საქმე №ას-1062-1002-2015 27 აპრილი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
2. თ.-ე, რ.კ.-ე, მ.მ.-ი, თ.მ.-ი, ნ.შ.-ე, ბ.შ.-ა, ნ.ხ.-ი, ა.ხ.-ი, კ.კ.-ე, შპს „გ.-ი“, შპს „ი.-ი“, შპს „რ.-ი“, შპს „ს.-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. თ.-ემ, რ.კ.-ემ, მ.მ.-მა, თ.მ.-მა, ნ.შ.-ემ, ბ.შ.-ამ, ნ.ხ.-მა, ა.ხ.-მა, კ.კ.-ემ, შპს „გ.-მა“, შპს „ი.-მა“, შპს „რ.-მა“ და შპს „ს.-ამ“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ (შემდგომში – მოპასუხე) ზიანის – 60 991 087 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის №...დადგენილებით რეგისტრირებულ იქნა თბილისის მერიისა და სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დაფუძნებული სს „თ.-ის საზოგადოება“. მისი ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდა თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 30 აგვისტოს №... დადგენილებით და ეწოდა სს „თ.-ი“. 1996 წელს ამერიკელი ინვესტორების თანამონაწილეობით სს „თ.-იმ“ დააფუძნა სამი საზოგადოება – სს „ო.-ი“, სს „თ. უ.-ა“ და სს „მ.პ.-ო“, რომლებსაც 2004 წლის რეორგანიზაციის შემდგომ ეწოდათ შპს „ჯ.ს.-ები“, შპს „ჯ.ე.ქ.-ა“, შპს „ჯ.ე.თ.-ა“.
3. საზოგადოების საწესდებო კაპიტალში განისაზღვრა შენატანები და წილები. უცხოელი პარტნიორის ვალდებულებას წარმოადგენდა ქართველი პარტნიორის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონების რეკონსტრუქცია-მშენებლობა მის მიერვე მოზიდული სახსრებით.
4. 2005 წლის 4 ნოემბერს ჩატარდა სს „თ.-ის“ აქციონერთა საერთო კრება, სადაც 50.1% წილის მფლობელის – თბილისის მერიის მიერ დანიშნულმა სამეთვალყურეო საბჭომ აქციონერების წინაშე დასვა შპს „ჯ.ს.-ს“, შპს „ჯ.ე.ქ.-ის“ და შპს „ჯ.ე.თ.-ის“ საწესდებო კაპიტალში სს „თ.-ის“ კუთვნილი წილების მერიისათვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი. მერიამ ისარგებლა დომინანტური მდგომარეობით, მიიღო სასურველი გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც გაფორმდა წილების უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულებები.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 4 ნოემბრის კრების ოქმი და წილის უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულებები, თუმცა მერიამ დავის პროცესში წილები გაასხვისა.
6. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია, შესაბამისად, მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს არ ამოუწურავს ყველა ის საშუალება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა მიჩნეულ იქნეს შეუძლებლად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის განჩინებით საქმის წარმოება სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა სს „თ.-ის“ სარჩელის გამო ქ.თბილისის მერიის მიმართ №... სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
11. თ.-ემ, რ.კ.-ემ, მ.მ.-მა, თ.მ.-მა, ნ.შ.-ემ, ბ.შ.-ამ, ნ.ხ.-მა, ა.ხ.-მა, კ.კ.-ემ, შპს „გ.-მა“, შპს „ი.-მა“, შპს „რ.-მა“, შპს „ს.-ამ“ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქ.თბილისის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს მოპასუხისათვის 34 852 050 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
12. სასამართლოს წარმოებაშია №... სამოქალაქო საქმე – სს „თ.ს.-ის“ სარჩელის გამო ქ.თბილისის მერიის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ. ამასთან, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სს „თ.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ქ.თბილისის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 339 000 აშშ დოლარის გადახდა.
13. მოსარჩელეები – თ.-ე, რ.კ.-ე, მ.მ.-ი, თ.მ.-ი, ნ.შ.-ე, ბ.შ.-ა, ნ.ხ.-ი, ა.ხ.-ი, კ.კ.-ე, შპს „გ.-ი“, შპს „ი.-ი“, შპს „რ.-ი“, შპს „ს.-ა“ არიან სს „თ.-ის“ აქციონერები.
14. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სს „თ.-ის“ მიერ აღძრულ სარჩელშიც და მოცემულ სარჩელშიც ფაქტობრივი საფუძველი და მოთხოვნები იდენტურია.
15. თ.-ის, რ.კ.-ის, მ.მ.-ის, თ.მ.-ის, ნ.შ.-ის, ბ.შ.-ას, ნ.ხ.-ის, ა.ხ.-ის, კ.კ.-ის, შპს „გ.-ის“, შპს „ი.-ის“,შპს „რ.-ის“, შპს „ს.-ის“ სარჩელის მიხედვით:
16. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის №... დადგენილებით რეგისტრირებულ იქნა თბილისის მერიისა და სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დაფუძნებული სს „თ.-ის საზოგადოება“. მისი ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდა თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 30 აგვისტოს №... დადგენილებით და ეწოდა სს „თ.-ი“. 1996 წელს ამერიკელი ინვესტორების თანამონაწილეობით სს „თ.-იმ“ დააფუძნა სამი საზოგადოება – სს „ო.-ი“, სს „თ. უ.-ა“ და სს „მ.პ.-ო“, რომლებსაც 2004 წლის რეორგანიზაციის შემდგომ ეწოდათ შპს „ჯ.ს.-ები“, შპს „ჯ.ე.ქ.-ა“, შპს „ჯ.ე.თ.-ა“.
17. საზოგადოების საწესდებო კაპიტალში განისაზღვრა შენატანები და წილები. უცხოელი პარტნიორის ვალდებულებას წარმოადგენდა ქართველი პარტნიორის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონების რეკონსტრუქცია-მშენებლობა მის მიერვე მოზიდული სახსრებით.
18. 2005 წლის 4 ნოემბერს ჩატარდა სს „თ.-ის“ აქციონერთა საერთო კრება, სადაც 50.1% წილის მფლობელის – თბილისის მერიის მიერ დანიშნულმა სამეთვალყურეო საბჭომ აქციონერების წინაშე დასვა შპს „ჯ.ს.-ს“, შპს „ჯ.ე.ქ.-ის“ და შპს „ჯ.ე.თ.-ის“ საწესდებო კაპიტალში სს „თ.-ის“ კუთვნილი წილების მერიისათვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი. მერიამ ისარგებლა დომინანტური მდგომარეობით, მიიღო სასურველი გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც გაფორმდა წილების უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულებები.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 4 ნოემბრის კრების ოქმი და წილის უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულებები, თუმცა მერიამ დავის პროცესში წილები გაასხვისა.
20. იმის გამო, რომ თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი იყო, მოსარჩელეებმა თბილისის მერიისგან მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება.
21. სს „თ.-ის“ სარჩელის მიხედვით:
22. სს „თ.-ი“ 2005 წლამდე ფლობდა შპს „ჯ.ე.ქ.-ის“ 35%-იან წილს, შპს „ჯ.ე.ს.-ების“ 35%-იან წილს და შპს „ჯ.ე.თ.-ის“ 40%-იან წილს. თავის მხრივ, ქ.თბილისის მერია ამავე პერიოდში იყო სს „თ.-ის“ 50.1%-იანი წილის აქციათა პაკეტის მფლობელი.
23. 2005 წლის 4 ნოემბერს, სს „თ.-ის“ აქციონერთა კრებაზე, მხოლოდ ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზემოხსენებულ საწარმოებში სს „თ.-ის“ კუთვნილი წილების უსასყიდლოდ, თავად მოპასუხისათვის გადაცემის თაობაზე. 2005 წლის 30 დეკემბერს ზემოხსენებულ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ქ.თბილისის მერიასა და სს „თ.-ის“ შორის გაფორმდა წილის უსასყიდლოდ დათმობის შესახებ №..., №... და №... ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ქ.თბილისის მერიამ უსასყიდლოდ საკუთრებაში მიიღო სს „თ.-ის“ კუთვნილი წილები შპს „ჯ.ე.ქ.-აში“, შპს „ჯ.ე.ს.-ებში“ და შპს „ჯ.ე.თ.-აში“.
24. 2008 წლის 30 დეკემბრის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით ქ.თბილისის მერიამ 1 000 000 აშშ დოლარად გაყიდა შპს „ჯ.ს.-ების“ 35%-იანი წილი, 2008 წლის 22 მაისს 4 351 000 აშშ დოლარად გაყიდა შპს „ჯ.ე.ქ.-ის“ 35%-იანი წილი, ხოლო 2009 წლის 10 თებერვალს 1 000 000 აშშ დოლარად გაყიდა შპს „ჯ.ე.თ.-ის“ 40%-იანი წილი.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სს „თ.-ის“ აქციონერთა კრების 2005 წლის 4 ნოემბრის ოქმი და ამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სს „თ.-ისა“ და ქ.თბილისის მერიას შორის ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ დადებული ხელშეკრულებები. სადავო წილები მოპასუხემ გაასხვისა მესამე პირებზე. აღნიშნული ქმედებით მან ქონებრივი ზიანი მიაყენა მოსარჩელეს, რაც გამოიხატა უკანონოდ და უსაფუძვლოდ ამ უკანასკნელის ქონების გასხვისებაში და ამ გასხვისებით მიღებული შემოსავლების მითვისებაში.
26. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სს „თ.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ქ.თბილისის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 339 000 აშშ დოლარის გადახდა.
27. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
28. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სს „თ.-ის“ მიერ აღძრულ სარჩელშიც და მოცემულ სარჩელშიც ფაქტობრივი საფუძველი და მოთხოვნები იდენტურია. ორივე შემთხვევაში მოსარჩელის ინტერესია დავის პროცესში წილის გასხვისების შედეგად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ქონებრივი დანაკლისის შევსება ფულადი კომპენსაციის მიღების გზით, ხოლო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ორივე შემთხვევაში არის „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი. ამდენად, ორივე შემთხვევაში წარმოდგენილია საზოგადოების დარღვეული უფლების დასაცავად აღძრული სარჩელი, ამასთან, სს „თ.-ის“ სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილება გავლენას იქონიებდა მოცემულ სარჩელზე მისაღებ გადაწყვეტილებაზე.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
29. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელე მხარემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:
30. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, რადგან არსებული გარემოებანი არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 279-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შემადგენლობას. სს „თ.-ი“ მოპასუხე ქ.თბილისის მერიისაგან მოითხოვს პარტნიორთა კრებაზე მის მიერვე თბილისის მერიისათვის უსასყიდლოდ გადაცემული წილების გასხვისების შედეგად მიყენებული ზიანის სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების (სსკ-ის 976-ე მუხლი) საფუძველზე ანაზღაურებას, ასევე, დივიდენდისა და მიუღებელი შემოსავლის თანხების მოპასუხისთვის დაკისრებას. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული სარჩელი სს „თ.-ის“ მიერ აღძრულია „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. კანონის ამ ნორმის მიხედვით, თუ სააქციო საზოგადოებამ არ განახორციელა თავისი მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, აქციონერს შეუძლია, საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ საკუთარი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. იგი მიიჩნევა სათანადო მოსარჩელედ, თუ საზოგადოება აქციონერის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში არ აღძრავს სარჩელს მესამე პირის წინააღმდეგ ან ვერ დაასაბუთებს, რომ ასეთი სარჩელის აღძვრა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს.
31. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სს „თ.-ის“ მიერ სარჩელი აღძრულია არა მესამე პირის, არამედ დომინანტი აქციონერის წინააღმდეგ, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ თურმანიძისა და სხვების სარჩელი აღნიშნული საფუძვლით არის აღძრული.
32. სს „თ.-ის“ სარჩელს თბილისის მერიის მიმართ საფუძვლად უდევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ბათილად იქნა ცნობილი სს „თ.-ის“ პარტნიორთა კრების 2012 წლის 4 ნოემბრის ოქმი ხსენებული საზოგადოების წილების თბილისის მერიისათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე და სს „თ.-ისა“ და თბილისის მერიას შორის გაფორმებული წილის უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულებები მაშინ, როდესაც აქციონერთა კრების ოქმისა და საზოგადოების წილების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართა არა სს „თ.-იმ“, არამედ აქციონერებმა – თ.-ემ, რ.კ.-ემ და სხვებმა, ხოლო სს „თ.-ი“ აღნიშნული დავის ფარგლებში თბილისის მერიასთან ერთად წარმოადგენდა მოპასუხეს, ანუ საკუთარი აქციონერების მოწინააღმდეგე მხარეს, რა დროსაც სრულად იზიარებდა თბილისის მერიის მოსაზრებებს და ახორციელებდა აქციონერებისათვის ზიანის მიმყენებელი დომინანტი პარტნიორის – თბილისის მერიის ნება-სურვილს და ინტერესებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პროცესის შედეგად, რომლის გამოყენებასაც სს „თ.-ი“ ზიანის ანაზღაურების მიზნებისათვის ცდილობს, მას არ წარმოშობია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი საფუძვლები და ასეთი მტკიცებულება არ მოეპოვება.
33. სს „თ.-ის“ სარჩელისგან განსხვავებით, თ.-ის, რ.კ.-ის და სხვათა სარჩელის სამართლებრივი საფუძველია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი, ამავე კანონის 53-ე მუხლის მე-4 პუნქტი, სსკ-ის 408-409-ე მუხლები.
34. სს „თ.-ის“ სარჩელზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერების შემმოწმებელი სააპელაციო სასამართლო, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა შესაძლო შედეგები შეიძლება დადგეს თურმანიძის, კონცელიძისა და სხვების საქმის განხილვისას, თბილისის მერიის სააპელაციო საჩივრის განხილვისას სს „თ.-ის“ სასარგებლოდ ვერ გამოიყენებს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებას, გააუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებას და სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უარს ეტყვის აქციონერების ხარჯზე უსაფუძვლო გამდიდრების მოსურნე სს „თ.-ის“ მისი უსაფუძვლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
35. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სს „თ.-ის“ სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენს თურმანიძის, კონცელიძისა და სხვების მიერ თბილისის მერიის მიმართ სხვა დამოუკიდებელი და სს „თ.-ის“ სარჩელის მოთხოვნებთან შემხებლობაში არმყოფი ფაქტობრივი საფუძვლით – მხოლოდ თავისი წილის პროპორციულ ნაწილში (36.9%) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების შედეგზე, მით უმეტეს, რომ თურმანიძის, კონცელიძისა და სხვების სარჩელი აღძრულია სრულიად სხვა სამართლებრივი საფუძვლებით.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
36. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოითხოვა მისი გაუქმების გზით საქმის წარმოების განახლება შემდეგი მოტივებით:
37. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ თ.-ის, რ.კ.-ის, მ.მ.-ის და სხვათა მიერ მოთხოვნილი თანხა მიღებული იყო არა წილების, არამედ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების შედეგად. იმ შემთხვევაში, თუ საუბარია წილების დაუბრუნებლობით მიყენებულ ზიანზე, მაშინ ზიანის ოდენობაც სწორედ წილების ღირებულების შეფასების შედეგად უნდა განისაზღვროს. წილის ღირებულების განსაზღვრა არსებითად განსხვავდება უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრისგან, შესაბამისად, ეს ღირებულება უძრავი ქონების ღირებულების პირდაპირპროპორციული არ არის.
38. მხარის მითითებით, აქციონერები არ წარმოადგენენ იმ სუბიექტებს, რომელთაც უფლება აქვთ, წარადგინონ მოთხოვნა წილის ღირებულებასთან დაკავშირებით, რადგან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57.2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქციონერებს არ შეიძლება მიეცეთ სხვა საზღაური, გარდა საზოგადოების დივიდენდისა. შესაბამისად, უსაფუძვლოა აქციონერების მიერ წილების გასხვისების შედეგად ზიანის მოთხოვნა, თუნდაც წილების ღირებულების ოდენობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
39. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
40. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების კანონიერება.
41. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების პროცესში შესაძლებელია, შეიქმნას იმგვარი ფაქტობრივი ვითარება, რომელთა არსებობის პირობებში შეუძლებელია ან არ არის მიზანშეწონილი დავის განხილვა და გადაწყვეტა.
43. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა გამოყოფს შემთხვევებს, როდესაც სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, საპროცესო კოდექსით პირდაპირ განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას და როცა სასამართლო არ არის ვალდებული, მაგრამ უფლებამოსილია, შეაჩეროს საქმის წარმოება.
44. საქმის წარმოების შეჩერების ფაკულტატური შემთხვევებისას სასამართლოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რომ ობიექტური შეფასების საფუძველზე, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ესა თუ ის საპროცესო ინსტიტუტი.
45. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო ხასიათი მდგომარეობს შემდეგში:
46. სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელია, პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე შეუძლებელი იყო მოცემული საქმის განხილვა.
47. ნორმატიული დათქმა – საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნების ლოგიკიდან, კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
48. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, ასევე, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – საპროცესო ეკონომიის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა.
49. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს საქმის განხილვა (სუსგ 9.10.2014წ. საქმე №ას-212-197-2014).
50. ამდენად, სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავის განხილვამდე საქმის წარმოების შეჩერება დაკავშირებულია მითითებულ საქმეზე გამოსაკვლევი იდენტური ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და არა ფაქტების სამართლებრივ შეფასებასთან.
51. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე თ.-ის, რ.კ.-ის, მ.მ.-ის, თ.მ.-ის, ნ.შ.-ის, ბ.შ.-ას, ნ.ხ.-ს, ა.ხ.-ის, კ.კ.-ის, შპს „გ.-ის“, შპს „ი.-ის“, შპს „რ.-ისა“ და შპს „ს.-ის“ სარჩელის გამო მოპასუხე ქ.თბილისის მერიის მიმართ 34 852 050 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების შესახებ.
52. სასამართლოს წარმოებაშია №... სამოქალაქო საქმე – სს „თ.ს.-ის“ სარჩელის გამო ქ.თბილისის მერიის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ. ამასთან, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სს „თ.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ქ.თბილისის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 339 000 აშშ დოლარის გადახდა.
53. მოსარჩელეები – თ.-ე, რ.კ.-ე, მ.მ.-ი, თ.მ.-ი, ნ.შ.-ე, ბ.შ.-ა, ნ.ხ.-ი, ა.ხ.-ი, კ.კ.-ე, შპს „გ.-ი“, შპს „ი.-ი“, შპს „რ.-ი“, შპს „ს.-ა“ არიან სს „თ.-ის“ აქციონერები.
54. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია და, კერძო საჩივრების ავტორთა მიერ შესაბამისი დასაბუთებული შედავების არარსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლოც იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მითითებულ დავებს გააჩნიათ საერთო ფაქტობრივი საფუძველი, კერძოდ, ორივე შემთხვევაში სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მხარეები უთითებენ, რომ სს „თ.-ი“ 2005 წლამდე ფლობდა შპს „ჯ.ე.ქ.-ის“ 35%-იან წილს, შპს „ჯ.ე.ს.-ების“ 35%-იან წილს და შპს „ჯ.ე.თ.-ის“ 40%-იან წილს. თავის მხრივ, ქ.თბილისის მერია ამავე პერიოდში იყო სს „თ.-ის“ 50.1%-იანი წილის აქციათა პაკეტის მფლობელი.
55. 2005 წლის 4 ნოემბერს, სს „თ.-ის“ აქციონერთა კრებაზე, მხოლოდ ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზემოხსენებულ საწარმოებში სს „თ.-ის“ კუთვნილი წილების უსასყიდლოდ, თავად მოპასუხისათვის გადაცემის თაობაზე. 2005 წლის 30 დეკემბერს ზემოხსენებულ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ქ.თბილისის მერიასა და სს „თ.-ის“ შორის გაფორმდა წილის უსასყიდლოდ დათმობის შესახებ №..., №... და №... ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ქ.თბილისის მერიამ უსასყიდლოდ საკუთრებაში მიიღო სს „თ.-ის“ კუთვნილი წილები შპს „ჯ.ე.ქ.-აში“, შპს „ჯ.ე.ს.-ებში“ და შპს „ჯ.ე.თ.-აში“.
56. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სს „თ.-ის“ აქციონერთა კრების 2005 წლის 4 ნოემბრის ოქმი და ამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სს „თ.-ისა“ და ქ.თბილისის მერიას შორის ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ დადებული ხელშეკრულებები. სადავო წილები მოპასუხემ გაასხვისა მესამე პირებზე.
57. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით ორივე სადავო შემთხვევაში მხარეებმა მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება.
58. მოსარჩელეთა მოთხოვნების საფუძვლიანობის შემოწმებისათვისა და სადავო ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის, უპირველესად, სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტები. შესაბამისად, სს თ.-ის“ სარჩელის გამო, სამოქალაქო დავაზე დადგენილმა გარემოებებმა შესაძლოა, სამართლებრივად მნიშვნელოვანი ძალა შეიძინოს მოცემული საქმის მიმართ, რაც ამართლებს სააპელაციო პალატის მიერ წინამდებარე საქმეზე წარმოების შეჩერებას.
59. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, სააპელაციო პალატის მსჯელობა დასაბუთებულია და მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობების არსებობა კერძო საჩივრებით დასაბუთებული არ არის.
60. წარმოდგენილი კერძო საჩივრების არგუმენტების საპასუხოდ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა პრეტენზიები ძირითადად ეფუძნება აქციონერთა და სს „თ.-ის“ სარჩელებს შორის განსხვავებულ სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებას (აქციონერთა კერძო საჩივრის მიხედვით: სს „თ.-ი“ მოპასუხე ქ.თბილისის მერიისაგან მოითხოვს პარტნიორთა კრებაზე მის მიერვე თბილისის მერიისათვის უსასყიდლოდ გადაცემული წილების გასხვისების შედეგად მიყენებული ზიანის სამოქალაქო კოდექსის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების (სსკ-ის 976-ე მუხლი) საფუძველზე ანაზღაურებას, ასევე, დივიდენდისა და მიუღებელი შემოსავლის თანხების მოპასუხისთვის დაკისრებას; სს „თ.-ის“ მიერ სარჩელი აღძრულია არა მესამე პირის, არამედ დომინანტი აქციონერის წინააღმდეგ, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ თურმანიძისა და სხვების სარჩელი აღნიშნული საფუძვლით არის აღძრული; სს „თ.-ის“ სარჩელისგან განსხვავებით, თ.-ის, რ.კ.-ის და სხვათა სარჩელის სამართლებრივი საფუძველია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი, ამავე კანონის 53-ე მუხლის მე-4 პუნქტი, სსკ-ის 408-409-ე მუხლები), დასაბუთებას, რის გამო ვერ დაკმაყოფილდება ესა თუ ის სარჩელი, რატომაა გაუმართლებელი სარჩელის იურიდიულ საფუძვლად ამა თუ იმ კანონის ნორმაზე აპელირება (ქ.თბილისის მერიის კერძო საჩივრის თანახმად, აქციონერთა მოთხოვნილი თანხა მიღებული იყო არა წილების, არამედ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების შედეგად. აქციონერები არ წარმოადგენენ იმ სუბიექტებს, რომელთაც უფლება აქვთ, წარადგინონ მოთხოვნა წილის ღირებულებასთან დაკავშირებით, რადგან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57.2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქციონერებს არ შეიძლება მიეცეთ სხვა საზღაური, გარდა საზოგადოების დივიდენდისა).
61. ამდენად, არც ერთი მხარე არ ეხება განსახილველი სარჩელების იდენტურ ფაქტობრივ დასაბუთებას და კერძო საჩივრები არ შეიცავს სარწმუნო და დამაჯერებელ არგუმენტებს მითითებული კუთხით მაშინ, როცა სწორედ აღნიშნული საკითხია უმთავრესი საქმის წარმოების სადავო საფუძვლით შეჩერების კანონიერებაზე მსჯელობისას.
62. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნების სამართლებრივი კუთხით შეფასება საქმის განხილვის არსებულ ეტაპზე მოცემული ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს და აღნიშნული საკითხების გარკვევა დასახელებულ დავათა არსებითად განმხილველი სასამართლოების პრეროგატივას წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თ.-ის, რ.კ.-ის, მ.მ.-ის, თ.მ.-ის, ნ.შ.-ის, ბ.შ.-ას, ნ.ხ.-ის, ა.ხ.-ის, კ.კ.-ის, შპს „გ.-ის“, შპს „ი.-ის“, შპს „რ.-ისა“ და შპს „ს.-ის“ კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე