ერთად, უთითებს მოსამართლის განსხვავებული მოსაზრების უარყოფის საფუძველზეც, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივების დასაბუთებისას.

40.3. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისას, ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ სსკ-ის 995-ე მუხლის ფარგლებში ჩამოყალიბებულ ფორმალურ-იურიდიულ საფუძველზე, არამედ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის განსხვავებულ მოსაზრებაში (იხ. განჩინების 30.12. ქვეპუნქტი) მითითებულ ფაქტობრივ საფუძვლებზე და განმარტავს, რომ ასეთი საფუძვლების არსებობის სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით დადასტურების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ზემოთ მოხმობილი ნორმის უფრო ფართოდ განმარტება, სწორედ ნორმის მიზნიდან და მისი დაცვის ობიექტიდან გამომდინარე. ამავე კონტექსტში, საკასაციო სასამართლო ავითარებს მსჯელობას კასატორის მიერ მითითებულ გერმანული სამოქალაქო კოდექსის იდენტურ ნორმებზე -§ 823-826, 827, 828, 932 (იხ. განჩინების 35-ე პუნქტი). დასახელებული ნორმების მიზანი გამოკვეთილია და ზიანის ანაზღაურებას უკავშირებს ზიანის მიყენებისას პირის უშუალო მონაწილეობას ან მის ახლო კავშირს. -გერმანული სამართლის თანახმად, არსებობს თავად დამნაშავის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, მაშინაც, თუ იგი სულიერად ავადმყოფია და აქედან გამომდინარე ბრალი ვერ წარედგინება, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §829. ქართული სამოქალაქო კოდექსი განსხვავებულად აწესრიგებს ამ საკითხს, რაც საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია.

40.4. ექსპერტიზის დასკვნით, მოპასუხეთა შვილს, დანაშაულის ჩადენის დროს, დაუდგინდა არადიფერენცირებული შიზოფრენია, რომელიც სპეციალისტთა მოსაზრებით, არ იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ მას აღნიშნული ავადმყოფობა ბავშვობიდან, პერმანენტულად ჰქონდა (იხ. განჩინების მე-10 პუნქტი). ქვემდგომ სასამართლოში მოწვეული სპეციალისტის განმარტებით, აღნიშნული ავადმყოფობის ნიშნების ამოცნობა რთულია სპეციალისტის გარეშე და გარშემომყოფთათვის ადვილად საცნობი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს, თუ იგი გამოკვეთილია; ვაჟთან კლინიკური გასაუბრების შედეგები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის გაკეთების საფუძველი გახდა, ეხება პირის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოკვლევას მხოლოდ დანაშაულის ჩადენის მომენტში. ექსპერტისავე განმარტებით, ბავშვისათვის ადრე ჩატარებული მკურნალობა და მისთვის დანიშნული მედიკამენტები არ იყო განკუთვნილი შიზოფრენიის მკურნალობისთვის, არც შემდგომ დიაგნოზებში ფიქსირდება შიზოფრენიაზე მითითება (იხ. ამ განჩინების მე-10, მე-11, 23-26 პუნქტები).

40.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის საოქმო ჩანაწერზე, ნევროპათოლოგ გ. ნ-ის, როგორც სპეციალისტის განმარტებაზე (იხ. საოქმო ჩანაწერი, ტ.2., ს.ფ.66 - აუდიო ჩანაწერი). საოქმო ჩანაწერის თანახმად, სპეციალისტმა განმარტა, რომ, დროის ხანგრძლივობის გამო, შესაძლებელია ყველაფერი ვერ აღედგინა, მეტ-ნაკლებად შეეძლო კითხვებზე პასუხების გაცემა. სპეციალისტმა განმარტა, რომ ნევროლოგიური თერაპია ექვემდებარება მკურნალობას, მისი დანიშნულებით, ზიანის მიმყენებელს მკურნალობა დაენიშნა აკვიატებული მოსაზრებების, მოქმედებების გამო; სპეციალისტის მიერ დასმული დაშიფრული დიაგნოზით, საკითხი ეხებოდა დაავადების შესაძლო პროგრესირების გამორიცხვას. არაერთ კითხვაზე, სპეციალისტმა განმარტა, რომ შიზოფრენიის ჩამოყალიბებული დიაგნოზის შემთხვევაში, იგი პაციენტს გადაამისამართებდა ფსიქიატრთან. ბავშვს, მკურნალობის შემდეგ, მოეხსნა აკვიატებები და მას აღენიშნებოდა მხოლოდ მავნე ჩვევები. (27.06.2014 სხდომის ოქმი, 17:17:07-დან). მოსამართლის შეკითხვის პასუხად, სპეციალისტმა განმარტა, მას რომ სცოდნოდა, ბავშვს ჰქონდა მოწამვლის შინაარსის აზრები, იგი უდავოდ იქნებოდა გადამისამართებული ფსიქიატრთან. მოსამართლის არაერთი შეკითხვის პასუხად, სპეციალისტმა განმარტა, რომ დიდი ხანია გასული, დეტალები არ ახსოვს, თუმცა, მან ინფორმაცია მიიღო არა მხოლოდ მშობლისაგან, არამედ 11 წლის ბავშვთან უშუალო საუბრითა და მასზე დაკვირვებით, ექიმი ეყრდნობა მშობლისა და ბავშვის მონაყოლს, პაციენტზე დაკვირვებას; კონკრეტულ შემთხვევაში, ერთი ვიზიტის შემდეგ, იყო მეორე ვიზიტი, როდესაც სპეციალისტმა გამორიცხა შიზოფრენიის დიაგნოზი; მოსამართლის შეკითხვის პასუხად, სპეციალისტმა განმარტა, რომ თუ დაინახავდა, რომ პაციენტს ჰქონდა ბოდვა, იგი აუცილებლად გადაამისამართებდა პაციენტს ფსიქიატრთან. იმ ეტაპზე და იმ დროს გამოირიცხა შიზოფრენია, მეორე ეტაპზე, ბავშვს უკვე მოხსნილი ჰქონდა აკვიატებული მოძრაობები და სიმპტომები. მშობელი, 11 წლის ბავშვის შემთხვევაში, არ არის დაინტერესებული, რომ ექიმს მიაწოდოს დეზინფორმაცია, ეს შეიძლება უფროსი ასაკის პაციენტთან უფრო მოხდეს, მაგრამ ბავშვის შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობაა მთავარი. მესამე კონსულტაცია ჩატარდა წამლის მოხსნის შემდეგ. (27.06.2014 სხდომის ოქმი, 17:25:33-17:27:44). მოსამართლის შეკითხვის პასუხად, სპეციალისტმა განმარტა, რომ მას შეეძლო გამოერიცხა ფსიქიატრიული პრობლემა იმ ეტაპზე; პროგრედიენტული შიზოფრენიის გამოსარიცხად, საკმარისი იყო მისი კვალიფიკაცია; ბოდვა რომ ყოფილიყო, თერაპიას გააგრძელებდა არა ნევროპათოლოგი, არამედ გადასცემდა ფსიქიატრს, რასაც უკვე თერაპია კი არა, მართვა დასჭირდებოდა, ამასთან, არ არის საჭირო მაინცდამაინც სტაციონარული, ყოველდღიური დაკვირვება (27.06.2014 სხდომის ოქმი, 17:29:01-17:30:25). სპეციალისტმა მოსარჩელის წარმომადგენლის კითხვაზე: შესაძლებელი იყო თუ არა, რომ პაციენტი ყოფილიყო რეალურად ფსიქიატრის პაციენტი, მაგრამ რამდენადაც ნევროპათოლოგისათვის არ მოხდა ინფორმაციის სრულად მოწოდება, ნევროპათოლოგის მიერ რეკომენდირებული მედიკამენტების ფონზე, ასე ვთქვათ, შენიღბულიყო ფსიქიატრიული დაავადების ნიშნები? - სპეციალისტმა განმარტა, რომ ამ შემთხვევაში ექიმი და პაციენტი თანამშრომლობენ, პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე; შეიძლებოდა შენიღბულიყო, მაგრამ რომ შენიღბულიყო, ის უფრო ადრე გამოავლენდა მაინც თავს (27.06.2014 სხდომის ოქმი, 17:48:23-17:48:49).

40.6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სპეციალისტის განმარტებების გასაბათილებლად, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ ზიანის მიმყენებელ პირზე არ ახორციელებდნენ მეთვალყურეობას მშობლები გონივრული სტანდარტისა და მშობლის ვალდებულების ფარგლებში, რაც ასევე გამორიცხავს მოსამართლის განსხვავებულ მოსაზრებაში განვითარებული მსჯელობისა და დასკვნების გაზიარებას (იხ. ამ განჩინების 30.8-.30.11 ქვეპუნქტები).

40. 7. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქმეზე ნ.ა. ნორვეგიის წინააღმდეგ (N.A. v. Norway, განაცხადი no. 27473/11), 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე თანდართული მოსამართლე დედოვის თანმხვედრ მოსაზრებაში განვითარებულია მსჯელობა დელიქტური სამართლის პრინციპებზე, რომელთა თანახმადაც, შესაძლოა პირს, რომელსაც ზიანი არ მიუყენებია, დაევალოს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ასეთი პირები, შესაძლოა, უშუალოდ არ იყვნენ მსგავსი ქმედების მონაწილენი, მაგრამ უნდა არსებობდეს ობიექტური მიზეზები, რომლებიც მათ პასუხისმგებლობას იწვევს. მოსამართლემ აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომა ევროპული დელიქტური სამართლის პრინციპებს შეესაბამება, მაგ. “მუხლი 6:101. პასუხისმგებლობა არასრულწლოვნებისა და სულით ავადმყოფ პირებზე - “არასრულწლოვანზე ან სულით ავადმყოფზე პასუხისმგებელი პირი, პასუხის აგებს ამ პირის მიერ მიყენებულ ზიანზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პასუხისმგებელი პირი დაამტკიცებს, რომ მან ქცევის ზედამხედველობის მოთხოვნილი სტანდარტი შეასრულა.“

მოსამართლემ საკუთარ მოსაზრებაში განმარტა, რომ ზოგადად, პასუხისმგებლობა ეფუძნება კონტროლის ქვეშ მყოფი და გარშემომყოფი პირების სიცოცხლისა და კეთილდღეობის დაცვის პოზიტიურ ვალდებულებას. კერძოდ, მშობლების პასუხისმგებლობა ეფუძნება მათ ვალდებულებას, იზრუნონ თავიანთ შვილებზე. ეს მიდგომა შეესაბამება ევროპული დელიქტური სამართლის პრინციპების 4:103 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებას, იმოქმედონ, რათა დაიცვან სხვები ზიანის მიყენებისგან. ეს მიდგომა მოითხოვს, რომ მტკიცების ტვირთი გადატანილი იყოს ამ პირზე, ამ შემთხვევაში - მშობელზე.

40.8. აღნიშნული მიდგომის გათვალისწინებით, სსკ-ის 995-ე მუხლის მე-2 ნაწილის განმარტებისას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირებად ზიანის მიმყენებლის მშობლების მისაჩნევად, სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია არა ფორმალურ-იურიდიული საფუძველი და მოხმობილ ნორმაში სიტყვის “ეკისრება” იმგვარად განმარტება, რომ მეთვალყურეობა აუცილებლად ობიექტურად უნდა იყო დაკისრებული მშობელზე, არამედ, მეთვალყურეობაზე სუბიექტურად ვალდებული პირის, განსახილველ დავაში, მშობლის მიერ თავის ვალდებულად მიჩნევა, რომ ქცევის ზედამხედველობის მოთხოვნილი სტანდარტი გონივრულად შეასრულოს, რათა დაცული და არიდებული იქნეს სხვა პირთა სიცოცხლისა და კეთილდღეობისათვის საფრთხის შექმნა, ზიანის მიყენება.

40.9. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის მიმყენებელი პირის მიერ ქმედების ჩადენის შემდეგ დადგინდა დიაგნოზი, რომელმაც გამორიცხა მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუმცა, წინამდებარე განჩინების 39-40 პუნქტებში მითითებული მსჯელობისა და დასკვნების შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დასტურდება მშობლების მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც გამოიწვევდა მათ პასუხისმგებლობას, აენაზღაურებინათ შვილის მიერ კასატორისათვის მიყენებული ზიანი. სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, მათ შორის, ექსპერტთა განმარტებებითა და დასკვნების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დადასტურდა, მშობლების მიერ სუბიექტურად გამოვლენილი უყურადღებობა საკუთარი შვილისადმი, რომელსაც ბავშვობაში შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. მოპასუხეებმა მიმართეს სპეციალისტს და უმკურნალეს შვილს, იმხანად შესაძლებელი საშუალებებით. მკურნალობის შედეგად, ექიმ-სპეციალისტთა მიერ დასმული დადებითი დიაგნოზი არ იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ არსებობდა სამომავალო საფრთხე ბავშვის დაავადების განვითარების, გართულების, თუ სხვა შესაძლო შედეგების შესახებ, რადგან სპეციალისტებს ასეთი მითითება ან რეკომენდაცია არ მიუციათ პაციენტის მშობლებისათვის. მოპასუხეთა შვილი 13.04.2009-დან აიყვანეს სამხედრო აღრიცხვაზე, ცნეს სამხედრო სამსახურისათვის ვარგის პირად (იხ. განჩინების 26-ე პუნქტი), იგი სწავლობდა, ჰქონდა წარმატებები და მიღწევები სხვადასხვა ასპარეზზე (წარმატებით დაამთავრა სკოლა, 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლისათვის; ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში მიიღო დიპლომები; მონაწილეობდა ოლიმპიადებში, დაკავებული იყო სპორტული აქტივობით ტ.2. ს.ფ. 120-129). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მშობლები შვილისადმი არ იჩენდნენ სათანადო მზრუნველობას, რითაც დაარღვიეს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 24-ე მუხლი.

40.10. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და დასკვნების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას მისი პრეტენზიის გაზიარებაზე, რომ ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა.

41. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინება;

3. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე