Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-789-746-2015 22 იანვარი, 2016 წელი, ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს "ს-ა" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ლ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მარჩენალის დაღუპვით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ს-ის“ (შემდეგში - ს-ა, საწარმო, მოპასუხე ან კასატორი) ხაშურის სალოკომოტივო სამმართველოში (ყოფილი დეპო) ელმავალის მემანქანედ მუშაობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გ. ლ-ის (შემდეგში მოსარჩელე, სარჩენი ან მარჩენალის მეუღლე) მეუღლემ, კ. ლ-მა (შემდეგში - ყოფილი მემანქანე ან მარჩენალი) 1972 წლის 20 სექტემბერს, საწარმოს ბრალით, მიიღო ტრავმა. ტრავმის შედეგად, მემანქანემ პროფესიული შრომის უნარის 80 % უვადოდ დაჰკარგა (იხ. ტ.1., ს.ფ. 16-18).

2. მარჩენალი 1990 წლის 1 ივნისს გარდაიცვალა (იხ.ტ.1., ს.ფ. 15).

3. საწარმოს ვალდებულება აღიარებული აქვს, იხდის მარჩენალის დაკარგვის გამო, სარჩოს 192 ლარსა და 81 თეთრს ბოლო ხუთი წლის მანძილზე, რაც, მარჩენალის მეუღლის მოსაზრებით, შეუსაბამოდ დაბალია.

4. საწარმოში მომუშავე ელმავლის მემანქანის ხელფასი 2011 წლის 1 მარტიდან განისაზღვრა 1050 ლარით, 2012 წლის 30 მარტიდან - 1150 ლარით, ხოლო 2012 წლის 1 დეკემბრიდან - 1250 ლარით (იხ. ტ.1., ს.ფ. 23).

5. 2014 წლის 24 ივნისს მარჩენალის მეუღლემ, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, საწარმოს წინააღმდეგ და მოითხოვა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაჰკისრებოდა 2011 წლის ივნისიდან 2014 წლის ივნისამდე, ბოლო სამი წლის მიუღებელი სარჩოს ერთობლივი თანხა - 9938,84 ლარი, ხოლო 2014 წლის ივნისიდან - ყოველთვიურად 500 ლარი.

6. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით მარჩენალის მეუღლის სარჩელი დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, საწარმოს დაეკისრა:

1) მარჩენალის დაკარგვის გამო, ზიანის ასანაზღაურებლად, მიუღებელი სარჩოს ერთჯერადად გადახდა 10 018.84 (ათი ათას თვრამეტი ლარი და 84 თეთრი) ლარის გადახდა;

2) 2014 წლის 1 ივლისიდან, ყოველთვიურად, სარჩოს 500 (ხუთასი) ლარის გადახდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.

7. სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 316-317-ე, 411-ე, 992-ე, 1006-ე მუხლებზე; საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 115-ე მუხლზე (2006 წლის 4 ივლისამდე მოქმედი რედაქციით); ამავე კოდექსის 44-ე მულხზე (სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოქმედი რედაქციით); საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლებზე; საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე და მიუთითა, რომ საწარმოს მიერ, გარდაცვლილი მარჩენალის მეუღლის სარჩოს დაანგარიშებაში, მოქმედი მემანქანის გაზრდილი ხელფასის გაუთვალისწინებლობით, სარჩენი არასრულად იღებდა კუთვნილ სარჩოს, რითაც მას ზიანი ადგებოდა.

8. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩენის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. საწარმოს განმარტებით, სარჩენის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მას არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები.

10. საწარმოს მოსაზრებით, სასამართლოს მიერ გამოყენებული ნორმები არ აწესრიგებენ სარჩოს დაანგარიშების წესს. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის“ პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის და, თუ არ არის გასული მოთხოვნის წარდგენის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ვადა“. საწარმოს მითითებით, აღნიშნული წესი არეგულირებს ზიანის ანაზღაურების წესს მხოლოდ დამსაქმებლის ბრალის შემთხვევაში და არა უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებას.

11. მოპასუხის მოსაზრებით, გარდაცვლილი მარჩენალის მეუღლის მოთხოვნა, არსებული მემანქანის ხელფასის გათვალისწინებით, სარჩოს გაზრდის თობაზე, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48-ე ბრძნებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის“ 38-ე პუნქტი შეეხებოდა, მარჩენალის გარდაცვალების გამო, ხელფასის ცვლილებასთან ერთად, დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებას. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ნოემბრის N923 ბრძანებულებით, 38-ე პუნქტში შევიდა ცვლილება და დანიშნული სარჩო, ხელფასის ცვლილებასთან ერთად, გადაანგარიშებას აღარ დაექვემდებარა, რის გამოც, მოსარჩელის მოთხოვნა მოქმედი მუშაკის ხელფასიდან მისთვის სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის N53-ე მოქმედი დადგენილება არ ითვალისწინებს მარჩენალდაკარგული პირისათვის სარჩოს გადაანგარიშების წესს და ყოველივე ეს მიუთითებს, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მარჩენალის სარჩელის დასაკმაყოფილებლად.

12. საწარმოს განმარტებით, სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელზეც საქალაქო სასამართლო უთითებს, სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად, ვრცელდება სახელშეკრულებო ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე, რაც არ შეიძლება გავრცელდეს, ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად, ზიანის ანაზღაურებაზე, რადგან ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სპეციალურ ნორმას წარმოადგენს; იგი შეეხება ზიანის ანაზღაურებას სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად, ყოველთვიური სარჩოს გადახდას, ხოლო აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს სარჩენის მიერ მითითებულ წესს, რის საფუძველზეც იგი ითხოვს დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებას,

13. საწარმოს მოსაზრებით პირველი ინსატანციის სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 408-ე და 992-ე მუხლები.

14. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინებით საწარმოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

15. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მეუღლემ ს-აში შრომითი მოვალეობის შესრულებისას, მიიღო საწარმოო ტრავმა, რის შედეგადაც დაკარგული პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხი განისაზღვრა 80%-ით, ხოლო შემდეგში მაჩენალი გარდაიცვალა საწარმოო ტრავმის შედეგად. საწარმო, მარჩენალის დაკარგვის გამო, მის მეუღლეს ყოველთვიურად უხდის სარჩოს - 192.81 ლარს (პროფკომიტეტის სხდომის ოქმი, ტ.1. ს.ფ. 21-22; ცნობა, ტ.1. ს.ფ. 24).

16. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მემანქანის ხელფასი პერიოდულად იზრდებოდა (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი; განცხადებები, ტ.1. ს.ფ. 23; 74-76).

17. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს-ას არ გადაუანგარიშებია სარჩენის მიერ მისაღები სარჩო გაზრდილი, 2011-2014 წლებში მოქმედი ელმავლის მემანქანის ყოველთვიური ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით, რის გამოც, გარდაცვლილი მარჩენალის მეუღლე არასრულად იღებდა და იღებს სარჩოს კუთვნილ ოდენობას, ამის გამო, მას ადგება ზიანი.

18. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, სასამართლომ მიიჩნია, წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში იურიდიულად მართებულად არის შეფასებული, მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა ზიანის მიყენების შესახებ სამართლებრივი ურთიერთობიდან.

19. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ შრომითი მოვალეობის შესრულებისას, დასაქმებული პირისათვის სხეულის დაზიანებით, ან ჯანმრთელობისათვის სხვაგვარი ვნების მიყენებით, გამოწვეული ზიანი, უნდა ანაზღაურებულიყო არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით.

20. სასამართლომ აღნიშნა, რომ ს-ა პრეტენზიას ძირითადად ამყარებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებებზე (იხ. ამ განჩინების მე-10, მე-11 პუნქტები).

21. სასამართლომ განმარტა, რომ სარჩოს გაანგარიშებას, მართალია, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება არ ითვალისწინებდა, თუმცა, თავად ზიანის ანაზღაურების მიზნიდან გამომდინარე, რომლის არსი სწორედ დაზარალებულის კომპენსირებაში მდგომარეობდა, მხედველობაში იყო მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე ორგანიზაციაში მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც, შრომის უნარის შეზღუდვის გამო, დაზარალებული ვეღარ ახერხებდა მუშაობას და, ამის გამო, მას უკვე არ ჰქონდა უნარი, მიეღო შემოსავალი ხელფასის სახით. აღნიშნულის შესაბამისად, სარჩოს სახით, ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენდა, რასაც დაზარალებული იღებდა დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე, შრომის უნარის დაკარგვის ხარისხთან შეფარდებით; ამასთან, ვინაიდან გარდაცვლილი მარჩენალის თანრიგის მუშაკების ხელფასი გარკვეულ პერიოდში იზრდებოდა, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საფუძვლიანად მარჩენალდაკარგული პირის მოთხოვნა, სარჩოს გადაანგარიშებით, ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

22. სასამართლომ, ასევე არ გაიზიარა, ს-ის პრეტენზია, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ნორმები.

23. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების სამართლებრივი ანალიზი ცხადჰყოფდა, რომ იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით, ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად, დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით, იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მოსარჩელე მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო.

24. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობდა სსკ-ის 992-ე მუხლიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების დაკისრების ყველა წინაპირობა.

25. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ, სარჩოს გადაანგარიშების საკითხზე მსჯელობისას, მართებულად იხელმძღვანელა ზემოთ მოხმობილი ნორმებით, სსკ-ის 1006-ე მუხლით, ასევე სშკ-ის 44–ე მუხლით და სწორად შეაფასა, რომ საწარმომ არამართლზომიერად არ გადაიანგარიშა მარჩენალდაკარგული პირისათვის სარჩო, მემანქანის გაზრდილი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით, რის გამოც, სარჩენი არასრულად იღებდა სარჩოს და მას ზიანი ადგებოდა.

26. საწარმომ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

27. კასატორი უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული აქტი - საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილება და სსკ-ის 408-ე მუხლი არ აწესრიგებენ სარჩოს გადაანგარიშების წესს.

28. კასატორი უთითებს წინამდებარე განჩინების მე-10 და მე-11 პუნქტებში დასახელებულ აქტებზე და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის მოქმედ N53 დადგენილებაზე, რომელიც არ ითვალისწინებს მარჩენალდაკარგული პირისათვის სარჩოს გადაანგარიშების წესს.

29. კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 408-ე და 992-ე მუხლი. მისი მოსაზრებით, სამოქალაქო საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გარდაცვლილი მემანქანის პროფესიული შრომის უნარის დაკარგვა საწარმოს ბრალით იყო გამოწვეული.

30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო იმავე წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, დასაშვებად ცნო სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის“ საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

31. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

32. საკასაციო სასამართლო განსახილველი დავის სამართლებრივი შეფასებისას ყურადღებას მიაქცევს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, ყოფილმა მემანქანემ საწარმოო ტრავმა მიიღო 1972 წელს, როდესაც იგი 54 წლის იყო (იხ.ტ.1., ს.ფ. 16-17, აქტი # 6. მემანქანის დაბადების წელი- 1918) და მან 80 %-ით დაჰკარგა შრომის უნარი, რის გამოც, ცნობილი იქნა უვარგისად მემანქანის პოზიციაზე (იხ.ტ.1., ს.ფ. 19). მემანქანის შრომის უნარის დაკარგვა საწარმოს ბრალით იყო გამოწვეული, რის გამოც, მას სიცოცხლეშივე დაენიშნა სხვაობა ხელფასსა და პენსიას შორის. მარჩენალი გარდაიცვალა 1990 წელს, 72 წლის წლის ასაკში. მოსარჩელეს მოპასუხე ყოველთვიურად უხდის სარჩოს 192.81 ლარს და ამ ფაქტზე არ დავობენ მხარეები. სარჩოს მიმღების სასარჩელო მოთხოვნა ეხება, მოქმედი მემანქანის ყოველთვიური ხელფასის მიხედვით, სარჩოს გადაანგარიშებას, რადგან 2011 - 2014 წლებში რამდენჯერმე გაიზარდა მემანქანის ხელფასი და, მომატებული ხელფასის მიხედვით, მიუღებელი სარჩოს გამო, მას ადგება ზიანი.

33. საკასაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია სსკ-ის 1006 ე- მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის დაკისრებული, გაზრდილი (გადაანგარიშებული) სარჩოს დაკისრების მართლზომიერება. მოხმობილი ნორმით დადგენილია: „დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო“. დასახელებულ ნორმასა და წინამდებარე განჩინების 32-ე პუნქტზე მითითებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ როდემდეა ძალაში რჩენის ვალდებულება, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, კონკრეტულად უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა მარჩენლადაკარგული მოსარჩელისათვის მოქმედი მემანქანის ხელფასის მიხედვით, სარჩოს გადაანგარიშების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მართებულად შეფასდეს, თუ როდემდე იქნებოდა ვალდებული მარჩენალი, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფი პირები, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. განსახილველ დავაში, 1972 წელს დადგა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, როდესაც, საწარმოს ბრალით, მიღებული ტრავმის შედეგად, მისმა მემანქანემ, 54 წლის ასაკში დაჰკარგა შრომის უნარი 80 %-ით და ამის გამო ვეღარ შეასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ მემანქანე იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმხანად მოქმედი შრომის კოდექსის (1973 წლის 28 ივნისის რედაქციით) მიხედვით, მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა. ამ ეტაპზე, საკასაციო სასამართლო აღარ ავითარებს მსჯელობას, გარკვეული კატეგორიის მუშაკთა შესაძლო ასაკობრივ შეზღუდვაზე, შესასრულებელი სამუშაოს სპეფიციკიდან გამომდინარე, რადგან ამ ფაქტზე შედავება კასატორს არ წარმოუდგენია სასამართლო განხილვის არცერთ ეტაპზე.

35. კასატორს აღიარებული აქვს ვალდებულება, მის მიერ მიყენებული ტრავმის გამო, მარჩენალდაკარგული მოსარჩელისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდაზე, რასაც ასრულებს კიდეც, აღნიშნულ ფაქტზე მხარეები არ დავობენ. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა, სარჩენის სასარგებლოდ, სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე, მოქმედი მემანქანის ხელფასის ცვლილების საფუძველზე, რადგან მარჩენალი გარდაიცვალა 1990 წელს, 72 წლის ასაკში. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, როგორც უკვე აღინიშნა, იგი იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე და სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფი პირები. სსკ-ის 1006 მუხლის საფუძველზე, საწარმომ - ზიანის მიმყენებელმა - სარჩოს მიცემის ვალდებულება უნდა შეასრულოს მანამდე, ვიდრე, საწარმოს ბრალით დაზარალებული თანამშრომელი იქნებოდა ვალდებული, ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფნი, ანუ ეხადა სარჩო სარჩენი პირებისათვის.

36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საწარმოს მიერ აღებული ვალდებულება, მისი ბრალით დამდგარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში, სრულდებოდა მარჩენალის სიცოცხლეში, როდესაც ამ უკანასკნელმა, საწარმოს ბრალით დაჰკარგა შრომის უნარი, და მისი გარდაცვალების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, ცხადია, რომ 72 წლის ასაკში, ელმავლის მემანქანედ ვერ იმუშავებდა პირი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მარჩენალდაკარგული მოსარჩელისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება, მოცემულ შემთხვევაში, მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება საწარმოს, თუმცა, 2011-2014 წლებში გაზრდილ ხელფასებზე მისადაგებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული, რის გამოც, უნდა დაკმაყოფილდეს საკასაციო განაცხადი და გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

37. საკასაციო სასამართლო, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, არ აკმაყოფილებს სარჩენის პრეტენზიას, 2011-2014 წლებში ელმავლის მოქმედი მემანქანეებისათვის გაზრდილი ხელფასების მიხედვით, სარჩოს გადაუანგარიშებლობის გამო, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე და უარყოფს სასარჩელო მოთხოვნას.

38. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველ, მეორე, მესამე ნაწილებზე და 49-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით, საკასაციო სასამართლო ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოსარჩელეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ად ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს "ს-ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. გ. ლ-ი გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე