Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-748-708-2015(ბ) 18 იანვარი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ლ. ბ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი ლ. ბ-ის (შემდეგში მოპასუხე, განმცხადებელი ან კასატორი) წინააღმდეგ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 623-ე, 625-ე მუხლები, 286-ე მუხლის პირველი ნაწილი, 289-ე, 301-ე, 302-ე, 311 1 - ე მუხლები).

2. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 14 985 აშშ დოლარის გადახდა (სესხის ძირითადი თანხა - 9500 აშშ დოლარი, მოთხოვნილი პროცენტი - 5 485 აშშ დოლარი); მოპასუხის ფულადი ვალდებულების ამოღების უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო, ღია აუქციობზე, სარეალიზაციოდ იქნა მიქცეული მოპასუხის საკუთრებად რიცხული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ. გ-ში, ს-ს ქ. # 1ა, საკადასტრო კოდი ... (სსკ, 623-ე, 625-ე, 289-ე. 311 1 - ე, 301-ე, 302-ე მუხლები, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 14 6 მუხლის მე-11 პუნქტი, 25 1 მუხლები).

3. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, ნაწილობრივ გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, 12 485 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება, 2015 წლის 26 ივნისს, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით, კასატორს ხარვეზი დაუდგინდა წარმოდგენილ განცხადებაზე, რომლითაც დაევალა, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ შვიდდღიან ვადაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, 401-ე, 284-ე მუხლები), ხოლო იმავე წლის 19 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, კასატორის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

7. 2015 წლის 11 სეტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა, რომელშიც მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინება მას 2015 წლის 3 აგვისტოს ჩაჰბარდა და მოითხოვა სასამართლოსგან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, კასატორს განესაზღვრა ვადა წარმოდგენილი განცხადების მოთხოვნის დაზუსტებისა და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად (სსსკ-ის 427-ე, მე-3 მუხლები).

8. 2015 წლის 30 სექტემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინებით კასატორის განცხადება, ამავე სასამართლოს 2015 წლის 19 აგვისტოს განჩინების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და, საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა. გაუქმდა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 აგვიტოს განჩინება და საქმის წარმოება განახლდა. კასატორის განცხადება, სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 624.25 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო საგადასახადო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში - საგადასახადო საბუთი, რომელზეც დასმული იქნებოდა მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“).

10. კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, 2015 წლის 28 დეკემბერს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით (იხ. შესაბამისი აქტი საქმეში), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად, ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 29 დეკემბერს და ამოეწურა 2016 წლის 4 იანვარს, თუმცა, კასატორმა ხარვეზი არ გამოასწორა.

11. კასატორმა 2016 წლის 11 იანვარს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, სადაც უთითებს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა გამოწვეული იყო მისი ავადმყოფობით, რის დასტურადაც განცხადებას დაურთო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N100/ა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და კასატორის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ - ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენისას, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

13.განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან, 7 დღეში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, კასატორს 7 დღით გაუგრძელდა საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად, მითითებული განჩინების ჩაბარებიდან.

14.სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2015 წლის 28 დეკემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ჩაჰბარდა პირადად კასატორს, რასაც ეს უკანასკნელიც ადასტურებს სასამართლოში 2016 წლის 11 იანვარს წარმოდგენილი განცხადებით (იხ. ამ განჩინების 10-11 პუნქტები).

15.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 29 დეკემბერს და ამოიწურა 2016 წლის 4 იანვარს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო, ხარვეზი შეევსო 2016 წლის 4 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია, არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

16. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

17.ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

18.განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან მან, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ხარვეზი არ შეავსო.

19.კასატორის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ # 100/ა ცნობისა და მის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს:

19.1. სსსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, დასახელებული ნორმის თანახმად კი, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

19.2. მოხმობილი ნორმით დადგენილია ის სავალდებულო წინაპირობები, როდესაც სასამართლო ვალდებულია, მხარის გამოუცხადებლობა, თუ მის მიერ სხვა საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა, მიიჩნიოს საპატიოდ. უდავოა, რომ კასატორი თავის არგუმენტაციას ამყარებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. წარმოდგენილი #100/ა ცნობის თანახმად, კასატორმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2015 წლის 29 დეკემბრიდან 2016 წლის 6 იანვრის ჩათვლით, დიაგნოზით მწვავე ბრონქიტი. მოკლე ანამნეზის თანახმად, კასატორს აღენიშნებოდა ტემპერატურა, ხველა, ჰაერის უკმარისობა, ზოგადი საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, აჩქარებული გულისცემა.

19.3. მითითებული მტკიცებულების შესწავლით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის არგუმენტაცია, ავადმყოფობის გამო, სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის შეუძლებლობის შესახებ და, ამის საფუძველზე, გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან ცნობა არ შეიცავს რაიმე მითითებას პაციენტის გადაადგილების შეზღუდვის თაობაზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ხელზე ჩაჰბარდა კასატორს 2015 წლის 3 აგვისტოს, ხოლო შემდეგ, 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, საქმის წარმოების განახლების შემდეგ, მას კვლავ ეცნობა განჩინებით დადგენილი იგივე ხარვეზის შევსების შესახებ, ხარვეზის აღმოსაფხვრელად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი თანხის გადახდა შესაძლებელი იყო იმ პირობებშიც კი, თუკი კასატორს, ავადმყოფობის გამო, გადაადგილება არ შეეძლო. კასატორს ობიექტურად შეეძლო მისი წარმომადგენლისათვის, ხოლო სურვილის შემთხვევაში, ოჯახის წევრის ან ახლობლისათვის ეთხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საბანკო დაწესებულებაში.

20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო, საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, არ არის უფლებამოსილი საპატიოდ მიიჩნიოს სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაშვება, ამასთან, კასატორის ქმედებები, საფუძვლიან ვარაუდს უქმნის სასამართლოს, რომ კასატორის ერთადერთი მიზანია პროცესის უსაფუძვლოდ გაჭიანურება, რის გამოც, არ უნდა იქნეს გაზიარებული მისი არგუმენტაცია განჩინებით დადგენილი ხარვეზის საპატიო მიზეზით შეუვსებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი