საქმე № 330210014618215
საქმე №ას-1053-993-2015 8 აპრილი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. და ნ. ს.-ები (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. დ., ნ. და ნ. ს.-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ნ.-ის“ მიმართ და მოითხოვეს დაკისრებული პირგსამატეხლოს შემცირება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელეთა განმარტებით, 2014 წლის 27 აგვისტოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით ნ. ს.-ს დაეკისრა 6087,6 აშშ დოლარის, ნ. ს.-ს კი, – 6087,6 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა. პირგასამტეხლოს მითითებული ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
მოპასუხის მოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებით. მოსარჩელეებმა დაარღვიეს გადახდის პირობები, შესაბამისად, სადავო თანხა მართებულად დაეკისრათ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, 2014 წლის 27 აგვისტოს ნოტარიუს ლ. გ.–ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში ნ. ს.-ის მიმართ განისაზღვრა 677.60 აშშ დოლარით, 2014 წლის 27 აგვისტოს ნოტარიუს ლ. გ.–ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად პირგასამტეხლოს ნაწილში ნ. ს.-ის მიმართ განისაზღვრა 677.60 აშშ დოლარით.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ნ., ნ. და დ. ს.-ების სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2014 წლის 27 აგვისტოს ნოტარიუს ლ. გ.–ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში ნ. ს.-ის მიმართ განისაზღვრა 1355 აშშ დოლარით, 2014 წლის 27 აგვისტოს ნოტარიუს ლ. გ.–ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად პირგასამტეხლოს ნაწილში ნ. ს.-ის მიმართ განისაზღვრა 1355 აშშ დოლარით შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ფაქტობრივი თვალსაზრისით არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, უდავოდ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
8. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებობს, 2014 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
9. 2014 წლის 27 აგვისტოს ნოტარიუს ლ. გ.–ის მიერ შპს „ნ.-ის“ მოთხოვნის საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა ნ. ს.-ის მიმართ შემდეგნაირად განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა – 26000 აშშ დოლარი, მიუღებელი სარგებელი – 752,22 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 6087,60 აშშ დოლარი.
10. 2014 წლის 27 აგვისტოს ნოტარიუს ლ. გ.-ის მიერ შპს „ნ.-ის“ მოთხოვნის საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა ნ. ს.-ის მიმართ განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა – 26000 აშშ დოლარი, მიუღებელი სარგებელი – 752,22 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 6087,60 აშშ დოლარი.
11. მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირგასამტეხლო – 6087.60 აშშ დოლარი მოიცავს 2014 წლის 10 ივნისიდან 2014 წლის 28 აგვისტომდე პერიოდს, სულ – 78 დღეს და შეადგენს ყოველდღიურად ძირითადი თანხის – 26 000 აშშ დოლარის 0.3%-ს.
12. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის მიხედვით, სადავოა სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 418-ე და 420-ე მუხლების გამოყენების მართებულობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას გადასინჯავს პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში.
13. სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, 2014 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 0.3%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
14. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.
15. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
16. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
17. ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლოს მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
18. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ხელშეკრულების საერთო თანხის, შესრულებული ვალდებულებისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, მართებულად ჩათვალა მოთხოვნილი პირგასამტეხლო – გადაუხდელი თანხის 0.3% შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობის შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
19. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.
20. მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორის ეკონომიკური ინტერესისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოვალის მიერ ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შევიდეს ცვლილება და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვროს 1355 აშშ დოლარით.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ნ. და ნ. ს.-ებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თითოეული კასატორისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს 677,4 აშშ დოლარით შემცირება.
22. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ საქართველოში ჩამოყალიბებული ფულად-საკრედიტო ურთიერთობიდან და სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა მერყეობდეს 0,033%-ის ფარგლებში, თვეში 1%-ის ოდენობით.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა დ. ს.-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, ხოლო 2016 წლის 1 აპრილის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა და დ. ს.-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება ნ. ს.-ი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
24. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. და ნ. ს.-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებობს, 2014 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
26. 2014 წლის 27 აგვისტოს ნოტარიუს ლ. გ.–ის მიერ შპს „ნ.-ის“ მოთხოვნის საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა ნ. ს.-ის მიმართ შემდეგნაირად განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა – 26000 აშშ დოლარი, მიუღებელი სარგებელი – 752,22 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 6087,60 აშშ დოლარი.
27. 2014 წლის 27 აგვისტოს ნოტარიუს ლ. გ.–ის მიერ შპს „ნ.-ის“ მოთხოვნის საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა ნ. ს.-ის მიმართ განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა – 26000 აშშ დოლარი, მიუღებელი სარგებელი – 752,22 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 6087,60 აშშ დოლარი.
28. მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირგასამტეხლო – 6087.60 აშშ დოლარი მოიცავს 2014 წლის 10 ივნისიდან 2014 წლის 28 აგვისტომდე პერიოდს, სულ – 78 დღეს და შეადგენს ყოველდღიურად ძირითადი თანხის – 26 000 აშშ დოლარის 0.3%-ს.
29. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე მოითხოვს, მისი აზრით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
32. სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია საკასაციო საჩივრის მითითება, რომ სააპელაციო პალატის მიერ ნ. და ნ. ს.-ებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობა აღემატება საქართველოში მიღებულ ფულად-საკრედიტო ურთიერთობებში პირგასამტეხლოს ოდენობას.
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
34. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
35. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
37. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
38. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
39. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
40. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014).
41. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
42. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
43. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა უკვე მოახდინა მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების უფლების რეალიზება.
44. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
47. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ. და ნ. ს.-ებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ი. ბ.-ას მიერ 2015 წლის 26 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. და ნ. ს.-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ნ. ს.-სა (პირადი №..) და ნ. ს.-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ი. ბ.-ას მიერ 2015 წლის 26 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური