საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-3566-შ-78-2015 29 დეკემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: მზია თოდუა,
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს "რ-ი"
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "F..."
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის კემეროვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება N ა27-18246/2013
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „რ-ისა“ (შემდეგში შუამდგომლობის ავტორი ან გამყიდველი) და შპს „F..“- ს (შემდეგში მოწინააღმდეგე მხარე ან მყიდველი) გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, მყიდველისათვის გადაეცა საქონელი, ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებული იყო, მიეღო იგი და გადაეხადა საფასური.
2. მყიდველმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა მიღებული საქონლის საფასურის გადახდაზე, რაც საფუძვლად დაედო გამყიდველის მიმართვას საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მყიდველის წინააღმდეგ. სარკინიგზო ზედნადებებით დადასტურებულია, რომ გამყიდველმა მყიდველს 141 555,2 ევროს ღირებულების საქონელი მიაწოდა. მყიდველს მიღებული საქონლის სრული ღირებულება არ გადაუხდია და დავალიანებამ შეადგინა 32 989 ევრო.
3. რუსეთის ფედერაციის კემეროვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე N ა 27-18246.2013), მყიდველს დაეკისრა წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული დავალიანების - 32 989 ევროს გადახდა გამყიდველის სასარგებლოდ. ასევე, პირგასამტეხლოს გადახდა, მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 9.2.1. ქვეპუნქტის მიხედვით, შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ. ხელშეკრულების მიხედვით, თანხის გადახდის ვადის დაგვიანებისათვის, პირგასამტეხლო შეადგენს, 0,01 %-ს თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც იანგარიშება გადასახდელი დაგვიანებული დავალიანებიდან, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2 %-ს. შესაბამისად, 2012 წლის 6 აგვისტოდან 2013 წლის 6 დეკემბრამდე, დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 1606, 56 ევრო, რაც დაეკისრა მყიდველს. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისრა 28 572, 02 რუბლის გადახდა.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2015 წლის 1 ოქტომბერს # 7490 წერილით (რეგისტრირებულია 30.09.2015) მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადგინა შპს "რ-ის" შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის კემეროვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის N ა 27-18246/2013 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.
5. შუამდგომლობაზე დართული ცნობებით დასტურდება, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2014 წლის 17 ივნისს და იგი არ არის აღსრულებული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად. ამავე განჩინებით, შუამდგომლობა თანდართული მასალებით 16 ოქტომბერს, ხოლო 3 ნოემბერს - განმეორებით, გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს საკუთარი მოსაზრების გამოთქმისა და, ზეპირი განხილვით, საქმის მოსმენის მოთხოვნის შესაძლებლობის შეტყობინების მიზნით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 70-78-ე მუხლები). მას ორივე შემთხვევაში არ ჩაჰბარდა სასამართლოს გზავნილი იმ მიზეზით, რომ ადრესატის მისამართი არასწორი იყო.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაშია მითითებული, მოდავე მხარეები სათანადო წესით იყვნენ ინფორმირებული საქმის განხილვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა, ისინი არ გამოცხადებულან, ამდენად, მათი გადაწყვეტილება მათი მონაწილეობის გარეშეა მიღებული.
8. საქმის მასალებში არ მოიპოვება მოწინააღმდეგე მხარის რაიმე ალტერნატიული მისამართი, რომელზეც საკასაციო სასამართლო უზრუნველყოფდა მისთვის შუამდგომლობისა და მასალების გაგზავნას. საკასაციო სასამართლომ 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, მოწინააღმდეგე მხარისათვის გაავრცელა საჯარო შეტყობინება, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით, საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობის თაობაზე; მოწინააღმდეგე მხარეს, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით განესაზღვრა ვადა, საკასაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარებისა და მოსაზრებების გამოსათქმელად.
9. მე-8 პუნქტში მითითებული განჩინება 27 ნოემბერს განთავსდა საკასაციო სასამართლოს ვებ-გვერდზე, მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება სასამართლოსათვის უცნობია, თუმცა, საჯარო შეტყობინების გავრცელებიდან, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მოწინააღმდეგე მხარისათვის შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება (სსსკ-ის 78-ე მუხლი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „რ-ის“ შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის კემეროვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების N ა 27-18246/2013 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მხარეები კანონით დადგენილი წესით იყვნენ ინფორმირებული საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის განხილვის შესახებ (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი);
12. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას ითხოვს შუამდგომლობის ავტორი, შესულია კანონიერ ძალაში და არ არის აღსრულებული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი);
13. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ყველა შესაძლებლობა გამოიყენა მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირებისათვის მის მიმართ წარმოდგენილი შუამდგომლობის თაობაზე (იხ. ამ განჩინების მე-6, მე-8, მე-9 პუნქტები);
14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
15. მოხმობილი ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
16. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70 - ე მუხლის საფუძველზე, წარმოდგენილ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, ამავე კანონის 71-ე მუხლის თანახმად, დაცულია 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე, 69-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "რ-ის" შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს რუსეთის ფედერაციის კემეროვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება N ა27-18246/2013, რომლითაც შპს "F..."-ს შპს "რ-ის" სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი თანხის 32 989 ევროსა და პირგასამტეხლოს 1 606.56 ევროს გადახდა; შპს "F..."-ს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 28 572.02 რუბლის გადახდა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე