საქმე № 080210014660172
საქმე №ას-953-903-2015 27 აპრილი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – დ. ჯ.-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. დ.-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნება, მკურნალობისა და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, მ. დ.-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო დ. ჯ.-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას.
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ. დ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ჯ.-ის (შემდგომში – მოპასუხე, საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა 13426 ლარის დაკისრება, საიდანაც 10 000 ლარი უძრავი ნივთის სარემონტო სამუშაოების ღირებულებაა, 476.14 ლარი – მკურნალობის, 300 ლარი – მედიკამენტის საფასური, 150 ლარი დაკრძალვის, ხოლო 2500 ლარი – ქელეხის ხარჯი.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 3 მარტიდან იმყოფებოდა მოპასუხის ძმა გ. ჯ.-თან არარეგისტრირებულ, საეკლესიო ქორწინებაში და ეწეოდნენ საერთო მეურნეობას. ისინი ცხოვრობდნენ მოსარჩელის მეუღლის კუთვნილ ქ.თბილისში, მე-.. კვარტლის №- კორპუსის №-- ბინაში, რომელიც მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული გარდაცვლილი დედისგან.
3. მიმდინარე წლის 17 თებერვალს გ. ჯ.-ი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მეუღლეები არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, შესაბამისად, მემკვიდრეობა მიიღო მამკვიდრებლის ძმამ – მოპასუხემ.
4. მოსარჩელის მითითებით, არარეგისტრირებული ქორწინების მანძილზე მან გასწია მნიშვნელოვანი ხარჯი და ზემოაღნიშნული უძრავი ქონება გაარემონტა. მანვე გადაიხადა მეუღლის მკურნალობისა და სხვა ხარჯები. ვინაიდან მხარემ მეუღლის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან მემკვიდრეობა ვერ მიიღო, მიიჩნია, რომ მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელით მოთხოვილი თანხა.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე გარკვეული პერიოდით იმყოფებოდა ფაქტობრივ თანაცხოვრებაში გ. ჯ.-თან, თუმცა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. ერთად ყოფნისას ისინი ცხოვრობდნენ არა მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე, არამედ ქ.ქუთაისში, ნ.-ს ქ.№-ში, რომელიც მოსარჩელემ შეიძინა გ. ჯ.-თან თანაცხოვრების პერიოდში.
6. გ. ჯ.-ის სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით და ვადაში მიღებულ იქნა მეორე რიგის მემკვიდრის – მოპასუხის მიერ, რაზეც გაიცა სამკვიდრო მოწმობა. შესაბამისად, რაიმე სახის უფლების აღდგენაზე საუბარი შეუსაბამოა. მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მკურნალობის ხარჯი გასწია მისმა დეიდაშვილმა. მანვე გაიღო ქელეხის ხარჯი – 2100 ლარი, სარიტუალო მომსახურების საფასური – 150 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2500 ლარის გადახდა, რაც ნაწილობრივ ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 11402 ლარის გადახდა.
9. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხის წარმომადგენელმა შეიტანა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
განცხადების მოთხოვნა და საფუძვლები:
10. 2015 წლის 9 ივლისს მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა, კერძოდ, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების ნაცვლად, მოპასუხეს აეკრძალოს მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების რეალიზაცია.
11. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალებაა, თუმცა ყადაღის გამოყენების გარეშეც შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება. ყადაღა მოიცავს უძრავი ქონების არა მარტო გაყიდვის აკრძალვას, არამედ მისი გაქირავების, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთვის აკრძალვასაც.
12. სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მოპასუხე შეძლებს სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით და დაუყოვნებლივ აღსრულებას უძრავი ქონების დროულად გაქირავების გზით, თუნდაც 2 წლის ქირით (თვეში 280 აშშ დოლარი, სულ – 6720 აშშ დოლარი, რაც უდრის 15052 ლარს). აღნიშნულით აცილებული იქნება მისი იძულებითი რეალიზაცია.
13. იმისათვის, რომ მხარეს მიეცეს ქონების გაქირავების შესაძლებლობა, აუცილებელია, ყადაღის ნაცვლად, გამოყენებულ იქნეს უძრავი ქონების რეალიზაციის აკრძალვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია მხარეთა სააპელაციო საჩივრები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებაზე.
16. სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა მოპასუხის მიმართ შეადგენდა 13426 ლარს, რომლის უზრუნველსაყოფად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ყადაღა დაედო მოპასუხის უძრავ ქონებას.
17. სააპელაციო პალატამ განმარტა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების უფლება განმცხადებელს ენიჭება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ასევე უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
18. მითითებული ნორმის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებაა, მოპასუხისათვის რაიმე უფლების, ქმედების განხორცილების ან შესრულების დავალდებულების შეზღუდვის გზით. სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველია ამ სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გართულება ან ასეთი აღსრულების შეუძლებლობა.
19. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული მოქმედებები პირდაპირ უკავშირდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს და მხარეთა მატერიალურ უფლებებს, შესაბამისად, მასთან დაკავშირებული რისკი მომეტებულია, რის გამოც სასამართლოსგან საკითხის მაქსიმალურად სწრაფი და სწორი გადაწყვეტისათვის სპეციფიკური და განსაკუთრებული საკანონმდებლო დანაწესებია გათვალისწინებული.
20. სსსკ-ის 196-ე მუხლის, 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო დარწმუნდა სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობაში და გამოიყენა კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიება – უძრავ ქონებაზე ყადაღა, რაც მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა.
21. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631 მუხლის თანახმად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვის გამოცხადებას.
22. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა (მოპასუხემ) მოითხოვა 2014 წლის 18 ნოემბრის განჩინებით უზრუნველყოფის ღონისძიების სახით უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღის ნაცვლად, უძრავი ქონების რეალიზაციის აკრძალვა.
23. სააპელაციო პალატის განმარტებით, თუკი შეიცვლება უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და, უძრავ ქონებაზე ყადაღის ნაცვლად, მოპასუხეს აეკრძალება მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების რეალიზაცია, ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს შესაძლებლობა მიეცემა, მისი კუთვნილი უძრავი ქონება დატვირთოს იპოთეკით და სანივთო უფლების მიმღები პირის (იპოთეკარის) უპირატესობის გათვალისწინებით, გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება მოცემულ საქმეზე თანხის დაკისრების თაობაზე სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
24. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საჩივარი შემდეგი დასაბუთებით:
25. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ მოსარჩელის სასარგებლოდ არასწორად განმარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები, არასწორად გაანაწილა მხარეთა საპროცესო უფლება-მოვალეობები, გაუმართლებლად დიდი ქონებრივი ზიანის რისკის წინაშე დააყენა მოპასუხე მხარე. მართალია, ამჟამად საჩივრის ავტორს გააჩნია შემოსავლის მხოლოდ ერთი წყარო – პენსია 150 ლარის ოდენობით, მაგრამ თუკი სასამართლო მის კუთვნილ ქონებას გაათავისუფლებს ყადაღისაგან, წარმოეშობა დამატებითი შემოსავალი უძრავი ქონების გაქირავებით მიღებული ყოველთვიურად 280 აშშ დოლარი.
26. ამასთან, მხარემ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება სარჩელის საფუძვლიანობიდან გამომდინარე, თუ რამდენად დიდია შანსი სარჩელის დაკმაყოფილებისა. ეჭვგარეშეა, ბინის რემონტის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში სარჩელი მთლიანად დაუსაბუთებელია.
27. მოპასუხის მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა შუამდგომლობაზე დართული ე.წ. „შეთანხმების“ თაობაზე, რომ იგი შეიცავდა მხოლოდ ბინის გაყიდვის შესაძლებლობას, არადა ამ გარიგების ორ გვერდზე მეტი დათმობილი აქვს სწორედ ბინის ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელების შესაძლებლობებსა და პირობებზე, ასევე დავალიანების გადახდის დროსა და წესზე მსჯელობას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
28. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმესთან ერთად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
29. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება და დამატებით აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება აღსრულება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე.
30. კანონიერ ძალაშია შესული სასამართლოს განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ადასტურებს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხე.
31. მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხის მის სასარგებლოდ დაეკისრა 2500 ლარის, ასევე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 75 ლარისა და ადვოკატის ხარჯის – 437.04 ლარის, სულ – 3012,04 ლარის ანაზღაურება. მითითებულ გადაწყვეტილებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივრით მოპასუხემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შეცვლის თაობაზე, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლით. მითითებული ნორმის თანახმად, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა.
32. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე.
33. დასახელებული ნორმა ადგენს საპროცესო სუბიექტთა უფლებას, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიმართონ სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვონ უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების შეცვლა სხვა ღონისძიებით.
34. უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზეა დასაშვები, რადგან სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებიდან გამომდინარე, კანონმდებელი გონივრულად ვარაუდობს, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო უარყოფითი შედეგები დასაშვებია, გამოვლინდეს საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე, ამასთან, სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის მსგავსად, მხარე თავად წყვეტს, თუ როდის მოითხოვოს აღნიშნული ცვლილების განხორციელება სასამართლოს მიერ და, მიუხედავად იმისა, ადგება თუ არა მას ზიანი უზრუნველყოფის თავდაპირველი ღონისძიების დაწესების ეტაპზევე, მას ამ ღონისძიების შეცვლის მოთხოვნის უფლება ენიჭება საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის.
35. სასამართლო იმ შემთხვევაში დააკმაყოფილებს უზრუნველყოფის შეცვლის თაობაზე მოთხოვნას, თუკი ახალი ღონისძიება სრულად უზრუნველყოფს დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის აღსრულებას.
36. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მ. დ.-ის სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით – სრულად, თუმცა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების არარსებობის შემთხვევაშიც, თუნდაც მხოლოდ ნაწილობრივ იყოს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებული, გაუმართლებელია მოპასუხის მიერ შეთავაზებული ღონისძიება, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების ნაცვლად, ყადაღა დაედოს მის საპენსიო ანგარიშს, ვინაიდან ასეთი ღონისძიებით შესაძლოა, საერთოდ ვერ მოხდება ან გართულდეს დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის აღსრულება.
37. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მას მიადგება ზიანი, შესაბამისად, საჩივრის არგუმენტი უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენებასთან დაკავშირებით გაზიარებული ვერ იქნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
38. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
40. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
41. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
42. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
43. ამავე კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა.
44. მითითებული ნორმით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოიყენება ისეთ დროს, როდესაც მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს, რომ ამგვარი ცვლილების განხორციელებით საშიშროება არ დაემუქრება არც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და არც მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს.
45. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელის განცხადება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას.
46. 2015 წლის 9 ივლისს მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა, კერძოდ, მოითხოვა, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების ნაცვლად, მოპასუხეს აეკრძალოს მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების რეალიზაცია.
47. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სადავო გარემოებათა მტკიცების გარკვეულ სტანდარტს, კერძოდ, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ძალით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
48. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის უკვე გამოყენებული ღონისძიების შეცვლით სამომავლოდ მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მის აღსრულებას საშიშროება არ შეექმნება, თუმცა მხარეს აღნიშნული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებია.
49. სრულიად დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ უძრავ ქონებაზე ყადაღის ნაცვლად, მოპასუხისათვის მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების რეალიზაციის აკრძალვის შემთხვევაში მოპასუხეს შესაძლებლობა მიეცემა, მისი კუთვნილი უძრავი ქონება დატვირთოს იპოთეკით და სანივთო უფლების მიმღები პირის (იპოთეკარის) უპირატესობის გათვალისწინებით, გაძნელდება ან სრულიად შეუძლებელი გახდება მოცემულ საქმეზე თანხის დაკისრების თაობაზე სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
50. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლით ადეკვატურად იქნება დაცული ორივე მხარის ინტერესი.
51. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოა მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ჯ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისისა და 22 ივლისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე