Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-4653–ა-19-2015 29 იანვარი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი _ შპს "რ-ი" (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმება და საქმისწარმოების განახლება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს "რ-ის" (შემდეგში მოსარჩელე, კოლეჯი, კერძო საჩივრის ავტორი ან განმცხადებელი) სარჩელი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში მოპასუხე, მერია ან მოწინააღმდეგე) წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, მერიას დაეკისრა 21 662, 37 ლარი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 531-ე, 532-ე, 545-ე, 557-ე, 561-ე, 563-ე მუხლები).

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მერიამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა კოლეჯის სარჩელი.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კოლეჯმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო (ტ.2., ს.ფ.171-174).

6. საკასაციო სასამართლომ განჩინება დააფუძნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსკ) შემდეგ ნორმებზე: სსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7.საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, იმის მიუხედავად, ჩაიბარა თუ არა მოგვიანებით მხარემ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. ამასთან, განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

8. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდნენ კასატორის წარმომადგენელი და კოლეჯის დირექტორი (ტ. 2, ს.ფ. 126), კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების დღესვე, 2015 წლის 23 ივნისს, და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარება.

9. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი კასატორის წარმომადგენელმა ჩაიბარა 2015 წლის 1 ოქტომბერს (იხ. ხელწერილი, ტ.2, ს.ფ. 156).

10. სსსკ-ის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან, 30-ე დღის მომდევნო დღიდან, ანუ 2015 წლის 24 ივლისიდან და ამოიწურა 2015 წლის 13 აგვისტოს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2015 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილია 2015 წლის 19 ოქტომბერს ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

11. საკასაციო სასამართლომ, კასატორის წარმომადგენლის 2015 წლის 23 ივნისის განცხადებაზე (ტ. 2, ს.ფ. 132) მითითებით განმარტა, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს წარდგენილი განცხადება, რომლითაც მხარე ითხოვს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას, არ შეიძლება სსსკ-ის 2591-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებად ჩაითვალოს, რადგან კანონმდებელმა ცალსახად განსაზღვრა დროის კონკრეტული მონაკვეთი, თუ როდის უნდა მივიდეს მხარე სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორს სსსკ-ის 2591-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია. კასატორის წარმომადგენელი სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, 2015 წლის 1 ოქტომბერს გამოცხადდა (იხ. ხელწერილი, ტ.2, ს.ფ. 156).

12.საკასაციო სასამართლომ 02.11.2015წ. განჩინებაში იმაზეც მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2015 წლის 23 ივნისის დასაბუთებული განჩინების მომზადების ვადა არ დაურღვევია, რადგან 2015 წლის 27 ივლისს სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებული განჩინების ასლი აპელანტს გაუგზავნა (იხ. სასამართლო გზავნილი, ტ. 2, ს.ფ. 154).

13.საკასაციო სასამართლომ სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

14. 2015 წლის 13 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს კერძო საჩივრით/განცხადებით მომართა კოლეჯის წარმომადგენელმა, მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინების გაუქმება, გასაჩივრების ვადის აღდგენა და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

15.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, კოლეჯს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 5 დღეში, უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დაზუსტებული განცხადება, სადაც მითითებული იქნებოდა განმცხადებლის მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძვლები: ა) რომელი საპროცესო ვადის აღდგენას მოითხოვს; თუ ბ) მოითხოვს საქმის წარმოების განახლებას. განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის შემთხვევაში, მხარე ვალდებული იყო, სასამართლოსათვის წარმოედგინა სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი განცხადება და, საქმის წარმოების განახლების საფუძვლის გათვალისწინებით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებელი იურიდიული პირისათვის - 300 ლარი, ხოლო განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში - 50 ლარი.

16. 2015 წლის 7 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კოლეჯის წარმომადგენელმა, წარმოადგინა დაზუსტებული განცხადება და სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის დოკუმენტი, მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.

17. განმცხადებელი ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმისწარმოების განახლებას ითხოვს სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ დასაბუთებით, რომ ვადის დარღვევა არ მომხდარა კასატორის ბრალით და მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოება, რომელიც ადრე, რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების დროს, გამოიწვევდა კასატორის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას. კერძოდ, განმცხადებელი უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების არც სარეზოლუციო ნაწილი და არც დასაბუთებული გადაწყვეტილება, კასატორს დათქმულ ვადაში არ ჩაჰბარებია, სააპელაციო სასამართლოს მიზეზით. განმცხადებლის განმარტებით, მან წერილობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რათა მიეცათ მისთვის სასამართლოში ყოფნისას განხორციელებული შიდა სატელეფონო საუბრების ამონაწერები, რომლითაც დადასტურდება, რომ იგი ეცადა გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ვერ უზრუნველყო მისი ჩაბარება მხარისათვის. განმცხადებელმა, 2016 წლის 12 იანვარს საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომელსაც ერთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოდან მიღებული პასუხი (08.12.2015წ. #155 წერილი), რომლის მიხედვით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ჩანაწერები დაცული არ არის, რის გამოც, შუძლებელია შესაბამისი ინფორმაციის გაცემა.

18. საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით კოლეჯის განცხადება, ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების თაობაზე, მიჩნეული იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა კოლეჯის დაზუსტებული განცხადება ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

19. საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 397-ე მუხლზე მითითებით, განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადა კანონით იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომლის გაგრძელება ან აღდგენა აკრძალულია, იგი გამორიცხავს რაიმე გამონაკლისებს, მათ შორის, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძველზე, გასაჩივრების ვადის გაგრძელების ან აღდგენის შესაძლებლობას. საკმარისია ვადის ობიექტურად დარღვევის, ვადის გასვლის ფაქტი, რომელსაც ვერ გააბათილებს სუბიექტური ფაქტორი-მაგალითად, კეთილსინდისიერი მხარის არაბრალეულობა, მოქმედების შესრულების შეუძლებლობა და ა.შ.

20. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.

21. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს, თავისი ბრალის გარეშე, არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

22.საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის პრეტენზიას, რომ ზემოთ მითითებული ნორმის საფუძველზე, ახლად აღმოჩენილია ის გარემოება, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისი ბრალით არ მომხდარა და, მიუხედავად მცდელობისა, სააპელაციო სასამართლოს მიზეზით ვერ ჩაიბარა მხარემ გადაწყვეტილების ასლი (იხ. ამ განჩინების მე-17-ე პუნქტი).

23. საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 6-8 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით, კასატორის არაბრალეულობა ვადის დარღვევაში არ დასტურდება, პირიქით ვადის დარღვევა სწორედ კასატორის ბრალით მოხდა, ვინაიდან მან არ შეასრულა გადაწყვეტილების ჩაბარების კანონით განსაზღვრული პროცესუალური ვალდებულება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 2591 მუხლით, გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის ჩაბარების წესი ზუსტად და ცალსახად არეგულირებს გასაჩივრების უფლების მქონე პირის ვალდებულებას, არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; კანონმდებელმა კონკრეტულად განსაზღვრა მხარის ვალდებულების როგორც ქვედა - არა უადრეს 20, ისე ზედა - არა უგვიანეს 30 დღისა, ზღვარი. მოხმობილი რეგულაცია არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნის იმავე დღეს წარდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ჩაითვლება მხარის კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულებად იმ დასაბუთებით, რომ გასაჩივრების უფლების მქონე პირი კანონით დადგენილ 30-დღიან ზედა ზღვარს არ გასცდა, ამიტომ ქვედა ზღვარის - არა უადრეს 20 დღისა, დაცვა მაინცდამაინც არ ევალება მას. ნორმის მსგავსი ინტერპრეტაცია არ გამომდინარეობს სამართლებრივი მოწესრიგების მიზნიდან, რომელიც ემსახურება მართლმსაჯულების ფუნქციონირებას, ვადების დადგენით, მხარეთა მიერ პროცედურების დაცვით, რადგან სასამართლოს თავად აქვს კანონით დადგენილი ვადა დასაბუთებული გადაწყვეტილების მოსამზადებლად. მხარის ვალდებულება, ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილება, შემოსაზღვრულია კონკრეტული დროით, რაც ნიშნავს პირის მიმართვას სასამართლოსადმი, მიიღოს გადაწყვეტილების ასლი მინიმალურ 20-დღიან, თუ მაქსიმალურ 30 -დღიან ვადაში, რომლის ფარგლებშიც, მხარის მოთხოვნა, კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებად მიიჩნევა. სასამართლოსადმი მიმართვა უნდა დასტურდებოდეს სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებით, რაც მსგავს შემთხვევებში, წერილობითი განცხადების წარდგენას გულისხმობს, ეს კი სასამართლოს წარმოუშობს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს პირის მოთხოვნა და მის მიერ, თუნდაც ვადის დარღვევით, დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცემა, არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში მოითხოვა გასასაჩივრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება.

24.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ განჩინების მე-20 პუნქტში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, მხარის არაბრალეულობის შემთხვევაშიც კი, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის აღდგენის მოთხოვნა, თუნდაც, ახლად აღმოჩენილ გარემოებაზე მითითებით, სამართლებრივად დაუშვებელია.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კოლეჯის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 421-ე, 423-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "რ-ის" განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე