Facebook Twitter

საქმე №ას-700-670-2014 15 იანვარი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

პირველი კასატორი - შპს „ი-ი“ (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე)

მეორე კასატორი – შპს „გ-7“ (მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „გ-7“- სა (შემდგომში - შემკვეთი ან მეორე კასატორი) და შპს „ი-სა“ (შემდგომში - მენარდე, პირველი კონტრაქტორი ან კასატორი) და შპს „კ-ს“ (შემდეგში - მეორე კონტრაქტორი) შორის, 2010 წლის 05 იანვარს, ხელი მოეწერა ნარდობის ხელშეკრულებას (შემდეგში კონტრაქტი) [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ, 629-ე მუხლი; კონტრაქტი იხილეთ - ტ. 1, ს.ფ. 24-29].

2. კონტრაქტის მე-2 მუხლის თანახმად, შემკვეთმა დაიქირავა მენარდე ბათუმის საზღვრების ფარგლებში P2D1 და P2D2 ზონებში სამუშაოების შესასრულებლად, რაც დაკავშირებული იყო სუფთა წყლის მიწოდებასთან ძირითადი მარშრუტებისა და ქუჩებისათვის; წყალმზომის დაყენებასთან ყველა შენობაზე, კონტრაქტის დანართში წარმოდგენილი ნახაზებისა და ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით.

3. კონტრაქტის 4.1. პუნქტით ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 3 111 117 (სამი მილიონ ასთერთმეტი ათას ასჩვიდმეტი) ევროთი.

4. კონტრაქტის 4.2. პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთის ინიციატივით გაიზრდება ან შემცირდება სამუშაოს რაოდენობა, სამუშაოს ახალი ფასი გამოითვლება სამუშაოს რაოდენობის გამრავლებით ერთეულის ფასებზე. კონტრაქტის შემოთავაზებული ღირებულების შემცირება და გაზრდა არ უნდა აღემატებოდეს 10 %-ს.

5. კონტრაქტის 5.2 პუნქტით, სამუშაო არეალის რისკის პოლისი, ოფიციალური გადასახადები და ლიცენზიები, დღგ-ისა და იმპორტის გადასახადები, ვალდებულების გამოქვითვა საბოლოო ანგარიშსწორებისას, წარმოადგენს შემკვეთის პასუხისმგებლობას, ხოლო 5.3. პუნქტით, შემკვეთის მოვალეობა არის სამშენებლო მოედნისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისაგან გაცემული სამუშაოთა წარმოების ნებართვის უზრუნველყოფა.

6. კონტრაქტის 6.1. პუნქტით, მენარდეს სამუშაო არეალის მიღებიდან 545 კალენდარულ დღეში უნდა დაესრულებინა სამუშაოები, ხოლო 6.3. პუნქტის შესაბამისად, სამუშაოს დაგვიანებით ჩაბარებისათვის, მენარდე ვალდებულია, შემკვეთს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხადოს 320 (სამას ოცი) ევრო, რასაც შემკვეთი დაქვითავს საბოლოო გადასახადიდან.

7. მხარეების მიერ კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, შემკვეთს 100 000 (ასი ათასი) ევრო, ავანსის სახით, უნდა გადაერიცხა მენარდისათვის; ეს თანხა საჭირო იყო მობილიზაციისათვის, საჭირო მოწყობილობებისა და დანადგარებისთვის, მილების, სარქველების, წყალმზომი ყუთების გადამოწმებისთვის, ქვიშის მარაგისათვის და სხვ. (იხ. კონტრაქტის პ.7.1 - ტ.1., ს.ფ. 27).

8. ამავე კონტრაქტის 9.1. პუნქტით, მენარდე პასუხისმგებელი იყო წარმოებულ სამუშაოთა ხარისხზე, 11.1 პუნქტით - მენარდე ვალდებული იყო, სამუშაო შეესრულებინა კონტრაქტისა და დანართის მიხედვით, 11.2 პუნქტის საფუძველზე - დაექირავებინა ტექნიკური პერსონალი სამუშაოს შესასრულებლად და უზრუნველეყო მშენებლობისათვის საჭირო ტრანსპორტი.

9. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული კონტრაქტის მხარეთაგან, შემკვეთი და მენარდე (პირველი კონტრაქტორი) შეთანხმდნენ, ცვლილებები შეეტანათ 2010 წლის 5 იანვრის კონტრაქტში და იმავე წლის 30 ოქტომბერს ხელი მოაწერეს კონტრაქტს ცვლილებების შეტანის შესახებ, სადაც მეორე კონტრაქტორი არ მონაწილეობდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 34-35).

10. 30.10.2010წ. მხარეთა მიერ ხელმოწერილ კონტრაქტში შეტანილი ცვლილებები შეეხო კონტრაქტის ფასს და განისაზღვრა 3 111 110 ევროთი (პ. 4.1.), კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, 100 000 ევრო უნდა გადარიცხულიყო მენარდის ტრაპზონის ფილიალში, ავანსის სახით, მობილიზაციისათვის, საჭირო მოწყობილობებისა და დანადგარებისთვის, ქვიშის მარაგისათვის. საჭიროების შემთხვევაში, მუშათა ხელფასების შემუშავების, მიწის შესწავლისა და სხვ. (იხ. ცვლილებები კონტრაქტში - პ. 7.1, ტ.1., ს.ფ. 34-35).

11. 30.10.2010წ. შეთანხმებით კონტრაქტს დაემატა პუნქტი 7.3, რომლის თანახმად, მენარდემ აიღო ვალდებულება, სამუშაოების დაჩქარების მიზნით, შეეტანა ძირითადი მილები და მოწყობილობები საკუთარი ხარჯებით, დაახლოებით 100 000 – 150 000 ევროს ღირებულების, რასაც შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან გადაიხდიდა შემკვეთი; ასევე, კონტრაქტს დაემატა 12.2. პუნქტი: „ხელმომწერ მხარეებს აქვთ უფლება შეწყვიტონ კონტრაქტი, თუ რომელიმე მხარე დაარღვევს კონტრაქტის პირობებს, რაზედაც ინიციატორი შეატყობინებს მეორე მხარეს, კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვით ადრე. მხარე, რომლის მიზეზით ირღვევა ხელშკრულების პირობები, ჯარიმდება დარჩენილი სამუშაოების ღირებულების 10 %-ის ოდენობით“.

12. ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 2012 წლის 7 ნოემბერს, სარჩელი აღძრა მენარდემ და მოითხოვა, მის სასარგებლოდ, შემკვეთს დაჰკისრებოდა 266 605 (ორას სამოცდაექვსი ათას ექვსას ხუთი) ევროს გადახდა, ხოლო მიყენებული ზიანის სახით, 200 000 (ორასი ათასი) ევრო; ასევე, იმავე წლის 8 ნოემბერს მენარდემ განცხადებით მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, შემკვეთის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს განჩინებით და იმავე დღეს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ტ.1, ს.ფ. 242-245).

13. მენარდემ სასარჩელო მოთხოვნა დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: შემკვეთმა მოიგო ბათუმის წყალ-საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების საწარმოებლად გამოცხადებული ტენდერი, მასთან გაფორმდა ნარდობის ძირითადი ხელშეკრულება და ამ უკანასკნელმა 2010 წლის 5 იანვრის კონტრაქტით ქვეკონტრატორად აიყვანა მენარდე (მოსარჩელე), რომელიც შეუდგა საქმიანობას. შემკვეთმა კონტრაქტით შეთანხმებული პირობის დარღვევით, არა კონტრაქტის ხელმოწერისთანავე, არამედ 20 დღის დაგვიანებით, 2010 წლის 25 იანვარს ავანსად ჩაურიცხა მენარდეს შეთანხმებული 80 000 ევრო (ნაცვლად 100 000-ისა); შემდეგ 20 000 ევრო ჩაურიცხა 4 თებერვალს, 25 000 ევრო იმავე წლის 25 აპრილს. ამ დროისათვის მენარდეს უკვე გახარჯული ჰქონდა 291 508.59 ევრო.

14. პირველი უთანხმოება შემკვეთსა და მენარდეს შორის მოხდა, კონტრაქტში ცვლილებების (იხ. ამ განჩინების მე-9 პუნქტი) შეტანამდე, 2010 წლის მაისში, რის შემდეგაც მენარდემ შეწყვიტა სამუშაოების წარმოება. 2010 წლის ოქტომბერში შემკვეთი იძულებული გახდა ისევ დაკავშირებოდა მენარდეს, ამ უკანასკნელმა კვლავ გააგრძელა სამუშაოები, რასაც ძირითადად საკუთარი ხარჯით ასრულებდა. 2011 წლის მაის-ივნისის თვეში, მენარდე კვლავ იძულებული შეიქნა, შეეჩერებინა სამუშაოები. მან 2011 წლის 25 მაისს წერილობით აცნობა შემკვეთს, რომ შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, იდგა ორი პირობის წინაშე და მოითხოვა ერთ-ერთზე შეთანხმება: 1) თუ შემკვეთი დაფარავდა ავანსად გადასახდელ თანხას და ასევე გაწეულ ხარჯებს, შესაბამისად, მენარდე გააგრძელებდა სამუშაოებს; 2) თუ შემკვეთი თავად გააგრძელებდა სამუშაოებს, მაშინ მენარდისათვის უნდა აენაზღაურებინა უკვე გაწეული ხარჯები. მიუხედავად იმისა, რომ შემკვეთმა აირჩია მეორე პირობა, გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურებია მენარდისათვის, რაც მისივე განმარტებით, 266 605 ევროს შეადგენს, ხოლო შემკვეთის მიერ გადასახდელი ჯარიმა - 200 000 ევროს (იხ. დაზუსტებული სარჩელი - ტ. 4, ს.ფ.23-37).

15. შემკვეთმა 2013 წლის 20 მარტს შეგებებული სარჩელი აღძრა და მოითხოვა, მის სასარგებლოდ, მენარდეს დაჰკისრებოდა 238 114 ევროსა და 744 215 ლარის გადახდა, ასევე პირგასამტეხლოსა და ჯარიმის სახით - 425 671 ევროს გადახდა (იხ. ტ.3, ს.ფ. 1-12).

16. შემკვეთმა შეგებებული სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: შემკვეთსა და მენარდეს შორის 2010 წლის 5 იანვარს ხელმოწერილი კონტრაქტის თანახმად შესასრულებელი მთელი რიგი სამუშაოები არ შეასრულა მენარდემ, მათი დასრულება მოუწია შემკვეთს საკუთარი ხარჯით. კონტრაქტის 2.1, 2.2 პუნქტებით გაწერილი სამუშაოები მენარდეს უნდა შეესრულებინა, 11.2 პუნქტით მენარდე იყო პასუხისმგებელი სამუშაოების შესასრულებლად ტექნიკური პერსონალის დაქირავებასა და მშენებლობისათვის საჭირო ტრანსპორტის შემოყვანის უზრუნველყოფაზე. კონტრაქტის 6.1. პუნქტით, მენარდეს სამუშაო არეალის მიღებიდან 545 კალენდარულ დღეში უნდა დაესრულებინა სამუშაოები. აღნიშნული ვალდებულებები მენარდემ არ შეასრულა, მან მიატოვა სამუშაოების წარმოება და შემკვეთს მოუწია მათი დასრულება, ამავე დროს, შემკვეთმა, კონტრაქტიდან გამომდინარე, მთელი რიგი ხარჯები გასწია მენარდის სასარგებლოდ. მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დაგვიანება, რის გამოც, ბათუმის მერიამ შემკვეთი 92 000 ევროთი დააჯარიმა.

17. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებად (სსკ-ის 629-ე მუხლი) შეაფასა და 2013 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებაში მიუთითა უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ: მენარდემ ორჯერ მიატოვა სამუშაოები, პირველად 2010 წლის მაისის თვეში შეწყვიტა სამუშაოების წარმოება და გააგრძელა იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო მეორედ კვლავ შეწყვიტა სამუშაოები შემკვეთთან უთანხმოების გამო და, საბოლოოდ, ამ უკანასკნელმა დაასრულა სამუშაოები (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ტ.4, ს.ფ.232-242).

18. სასამართლომ მხარის ახსნა-განმარტების, საქმის მასალებში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების, ინვოისების, თანამშრომელთა ხელფასების გაცემის დამადასტურებელი მტკიცებულებების, გადახდის ქვითრების, სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ შემკვეთს მენარდისათვის არ აუნაზღაურებია 266 605 ევრო (იხ. მტკიცებულებები, ტ.1, ს.ფ. 39-220).

19. სასამართლომ მხარის ახსნა-განმარტების, საქმის მასალებში წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულებების, მოწმეთა ჩვენებების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ინვოისების, ხელფასების გაცემის მტკიცებულებების, გადახდის ქვითრების, სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 5 იანვრის კონტრაქტიდან გამომდინარე, შემკვეთმა მენარდის სასარგებლოდ გასწია 744 215 ლარის ხარჯი (იხ. მტკიცებულებები, ტ.1, ს.ფ. 39-220).

20. სასამართლომ, საგადახდო დავალებებზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნია, რომ ამ განჩინების მე-19 პუნქტში დასახელებული კონტრაქტის საფუძველზე, შემკვეთმა მენარდეს გადაუხადა 238 114 ლარი. ასევე, დაჯარიმების ინვოისის მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის მერიამ შემკვეთი 92 000 ევროთი დააჯარიმა.

21. საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება დააფუძნა სსკ-ის 629-ე, 637-ე, 638-ე, 646-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 412-ე 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებზე და ნაწილობრივ დააკმაყოფილა როგორც სარჩელი, ისე შეგებებული სარჩელი, კერძოდ:

21.1. მენარდის (მოსარჩელე) სასარგებლოდ, შემკვეთს დაეკისრა 266 605 ევროს გადახდა;

21.2. შემკვეთის (შეგებებული სარჩელის ავტორი) სასარგებლოდ, მენარდეს დაეკისრა 238 114 ევროსა და 744 215 ლარის გადახდა, ასევე, შემკვეთისათვის მიყენებული ზიანის - 92 000 ევროს და პირგასამტეხლოს -20 000 ევროს ანაზღაურება;

21.3. მხარეებს ერთმანეთის სასარგებლოდ დაეკისრათ თითოეული მათგანის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (თითოეულს 5000 ლარი).

22. საქალაქო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 21-ე პუნქტში მითითებული გადაწყვეტილებით, მენარდის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (იხ. ამ განჩინების მე-12 პუნქტი).

23. საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება (ტ. 4, ს.ფ. 232-242) სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ:

23.1. მენარდემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება და შემკვეთის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

23.2. შემკვეთმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, მენარდის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

24. მენარდემ სააპელაციო საჩივარი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე:

24.1. 2010 წლის 5 იანვრის კონტრაქტით შემკვეთს მენარდისათვის რაიმე ხარჯის გაწევა არ ევალებოდა და ამის აუცილებლობაც არ არსებობდა;

24.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემკვეთმა მენარდეს გადაუხადა 238 114 ევრო, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება კი საქმეში არ არსებობს;

24.3. სამუშაოთა არადროულ შესრულებაში მენარდეს ბრალი არ მიუძღვის, შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობა გამორიცხულია;

24.4. სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 102-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 105-ე მუხლების მოთხოვნები. მენარდემ სააპელაციო საჩივრის სამართლებრივ საფუძვლებად მიუთითა სსკ-ის 319-ე, 325-ე, 327-ე, 361-ე, 369-ე, 629-ე, 633-ე, 637-ე მუხლებზე.

25. შემკვეთმა სააპელაციო საჩივარი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე:

25.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები; ნაწილი მტკიცებულებებისა არ იყო ნათარგმნი და ნოტარიულად დადასტურებული, არც აპოსტილით დამოწმებული;

25.2 შემკვეთი წერილობით ატყობინებდა მენარდეს, რომ მის მიერ შეძენილი მასალების ხარისხი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების მოთხოვნებს;

25.3 გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დაუსაბუთებელია პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი;

25.4 სსსკ-ის 102-ე მუხლი მხარეებს აკისრებს მტკიცების ტვირთს, რაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ რეალიზებულა, ხოლო 105-ე მუხლით, სასამართლო ვალდებულია, სრულად შეისწავლოს და გამოიკვლიოს საქმეში არსებული მტკიცებულებები.

26. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა: მხარეები არ დავობენ, რომ მენარდეს შემკვეთისათვის 2010 წლის 5 იანვრის კონტრაქტში ცვლილებების შეტანამდე, პროდუქცია არ მიუწოდებია;

27. სასამართლომ მიუთითა, რომ მენარდემ შემკვეთისათვის პროდუქციის მიწოდება დაიწყო 2010 წლის 6 ნოემბრიდან და 2011 წლის 25 იანვრამდე მას მიაწოდა 102 103,04 ევროს ღირებულების პროდუქცია (ტ.1, ს.ფ. 87-102); გარდა ამისა, მენარდემ ხელფასი გადაუხადა შემკვეთის მიერ დაქირავებულ მუშახელს (ტ.1, ს.ფ. 104-198). სასამართლო უთითებს, რომ ხელფასები გადახდილია ჯერ 2010 წლის 25-დან 27 მაისის ჩათვლით, ხოლო შემდეგ - 2010 წლის სექტემბრიდან 2011 წლის თებერვლის ჩათვლით; თანხის ძირითადი ნაწილი გადახდილია 2010 წლის დეკემბერში, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოები მენარდემ სწორედ ამ დროს, ე.ი. 2010 წლის სექტემბრიდან შეასრულა. 2010 წლის თებერვალ-მარტში კი შეძენილია საოფისე და სამეურნეო ნივთები; სასამართლოს აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის, სამუშაოები ჯერ დაწყებული არ იყო და იგი მზადების პროცესში იყო (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება, პ.4.14,4.15 - ტ.5, ს.ფ. 182).

28. ამ განჩინების 27-ე პუნქტში მითითებული ხარჯები ჯამურად შეადგენს: 86 006 ლარს, 1900 ლირას, 2000 აშშ დოლარს, 22 500 ევროს, 37 000 ლირას (თუმცა, როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია მითითებული, ამ უკანასკნელი თანხის გადახდის არც დანიშნულება და არც მიზანი ქვითრით არ დგინდება, იხ. სასამართლო გადაწყვეტილების 4.15-4.20 პუნქტები, ტ. 5, ს.ფ. 182-183).

29. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა შემკვეთის 2010 წლის 18 მაისის წერილზე, 2010 წლის 5 იანვრის კონტრაქტის ხელმომწერი მეორე კონტრაქტორისადმი, რომლითაც ამ უკანასკნელს შემკვეთმა შეატყობინა ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ (ტ.2, ს.ფ.31), ხოლო იმავე წლის 31 აგვისტოს, შემკვეთმა წერილობით მიმართა პირველ კონტრაქტორს (მენარდეს), საიდანაც დგინდება, რომ 13 ივლისის წერილით ადრესატი ინფორმირებული იყო ამ თარიღიდან ხელშეკრულების მოშლის თაობაზე (ტ.2, ს.ფ. 37).

30. 2011 წლის 16 მაისის წერილით, შემკვეთმა პრეტენზია წაუყენა მენარდეს მასალების ღირებულებისა და შესრულებული სამუშაოების ფასის წარუდგენლობის გამო (ტ.2, ს.ფ. 33-36). სააპელაციო სასამართლო ამ წერილის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, როგორც მოდავე მხარეთა ურთიერთობის მთელი პერიოდის ამსახველ მტკიცებულებაზე და აღნიშნავს, რომ ამ პერიოდისათვის მენარდეს გარკვეული სამუშაოები შესრულებული ჰქონდა. 16 მაისის წერილში მითითებულია, რომ შემკვეთმა მეორე კონტრაქტორს (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) 2010 წლის თებერვალში, ავანსის სახით, გადაურიცხა 95 000 ევრო, შემდეგ, იმავე წლის ოქტომბერში, დამატებითი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, გადაიხადა 47 000 ლარი, მენარდეს მიაწოდა 290 000 ევროს ღირებულების ლითონის მილები (ტ.2, ს.ფ. 34).

31. 30-ე პუნქტში მითითებული წერილის კონტექსტში, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მენარდის წერილზე შემკვეთისადმი (ტ.2, ს.ფ. 152), რომლითაც ამ უკანასკნელს სთხოვა, ნაღდი ანგარიშსწორებით, 47 415 ლარის გადაცემა და 23 500 ლარის გადარიცხვა ბენზინგასამართ სადგურში საწვავის შესაძენად. სასამართლომ დაასკვნა, რომ წერილში მითითებული 47 415 ლარი, როგორც ჩანს, ის 47 000 ლარია, რომელზეც შემკვეთი უთითებს თავის 16 მაისის წერილში (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, პ.4.21, ტ.5, ს.ფ. 183; ამ განჩინების 30-ე პუნქტი).

32. სააპელაციო სასამართლომ, საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ კონტრაქტის ფარგლებში, შემკვეთმა მენარდეს გადაუხადა სულ 146 114 ევრო (ტ.2, ს.ფ. 39-46; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების 4.26 პუნქტი, ტ.5, ს.ფ.183).

33. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემკვეთმა მენარდეს გადაუხადა 164 000 ლარი (ტ.2, ს.ფ. 40-41), გარდა ამისა, თავად მენარდემ დაადასტურა, რომ შემკვეთმა გადაუხადა 47 347 ევრო. სასამართლოს დასკვნით, შემკვეთის მიერ მენარდისათვის 290 000 ევროს ღირებულების მილების მიწოდების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.

34. 2010 წლის მაისში შემკვეთმა გაისტუმრა მენარდის დავალიანება - 44 000 ლარი მუშების მიმართ. როგორც სასამართლო აღნიშნავს, ამ ფაქტს, ზემოხსენებულ წერილებთან ერთად ადასტურებს სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე (ტ.2, ს.ფ. 303-306) წარდგენილი წერილობითი განმარტება, საიდანაც ჩანს, რომ მენარდემ თავისი მუშაკების ნაწილს ხელფასი არ გადაუხადა და ეს ვალდებულება, მის ნაცვლად, შეასრულა შემკვეთმა. ამას თანამშრომელთა კოლექტიური განცხადებაც ადასტურებს (ტ.2, ს.ფ. 67), სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, ამავე განცხადებით დასტურდება, რომ მენარდეს 2010 წლის მაისამდე სამუშაოები არ ჩაუტარებია (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.26 პუნქტი, ტ.5., ს.ფ.184).

35. შემკვეთის განმარტებით, მან, მენარდის ნაცვლად, მუშებს გადაუხადა 188 858 ლარი, დამატებით გასწია 373 894 ლარის ხარჯი, შეიძინა 80 000 ლარის ინერტული მასალები, საწვავი და დამატებით დახარჯა 14 697 ლარი, თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, ამ ფაქტის დასადასტურებლად შემკვეთის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, სასაქონლო ზედნადებებით, საგადასახადო დავალებებით, ხელშეკრულებებით, ხელწერილებით და ქვითრებით არ დასტურდება, რომ შემკვეთმა სწორედ მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოების გამო გაიღო ეს სახსრები, არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ეს ფაქტი, გარდა, ხელფასის ნაწილისა (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.29 პუნქტი, ტ.5., ს.ფ.184).

36. სასამართლოს მიაჩნია, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს გარდა, შემკვეთი სხვა სამუშაოებსაც ასრულებდა, რისთვისაც, ცხადია, დასჭირდებოდა ზეთის, საბურავების, ქვიშისა და სხვა ნივთების შეძენა, სხვადასხვა ხელშეკრულების დადება და ა.შ. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ სამუშაოთა დიდი ნაწილი შემკვეთს ნაწარმოები აქვს 2010 წლის 13 ივლისიდან იმავე წლის 30 ოქტომბრამდე, როდესაც ძველი ხელშეკრულება (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) მოშლილი იყო, ხოლო ახალი მხარეებს ჯერ არ ჰქონდათ ხელმოწერილი. ეს კი ნიშნავს, რომ ამ შესყიდვების პერიოდში მხარეებს ერთმანეთის მიმართ ვალდებულებითი ურთიერთობები არ აკავშირებდათ (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.31 პუნქტი, ტ.5., ს.ფ.184).

37. სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ შემკვეთს სხვა საწარმოებთან აკავშირებდა ხელშეკრულებები და მის მიერ წარდგენილი ანგარიშის ბარათების თანახმად (ტ.3, ს.ფ. 89-91;115-116) 2011 წლის 7 აგვისტომდე (ტ.3, ს.ფ. 91), ე.ი. მხარეთა შორის ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, არც ერთი გადახდის საფუძველსა თუ სხვა გრაფაში ლოტი 1 ც, ანუ მენარდის (პირველი კონტრაქტორი) მიერ შესასრულებელი სამუშაოები მითითებული არ არის. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შემკვეთმა ვერ დაამტკიცა მენარდის სასარგებლოდ 468 591 ლარის (373 894 +80 000+14 697) გაწევის ხარჯი.

38. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემკვეთმა მენარდეს გადაუხადა 164 000 ლარი და 47 347 ევრო, ამასთან, მის მუშაკებს გადაუხადა 44 000 ლარი (ხელფასი) და დამატებით, ლოტი 1ც მომსახურებისათვის, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, გადაიხადა ხელფასი - 83 269,5 ლარი.

39. სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ე.წ. დაჯამებული ინვოისი (ტ.3, ს.ფ. 214-216), 1ც ლოტზე 2010 წლის 7 ივნისისათვის, წინასწარ ნაყიდი მასალების ჩათვლით, შესრულებული იყო 167 343, 7 ევროს ღირებულების სამუშაო, რომელიც მიწოდებულ პროდუქციასაც მოიცავს.

40. 2010 წლის 7 ივნისამდე მეორე კონტრაქტორმა შემკვეთს მიაწოდა 157 277, 41 ევროს ღირებულების პროდუქცია - დარჩენილი 197 315, 59 – 157 277, 41 = 40 038,18 ევროს ღირებულების პროდუქცია მეორე კონტრაქტორმა შემკვეთს მიაწოდა 2010 წლის 7 ივნისიდან იმავე წლის 2 ივლისამდე პერიოდში (ტ.1, ს.ფ. 58-63), შესაბამისად, ამ პერიოდისათვის სხვა შესრულებული სამუშაოების ღირებულება იყო 167 343,7-157 277, 41 = 10 066, 29 ევრო.

41. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ აშკარაა, რომ ეს სამუშაოები მენარდემ შეასრულა, ამის დასტურად სასამართლო უთითებს, საქმეში განთავსებულ შეთანხმებაზე პირველ და მეორე კონტრაქტორებს შორის (იხ. კონსორციუმის შეთანხმება, 31.12.2009 - ტ.1, ს.ფ. 205-208), რომლის თანახმად, მეორე კონტრაქტორის ვალდებულება იყო, მხოლოდ პროდუქციის მიწოდება, ხოლო უშუალოდ სამუშაოები, პირველ კონტრაქტორს (მენარდეს) უნდა შეესრულებინა. სასამართლოს მოსაზრებით, ამავე გარემოებას ადასტურებს უკვე განხილული წერილები, მათ შორის მუშების განცხადება შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე.

42. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2010 წლის 7 ივნისამდე 1ც ლოტით გათვალისწინებული სამუშაოების პირადად შესრულებაზე შემკვეთს არც მიუთითებია, ასევე, ამ უკანასკნელს სასამართლოსათვის არ წარუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომ მიწოდებული პროდუქცია ან შესრულებული სამუშაო არაჯეროვანი იყო(იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.38-4.39 პუნქტები, ტ.5., ს.ფ.186).

43. სააპელაციო სასმართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა „დაჯამებულ ინვოისზე“, ასევე, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე დადგენილ გარემოებაზე, რომ პირველმა და მეორე კონტრაქტორებმა, 2010 წლის 7 ივნისამდე, შემკვეთის სასარგებლოდ შეასრულეს 167 343, 7 ევროს,ვალდებულება. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2010 წლის 7 ივნისამდე მიწოდებული პროდუქციისა და შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ, შემკვეთმა მეორე კონტრაქტორს გადაუხადა პროდუქციის ღირებულების მხოლოდ ნაწილი, ხოლო პირველი კონტრაქტორისათვის (მენარდისათვის) შესრულებული სამუშაოს ღირებულება საერთოდ არ აუნაზღაურებია და 2010 წლის 13 ივლისს ამ უკანასკნელთან მოშალა ხელშეკრულება (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების 4.40- 4.46 პუნქტები, ტ.5, ს.ფ. 186-187).

44. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 6 ნოემბრიდან 2011 წლის 25 იანვრამდე მენარდემ შემკვეთს მიაწოდა 102 103, 04 ევროს ღირებულების პროდუქცია, დადგენილია ისიც, რომ მენარდე სამუშაოებს ასრულებდა 2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის მაისამდე.

45. წინამდებარე განჩინების 44-ე პუნქტში მითითებულ გარემოებებს სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ხელფასების უწყისების საფუძველზე, ასევე, თავად შემკვეთის განმარტებით, რომ მან, მენარდის ნაცვლად, გადაუხადა მუშებს ხელფასი 2011 წლის აპრილის ჩათვლით; 2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის მაისამდე სამუშაოები რომ არ შეესრულებინა, მუშებისათვის არც ხელფასები იქნებოდა გადასახდელი. აღნიშნულს, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ადასტურებს, საქალაქო სასამართლოში შემკვეთის ინიციატივით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პ. 4.48- 4.54, ტ.5, ს.ფ. 187-188).

46. სასამართლო დაჯამებული ინვოისის საფუძველზე უთითებს, რომ 2010 წლის 7 ივნისიდან 2010 წლის 26 დეკემბრამდე 1ც ლოტზე შესრულდა 397 007, 56 ევროს სამუშაო, თუმცა, უდავოა, რომ ეს სამუშაო მთლიანად მენარდეს არ შეუსრულებია, 2010 წლის 13 ივლისიდან 2010 წლის ოქტომბრის ჩათვლით, სამუშაოებს უშუალოდ შემკვეთი ასრულებდა(იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება პ. 4.60, ტ.5, ს.ფ. 188).

47.შემკვეთის ინიციატივით, მოწმის სახით დაკითხული საწარმოს საქმისმწარმოებლის განმარტება სრულად გაიზიარა შემკვეთმა, შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის 13 ივლისიდან 2010 წლის ოქტომბრის ჩათვლით შემკვეთმა შეასრულა 130 000 ევროს სამუშაო. 2010 წლის 1 ნოემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით, მენარდეს, მიწოდებული პროდუქციის - მილების ღირებულების ჩათვლით შესრულებული აქვს 397 007, 56; 130 000 – 267 007, 56 ევროს სამუშაო. ამის სანაცვლოდ, მენარდეს შემკვეთმა გადაუხადა მხოლოდ 104 000 ლარი და 47 347 ევრო.

48. 2011 წლის 7 თებერვლიდან 10 მაისამდე მენარდემ შეასრულა 235 460, 85 ევროს სამუშაო, შემკვეთმა კი მას გადაუხადა მხოლოდ 60 000 ლარი.

49. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა: უდავოა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულებები და ისინი ორივე შემთხვევაში ვადამდე მოშალა შემკვეთმა (სსკ-ის 629-ე, 636-ე მუხლები), ასევე, დადგენილია, რომ შემკვეთი, პრაქტიკულად, არ ასრულებდა ხელშეკრულების პირობებს და ყოველი კვარტლის ბოლოს არ უნაზღაურებდა მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულებას(იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება პ. 4.75- 4.76, ტ.5, ს.ფ. 190).

50. მენარდეს არ მოუთხოვია შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება, მან მოითხოვა მის მიერ მუშებისათვის გადახდილი ხელფასი 58 184 ლარი ანუ 25 079 ევრო. ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მენარდის მოთხოვნა, რადგან მან 2010 წლის ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ხელფასები გაისტუმრა სხვადასხვა ვალუტაში, ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 180 000 ლარი. ასევე, დადგენილია, რომ იგივე პერიოდში შემკვეთმა მენარდეს გადაუხადა 164 000 ლარი, ამ თანხით მენარდემ გაისტუმრა მუშების ხელფასი და მას ქონებრივი დანაკლისი არ განუცდია (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების პ.4.82-4.85, ტ. 5, ს.ფ. 191).

51. მენარდემ მოითხოვა შეძენილი ნივთების ღირებულება - 9 435 ლარი ანუ 4066 ევრო, მუშების კვებისა და მათთვის საჭირო ინვენტარის ხარჯი - 29 756 ლარი ანუ 12 825 ევრო, საწვავ-საპოხ და სხვა მასალებზე გაწეული ხარჯი - 16 919 ლარი ანუ 7 292, 6 ევრო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მენარდის მიერ შეძენილი სამეურნეო და საკანცელარიო ნივთების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, რადგან მენარდე გახდა ამ ნივთებისათვის გადახდილი თანხის ექვივალენტური ქონების მესაკუთრე და მას დანაკლისი არ განუცდია, საწინააღმდეგო მტკიცებულებები კი საქმეში არ წარმოუდგენია. საწვავ- საპოხი მასალებისა და მუშებისათვის საკვების, ასევე, ინვენტარის შესაძენად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები მენარდეს არ წარმოუდგენია.

52. მენარდემ მოითხოვა 2010 წლის ივნისიდან 2011 წლის მაისამდე პერიოდისათვის დამატებით შემოტანილი მასალების ღირებულება 142 141, 22 ევრო, ამავე პერიოდში მუშებისათვის გაცემული ხელფასის - 300 167 ლარის ანუ 129 382, 23 ევროს ანაზღაურება. სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ 2010 წლის 13 ივლისამდე მენარდემ გასწია 3264 ლარისა და 10 750 ევროს ხარჯი, რაც მისთვის შემკვეთს არ აუნაზღაურებია, ამდენად, ეს თანხა უნდა დაჰკისრებოდა შემკვეთს.

53. ასევე, 2010 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულების 7.3. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, მენარდემ შემკვეთს მიაწოდა 102 103, 04 ევროს ღირებულების პროდუქცია, რისთვისაც ამ უკანასკნელმა აანაზღაურა მხოლოდ 47 347 ევრო, შესაბამისად, შემკვეთს მენარდისათვის უნდა გადაეხად (102 103, 04 – 47 347) 54 756, 04 ევრო.

54. სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 197 315, 59 ევროს პროდუქცია შემკვეთს მიაწოდა არა მენარდემ (პირველი კონტრაქტორი), არამედ მეორე კონტრაქტორმა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ და მეორე კონტრაქტორებს შორის არსებობდა ე.წ. კონსორციუმის შეთანხმება (იხ. წინამდებარე განჩინების 41-ე პუნქტი), მეორე კონტრაქტორს პირველისათვის თავისი მოთხოვნები არ დაუთმია, შესაბამისად, მენარდის მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელი იყო (სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, მე - 3 მუხლის პირველი ნაწილი, 102- ე მუხლის პირველი ნაწილი, 105-ე მუხლის მეორე ნაწილი, 248-ე მუხლი).

55. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2010 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულების 12.2. პუნქტით (იხ. ამ განჩინების მე-11 პუნქტი) მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე; სასამართლოს მოსაზრებით, შემკვეთმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, როდესაც მენარდეს არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსი გადაურიცხა, არც შესრულებული სამუშაოს ღირებულება აუნაზღაურა და ბოლოს ხელშეკრულება მოუშალა ამის გამო, სასამართლომ შემკვეთს, მენარდის სასარგებლოდ, დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა გონივრული ოდენობით - 50 000 ლარი (სსკ-ის 420-ე მუხლი), რადგან შემკვეთმა 2011 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, ნაწილობრივ შეასრულა მენარდის ვალდებულებები მესამე პირებთან და, მის ნაცვლად, გადაუხადა მუშებს ხელფასი 83 269, 5 ლარი(იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.93-4.98 პუნქტები; ტ.5.,ს.ფ.192).

56. სასამართლოს შეფასებით, შემკვეთმა დაამტკიცა მხოლოდ ის, რომ მან უშუალოდ მენარდეს გადასცა 164 000 ლარი და 47 347 ევრო და ამ უკანასკნელის ნაცვლად გადაუხადა მუშებს ხელფასი, ჯერ - 44 000 ლარი, შემდეგ - 83 269, 5 ლარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული თანხებიდან, 164 000 ლარისა და 47 347 ევროს გადახდის ვალდებულება შემკვეთს ხელშეკრულების საფუძველზე გააჩნდა, შესაბამისად, ნამდვილი ვალდებულების საფუძველზე გადაცემულის უკან დაბრუნების მოთხოვნა დაუშვებელია, ამდენად შემკვეთის მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლო იყო. ამ თანხის გადახდით, მენარდე შემკვეთის ხარჯზე არ გამდიდრებულა, ხოლო შემკვეთი არ დაზარალებულა, ამიტომ შემკვეთისათვის ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება არ არსებობს.

57. 2010 წლის მაისში, შემკვეთის მიერ, მენარდის ნაცვლად, მისივე თხოვნით (იხ. ტ.2, ს.ფ. 152), მუშებისათვის გადახდილ 44 000 ლართან დაკავშირებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ თანხაზე შემკვეთმა პრეტენზია განაცხადა 2011 წლის 16 მაისის წერილით (ტ.2, ს.ფ. 34 ). სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები და აღნიშნა, რომ შემკვეთმა შეგნებულად გაისტუმრა სხვისი, მენარდის ვალი და ამიტომ ეს უკანასკნელი ვალდებულია აანაზღაუროს გაწეული ხარჯი (სსკ-ის 986-ე მუხლი).

58. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით (ტ.5, ს.ფ.173-194) ორივე აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება:

58.1. მენარდის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და, მის სასარგებლოდ, შემკვეთს დაეკისრა 53 264 ლარისა და 65 506,04 ევროს გადახდა;

58.2. შემკვეთის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და, მის სასარგებლოდ, მენარდეს დაეკისრა 44 000 ლარის გადახდა;

58.3. მენარდის სასარგებლოდ შემკვეთს დაეკისრა 12 000 ლარის გადახდა;

58.4. შემკვეთის სასარგებლოდ მენარდეს დაეკისრა 3080 ლარის გადახდა.

59. პირველმა კასატორმა - მენარდემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა 2014 წლის 24 სექტემბერს, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორი (გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში პუნქტების ნუმერაციის აღრევის გამო, აღნიშნავს, რომ 4.26 პუნქტის შემდეგ, ნუმერაციის ზრდა მე-5 პუნქტამდე უნდა აღწევდეს 4.125 ნიშნულს, იხ. სტ.5., ს.ფ.241) უთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.79 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულებას მენარდე არ ითხოვს, იგი აღნიშნავს, რომ ითხოვს გაწეული სამუშაოსა და დანახარჯების გათვალისწინებით, არსებული დავალიანების ანაზღაურებას შემკვეთისაგან. კასატორი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე უთითებს, რომლითაც დადგენილადაა მიჩნეული, რომ 2010 წლის დასაწყისიდან 2011 წლის ივნისამდე მენარდეს (პირველ და მეორე კონტრაქტორებს, იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) შესრულებული აქვს 512 534.7 ევროს სამუშაო (10 066.29+267 007.56+235 460.85), რასაც უნდა გამოაკლდეს მეორე კონტრაქტორის მიერ შემკვეთისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულება 197 315.59 ევრო და ამის გათვალისწინებით, უშუალოდ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება გამოდის 315 219 ევრო (512 534.7 – 197 315.59), საიდანაც სასამართლო გადაწყვეტილების 4.48 პუნქტის თანახმად, შემკვეთს გადახდილი აქვს 164 000 ლარი (70 690 ევრო), 47 347 ევრო, 44 000 ლარი (18 965 ევრო) და დამატებით 83 269.5 ლარი (35 892 ევრო), ე.ი. სულ 172 894 ევრო ( 70 690+47 347+18 965+35 892). პირველი კასატორის მტკიცებით, სხვაობამ, დავალიანების სახით, შეადგინა 142 325 ევრო (512 534.7 – 197 315.59 – 172 894), რაც უნდა დაეკისროს შემკვეთს. კასატორი, ასევე, დაუსაბუთებლად მიიჩნევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას პირგასამტეხლოს 50 000 ლარად განსაზღვრის თაობაზე. მენარდე უთითებს 05.01.2010წ. კონტრაქტის 4.2. ქვეპუნქტზე (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი) და განმარტავს, რომ პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო დარჩენილი სამუშაოს ღირებულების 10 %-ით, მოცემულ შემთხვევაში, კასატორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან - 3 111 117 ევროდან შესრულდა, მხოლოდ 500 000 ევროს სამუშაოები (3 111 117 – 500 000 = 2 611 117 X 10 %), რაც ისედაც 60 000 ევროთი შეამცირა თავად კასატორმა, ამდენად, მენარდე ამ ნაწილშიც ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

60. შემკვეთმა 2014 წლის 17 ივნისს საკასაციო წესით გაასაჩივრა (ტ.5, ს.ფ.197-203) სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილებში გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. შემკვეთს წარმოდგენილი აქვს დაზუსტებული საკასაციო საჩივარი 2015 წლის 30 მარტს (ტ.5, ს.ფ. 250 -260), საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და ფასი (53 264 ლარი; 65 506.04 ევრო, 266 605 ევრო) იგივეა, რაც თავდაპირველ საკასაციო საჩივარში (ტ.5., ს.ფ. 197-203).

61. დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში მეორე კასატორმა მიუთითა, რომ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი და უხეში საპროცესო დარღვევებით (სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლები) და ასევე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან; კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.15-4.17, 4.19-4.20, 4.22 - 4.30, 4.32 პუნქტებს, ასევე, აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებაში ტექნიკურად არის არეული ნუმერაცია და ამის მიხედვით უთითებს მომდევნო პუნქტებზე, რომლებიც დანომრილია 4-21 – 4.24, 4.27 (21), 4.49 პუნქტებად. არ იზიარებს 4.59-4.60 პუნქტებში მითითებულ მოსაზრებებსა და დასკვნებს, აღნიშნავს, რომ მენარდემ 2010 წლის თებერვალ-ივნისის პერიოდში შეასრულა მხოლოდ 22 500 ევროს სამუშაოები, რაც არ აისახა ინვოისში გეგმის (150 000 ევრო) შეუსრულებლობის გამო. შემკვეთი უთითებს, რომ ხელფასები არ გადაუხდია მენარდეს, დაკითხულმა მოწმეებმა საპირისპირო განმარტებები მისცეს სასამართლოს, რის გამოც, არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.15 პუნქტს, ხოლო 4.16- 4.17 პუნქტებში მითითებულ თანხებზე, შემკვეთი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია, თუ ვისგან მიიღო ეს თანხები მენარდემ, ხომ არ არის ეს შემკვეთისაგან მიღებული თანხები.

62. შემკვეთს და მენარდეს წარმოდგენილი აქვთ საკასაციო შესაგებლები.

63. საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, გადაწყდა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების შემოწმება ზეპირი მოსმენით, რაც დაინიშნა იმავე წლის 1 ოქტომბერს და ორივე საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

64. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26 ნოემბრის განჩინებით გადაწყდა მენარდისა და შემკვეთის საკასაციო საჩივრების არსებითი განხილვა, ზეპირი მოსმენით (სსსკ-ის 408-ე მუხლი).

65. საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადებულმა მხარეებმა საკუთარი არგუმენტები წარმოადგინეს და განმარტეს მათ შორის არსებული საკითხები.

65.1. მენარდის საკასაციო პრეტენზიები:

მენარდემ აღნიშნა, რომ სსკ-ის 629-ე მუხლის საფუძველზე ითხოვს მის მიერ შესრულებული სამუშაოების - 266 605 ევროს ანაზღაურებას და, კონტრაქტის პირობის დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს. მენარდის განმარტებით, მის მიერ შესრულებული სამუშაოები არ დააფინანსა შემკვეთმა, რის გამოც, მან შეწყვიტა სამუშაოები და პირგასამტეხლო მოითხოვა, რაც გამოიანგარიშება ამ განჩინების 59-ე პუქტში მითითებული წესით.

65.2. მენარდის მტკიცებით, სადავო საკითხი იყოფა ორ პერიოდად: 2010 წლის 5 იანვრიდან იმავე წლის 25 მაისამდე - მხარეებს შორის სწორედ მაისის ბოლოს წარმოიშვა პირველი უთანხმოება, როდესაც მენარდემ შეწყვიტა სამუშაოები, მისთვის შემკვეთის მიერ თანხების გადაუხდელობის გამო.

65.3. მენარდის განმარტებით, საქონლის შეძენის ინვოისებით დასტურდება, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით, მეორე კონტრაქტორს მასალების მიწოდება ევალებოდა, ხოლო მენარდეს სამუშაოების შესრულება, ორივე თურქული საწარმო სოლიდარულად იყო პასუხისმგებელი საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე.

65.4. 2010 წლის 5 იანვრის კონტრაქტის გაფორმებიდან იმავე წლის მაისამდე 157 285.9 ევროს ღირებულების მასალები შეიძინა მენარდემ, იგივე პერიოდში გასცა ხელფასი - 25 079 ევრო, სხვა ხარჯების სახით კი გაიღო 12 825 ევრო, რაც დასტურდება საქმის მასალებში განთავსებული მტკიცებულებებით.

65.5. ამ განჩინების 64.4 ქვეპუნქტში მითითებული კონტრაქტის გაფორმებიდან იმავე წლის მაისამდე, შემკვეთმა მენარდისათვის გადასახდელი 100 000 ევროს ნაცვლად გადაიხადა მხოლოდ 80 000 ევრო. ამ პერიოდში შემკვეთმა სულ 199 255.9 ევრო დახარჯა, რასაც, უნდა გამოაკლდეს მის მიერვე მენარდისათვის ავანსად ჩარიცხული 80 000 ევრო, შესაბამისად, ამ უკანასკნელისათვის გადასახდელი რჩება 119 255.9 ევრო. მენარდემ აღნიშნა, რომ მისთვის შემკვეთს სწორედ 119 255.9 ევრო ჰქონდა ამ დროისათვის ასანაზღაურებელი. ამასობაში, სამუშაოების შემსრულებელმა მუშახელმა დაიწყო უკმაყოფილების გამოხატვა გაუცემელი ხელფასების გამო, შემკვეთმა საკუთარი ინიციატივით გასცა ხელფასები, დაიწყო მუშების გადაბირება, რაც, მენარდის მოსაზრებით, მიზნად ისახავდა ამ უკანასკნელის ჩამოცილებას სამუშაოებისაგან. მენარდის განმარტებით, მას შემკვეთმა მოგვიანებით პერიოდულად ჩაურიცხა თანხები, კერძოდ: 2010 წლის 8 ივლისს - 10 000 ევრო, 20 ივლისს- 2600 ევრო, 26 ივლისს- 1872 ევრო, 10 აგვისტოს - 4300 ევრო. ამ თანხებისა და პირველ ეტაპზე ავანსად ჩარიცხული 80 000 ევროს ჯამი შეადგენს 98 772 ევროს.

65.6. მენარდემ განმარტა, ფაქტია, რომ შემკვეთმა ვერ შეძლო სამუშაოების გაგრძელება და ისევ მენარდეს დაუკავშირდა, აქედან იწყება მეორე ეტაპი, კერძოდ, 2010 წლის 30 ოქტომბერს დაიდო ახალი კონტრაქტი, მასში არაფერია დაფიქსირებული წინა ეტაპზე შემკვეთის მიერ მენარდისათვის გადასახდელ დავალიანებაზე - 119 255.9 ევროზე. 30.10.2010წ. შეთანხმებით, 05.01.2010წ. კონტარქტი არ გაუქმებულა, მხოლოდ დაზუსტდა გარკვეული პირობები და, მათ შორის, ერთ-ერთი იყო 7.3. ქვეპუნქტი - მენარდის ვალდებულება, 100 000 – 150 000 ევროს ფარგლებში შემოეტანა მასალები, რადგან შემკვეთი ვერ აფინანსებდა სამუშაოებს. 2010 წლის 30 ოქტომბრიდან 2011 წლის 25 იანვრის ჩათვლით, მენარდემ შემოიტანა 142 141.2 ევროს ღირებულების მასალები ანუ პირობა, რომ მას 150 000 ევრომდე ღირებულების მასალები უნდა შემოეტანა, შესრულდა. პირველი კასატორის განმარტებით, 30.10.2010 კონტრაქტის შემდეგ, მენარდემ მუშებზე გასცა 300 167 ლარის ხელფასი, რაც 129 382 ევროა, სხვა ხარჯებისთვის - 7292.60 ევრო; მეორე ეტაპზე მენარდემ გასწია 278 816.15 ევროს ხარჯი; იმავე პერიოდში შემკვეთმა მენარდეს გადაუხადა 136 808 ევრო და გადასახდელი დარჩა 142 008.15 ევრო. მენარდის მიერ სარჩელითა და ამჟამად საკასაციო საჩივრით მოთხოვნილი თანხა არის ხელშეკრულების ორივე ეტაპზე შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული ხარჯების ჯამი, პირველი კასატორის მითითებით, 266 605 ევრო; 2011 წლის მაისიდან მენარდემ მეორედ შეწყვიტა სამუშაოები, რაც ივნისიდან უკვე შემკვეთმა გააგრძელა. საგულისხმოა, რომ ამ პერიოდში შემკვეთის (გენერალური კონტრაქტორი) მიერ ჩაბარებულ სამუშაოებზე მათ მიმღებ ავსტრიულ კომპანიას არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს და შესაბამისად, აქტიც არ არსებობს.

65.7. საკასაციო სასამართლომ მენარდეს სააპელაციო სასამართლოში დაფიქსირებულ მის პოზიციაზე (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, 07.03.2014წ. 15:35:18-დან) მიუთითა, რომელიც პირველმა კასატორმა კიდევ ერთხელ განმარტა: შემკვეთს მხოლოდ უნდა გადაეხადა ის თანხები, რასაც გასწევდა მენარდე. შემკვეთს არ ჰქონდა ვალდებულება, გაეცა ხელფასები; თუ შემკვეთი, 05.10.2010წ. კონტრაქტის თანახმად, 119 255.9 ევროს ჩაურიცხავდა მენარდეს, ეს უკანასკნელი გასცემდა ხელფასებს.

65.8. მენარდემ ასევე განმარტა შემკვეთის 92 000 ევროთი დაჯარიმების საკითხიც და აღნიშნა, რომ პირველი 19 000 ევროიანი დაჯარიმება ეხება 2011 წლის 12 ივლისს, რა დროსაც მენარდე აღარ იყო შემკვეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში და ამ თანხის მენარდისათვის დაკისრების მოხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო. მენარდე ითხოვს საკუთარი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

66. შემკვეთის საკასაციო პრეტენზიები:

66. 1. მენარდეს საკუთარი სახსრებით უნდა შეეძინა მასალები, დაექირავებინა ტექნიკა, მუშახელი, ხოლო შემკვეთს უნდა გადაეხადა თანხა. შესასრულებელ სამუშაოში პირველი ეტაპი ითვალისწინებდა ე.წ. საქმიანი ეზოს მოწყობას, რაც შემკვეთის თანხით მოხდა, 10 ერთეული ტექნიკა შემკვეთმა დაიქირავა, ამგვარად მოხდა მობილიზაცია 2010 წლის თებერვალში და მენარდემ მარტში დაიწყო მუშაობა. მენარდის მიერ მოთხოვნილი დავალიანება რეალურად არ არსებობს დოკუმენტურად, რადგან შემკვეთმა 2010 წელს შესრულებული სამუშაოსთვის მენარდეს გადაუხადა 447 441 ევრო, რეალურად 50 441 ევროთი მეტი (მენარდემ შეასრულა 397 000 ევროს სამუშაო).

66.2. შემკვეთმა ყურადღება გაამახვილა მის მიერ შემოტანილ ლითონის მილებზე, კერძოდ, 295 419 ევროს ღირებულების მასალები (მილები) შემოიტანა და განაბაჟა მან, შემდეგ დაასაწყობა, რომელთაგან ნაწილი მენარდემ ჩადო მიწისქვეშა სამუშაოების წარმოებისას, ნაწილი კი კვლავ საწყობშია. შემკვეთი აღნიშნავს, რომ მის მიერ შემოტანილ მასალაზე ორჯერ ახდევინებენ თანხას. შემკვეთი უთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.100-4.102 ქვეპუნქტებზე (ტ.5., ს.ფ.192) და წინააღმდეგობრივად მიიჩნევს მათ. შემკვეთი ითხოვს საკუთარი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილოდეს შემდეგი გარემოებების გამო: 67. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); ორივე კასატორს აქვს წარმოდგენილი შედავება, რომლებიც ასახულია წინამდებარე განჩინების 67-ე და 68-ე პუნქტებში.

68. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პრეტენზიების განხილვა პირობითად შესაძლებელია გაიყოს თითოეული კასატორის მოთხოვნისა და მის წინააღმდეგ წარმოდგენილი შესაგებლის განხილვით, ორი პერიოდის მიხედვით, კერძოდ:

68.1. 05.01.2010წ. კონტრაქტის (პირობითად პირველი კონტრაქტი) მოქმედების პერიოდში და 2. მასში 30.10.2010წ. ცვლილებების შეტანის შემდეგ (პირობითად მეორე კონტრაქტი). პირველი კონტრაქტის მონაწილე მხარეები არიან შემკვეთი, მენარდე და მეორე კონტრაქტორი (იხ. განჩინების პირველი პუნქტი); 2010 წლის 5 იანვრიდან 30 ოქტომბრამდე, გამოსაკვლევია ორივე კასატორს შორის არსებული ურთიერთობა, ნაკისრი ვალდებულებებისა და შესრულების შეფასება. აღნიშნულ კონტექსტში მნიშვნელოვანია მენარდესა და მეორე კონტრაქტორს შორის დადებული ე.წ. კონსორციუმის შეთანხმება (იხ. წინამდებარე განჩინების 41-ე პუნქტი; კონსორციუმის ხელშეკრულება - ტ.1, ს.ფ. 205-208), რომლის თანახმად, მეორე კონტრაქტორის ვალდებულება იყო მხოლოდ პროდუქციის მიწოდება, ხოლო სამუშაოები მენარდეს უნდა შეესრულებინა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.12-4.13 ქვეპუნტები - ტ.5., ს.ფ. 182; წინამდებარე განჩინების 26-ე პუნქტი). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც ასახულია ამავე გადაწყვეტილების 4.64-4.69 ქვეპუნქტებში (ტ.5., ს.ფ.189-190), შესაბამისად, დასახელებული ქვეპუნქტების ნაწილში სააპელაციო სასამართლო საქმის ხელახლა განხილვის დროს აღარ გამოიკვლევს ამ გარემოებებს.

68.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი კონტრაქტის მოქმედების პერიოდში, როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებითაა დადგენილი (ტ.5., ს.ფ.182, 4.13. ქვეპუნქტი), მენარდეს შემკვეთისათვის პროდუქცია არ მიუწოდებია, საკასაციო სასამართლოს კვლევის საგანია, ამ პერიოდში მენარდის მიერ გაწეული ხარჯი და შესრულებული სამუშაო, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.15, 4.16 ქვეპუნქტის მიხედვით (ტ.5., ს.ფ. 182) გამოიხატა მენარდის მიერ, 2010 წლის თებერვალ-მარტში სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირისაგან საოფისე და სამეურნეო საქონლის შეძენაში, რადგან ამ პერიოდში ჯერ სამუშაოები დაწყებული არ იყო და მენარდე ამისთვის ემზადებოდა; გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მენარდის მოთხოვნა, მის მიერ შეძენილი სამეურნეო და საკანცელარიო ნივთების ანაზღაურებაზე, უსაფუძვლოა, ასევე, საწვავ-საპოხი მასალების შესაძენად, მუშაკების საკვებად და მათთვის ინვენტარის შესაძენად ხარჯის გაწევაც არ დასტურდება (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.80-4.81 პუნქტები, ტ.5., ს.ფ.190-191), შესაბამისად, დასადგენია პირველი კონტრაქტის პერიოდში, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ამ გარემოების კვლევისას, სააპელაციო სასამართლო, უთითებს დადგენილ ფაქტზე, რომ მენარდემ 2010 წლის 25-დან 27 მაისის ჩათვლით, ამ პერიოდში წარმოშობილი ვალდებულებების გამო, დაქირავებულ მუშახელს გადაუხადა ხელფასი - სულ 3264 ლარი და 10 750 ევრო, რაც შემკვეთს მისთვის არ აუნაზღაურებია (ტ.5., ს.ფ.182 – 4.16 ქვეპუნქტი, ასევე, ს.ფ. 191- 4.86 ქვეპუნქტი). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების რამდენიმე ქვეპუნქტის მსჯელობასა და დასკვნებზე, კერძოდ: 4.15 ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, მენარდემ ძირითადი სამუშაოები 2010 წლის სექტემბრიდან შეასრულა (ტ.5.,ს.ფ.182); 4.25 ქვეპუნქტზე - მენარდემ 2010 წლის მაისის თვეში მიატოვა საწარმო; 4.26 ქვეპუნქტზე - მენარდეს 2010 წლის მაისამდე სამუშაოები არ ჩაუტარებია (ტ.5.,ს.ფ.184), 4.31 ქვეპუნქტზე: საყურადღებოა, რომ შემკვეთს შესყიდვათა დიდი ნაწილი ნაწარმოები აქვს 2010 წლის 13 ივლისიდან იმავე წლის ოქტომბრამდე, „როცა ძველი ხელშეკრულება მოშლილი იყო, ხოლო ახალი ჯერ მხარეებს დადებული არ ჰქონდათ. ეს კი ნიშნავს, რომ ამ შესყიდვების პერიოდში, მხარეებს ერთმანეთის მიმართ ვალდებულებითი ურთიერთობები არ აკავშირებდათ“ (ტ.5.,ს.ფ.184). საკასაციო სასამართლოს წინააღმდეგობრივად მიაჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები, რომლებზეც ქვეპუქტების მიხედვით მიუთითა და განმარტავს, რომ საქმის საბოლოო გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების დადგენას, კერძოდ, პირველად რომელმა მხარემ მოშალა ხელშეკრულება - ჯერ მენარდემ მიატოვა სამუშაოები თუ შემკვეთმა მოშალა ხელშეკრულება (იხ. ამ განჩინების 49-ე და 55-ე პუნქტები); მოდავე მხარეთაგან, მენარდის მიერ 05.01.2010 წ. ხელშეკრულების იმავე წლის მაისში მოშლის შემდეგ, თუკი მათ შორის აღარ არსებობდა ვალდებულებები, რის საფუძველზე შეასრულა მან იმავე წლის სექტემბრიდან ძირითადი სამუშაოები, თუ მაისში უკვე მიტოვებული ჰქონდა მათი წარმოება და ოქტომბრამდე მხარეთა შორის ურთიერთობა არ არსებობდა. სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს 30.10.2010 წ. შეთანხმების ფარგლებში, რა ურთიერთვალდებულებები ეკისრებოდათ მხარეებს, როგორ, როდის და რა მოცულობით შეასრულეს, თუკი სექტემბერში მენარდე ასრულებდა ძირითად სამუშაოს, მაშინ რა პერიოდში მოიშალა ხელშეკრულება და ვის მიერ, რადგან გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, მენარდემ 2010 წლის მაისში მიატოვა სამუშაოები ანუ მოშალა ხელშეკრულება, ხოლო იგივე გადაწყვეტილებაში შემკვეთის მიერ ხელშეკრულების მოშლის თარიღად 2010 წლის 13 ივლისია მითითებული; ამასთან, როგორც დადგენილია, მხარეთა შორის მხოლოდ 2010 წლის 30 ოქტომბერს აღდგა ურთიერთობა ძველ კონტრაქტში ცვლილებების შეტანით, რომელსაც მხოლოდ შემკვეთმა და მენარდემ მოაწერეს ხელი.

68.3. საკასაციო სასამართლო სავალდებულოდ მიიჩნევს, ხელშეკრულების მოშლის ინიციატორის დადგენას, რადგან გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას, სააპელაციო სასამართლო სსკ-ის 636-ე მუხლზე უთითებს (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.77 ქვეპუნქტი, ტ.5., ს.ფ. 190). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, ნებისმიერ დროს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში,მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიდგა მას ხელშეკრულების მოშლით... საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულების პირობის დაურღვევლობის შემთხვევაშიც კი, შემკვეთს კანონმდებელმა მიანიჭა უფლება, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება, ერთადერთი სპეციალური დათქმა, რომელიც მენარდის ინტერესების დასაცავად არის დადგენილი მოხმობილ ნორმაში, მდგომარეობს შემკვეთის ვალდებულებაში, აუნაზღაუროს კონტრაჰენტს უკვე შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სსკ-ის 636-ე მუხლით, კანონმდებელი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოშლის წანამძღვრებს კი არ აწესებს, არამედ, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით, ადგენს შემკვეთის ვალდებულებას , ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს“ (სუსგ, # ას-697-663-2015; 15.12.2015წ.). გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.75 ქვეპუნქტით (ტ.5., ს.ფ. 190) უდავოდაა დადგენილი, რომ მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება, ორივე შემთხვევაში, ვადამდე მოშალა შემკვეთმა. სააპელაციო სასამართლოს ეს დასკვნა ეწინააღმდეგება მისსავე დასკვნას, რომ მენარდემ 2010 წლის მაისში მიატოვა სამუშაოები ანუ მოშალა ხელშეკრულება (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.25 პუნქტი, ტ.5., ს.ფ. 184). მოდავე მხარეთა შორის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატორი მხარის დადგენა არსებითი მნიშვნელობისაა, რადგან სამოქალაქო კოდექსი ნარდობის მომწესრიგებელ ნორმათა შორის კონკრეტულ პირობებს განსაზღვრავს ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, იქნება ეს შემკვეთის თუ მენარდის ინიციატივით.

68. 4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მენარდის სააპელაციო საჩივარი სსკ-ის 633-ე, 637-ე მუხლებს ეყრდნობა, 637-ე მუხლი სპეციალური ნორმაა ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში და მენარდეს აძლევს ხელშეკრულების მოშლის ინიცირების შესაძლებლობას ორი საფუძვლით: 1. შემკვეთს უნდა შეეძლოს სამუშაოს დასრულებამდე მომსახურების სხვაგვარად მიღება; 2. ხელშეკრულების შეწყვეტისათვის უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი საფუძველი. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა აისახოს შემკვეთმა მოშალა ხელშეკრულება თუ მენარდემ.

68.5. საკასაციო სასამართლო, ასევე, ამახვილებს ყურადღებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.21-4.22 ქვეპუნქტებზე იმ თვალსაზრისით, რომ მენარდისათვის 13.07.2010წ. გაგზავნილი წერილი (ტ.2., ს.ფ. 31-32; გასაჩივრებული გადაწყვეტილება- ტ.5., ს.ფ. 183), რომლითაც შემკვეთმა წერილობით დაუფიქსირა პრეტენზია მენარდეს, ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულების პირობებისა და სტანდარტების, მ.შ. მასალების დაბალი ხარისხის თაობაზე, აძლევდა თუ არა შემკვეთს რაიმე სახის მოთხოვნის (სსკ-ის 636-ე მუხლი) წარდგენის საფუძველს 05.01.2010 წ. კონტრაქტის პირობების დარღვევისათვის, რადგან სამუშაოს შესრულება სწორედ პირველ (მენარდეს) და არა მეორე კონტრაქტორს ეკისრებოდა, ამასთან, ამ კონტრაქტში ჯერ კიდევ არ იყო შეტანილი ის შეთანხმება, რაც მოგვიანებით, 30.10.2010 ცვლილებით გაითვალისწინეს მხარეებმა 12.2. ქვეპუნქტის სახით, კერძოდ, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, მისი შეწყვეტის შემთხვევაში, დამრღვევი მხარის მიერ დარჩენილი სამუშაოების ღირებულების 10 % გადახდის თაობაზე (იხ. ამ განჩინების მე 11 პუნქტი).

68.6. საკასაციო სასამართლო, ყურადღებას ამახვილებს მენარდის ერთ-ერთ საკასაციო პრეტენზიაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.79 პუნქტის შესახებ: „შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას მენარდე არ ითხოვს“ (ტ.5., იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ს.ფ. 190; მენარდის საკასაციო საჩივარი - ს.ფ. 241), რაც კასატორს არასწორად მიაჩნია და აღნიშნავს, რომ მის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, გაწეული სამუშაოებისა და დანახარჯების გათვალისწინებით, არსებული დავალიანების ანაზღაურება. კასატორი უთითებს, როგორც ე.წ. პირველი კონტრაქტის პერიოდში - 2010 წლის 7 ივნისიდან იმავე წლის 26 დეკემბრამდე შესრულებული 267 007.56 ევროს ღირებულების სამუშაოზე, ასევე, მეორე კონტრაქტის პერიოდში - 2011 წლის 7 თებერვლიდან იმავე წლის 10 მაისამდე შესრულებულ 235 460.85 ევროს სამუშაოზე და საბოლოოდ ითხოვს შემკვეთისათვის 266 605 ევროსა და პირგასამტეხლოს 200 000 ევროს დაკისრებას (იხ. საკასაციო სასამართლოს სხდომის ოქმი - 18.12.2015); პირველი კასატორის შედავების კონტექსტშიც მნიშვნელოვანია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი საფუძვლის დადგენა (სსკ-ის 636-ე და 637-ე მუხლები), რადგან თითოეულ მათგანს განსხვავებული წინაპირობა აქვს და განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი უკავშირდება, რაც მნიშვნელოვანია მოდავე მხარეთა პოზიციების გამოკვლევისა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

68.7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მხარეთა განმარტებებით დადგინდა, რომ 2010 წლის 30 ოქტომბერს განახლებული ურთიერთობის შემდეგ, 2011 წლის ივნისამდე მუშაობდა მენარდე; მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის მეორე ეტაპზე, მნიშვნელოვანია, ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს სამუშაოებისათვის საჭირო მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ღირებულებები. აღნიშნული საკითხი საკმაოდ დეტალურად აქვს გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს, თუმცა, საბოლოოდ დასადგენია ის გარემოება, რაზეც მოდავე მხარეებმა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზეც, საქმის არსებითი განხილვისას, ზეპირი მოსმენისას დააფიქსირეს პოზიციები, კერძოდ, ლითონის მილების შეძენისა და მათ ჩასადებად გაწეული სამუშაოების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის სხდომაზე (აუდიო დისკი 11:50:28- დან) პროცესუალურმა მოწინააღმდეგეებმა ეს საკითხი განსხვავებულად განმარტეს, კერძოდ, შემკვეთის მტკიცებით, მან შემოიტანა ლითონის მილები, საიდანაც 2 კმ-დან 107 000 ევროს ღირებულების მილები ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ჩააწყო მენარდემ, თუმცა, ამ უკანასკნელმა ხელი არ მოაწერა მილების მიღებას ანუ არ „გადაიწერა“ ისინი, რათა მათი ღირებულება შემკვეთს შემდეგ მენარდისათვის არ დაეკისრებინა. მეორე მხრივ, მენარდემ დაადასტურა, რომ მილები შემკვეთმა შემოიტანა, ხოლო მან შეასრულა სამუშაოები. საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, შემკვეთმა კვლავ გაამახვილა ყურადღება მილების შეძენაზე, მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების 4.60 ქვეპუნქტზე (ტ.5., ს.ფ. 188). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოების ხელახლა გამოკვლევისას, ყურადღება უნდა გაამახვილოს და შესატყვისი მტკიცებულებების საფუძველზე მიუთითოს, დასტურდება თუ არა ლითონის მილების შეძენა, ხოლო დადასტურების შემთხვევაში - ვინ შეიძინა, რა ღირებულების, ასევე, გამოსაკვლევია, მილების მიწისქვეშა სამუშაოებისათვის გამოყენების ფაქტი, სად, რა ღირებულების მილები ჩაეწყო მიწისქვეშ, ვინ გასწია კონკრეტული სამუშაოები და როდის, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, დადგინდეს თითოეული მოდავე მხარის კავშირი აღნიშნულ გარემოებასთან და მათ მიერ დახარჯული რესურსი.

68.8. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჯერ უნდა დადგინდეს სადავო სამართალურთიერთობის შესაბამისად, მოდავე მხარეთა პერტენზიების წარმოშობის იურიდიული დასაბუთებულობა, საკასაციო განაცხადის ფაქტობრივი საფუძველი და შესაბამისი ნორმით დადგენილი სამართლებრივი შედეგი, ხოლო შემდეგ, თითოეული მხარის მოთხოვნის შესაბამისობა საქმეში წარმოდგენილი სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით.

68.9. შემკვეთსა და მენარდეს საკასაციო საჩივრებზე გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი - თითოეულს 8000 ლარი (იხ. ტ.5, ს.ფ. 224, 277).

68.10. სსსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, ამავე ნორმის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების არასაკმარისი იურიდიული დასაბუთებულობის გამო. წინამდებარე განჩინებაში მითითებული სამართლებრივი შეფასებისათვის, დამატებითი კვლევის ნაწილში, რადგან საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად დაადგინოს ფაქტები და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები; მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მართებულ შეფასებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რის გამოც, საკასაციო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და მათი სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი სახეზეა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ-7-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შპს „ი-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შპს „გ-7-ისა“ და შპს „ი-ის“ სააპელაციო საჩივრების ხელახლა განსახილველად;

4. კასატორებს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვთ;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე