საქმე № 080210014660172
საქმე №ას-953-903-2015 6 მაისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ. ჯ.-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. დ.-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 22 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნება, მკურნალობისა და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ. დ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ჯ.-ის (შემდგომში – მოპასუხე, საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა 13426 ლარის დაკისრება, საიდანაც 10 000 ლარი უძრავი ნივთის სარემონტო სამუშაოების ღირებულებაა, 476.14 ლარი – მკურნალობის, 300 ლარი – მედიკამენტის საფასური, 150 ლარი დაკრძალვის, ხოლო 2500 ლარი – ქელეხის ხარჯი.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 3 მარტიდან იმყოფებოდა მოპასუხის ძმა გ.-თან არარეგისტრირებულ, საეკლესიო ქორწინებაში და ეწეოდნენ საერთო მეურნეობას. ისინი ცხოვრობდნენ მოსარჩელის მეუღლის კუთვნილ ქ.თბილისში, ვ.-ის მ. კვარტლის №... კორპუსის №... ბინაში, რომელიც მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული გარდაცვლილი დედისგან.
3. მიმდინარე წლის 17 თებერვალს გ.-ი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მეუღლეები არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, შესაბამისად, მემკვიდრეობა მიიღო მამკვიდრებლის ძმამ – მოპასუხემ.
4. მოსარჩელის მითითებით, არარეგისტრირებული ქორწინების მანძილზე მან გასწია მნიშვნელოვანი ხარჯი და ზემოაღნიშნული უძრავი ქონება გაარემონტა. მანვე გადაიხადა მეუღლის მკურნალობისა და სხვა ხარჯები. ვინაიდან მხარემ მეუღლის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან მემკვიდრეობა ვერ მიიღო, მიიჩნია, რომ მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელით მოთხოვილი თანხა.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე გარკვეული პერიოდით იმყოფებოდა ფაქტობრივ თანაცხოვრებაში გ.-თან, თუმცა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. ერთად ყოფნისას ისინი ცხოვრობდნენ არა მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე, არამედ ქ.ქუთაისში, წ.-ს ქ.№...-ში, რომელიც მოსარჩელემ შეიძინა გ.-თან თანაცხოვრების პერიოდში.
6. გ.-ის სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით და ვადაში მიღებულ იქნა მეორე რიგის მემკვიდრის – მოპასუხის მიერ, რაზეც გაიცა სამკვიდრო მოწმობა. შესაბამისად, რაიმე სახის უფლების აღდგენაზე საუბარი შეუსაბამოა. მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მკურნალობის ხარჯი გასწია მისმა დეიდაშვილმა. მანვე გაიღო ქელეხის ხარჯი – 2100 ლარი, სარიტუალო მომსახურების საფასური – 150 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2500 ლარის გადახდა, რაც ნაწილობრივ ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 11402 ლარის გადახდა.
9. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხის წარმომადგენელმა შეიტანა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
10. საჩივრის ავტორის განმარტებით, მას უწყება სასამართლო სხდომაზე მოწვევის თაობაზე არ ჩაბარებია. მისი მისამართით გაგზავნილი საფოსტო კონვერტი იყო დაზიანებული, მთლიანობა იყო დარღვეული და ამ კონვერტის მეშვეობით ჩაბარდა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის შესაგებელი. სასამართლო სხდომის დროის თაობაზე ელოდებოდა სატელეფონო შეტყობინებას მოსამართლის თანაშემწისგან. ამასთან, ასეც რომ არ ყოფილიყო, იგი ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, ვინაიდან, 2015 წლის 14 ივნისს თბილისში მომხდარი საყოველთაოდ ცნობილი სტიქიური უბედურების გამო, ოჯახთან ერთად იმყოფებოდა დ.-ის რაიონში, ა.-ში, სადაც საცხოვრებელი სახლი გააჩნია.
11. თბილისიდან მისი გასვლის მიზეზი იყო ტელევიზიით გადაცემული ინფორმაცია წყალდიდობის კვლავ განმეორების, ასევე, ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველებიდან მომდინარე საფრთხის არსებობა.
12. ამასთან, 2015 წლის 17 ივნისის სხდომის დაწყების წინ მოსამართლის თანაშემწემ დაურეკა, აცნობა, რომ იმყოფებოდა სასამართლოს ფოიეში, რათა მიეცილებინა სასამართლოს სხდომის დარბაზამდე, რა დროსაც საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა მოსამართლის თანაშემწეს აუწყა გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე. როგორც გახდა ცნობილი, მოსამართლის თანაშემწემ აღნიშნული ინფორმაცია გადასცა სასამართლოს.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით საჩივარს უარი თქვა დაკმაყოფილებაზე, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 17 ივნისს, 11.00 საათზე დანიშნულ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე მოპასუხის წარმომადგენელ რ. რ.-ეს ეცნობა ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი უწყებით (გზავნილის კოდი №...), რაც 2015 წლის 8 ივნისს პირადად ჩაბარდა რ. რ.-ეს (ს.ფ 287, 289).
15. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარზე თანდართული საფოსტო კონვერტის წინა გვერდზე, რომლითაც, მომჩივანის განმარტებით, მხოლოდ შესაგებელი ჩაბარდა, დაფიქსირებულია, რომ კონვერტში განთავსებული იყო როგორც შესაგებელი, ასევე უწყება (ს.ფ 347 ).
16. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა ვერ დაამტკიცა ის ფაქტობრივო გარემოება, რომ 2015 წლის 17 ივნისს, 11.00 საათზე დანიშნულ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე შეტყობინება (უწყება) არ მიუღია.
17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 241-ე მუხლის „ბ“ პუნქტით, 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით და არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება, რომ, სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ არსებობდა 2015 წლის 17 ივნისს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, ვინაიდან სტიქიური მოვლენა არ მომხდარა.
18. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2015 წლის 14 ივნისის ღამით ქ.თბილისში, ვერეს ხეობაში მოხდა დამანგრეველი წყალდიდობა, თუმცა საქმის მასალებით არ ირკვევა, ამ მოვლენის გამო, რატომ გახდა 17 ივნისს მხარის წარმომადგენლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადება შეუძლებელი, მით უფრო დ.-ის რაიონიდან, ა.-იდან.
19. გარდა ამისა, მხარეს შეეძლო, გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე, თუნდაც სატელეფონო შეტყობინების გზით, სხდომის დღის თარიღამდე ეცნობებინა სასამართლოსათვის, რაც არ განუხორციელებია, ხოლო უშუალოდ სხდომის დაწყების წინ მოსამართლის თანაშემწის სატელეფონო საუბარი, რაც უკავშირდებოდა სასამართლო სხდომის დარბაზში მხარეთა დასწრების უზრუნველყოფას, ვერ ჩაითვლება გამოუცხადებლობის მიზეზებთან დაკავშირებით წინასწარი შეტყობინებად.
20. სააპელაციო პალატამ იმავდროულად აღნიშნა, რომ მოპასუხის წარმომადგენელს სასამართლო სხდომის დღის თაობაზე ეცნობა 9 დღით ადრე. თუკი პირადად ვერ ცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე სასამართლო სხდომაზე შეიძლება გამოცხადებულიყო თავად აპელანტი, რომლის საცხოვრებელი ადგილია ტყიბული.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოპასუხისა და მისი წარმომადგენელის გამოუცხადებლობა არ მიეკუთვნება სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას, რაც გამორიცხავს საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
22. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
23. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას უგულებელყო სსსკ-ის მოთხოვნები (241-ე მუხლი და 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) და დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა, რის დასასაბუთებლად მხარემ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციებზე სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემურ საკითხებზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით.
24. კასატორმა განმარტა, რომ მას სასამართლო უწყება არ ჩაბარებია, რაც გამოწვეულია სასამართლო უწყების გაგზავნისას სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების დარღვევით.
25. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხის წარმომადგენელს სასამართლო უწყება არ ჩაბარებია, შესაგებლის გზავნილს არ ახლდა სასამართლო უწყება, რაც, შესაძლებელია, გამოწვეული იყოს საფოსტო კონვერტის მოცულობის სიმცირით, რის გამოც კონვერტის მთლიანობა ჩაბარების მომენტისათვის დარღვეული იყო. ის გარემოება, რომ ამავე კონვერტის კუთხეში გაკეთებულია მინაწერი „შეს/უწყ“, არ უნდა გამხდარიყო საკმარისი სასამართლოს მსჯელობისათვის, რომ კონვერტზე ეწერა სასამართლო უწყების გაგზავნის შესახებაც. ამგვარი მსჯელობა მართებული იქნებოდა, თუკი რაიმე სხვა მსგავსი მინაწერი კონვერტზე თვალსაჩინოდ და მხარისათვის გასაგები ფორმით იქნებოდა შესრულებული.
26. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ მხარის წარმომადგენელმა თავისი გამოუცხადებლობის შესახებ მოსამართლის თანაშემწის მეშვეობით აცნობა სასამართლო სხდომის დაწყებამდე და ეს ფაქტები შედგებოდა ორი შემადგენლობისგან: 1. სასამართლო უწყების ჩაუბარებლობა; 2. სტიქიური უბედურების თანამდევი მოვლენებისაგან – წყალდიდობის განმეორებისა და ზოოპარკიდან გარეული ცხოველების ქალაქში მოძრაობიდან მომდინარე აშკარა საფრთხით.
27. კასატორმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთმა ცხოველმა – ვეფხვმა სწორედ 17 ივნისს, დაახლოებით 12 საათზე (სასამართლო პროცესის დროს) სიცოცხლეს გამოასალმა მოქალაქე, ხოლო მეორე დაასახიჩრა ე.წ. ე.-ის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც კასატორს სახლიდან 200-300 მეტრის დაშორებითაა. სტიქიური მოვლენების განმეორების საფრთხის შესახებ იუწყებოდა გარემოს დაცვის მინისტრი, ხოლო პრემიერ-მინისტრი და ქალაქის მერი საჯაროდ მოუწოდებდა მოსახლეობას ქ.თბილისში გადაადგილებისაგან თავის შეკავებისკენ. ეს თანამდევი, საფრთხის შემცველი მოვლენები გრძელდებოდა არათუ 13 ივნისიდან 17 ივნისამდე (პროცესის დღე), არამედ 24–25 ივნისამდე. აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს წარედგინა ელექტრონული დოკუმენტების სახით მტკიცებულებები. კასატორს რომც მოეხერხებინა სასამართლო პროცესზე გამგზავრება, იგი ოჯახის წევრებს (მეუღლესა და ორი მცირეწლოვან შვილს) მარტო ვერ დატოვებდა, მათ შორის, ვერც დ.-ის რაიონში, რადგან გარეული ცხოველებიდან მომდინარე საფრთხის გავრცელების ზონა დღითიდღე იზრდებოდა. ამავდროულად, წარმომადგენელი ქ.თბილისში დროულად დაბრუნებას, საქმის მასალების აღებასა და ქ.ქუთაისში გამგზავრების ვერ მოახერხებდა ქ.თბილისის შესასვლელსა და გამოსასვლელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების, მათ შორის, ზოოპარკის ტერიტორიაზე, რომლის გავლითაცაა მხოლოდ შესაძლებელი მის საცხოვრებელ სახლამდე მოხვედრა (ს., ჩ.-ის ქუჩა).
28. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო განჩინებაში არ უარყოფს, რომ სასამართლო სხდომის დაწყების წინ მართლაც შედგა საუბარი მოპასუხის წარმომადგენელსა და მოსამართლის თანაშემწის შორის ორივე ზემოთ დასახელებული მიზეზის შეტყობინების თაობაზე, მაგრამ არასწორად არ ჩათვალა აღნიშნული სასამართლოსათვის წინასწარ შეტყობინებად.
29. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოსათვის უდავოდ ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენა, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. აქ კანონმდებელი არ აკონკრეტებს, მხარის გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე საკუთარი თუ მხარის ინიციატივით გახდა ცნობილი, მთავარია, რომ სასამართლოს ეცნობა ამ მიზეზების თაობაზე, თანაც სასამართლო სხდომის გახსნის წინ. ასეც რომ არ ყოფილიყო და სასამართლოსათვის სხდომის შემდეგაც გამხდარიყო ცნობილი აღნიშნული ფაქტების თაობაზე, მას საჩივრის საფუძველზე მაინც უნდა გაეუქმებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რის საშუალებაც მას სსსკ–ის 241-ე მუხლის ის დანაწესი აძლევდა, სადაც მითითებულია: „ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის“.
30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
31. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
32. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის განხილვის საგანია, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი.
33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
34. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელსაც საქმის განხილვის თარიღი კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც აცნობა სასამართლოს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე. სასამართლოში მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს, რასაც შედეგად მოჰყვება მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამასთან, თუ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, სასამართლოს შეუძლია, სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, დამატებითი გამოკვლევის გარეშე, მიიჩნიოს დამტკიცებულად. სასამართლო სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების შემდეგ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს, თუ ჩათვლის, რომ აპელანტის მოთხოვნა საჩივარში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს იურიდიულად შეესაბამება.
35. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე – დ. ჯ.-ის წარმომადგენელი რ. რ.-ე (რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში ს.ფ. 36-ზე წარმოდგენილი რწმუნებულებით) კანონის მოთხოვნათა დაცვით გაფრთხილებული იყო 2015 წლის 17 ივნისის სასამართლო სხდომის თაობაზე.
36. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის ძალით, სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარებულად მიჩნევისათვის საკმარისია, რომ იგი ჩაბარდეს მის წარმომადგენელს.
37. ამდენად, რ.რ.-ისათვის საქმის განხილვის დროის შეტყობინება თავად მხარის გაფრთხილებას უთანაბრდება.
38. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ წარმომადგენელს ჩაბარდა მხოლო სასამართლო გზავნილი შესაგებლის წარდგენასთან დაკავშირებით და კონვერტი სასამართლო უწყებას არ შეიცავდა.
39. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა მხარის მიერ წარმოდგენილი საფოსტო კონვერტის წინა გვერდზე, რომელზეც დაფიქსირებულია, რომ კონვერტში განთავსებული იყო როგორც შესაგებელი, ასევე უწყება (ს.ფ 347 ). ამავდროულად, საკუთარი არგუმენტის სისწორე კასატორმა რაიმე მტკიცებულებაზე დაყრდნობით სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, რაც სსსკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე მის ვალდებულებას წარმოადგენდა.
40. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლო უწყება ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, გონივრული ვადით ადრე (2015 წლის 8 ივნისს), მხარე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა, თავისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს არ აცნობა და ვერც აღნიშნულის საპატიო მიზეზის არსებობა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა.
41. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარის წარმომადგენლის მითითებას, რომ იგი პროცესზე ვერ გამოცხადდა ქ.თბილისში 2015 წლის 13-17 ივნისს მომხდარი წყალდიდობისა და თბილისის ზოოპარკიდან მტაცებელი ცხოველების გაქცევის გამო.
42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული წყალდიდობის შემდგომ დღეებში გადაადგილება ქ.თბილისის ქუჩებში და, მით უფრო, თბილისის მიმდებარე რეგიონებში სავსებით შესაძლებელი იყო. იმ შემთხვევაშიც, თუ საკასაციო სასამართლო გაიზიარებს მხარის მითითებას მტაცებელი ცხოველებისაგან მომდინარე საფრთხის თაობაზე ქვეყნის დედაქალაქში (სადაც, მხარის თქმით, 2015 წლის 17 ივნისს მოხდა ვეფხვის თავდასხმა მოსახლეობაზე), აღნიშნული ვერანაირად ვერ ჩაითვლება მხარის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, როდესაც, საკუთარი განმარტებითვე, რ.რ.-ე იმყოფებოდა არა თბილისში, არამედ დ.-ის რაიონში, ა.-ში.
43. ასევე, გაუგებარია, რამ შეუშალა ხელი თავად მხარეს ან მის წარმომადგენელს, სასამართლო სხდომამდე სულ ცოტა ერთი დღით ადრე მაინც შეეტყობინებინა სასამართლოსათვის თავისი გამოუცხადებლობის შესახებ.
44. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
45. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ისევე, როგორც განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 22 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი