Facebook Twitter

დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი

საქმე № 330210014512692

საქმე №ას-1041-981-2015 28 აპრილი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „თ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს დაკისრებოდა 253 061.78 ლარის, 2011 წლის 19 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 253 061.78 ლარის 0.93%-ისა და ზიანის – 27 860 ლარის გადახდა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „თ.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 62 860.88 ლარის, 2011 წლის 19 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად დავალიანების ძირითადი თანხის – 62 860.88 ლარის 0.5%-ისა (წლიური 6%) და ზიანის სახით 25 144.35 ლარის გადახდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში – მოპასუხემ, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სს „თ.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 253 061.78 ლარის, 2011 წლის 19 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე აღნიშნული თანხის წლიური 9%-ის გადახდა, არ დაკმაყოფილდეს სს „თ.-“ის სასარჩელო მოთხოვნა სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის“ 27 860 ლარის დაკისრების ნაწილში.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ წარმომადგენელმა მ. ხ.-ემ, წარმოადგინა მორიგების აქტი და მოითხოვა მხარეთა შორის მორიგების დამტკიცება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება და კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

12. მითითებული ნორმით კანონმდებელი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ ძირითადი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, რომლითაც მოწესრიგდება სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებული, გადაუწყვეტავი საკითხები.

13. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, რასაც წინ უძღოდა კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 8000 ლარის გადახდა.

14. საკასაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებამდე პალატას განცხადებით მიმართა სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ წარმომადგენელმა მარიამ ხაჭაპურიძემ, წარმოადგინა მორიგების აქტი და მოითხოვა მხარეთა შორის მორიგების დამტკიცება.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებული საკითხი არ გადაწყვეტილა და არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი წინაპირობა, კერძოდ, მხარეთა შორის მორიგების მიღწევის საფუძველზე კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 15 სექტემბერს №.. საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 8000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 261-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინებაზე მიღებულ იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება.

2. სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 15 სექტემბერს №04995 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 8000 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური