Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-4265-ბ-15-2015(ბ) 29 იანვარი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ნ. ბ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რკ პ-ი (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით რკ პ-ი (შემდეგში მოსარჩელე ან კავშირი) სარჩელი მოპასუხეების რ. გ-ისა (შემდეგში პირველი მოპასუხე) და ნ. ბ–ის (შემდეგში მეორე მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი, განმცხადებელი) წინააღმდეგ, ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში, სსკ 623-ე, 625-ე, 286-ე, 289-ე, 3111 - ე მუხლები) და მოპასუხეებს დაეკისრათ 36 055.07 აშშ დოლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით, დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ იქნა მიქცეული მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება (სსკ-ის 301-ე მუხლი).

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, იპოთეკის საგნის რეალიზაციის გადავადება, გადასახდელად დაკისრებული თანხის განაწილვადება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინებით, მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, მისი წარდგენის ვადის დარღვევის მოტივით, განუხილველად დარჩა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 369-ე მუხლი, 70-78-ე, 2591 -ე მუხლები) .

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივლისის განჩინებით, აპელანტს კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 3 დღეში, უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

6. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ მე-5 პუნქტში დასახელებული განჩინება 2015 წლის 21 აგვისტოს, სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით, ეცნობა კერძო საჩივრის ავტორს (ტ. 2, ს/ფ 44), რაც, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებად.

7. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

9. 2015 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მომჩივანმა და განაცხადა, რომ მან საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, თუმცა, სახელმწიფო ბაჟის სახით - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნაცვლად საქართველოს უზენაესი სასამართლოსა, შეცდომით წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში. აქედან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა, მის მიერ შეცდომით წარდგენილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის გამოთხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოდან და კერძო საჩივრის განხილვა.

10. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღეში, სასამართლოში წარმოედგინა დაზუსტებული განცხადება, სადაც გარკვევით მიუთითებდა: ა)რომელი საპროცესო ვადის აღდგენას მოითხოვდა, თუ ბ)მოითხოვდა საქმის წარმოების განახლებას. საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის შემთხვევაში, იგი ვალდებული იყო, სასამართლოსათვის წარედგინა სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი განცხადება და, საქმის წარმოების განახლების საფუძვლის გათვალისწინებით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დოკუმენტის დედანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კანონით განისაზღვრება 100 (ასი) ლარით, ხოლო განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში - 50 (ორმოცდაათი) ლარით.

11. უზენაესი სასამართლოს მე-11 პუნქტში მითითებული განჩინება განმცხადებლის შვილს ჩაჰბარდა 2015 წლის 6 ნოემბერს.

12. 2015 წლის 10 ნოემბერს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორმა, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, განცხადება ამავე სასამართლოს 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო განცხადების დასაბუთებულობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს წინამდებარე განჩინების 5-10 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილია, რომ განმცხადებელმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ შეავსო, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, უზენაესი სასამართლოს ნაცვლად, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დასაბუთებულად დატოვა განუხილველად კერძო საჩივარი იმის გათვალისწინებით, რომ საჩივრის ავტორმა არ შეავსო ხარვეზი და არც საპროცესო ვადის გაგრძელება მოითხოვა.

15.საკასაციო სასამართლო კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის საფუძველად ვერ მიიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მომჩივანმა ბაჟი გადაიხადა, მაგრამ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სხვა სასამართლოში წარადგინა.

16. საპროცესო კანონმდებლობა ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ან განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლებს (სსსკ-ის 422-ე მუხლი). სსსკ-ის 421-ე მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

17. ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ:

ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში;

ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე;

გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

18. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს გადაწყვეტილების/განჩინების ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებულ არცერთ საფუძველს

19. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე, როგორც ფაქტობრივად, ასევე სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 421-ე, 422-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე