საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-721-728-2015 15 იანვარი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი –ე. ფ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. შ-ა, ო. ლ-ე, ე. ს-ა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2010 წლის 19 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, ე. ფ-მა (შემდეგში მსესხებელი, მოსარჩელე, მოვალე ან კასატორი) ვ. შ-ასაგან (შემდეგში - პირველი გამსესხებელი, იპოთეკარი ან კრედიტორი) ისესხა - 10 000 აშშ დოლარი, ო. ლ-ისაგან (შემდეგში მეორე გამსესხებელი, იპოთეკარი ან კრედიტორი) - 10 000 აშშ დოლარი, ხოლო ე. ს-ასაგან (შემდეგში მესამე გამსესხებელი, იპოთეკარი ან კრედიტორი) - 15 000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა სამი თვით - 2011 წლის 19 თებერვლამდე. სესხის სარგებელი განისაზღვრა თვიური 5%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებით, ფულადი ვალდებულების შესრულების დაგვიანებისათვის პირგასამტეხლოს სახით განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 0.3%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ, 623-ე, 624-ე, 625-ე, 403-ე, 417-ე, 418-ე მუხლები; სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №101166051 - ტ.1. ს. ფ. 82-86).
2. გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ჩ-ის ქ. №26, არასაცხოვრებელი ფართი: 290.84 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №... (სსკ-ის 286-ე, 289-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3111 მუხლი).
3. მხარეებმა 2013 წლის 05 ოქტომბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის საფუძველზე, 2012 წლის 19 მარტამდე, მსესხებლისაგან პირველ და მეორე გამსესხებლებს მიღებული აქვთ, თითოეულს, თვეში 500 აშშ დოლარი, ხოლო მესამე გამსესხებელს თვეში 750 აშშ დოლარი.
4. სამივე გამსესხებელი (იპოთეკარები) და მსესხებელი შეთანხმდნენ, რომ ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებელს გადასახდელი ჰქონდა ძირითადი თანხები პირველი და მეორე გამსესხებლისათვის, თითოეულისათვის 10 000 აშშ დოლარი, ხოლო მესამე გამსესხებლისათვის - 15 000 აშშ დოლარი.
5. 2014 წლის 14 თებერვალს ნოტარიუსმა გასცა №... სააღსრულებო ფურცლები (შემდეგში - ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლები), რომლის მე-7 პუნქტით, მსესხებლის ვალდებულების მოცულობა პირველი და მეორე გამსესხებლების წინაშე, თითოეულის მიმართ, განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 10 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 30 აშშ დოლარი, სესხის ძირითადი თანხის 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2012 წლის 19 მარტიდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე; მესამე გამსესხებლის წინაშე კი - სესხის ძირითადი თანხა - 15 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 45 აშშ დოლარი, სესხის ძირითადი თანხის 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2012 წლის 19 მარტიდან სააღსრულებო ფურცლების აღსასრულებლად წარდგენამდე („ნოტარიატის შესახებ“ საქარველოს კანონის 38-ე მუხლი მე-5 ნაწილი და მე-40 მუხლი; იხ. სააღსრულებლო ფურცლები, ტ.1. ს. ფ. 73-81).
6. მსესხებელმა სარჩელი აღძრა სამივე გამსესხებლის წინააღმდეგ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ: მის მიერ კრედიტორებისათვის გადახდილი თანხების ძირითადი თანხის ანგარიშში ჩათვლა, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება და პირგასამტეხლოს ვადის ათვლა არა 2012 წლის 19 მარტიდან, არამედ, იმავე წლის 19 ივლისიდან 2014 წლის 14 თებერვლამდე.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, მსესხებლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
7.1. ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლები, კერძოდ, მსესხებლის მე-7 პუნქტით დადგენილი ვალდებულება ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: პირველი და მეორე გამსესხებლის სასარგებლოდ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, თითოეული მათგანისათვის, განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 10 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლოს სახით 5 (ხუთი) აშშ დოლარი, სესხის ძირითადი თანხის 0.05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2012 წლის 19 მარტიდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე. აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი.
7.2. მესამე გამსესხებლის სასარგებლოდ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობამ შეადგინა: სესხის ძირითადი თანხა - 15 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 7.5 აშშ დოლარი, სესხის ძირითადი თანხის 0.05 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2012 წლის 19 მარტიდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე. აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი.
7.3 სხვა ნაწილში ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლები დარჩა უცვლელად.
8. საქალაქო სასამართლომ ამ განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გარდა, დადგენილად მიიჩნია, რომ გამსესხებლებმა მსესხებლისაგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამივე თვის სარგებელი მიიღეს სრულად, კერძოდ, პირველმა და მეორე გამსესხებელმა, თითოეულმა - 1 500 აშშ დოლარი, ხოლო მესამე გამსესხებელმა - 2 250 აშშ დოლარი.
8.1 საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და შესწავლის შედეგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 14 თებერვლის მდგომარეობით (ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლების გაცემის თარიღი) მსესხებლის დავალიანება პირველი და მეორე გამსესხებლის წინაშე, თითოეული მათგანის სასარგებლოდ, შეადგენდა სესხის ძირითად თანხას - 10 000 აშშ დოლარს და პირგასამტეხლოს, სესხის ძირითადი თანხის 0.05%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2012 წლის 19 მარტიდან სააღსრულებო ფურცლების აღსასრულებლად წარდგენამდე; მესამე გამსესხებლის წინაშე კი - სესხის ძირითად თანხას - 15 000 აშშ დოლარს და პირგასამტეხლოს, სესხის ძირითადი თანხის 0.05%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2012 წლის 19 მარტიდან სააღსრულებო ფურცლების აღსასრულებლად წარდგენამდე.
8.2. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 05 ოქტომბრის შეთანხმებით, სამივე გამსესხებელმა (იპოთეკარებმა) და მსესხებელმა განსაზღვრეს, რომ წინამდებარე განჩინების პირველ პუნტში მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამ უკანასკნელს გადასახდელი ჰქონდა ძირითადი თანხა: პირველი და მეორე გამსესხებლებისათვის, თითოეული მათგანის სასარგებლოდ - 10 000 აშშ დოლარი, მესამე გამსესხებლისათვის - 15 000 აშშ დოლარი.
8.3. სასამართლომ, 8.2. პუნქტში დასახელებული შეთანხმების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული თანხების გადახდა. ამავე შეთანხმებით, მხარეებმა წერილობით დააფიქსირეს, რომ 2012 წლის 19 მარტიდან 2013 წლის 19 სექტემბრამდე, სესხის ძირითად თანხასთან ერთად, პირველ და მეორე გამსესხებლებს მისაღები ჰქონდათ, თითოეულ მათგანს - 18 თვეზე 9 000 აშშ დოლარი, ხოლო მესამე გამსესხებელს - 18 თვეზე - 13 500 აშშ დოლარი. მსესხებელს ეს თანხები უნდა გადაეხადა 2013 წლის ოქტომბრის ბოლომდე.
8.4. მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და თანხის გადაცემის შესახებ შედგენილი შეთანხმების შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მხარეთა შორის შეთანხმების არსებობა, თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ. გამსესხებლებისათვის 2012 წლის 19 მარტამდე გადაცემული თანხა სასამართლომ ჯარიმად მიიჩნია. ამის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ არ გაიზიარა მსესხებლის თავდაპირველი განმარტება, რომ გადაცემული თანხა ძირითადი თანხის ანგარიშში იყო გადახდილი .
8.5. სასამართლოს დასკვნით, მსესხებელსა და გამსესხებლებს შორის არ ყოფილა ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამი თვის სარგებლის გარდა, გადახდილი თანხები შეიძლებოდა ჩათვლილიყო ძირითადი თანხის ანგარიშში.
8.6. სასამართლომ მიუთითა, რომ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამი თვის სარგებლის გარდა, მხარეთა შეთანხმებით, 2012 წლის 19 მარტამდე მსესხებლის მიერ სამივე გამსესხებლის სასარგებლოდ გადახდილი თანხები ჩაითვალა პირგასამტეხლოს ანგარიშში.
8.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გამსესხებლებმა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლებში, 2012 წლის 19 მარტის შემდეგ, პირგასამტეხლოს სახით გადასახდელ თანხებად განსაზღვრეს არა 2013 წლის 05 ოქტომბრის შეთანხმებით დადგენილი თანხები, არამედ 2010 წლის 19 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი, შესაბამისი თანხებით.
8.8. სასამართლომ მიუთითა, რომ მსესხებელს სადავოდ არ გაუხდია, რომ გადახდილი თანხის ასახვა არ მოხდა გამსესხებელთა მიერ, ასევე, დადგენილია, თუ რა ვალდებულების წილში ჩაითვალა გადახდილი თანხები. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი გაანგარიშება სადავო არ გამხდარა, მითითება მოხდა მხოლოდ მის შეუსაბამოდ დიდ ოდენობაზე.
8.9. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 341-ე, 623-ე და 403-ე მუხლებზე.
8.10. სასამართლომ სსკ-ის 341-ე მუხლის განმარტებისას აღნიშნა, რომ ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. ვალის არსებობის აღიარება წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, მოხმობილი ნორმით გათვალისწინებული ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულებაა, ამდენად იგი ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, პირველ რიგში კი, სსკ - ის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. ნებისმიერი დოკუმენტი ან მხარეებს შორის მიმოწერა, სადაც დავალიანების არსებობაა დაფიქსირებული, ვალის აღიარების ხელშეკრულებად ვერ მიიჩნევა, თუ არ ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე (ვალის დაფარვის წესი, ვადა და ა. შ.). ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას და, ამდენად, საკმარისია ერთი პირის ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაშია, რომ მასში ძველი ვალდებულების შესრულების მზაობა არ იკვეთება. მოთხოვნის აღიარებად მიიჩნევა მხოლოდ მოვალის აქტიური მოქმედებები, რომლებიც ადასტურებენ მის მიერ ვალის აღიარებას. ვალდებული პირის მოვალეობის აღიარებაში იგულისხმება ვალდებული პირის ისეთი მოქმედებები, რითაც გამოხატულია მისი ნება, შეასრულოს ვალდებულება; მოქმედებები, რომლებიც ადასტურებენ თანხის ნაწილის გადახდას ან ვალდებული პირის ნებას, მომავალში ვალდებულებების შესრულების შესახებ ან ამ ვალდებულებების სხვადასხვა პირობებით შესრულების შემოთავაზება. ვალის აღიარებად მხოლოდ მოვალის ერთმნიშვნელოვანი და ნათლად გამოვლენილი ნება ჩაითვლება. თუ წერილობითი დოკუმენტებიდან ან მისი მოქმედებებიდან ნათლად არ ირკვევა, რომ მოვალე ვალს აღიარებს, ეჭვი მის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. მოვალემ სრულიად ნათლად უნდა აღიაროს ვალის არსებობა.
8.11. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მსესხებელმა (მოსარჩელემ) მსგავსი სახით მოთხოვნა (მოვალეობა) აღიარა და არ არსებობდა სააღსრულებო ფურცლებში ძირითადი თანხის შემცირების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ - სამართლებრივი საფუძველი.
8.12. სასამართლომ მხედველობაში მიიღო მსესხებლის მიერ 2012 წლის 19 მარტამდე გადახდილი ჯარიმის მოცულობა და მიიჩნია, რომ ამის შემდეგ გადასახდელი პირგასამტეხლოს განაკვეთი - 0.3 % ვადაგადაცილებული დღისათვის შეუსაბამოდ მაღალი იყო და უნდა შემცირებულიყო 0.05% - მდე, რადგან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
9. მსესხებელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, გადაწყვეტილების შეცვლით, მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
9.1. მსესხებლის განმარტებით, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და შეამცირა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო 0,05 %-მდე, რამაც დღეში შეადგინა 10 000 აშშ დოლარზე - 5 აშშ დოლარი, თვეში 150 აშშ დოლარი; 15 000 აშშ დოლარზე - დღეში 7,5 აშშ დოლარი, თვეში 225 აშშ დოლარი; შემცირებული პირგასამტეხლოს 0,05 %-ის ათვლა დაიწყო არა 2011 წლის 19 თებერვლიდან, როგორც ეს ხელშეკრულებაშია აღნიშნული, არამედ 2012 წლის 19 მარტიდან 2014 წლის 14 თებერვლამდე, რაც არასწორია, ვინაიდან, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა 2010 წლის 19 ნოემბერს, ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა სამი თვე - 2011 წლის 19 თებერვლამდე, მხარეებს შორის არ გაგრძელებულა ხელშეკრულება კანონით გათვალისწინებული წერილობითი ფორმით, რომელიც უნდა დარეგისტრირებულიყო საჯარო რეესტრში. შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადის დასრულების დღისათვის, სესხის ძირითად თანხებზე უნდა მომხდარიყო პირგასამტეხლოს დარიცხვა.
9.2. მსესხებლის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამთვიანი სარგებლის გარდა, 2011 წლის 19 თებერვლიდან 2012 წლის 19 მარტამდე, მსესხებლის მიერ გამსესხებლებისათვის გადახდილი თანხები იყო ჯარიმა, რაც არასწორია, აღნიშნული განმარტება ბუნდოვანია, გაურკვეველია, რას დაემყარა სასამართლოს ამგვარი შეფასება, მით უფრო, ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ჯარიმას. სასამართლომ 2011 წლის 19 თებერვლიდან 2012 წლის 19 მარტამდე პერიოდისათვის დაიანგარიშა პირგასამტეხლო დღეში 0,16 %, რაც ეწინააღმდეგება კანონით ნორმებს და მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არსებულ ერთგვაროვან პრაქტიკას. მსესხებელმა სასამართლოში დედნის სახით წარადგინა ხელწერილი, რომელშიც თითოეული გამსესხებელი საკუთარი ხელით წერს, რომ მიღებული აქვს თანხები 2012 წლის 19 ივლისამდე, რაც მათ სადავოდ არ გაუხდიათ. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, 2012 წლის 19 მარტიდან 2012 წლის 19 ივლისამდე, სამივე გამსესხებლისათვის გადახდილი თანხა - 7000 აშშ დოლარი (პირველი და მეორე გამსესხებლებისთვის, თითოეულის სასარგებლოდ - 2000 აშშ დოლარი, მესამე გამსესხებლისათვის - 3 000 აშშ დოლარი), უსაფუძვლოდ მიაკუთვნა მათ.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით მსესხებლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებული ახალი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე–4 პუნქტები შეიცვალა მხოლოდ პირგასამტეხლოს განსაზღვრის ნაწილში, კერძოდ:
10.1. მე-2 და მე–3 პუნქტებში მითითებული პირგასამტეხლო 5 (ხუთი) აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 (ერთი) აშშ დოლარით, ე.ი. პირგასამტეხლოს ოდენობად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა ძირითადი თანხის - 10 000 აშშ დოლარის 0,01%-ით;
10.2. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში პირგასამტეხლო, ნაცვლად 7,5 აშშ დოლარისა, განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,5 აშშ დოლარი, ე.ი. პირგასამტეხლოს ოდენობად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა ძირითადი თანხის 15 000 აშშ დოლარის 0,01% .
11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები და მსჯელობა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და ამ გარემოებების სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა: დადგენილია, რომ 2010 წლის 19 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გარდა, გამსესხებლებს მსესხებლისაგან მიღებული აქვთ გარკვეული ოდენობის თანხები, კერძოდ, სარგებლის გარდა, მსესხებელს პირველი და მეორე გამსესხებლისათვის, თითოეულისათვის გადახდილი აქვს 8 500 აშშ დოლარი, ხოლო მესამე გამსესხებლისათვის - 12 250 აშშ დოლარი. სააპელაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზია სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარეობს, როდესაც მსესხებელი აღნიშნავს, რომ მითითებული თანხების გადახდის შემდეგ, მისი დავალიანება პირველი და მეორე გამსესხებლის წინაშე, თითოეულის სასარგებლოდ არის მხოლოდ 1 500 აშშ დოლარი (10 000 – 8500 = 1 500), ნაცვლად 10 000 აშშ დოლარისა, ხოლო მესამე გამსესხებლის წინაშე - 2 250 აშშ დოლარი (15 000 – 12 250 = 2 250), ნაცვლად 15 000 აშშ დოლარისა.
12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მსესხებლის მსჯელობა ძირითადი თანხების ნაწილში ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლების არაკანონიერებასთან დაკავშირებით გასაზიარებელი იქნებოდა, რომ არა გამსესხებელთა მიერ წარმოდგენილი 2013 წლის 5 ოქტომბრის შეთანხმება და აქედან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები.
13. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მე-11 პუნქტში დასახელებული შეთანხების თარიღზე და დაასკვნა, რომ შეთანხმება მხარეთა შორის გაფორმებულია 2010 წლის 19 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის და მსესხებლის მიერ სამივე გამსესხებლისათვის თანხების (8 500 - 8 500 აშშ დოლარი და 12 250 აშშ დოლარი) გადახდის შემდეგ. მიუხედავად ამისა, მსესხებელი 05.10.2013 წლის შეთანხმებაში მაინც აფიქსირებს, რომ გადასახდელი აქვს 2010 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხები (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი). აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ 2010 წლის 19 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 3 თვის სარგებლის გადახდის ვალდებულება მსესხებელს სამივე გამსესხებლის წინაშე შესრულებული აქვს; იმის გამო, რომ ხსენებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადა არ გაგრძელებულა, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის და სამი თვის სარგებლის გადახდის შემდეგ, მსესხებელს პირველი და მეორე გამსესხებლებისათვის გადახდილი - 8 500–8 500 აშშ დოლარი, მესამე გამსესხებლისათვის კი - 12 250 აშშ დოლარი, შესაბამისი პირგასამტეხლოს გამოკლებით, უნდა ჩათვლოდა ძირითადი თანხების ანგარიშში, თუმცა, 2013 წლის 5 ოქტომბრის შეთანხმებაში მსესხებლის მიერ გამოვლენილი ნება (მიუხედავად მის მიერ ზემოთ მითითებული თანხების გადახდისა), რომ მისი დავალიანება პირველი და მეორე გამსესხებლების წინაშე, თითოეულის სასარგებლოდ კვლავ იყო - 10 000 აშშ დოლარი, მესამე გამსესხებლის წინაშე კი - 15 000 აშშ დოლარი, ფაქტობრივად არის აღიარება, შესაბამისად, 2013 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით, გამსესხებელთათვის გადახდილი თანხები, მსესხებლის გამოვლენილი ნებით მიჩნეული იქნა პირგასამტეხლოს და არა ძირითადი თანხის გადახდად.
14. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2013 წლის 5 ოქტომბრის შეთანხმებაში მსესხებლის გამოვლენილი ნება დადასტურებულია თავად მისი ხელმოწერით, რომლის ნამდვილობაც სადავოდ არ გაუხდია. მსესხებლის პოზიცია, აღნიშნული შეთანხმების ზეწოლის შედეგად ხელმოწერის შესახებ, არ არის საკმარისი მის მიერ გამოვლენილი ნების ნაკლის მქონედ მისაჩნევად. მსესხებელს მითითებული გარემოების დასადასტურებლად არათუ მტკიცებულებები, არამედ რაიმე სარწმუნო და დამაჯერებელი დასაბუთებაც კი არ წარმოუდგენია. შესაბამისად, ზემოხსენებული შეთანხმების არარა გარიგებად შეფასების მცდელობა უსაფუძვლოა და აღნიშნული ვერ გამოდგება იმ არგუმენტების საპირწონედ, რასაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაემყარა ძირითადი თანხის ნაწილში დავალიანების ოდენობის სახით.
15. სსკ-ის 420-ე მუხლზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ქვემდგომი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება. სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მატერიალური ნორმები ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც, თავის მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
16 სასამართლომ მიიჩნია, რომ მსესხებელს გამსესხებლებისათვის პირგასამტეხლოს სახით უკვე გადახდილი ჰქონდა თანხები (იხ. ამ განჩინების მე-11 პუნქტი), შესაბამისად, პირგასამტეხლოს მინიმუმადე შემცირებასთან დაკავშირებით, მსესხებლის პრეტენზია სრულად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.
17. სასამართლომ საკმარისი დასაბუთებისა და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო, არ გაიზიარა მსესხებლის პრეტენზია, პირგასამტეხლოს დარიცხვის თარიღად 2012 წლის 19 ივლისის განსაზღვრის შესახებ, ნაცვლად იმავე წლის 19 მარტისა.
18. მსესხებელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, პირგასამტეხლოს ათვლის თარიღისა და ძირითადი თანხის შემცირების ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
19. საკასაციო საჩივარი შემდეგ საფუძვლებს ემყარება:
19.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად დადგინდა ფაქტობრივი გარემოება, რომ თანხა გადახდილია მხოლოდ 2012 წლის 19 მარტამდე. 2012 წლის 19 ივნისის ხელწერილით დადასტურებულია, რომ მსესხებელს თანხა გადახდილი აქვს 2012 წლის ივლისის ჩათვლით და 2012 წლის 19 ივლისამდე, მას არც ერთი გამსესხებლის ვალი არა აქვს, რასაც არ უარყოფს მოწინააღმდეგე მხარე (კასატორი უთითებს სხდომის ოქმზე).
19.2. 2013 წლის 05 ოქტომბრის შეთანხმება ბათილია, რადგან იძულებითაა დადებული, მას ხელს არ აწერს მეორე გამსესხებელი, შეთანხმება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. გამსესხებლები ითხოვდნენ ხელშეკრულების გაფორმებას ნასყიდობა - გამოსყიდვის უფლებით, რაზედაც მსესხებლის (კასატორი) რწმუნებელმა უარი განაცხადა; ამის ნაცვლად, მას ხელი მოაწერინეს შეთანხმებაზე, რომელიც თავად გამსესხებლებმა შეადგინეს
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 24 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო იმავე წლის 10 სექტემბრის განჩინებით,დასაშვებად ცნო მოხმობილი ნორმის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუქტით, როგორც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი საქმე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
21. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამავე კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს წინამდებარე განჩინების 8.6 და 8.7 ქვეპუქტებზე, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებზე (იხ. განჩინების 11-13 პუნქტები) და აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის 2010 წლის 19 ნოემბერს ხელმოწერილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების სამთვიანი ვადა არ გაგრძელებულა, ამასთან, მხარეთა შორის სადავო არაა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, სარგებელი მთლიანად აქვს გადახდილი მსესხებელს (სსკ-ის 625-ე მუხლი). „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად (პირველი და მეხუთე ნაწილები), სააღსრულებო ფურცლის გასაცემად, კრედიტორმა (მისმა უფლებამონაცვლემ) ნოტარიუსს უნდა წარუდგინოს ის სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ითხოვს განმცხადებელი სააღსრულებო ფურცლის გაცემას, ხოლო ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღსრულება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. დასახელებული კანონის მე-20 და 21-ე მუხლები არეგულირებენ სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძვლებს. კერძოდ, 21-ე მუხლის 31 პუნქტით დადგენილია, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში, სხვა სავალდებულო რეკვიზიტებს შორის, უნდა მიეთითოს ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, მისი შესრულების დრო, აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა. საქმის მასალებში განთავსებული სააღსრულებო ფურცლების მიხედვით (იხ. განჩინების მე-5 პუნქტი), ვალდებულების წარმოშობის საფუძველია წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, შესაბამისად, თითოეულ მათგანში მითითებულია აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა.
23. საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია კასატორის არგუმენტები, რომ მის მიერ კრედიტორებისათვის გადახდილი თანხები (იხ. განჩინების მე-9 პუნქტი) უნდა ჩათვლილიყო, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ძირითადი თანხის ნაწილში. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მიდის საქმეში განთავსებული 2010 წლის 19 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, როგორც ხელშემკვრელი მხარეების გამოვლენილი ნების საფუძველზე შეთანხმებული პირობების ანალიზის შედეგად, კერძოდ, გარიგების მონაწილე მხარეები არ შეთანხმებულან ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, არც სარგებლის გადახდაზე და არც ჯარიმაზე.
24. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც ასახულია წინამდებარე განჩინების მე-11, მე-12, მე-13 პუნქტებში და განმარტავს, რომ კრედიტორებსა და მოვალეს შორის მარტივი წერილობითი ფორმით ხელმოწერილი შეთანხმება არ არის ახალი გარიგება, რომელიც აბათილებს, იმავე მხარეთა შორის, სანოტარო წესით შედგენილ და დადასტურებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, ამასთან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლები გაცემული აქვს სწორედ ამ უკანასკნელი, სანოტარო წესით დამოწმებული, ხელშეკრულების და არა მხარეთა 05.10.2013 შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული შეთანხმება, თავისი არსით, ბათილი გარიგებაა და ვერ დაადგენს 19.11. 2010წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღსასრულებელ ვალდებულებასა და მის მოცულობას, რადგან არ არის ნამდვილი. ამ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო, 05.10.2013 წ. შეთანხმებაზე მსჯელობისას, ბათილ გარიგებად განიხილავს მას, არა მხარეთა ნების გამოვლენის ნამდვილობის საფუძველზე, არამედ იმ არგუმენტაციით, რომ აღსასრულებელი ვალდებულების გადასახდელად, მოვალისათვის მბოჭავი სამართლებრივი საფუძველი გააჩნია 19.11.2010 სანოტარო წესით დადასტურებულ ხელშეკრულებას, რომელშიც ცვლილებები და დამატებები იგივე ფორმით უნდა შეეტანათ ხელშემკვრელ მხარეებს, რა ფორმითაც იურიდიულად წარმოიშვა მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა და განისაზღვრა ვალდებულების შესრულების ვადა და წესი (სსკ-ის 59-ე მუხლი).
25. საკასაციო სასამართლო, ასევე, არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომელიც უკავშირდება მოვალის მიერ თითქოსდა კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულების აღიარებას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-13, მე-14 პუნქტები) და ამავე განჩინების 24-ე პუნქტში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებზე მითითებით, განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2013 წლის 5 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმება არ შეიძლება განხილული იქნეს ვალის აღიარებად. ,,სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება, ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა, სადავოობის შემთხვევაშიც, შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ, დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას და, ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარებას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს, ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ და აღნიშნული გარიგებით გათვალისწინებული მოთხოვნის მიზანია, ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე, შესრულების მოთხოვნა და ამდენად, ვალის აღიარება არ არსებობს, აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას, უნდა გავითვალისწინოთ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი, ასევე, გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“ (სუსგ № ას-839-890-2011, 08.11.2011წ.)
26. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოვალესა და კრედიტორითა შორის 2013 წლის 5 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმება არის მრავალმხრივი გარიგება, სადაც მხარეებმა მათ შორის უკვე არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თითქოსდა იკისრეს ძირითადი ვალდებულებიდან (2010 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან) გამომდინარე ურთიერთობის მოწესრიგება, მოვალისადმი შესრულების მოთხოვნის წესის განსაზღვრა, რაც ვერ იქნება განხილული მოვალის მიერ ნების ცალმხრივად გამოვლენის საფუძველზე, ვალის აღიარებად. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, მითითებული გარიგების არანამდვილობაზე მსჯელობისას, საკასაციო სასამართლოს დასკვნა დაემყარა არა მხოლოდ იმ ფაქტობრივ-სამართლებრივ წანამძღვარს, რომ მარტივი წერილობითი გარიგება ვერ შეცვლიდა სანოტარო წესით დადასტურებული ხელშეკრულების პირობებს, არამედ, იმ იურიდიულ საფუძველსაც, რომ გადაწყვეტილების აღსასრულებლად, ნოტარიუსმა სააღსრულებო ფურცლები გასცა არა ბათილი (05.10.2013 წ. შეთანხმება), არამედ ნამდვილი გარიგების აღსასრულებლად.
27. საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობა საფუძველს აცლის სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს (იხ. ამ განჩინების მე-12, მე-13 პუნქტები), რადგან მხარეთა შორის დადებული 2013 წლის 5 ოქტომბრის ბათილი შეთანხმება არ შეიძლება განხილული იქნეს საკასაციო პრეტენზიის უარყოფის საფუძვლად, რის გამოც საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის საჩივრის იმ ნაწილს, რომლითაც იგი ითხოვს, 2014 წლის 14 თებერვალს, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში, მოვალის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის განსაზღვრას სესხის ძირითადი თანხის ნაწილში შემდეგნაირად:
27.1. # ... სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, პირველი კრედიტორის მიმართ - 1500 აშშ დოლარით;
27.2. # ... სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მეორე კრედიტორის მიმართ - 1500 აშშ დოლარით;
27.3. # ... სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მესამე კრედიტორის მიმართ - 2 250 აშშ დოლარით.
28. ამ განჩინების 23-26 პუნქტებში მითითებული დასკვნების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ აკმაყოფილებს საჩივარს (იხ. 27-ე პუნქტი).
29. საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ათვლის თარიღის ნაწილში, რადგან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, საქმისწარმოების ორივე ეტაპზე, მოვალის სასარგებლოდ შეამცირეს პირგასამტეხლო, რითაც ფაქტობრივად საფუძველი გამოეცალა კასატორის საკასაციო პრეტენზიის აღნიშნულ ნაწილს.
30. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიუხედავად ამისა, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, მოწინააღმდეგეებს დაეკისრებათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა (სსსკ-ის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ად ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. 2014 წლის 14 თებერვალს გაცემული (ნოტარიუსი რ. ჩ-ი) სააღსრულებო ფურცლები ნაწილობრივ გაუქმდეს და ე. ფ-ის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის გადახდის ნაწილში განისაზღვროს შემდეგნაირად:
3.1. # ... სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ვ. შ-ას მიმართ - 1 500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარით;
3.2. # ... სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ო. ლ-ის მიმართ-1 500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარით;
3.3. # ... სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ე. ს-ას მიმართ - 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) აშშ დოლარით;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება ე. ფ-ისათვის პირგასამტეხლოსა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
6. ვ. შ-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 1 020 (ათას ოცი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, გადახდა;
7. ო. ლ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 1 020 (ათას ოცი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, გადახდა;
8. ე. ს-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 1 530 (ათას ხუთას ოცდაათი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
9. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;
10. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე