Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-803-758-2015 21 იანვარი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი – ს. ფ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ს-ო" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2005 წლის 1 დეკემბერს ს. ფ-ასა (შემდეგში - შუამავალი, მოსარჩელე ან კასატორი) და შპს „ს-ოს“ (შემდეგში - შემკვეთი, მოპასუხე, საწარმო ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის გაფორმდა საშუამავლო ხელშეკრულება (შემდეგში - საშუამავლო ხელშეკრულება, იხ. ტ.1, ს.ფ. 16-18), რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება საშუამავლო მომსახურება გაეწია მოპასუხისათვის [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში -სსკ, 744-ე მუხლი]. შუამავლის ვალდებულებას წარმოადგენდა: ა) მესამე პირებთან მოლაპარაკებების წარმოება (საშუამავლო საქმიანობა), რათა მათ დაეთმოთ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შემკვეთის სასარგებლოდ შესაბამისი საზღაურის ფასად; ბ) სხვა მესამე პირებთან მოლაპარაკებების წარმოება, რომელთაც ჰქონდათ გარკვეული უფლებები სამშენებლო ტერიტორიაზე; გ) მშენებლობის მიმდინარეობაზე ზედამხედველობა; დ) სამშენებლო ტერიტორიის მესაკუთრეებისთვის ან/და მასზე რაიმე იურიდიული უფლების მქონე პირებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.

2. საშუამავლო ხელშეკრულების 3.2. ქვეპუნქტით, შუამავალს უფლება ჰქონდა, დროულად და სრულად მიეღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება, მოეხდინა იმ ფართობის რეალიზაცია ან/და მესამე პირებისათვის გაცემა, რომელიც მას, როგორც შუამავალს, ხელშეკრულების მე-5 მუხლის საფუძველზე ერგებოდა. მითითებული მუხლის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხისაგან უნდა მიეღო სამშენებლო ტერიტორიაზე აშენებული მთლიანი ფართის 3 %, საცხოვრებელი, კომერციული და ავტოსადგომების პროპორციულად, მისი გაყიდვის, გასხვისების ან/და გაჩუქების უფლებით.

3. 2007 წლის 14 დეკემბერს თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა გასცა N03/1497 ბრძანება და მოპასუხეს ნებართვა მისცა, ქ. თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლებაში, მშენებარე სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ, ამხანაგობა „ა-ის“ (შემდეგში - ამხანაგობა) კუთვნილი მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა ეწარმოებინა. ამავე ბრძანების თანახმად, ასაშენებელი კომპლექსის მოცულობა იყო 122655.00 კვ.მ., საიდანაც საცხოვრებელი ოთახების ფართი 11337.00 კვ. მეტრს, ოფისების ფართი 3328 კვ.მეტრს, სავაჭრო კომერციული ფართი 2561.40 კვ.მეტრს და ავტოსადგომების ფართი 4041.70 კვ.მეტრს შეადგენდა, რაც მთლიანობაში იყო 21268.81 კვ.მეტრი (ტ. 1, ს.ფ 18). შუამავალს უნდა მიეღო 708.94 კვ.მ. ფართი.

4. შემკვეთმა დადგენილ ვადაში ვერ შეძლო მშენებლობის დასრულება, რის გამოც, ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 13 მაისის N1784 ბრძანებით, მას გაუგრძელდა მშენებლობის ნებართვის ვადა (ტ. 1, ს.ფ 19). მითითებული ვადის დარღვევამ, შუამავლის განმარტებით, მას ზიანი მიაყენა.

5. შუამავალს მიაჩნია, რომ 2008 წლის 16 მაისისა და 16 ივნისის, ასევე, 2009 წლის 25 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებებით, მან ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის სანაცვლოდაც, შემკვეთის თანხმობით, შუამავალმა გაასხვისა ამხანაგობის საკუთრებად რიცხული ფართის ის ნაწილი, რაც, საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულების მე-5 პუნქტით, მას ეკუთვნოდა. ზემოხსენებულ ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებებში, შუამავლთან, როგორც გამყიდველთან ერთად, შემკვეთიც არის ხელშეკრულების მხარე, რომელიც ამავე გარიგების შესრულებაზე არის გარანტი და კისრულობს ვალდებულებას, დაასრულოს მშენებლობა ხელშეკრულებებში მითითებულ ვადებში და პირობებში (იხ. 2008 წლის 16 მაისის და 16 ივნისის ხელშეკრულებები ტ. 1, ს.ფ 20-32, ს.ფ.167-174).

6. 2011 წლის 23 მაისის სასამართლო საოქმო განჩინებით, შუამავალს, ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე, ც. ტ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა 17 500 ევრო (ტ. 1, ს.ფ 33-35). ეს ის თანხაა, რომელიც შემკვეთის, როგორც გარანტორის, თანხმობით იყო გადახდილი უძრავი ქონების შესაძენად და, აქედან 7500 ევრო, უშუალოდ შემკვეთის ანგარიშზე ჩაირიცხა. შუამავლის მოსაზრებით, მითითებული განჩინება, უდავოდ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მასთან შემკვეთმა უსაფუძვლოდ შეწყვიტა საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება.

7. 2013 წლის 26 ნოემბერს შუამავალმა სარჩელით მიმართა სასამართლოს შემკვეთის წინააღმდეგ და, ზიანის სახით, მოპასუხისათვის 389 400 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას მიუთითა სსკ-ის 183-ე, 394-ე, მე-400 მუხლებზე.

9. შუამავალმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მარტის განჩინებით შუამავლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მსჯელობის ეტაპზე, დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. აღნიშნულ განჩინებაზე, შემკვეთის საკასაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, განუხილველად დარჩა.

11. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შუამავლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2005 წლის 1 დეკემბრის გარიგებით წარმოშობილი სამართალურთიერთობა, ერთი მხრივ, იყო სსკ-ის 744-ე მუხლის დანაწესით გათვალისწინებული გარიგება, შუამავლობის გაწევის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე გარიგებით, მხარეებმა იკისრეს სსკ-ის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ურთიერთვალდებულებანი.

13. სასამართლომ დაადგინა, რომ შუამავალს არ უწარმოებია მოლაპარაკებები მის სასარგებლოდ, საკუთრების უფლების დათმობის შესახებ, შემკვეთის ინტერესის სფეროში შემავალი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებთან. შუამავალს, ასევე არ შეუსრულებია გარიგების მეორე პირობა, შემკვეთის მშენებლობის ზედამხედველობის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ საშუამავლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელოს მიღების უფლება, შუამავალს წარმოექმნებოდა მხოლოდ კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ.

14. სასამართლომ მიიჩნია, რომ საშუამავლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება შუამავალმა ვერ შეძლო და არ იყო უფლებამოსილი, შემკვეთისაგან მოეთხოვა უძრავი ქონება ან თანხა.

15. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

16. შუამავლის მოსაზრებით, უსაფუძვლო იყო სასამართლოს განმარტება, რომ მოპასუხეს არ უწარმოებია მშენებლობა. ამხანაგობის დაფუძნების ხელშეკრულებიდან იკვეთება, რომ შემკვეთმა აიღო ვალდებულება, საკუთარი სახსრებით მოემზადებინა დოკუმენტაცია და გაეწია სამშენებლო სამუშაოები.

17. შუამავლის განმარტებით, უშუალოდ მის მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, 2006 წლის 10 იანვარს, შემკვეთთან ერთად, შპს "ვ-ამ" და შპს "ს-მა", დააფუძნეს ამხანაგობა. ამ ორმა საწარმომ ამხანაგობაში შეიტანა სანზონის დასახლებაში, მშენებარე სავაჭრო ცენტრის მიმდებარე 5 816 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ...), ხოლო შემკვეთის შენატანს წარმოადგენდა საკუთარი სახსრებით საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება, საჭირო ნებართვების მიღება და შენობა-ნაგებობის აშენება.

18. შუამავალი აღნიშნავდა, რომ საქალაქო სასამართლომ არ გამოიკვლია უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები, გაფორმებული: 1. შუამავალს, შემკვეთსა და ც. ტ-ს შორის; 2. შუამავალს, შემკვეთსა და ნ. ჩ-ას შორის; 3. შუამავალს, შემკვეთსა და მ. ჟ-ას შორის. ამ ხელშეკრულებებით დასტურდება შუამავლის მიერ ვალდებულებების კეთილსინდისიერი შესრულება. თუკი შუამავალი არ შეასრულებდა შემკვეთის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, ეს უკანასკნელი არ დაუდგებოდა მას გარანტად, მესამე პირებთან გარიგებებში.

19. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით, შუამავლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

20. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა: საშუამავლო ხელშეკრულების დადების მიზანს წარმოადგენდა შემკვეთის მიერ, თბილისში, მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენება. ხელშეკრულების მე-3 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით განისაზღვრა შუამავლის ვალდებულება, შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ, შუამავალს უნდა გადასცემოდა საკუთრების უფლება შემკვეთის მიერ აშენებული მთლიანი ფართის 3%-ზე, საცხოვრებელი, კომერციული და ავტოსადგომების პროპორციულად (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი და მეორე პუნქტები).

21. წინამდებარე განჩინების მე-17 პუნქტში მითითებული ამხანაგობის შექმნის მიზანი იყო კომერციული/საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობების აშენება. ამხანაგობაში შენატანიც განისაზღვრა და მის თავმჯდომარედ აირჩიეს შემკვეთი.

22. ამხანაგობის 2013 წლის 15 მაისის კრების #01-2013 ოქმის თანახმად, შემკვეთი, როგორც ხელშეკრულების დამრღვევი, გაირიცხა ამხანაგობიდან, გარიცხული წევრის ნაცვლად, ამხანაგობაში შევიდა შპს „ჯ-ი“ და მთლიანად მას გადაეცა გარიცხული წევრის წილი (იხ. კრების ოქმები, ტ. 1, ს.ფ. 175-184).

23. 2008 წლის 16 მაისს, ერთი მხრივ, შუამავალს (გამყიდველს), მეორე მხრივ, შემკვეთს (გარანტს) და მესამე მხრივ, ნ. ჩ-ას (მყიდველს) შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით, გამყიდველმა და მყიდველმა იკისრეს ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების დადების ვალდებულება, ხოლო გარანტმა - საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინა (51,1 კვ.მ) მდებარე ქ. თბილისი, მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი ...).

24. 2008 წლის 16 ივნისს შუამავალს (გამყიდველს), შემკვეთს (გარანტს) და ც. ტ-ს (მყიდველს) შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, გამყიდველმა და მყიდველმა იკისრეს ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების დადების ვალდებულება, ხოლო გარანტმა იკისრა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინა (104,7 კვ.მ) მდებარე ქ. თბილისი, მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი ...).

25. 2009 წლის 25 ნოემბერს შუამავალს (გამყიდველს), შემკვეთს (გარანტს) და მ. ჟ-ას (მყიდველს) შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით, გამყიდველმა და მყიდველმა იკისრეს ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების დადების ვალდებულება, ხოლო გარანტმა - საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინა (104,3 კვ.მ) მდებარე ქ. თბილისი, მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი ...). სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ხელშეკრულებას ხელს არ აწერს შემკვეთის წარმომადგენელი, ხელშეკრულების ბოლო გვერდზე იყო მხოლოდ მისი ბეჭედი.

26. სასამართლომ აღნიშნა, რომ შუამავალს არ წარუდგენია მტკიცებულებები, საშუამავლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ. ამასთან, ვინაიდან, შუამავლის სასარჩელო მოთხოვნა ემყარებოდა მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტს, ამ გარემოების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრებოდა.

27. სასამართლომ მიიჩნია, რომ საშუამავლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოითხოვდა: სხვადასხვა პირთან ურთიერთობას, მოლაპარაკებების წარმოებას, შეხვედრების ორგანიზებას, რაც გარკვეული მატერიალური მტკიცებულებების შექმნასთან იყო დაკავშირებული, განსაკუთრებით კი იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკითხი ეხებოდა უძრავ ქონებას. შუამავალს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტი, ან მოწმის ჩვენება, ან კანონით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი მოქმედებები განახორციელა.

28. სასამართლომ არ გაიზიარა შუამავლის განმარტება, რომ ამხანაგობა დაფუძნდა მის მიერ უშუალოდ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, ვინაიდან არც ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ იყო საქმეში წარმოდგენილი.

29. სასამართლომ აღნიშნა, რომ, არც წინამდებარე განჩინების 23-25 პუნქტებში მითითებული ხელშეკრულებებით დასტურდებოდა შუამავლის მიერ თავისი ვალდებულებების შესრულება. სასამართლომ არ გაიზიარა შუამავლის პოზიცია, რომ თუკი იგი არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს, მაშინ შემკვეთი მას გარანტად არ დაუდგებოდა.

30. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 102-ე და 104-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მხარემ თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად, შესაძლოა წარმოადგინოს, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მტკიცებულება. შესაბამისად, გადაწყვეტილების დასაბუთების დროსაც არის შესაძლებელი ორივე სახის მტკიცებულებაზე მითითება, თუმცა, გადაწყვეტილება მხოლოდ არაპირდაპირ მტკიცებულებას არ უნდა ემყარებოდეს. სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებები, რომლებიც კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე არაპირდაპირი ვარაუდისა თუ დასკვნის შესაძლებლობას იძლევა, შესაძლებელია, მხედველობაში იქნეს მიღებული, მხოლოდ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად და მისი კიდევ უფრო სარწმუნოობის განსამტკიცებლად, ან პირიქით, მტკიცებულების სარწმუნოობაში ეჭვის შესატანად. არაპირდაპირი მტკიცებულება, მნიშვნელოვანია მაშინაც, როდესაც სახეზეა პირდაპირ მტკიცებულებათა არასაკმარისობა და, გარკვეულწილად, არაპირდაპირი მტკიცებულებით ხდება ამ ხარვეზის შევსება.

31. მოცემულ საქმეში, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება, მხოლოდ მითითებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები, სასამართლოს მოსაზრებით, არ იძლეოდა შუამავლის მიერ ნაკისრი ვალდებულების ფაქტის დადასტურების შესაძლებლობას.

32. სასამართლომ სამართლებრივი დასაბუთებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 317-ე, 629-ე და 744-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ გასამრჯელოს/საზღაურის გადახდა დამოკიდებულია შუამავლობის შედეგად ხელშეკრულების დადებაზე ან გარკვეული სამუშაოს შესრულებაზე. თუ ეს გარემოებები სახეზე არ არის, მაშინ არც თანხის გადახდის ვალდებულება არ წარმოიშობა. ვინაიდან, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა შუამავლის მიერ არც საშუამავლო და არც საზედამხედველო ვალდებულებების შესრულება, შესაბამისად, არ არსებობოდა საზღაურის ანაზღაურების ვალდებულებაც.

33. შუამავალმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

34. საკასაციო განაცხადი შემდეგ საფუძვლებს მოიცავს:

34.1. სააპელაციო სასამართლომ, 2014 წლის 28 მარტის განჩინებით, საქალაქო სასამართლოს განუსაზღვრა საქმის განხილვის გაგრძელება დაუსწრებელი გადაწყვეტილების და არა მოსამზადებელი ეტაპიდან. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო ვალდებული იყო, შეესრულებინა ზემდგომი სასამართლოს მითითებები იმ გარემოებების გამოსაკვლევად, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და სამართლებრივად შეფასებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას. კასატორის განმარტებით, სასამართლომ ისე გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია სარჩელში მითითებული ფაქტები, ამართლებდნენ თუ არა, კანონის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნას, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. სასამართლომ სამართლებრივად არ შეაფასა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მსჯელობის ეტაპიდან უნდა განეხილა თუ არა საქალაქო სასამართლოს სარჩელი. კასატორის განმარტებით, მისი სააპელაციო საჩივრის პირველი ნაწილი სწორედ, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის დაუსწრებლად განხილვის უარის თქმაზე იყო აგებული.

34.2. სასამართლომ არამართლზომიერად შეაფასა საქმეში არსებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ხელშეკრულებებით დადასტურებულია, რომ შუამავალი პირნათლად ასრულებდა საშუამავლო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შემკვეთი საცხოვრებელი ფართების კონკრეტულ ვადებში დასრულების გარანტად არ დაუდგებოდა. სასამართლოს შეფასება, რომ ეს მტკიცებულებები არაპირდაპირია, უსაფუძვლოა. კასატორის განმარტებით, სამივე წინარე ხელშეკრულებით შემკვეთმა იკისრა ვალდებულება, განსაზღვრულ დროში აეშენებინა შუამავლის მიერ გასხვისებული საცხოვრებელი ბინები. აღნიშნული გარიგებებით შემკვეთმა ხაზგასმით დაადასტურა, რომ მასა და შუამავალს შორის ჯანსაღი ურთიერთობა იყო, შემკვეთი გარანტად დაუდგა შუამავალს.

34.3. შემკვეთის მიერ საშუამავლო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მისი ამხანაგობიდან გარიცხვის გამო, რასთანაც კასატორს რაიმე კავშირი არ გააჩნია.

34.4. შუამავლის მიერ საშუამავლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

34.5. უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა, რომ თითქოს, შუამავალს არ წარუდგენია საშუამავლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები. კასატორს მიაჩნია, რომ საშუამავლო ხელშეკრულება არ ავალდებულებდა მას, გზადაგზა ეგროვებინა მტკიცებულებები შესრულებული სამუშაოს დასადასტურებლად.

34.6. მოწინააღმდეგის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მხოლოდ მშენებლობის დასრულების შემთხვევაში წარმოეშობოდა შემკვეთს შუამავლის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება, დაუსაბუთებელია, ვინაიდან მშენებლობის დაუსრულებლობა გამოწვეული იყო შემკვეთის უმოქმედებით, რის გამოც, იგი ამხანაგობიდან გარიცხეს.

35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 6 აგვისტოს განჩინებით შუამავლის საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო იმავე წლის 29 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებად ცნო იმავე ნორმის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. საკასაციო სასამართლომ 15 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა დანიშნა ზეპირი მოსმენით და მოიწვია მხარეები.

36. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის სხდომაზე გამოცხადებულმა მხარეებმა შემდეგნაირად წარმოაჩინეს საკუთარი არგუმენტები:

36.1. საკასაციო საჩივრის ავტორი დაეთანხმა წარმოდგენილ საჩივარს და დამატებით განმარტა, რომ არასწორად შეაფასა სასამართლომ ფაქტები, კასატორმა სრულფასოვნად შეასრულა საშუამავლო ხელშეკრულების 3.1. პუნქტი. თუ მოწინააღმდეგე თვლიდა, რომ შუამავალს არ შეუსრულებია საკუთარი ვალდებულება, მაშინ შემკვეთს ჰქონდა უფლება, შეეწყვიტა კასატორთან ხელშეკრულება 6.3. პუნქტით, რაც არ გაუკეთებია. კასატორს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ხელშეკრულება არის შუამავლობაც, ნარდობის ურთიერთობაც და მოიცავს შრომითი ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელ ელემენტებსაც, თუმცა, ყველაზე მეტად ნარდობაა გამოხატული.

36.2. მოწინააღმდეგემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკასაციო შესაგებელს, მოითხოვა საკასაციო საჩივრის უარყოფა, ასევე, განმარტა, რომ მართალია, შემკვეთმა შუამავალთან არ შეწყვიტა უერთიერთობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კასატორმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა. დღეის მდგომარეობით, საწარმო პრაქტიკულად გაკოტრებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

37. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);

38. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობაზე მსჯელობისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივ შეფასებაზე, რათა საკასაციო განაცხადის იურიდიული დასაბუთებულობის კვლევა, სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები დაემყაროს იმ ურთიერთობას, საიდანაც წარმოიშვა დავა მხარეებს შორის.

39. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს და იმსჯელოს მხარეთა ურთიერთვალდებულებები უკავშირდება საშუამავლო გარიგებას (სსკ-ის 744-ე მუხლი) თუ ერთობლივ საქმიანობას (სსკ-ის 930-ე მუხლი). შუამავლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.2. პუნქტსა „შუამავალს უფლება აქვს დროულად და სრულად მიიღოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება” და იგივე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ხელშეკრულების მე-5 მუხლს შორის კავშირი შუამავლობისათვის გასამრჯელოს თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი); ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა იმსჯელოს საშუამავლო ხელშეკრულებაზე, როგორც ორმხრივ კონსესუალურ გარიგებაზე, რომელიც გულისხმობს შუამავლის მოქმედებებს, შემკვეთის ინტერესების სასიკეთოდ, რათა მიღწეულ იქნეს მესამე პირებთან ხელშეკრულების დადება, რაც უკავშირდება სასყიდლიან ანუ ანაზღაურებად საქმიანობას. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ სსკ-ის 744-ე მუხლში მითითებული გასამრჯელო, ამავე კოდექსის 745-ე, 748-ე მუხლების დეფინიციის გათვალისწინებით, არ გულისხმობს ნატურით ანაზღაურებას, როგორც ეს განსახილველ შემთხვევაში აქვთ დათქმული მხარეებს 2005 წლის 1 დეკემბერს ხელმოწერილი გარიგების 3.2. პუნქტითა და მე-5 მუხლით, შესაბამისად, გამოსაკვლევია საკითხი, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ხომ არ განეკუთვნება სსკ-ის 930-ე მუხლით გათვალისწინებულ ერთობლივ საქმიანობას. „ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურებას წარმოადგენს მხარეთა სურვილი, საკუთარი ქონების, გამოცდილებისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების გაერთიანებით, ერთობლივად იმოქმედოენ გარკვეული მიზნების მისაღწევად, ამასთან, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების აუცილებელი წინაპირობაა, რომ ამხანაგობა ყალიბდება იურიდიული პირის შეუქმნელად. საერთო მიზნის არსებობა გარიგების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს, ამიტომ ამხანაგობის თითოეული წევრი მონაწილეობს, როგორც გარიგების დამოუკიდებელი მხარე და იმის გათვალისწინებით, რომ ამხანაგობა არ იძენს იურიდიული პირის სტატუსს, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებისას წარმოშობილ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამხანაგობის თითოეულ წევრს. სწორედ ამგვარი შინაარსის მატარებელია სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამავე კოდექსის 935-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 940-ე მუხლის თანახმად“ (სუსგ 1100-1036-2015; 15.01.2016წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ერთობლივი საქმიანობის დროს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის მონაწილეთა შორის პირად დამოკიდებულებას, ურთიერთნდობას, იმ საქმიან და პროფესიულ თვისებებს, რის გამოც ამხანაგობის მონაწილენი, იურიდიული პირის შეუქმნელად, ერთიანდებიან საერთო მიზნისა და ამოცანების მისაღწევად. სწორედ ამ კონტექსტში უნდა შეფასდეს მხარეთა შორის 01.12.2005წ. ხელმოწერილი ხელშეკრულება და როგორც უკვე აღინიშნა, მისი მე-3 და მე-5 პუნქტები.

40. საკასაციო სასამართლო ასევე, ყურადღებას მიაქცევს იმასაც, რომ ერთობლივი საქმიანობის მონაწილეებს ასევე შეიძლება ჰქონდეთ ურთიერთმოთხოვნები, რომლებიც უნდა გაიმიჯნოს იმ უფლება-მოვალეობებისაგან, რაც ამხანაგობის მონაწილეებს აქვთ საერთო მიზნის მისაღწევად. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოდავე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის დამატებითი გამოკვლევის შედეგად, უნდა შეფასდეს, რა ურთიერთვალდებულებები შესრულდა და რა მოცულობით, ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია წინამდებარე განჩინების 23-24 პუნქტებში მითითებული ხელშეკრულებების კვლევა, სადაც კასატორი გამყიდველია, ხოლო შემკვეთი გარანტი, რადგან ეს უკანასკნელი სწორედ ამ ორ გარიგებაზე აწერს ხელს. საკასაციო სასამართლოში მხარეებმა მათ შორის არსებული გარიგება და მისგან გამომდინარე ურთიერთვალდებულებები განიხილეს სახელშეკრულებო სამართლის სხვადასხვა ინსტიტუტის ერთობლიობითა და სამართლებრივი მოწესრიგების მიხედვით, რაც საქმეზე საბოლოო დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას არ იძლევა.

41. სსსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, ამავე ნორმის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების არასაკმარისი იურიდიული დასაბუთებულობის გამო. წინამდებარე განჩინების 39-40 პუნქტებში მითითებული სამართლებრივი შეფასებისათვის, დამატებითი კვლევის ნაწილში, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად დაადგინოს ახლი ფაქტები და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები; მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შეფასებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რის გამოც, საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი სახეზეა. საქმეზე დადგენილი ფაქტები არ იძლევა საკასაციო სასამართლოს მიერ, ახალი გადაწყვეტიელბის მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, რის გამოც ან ნაწილში უარყოფილია კასატორის მოთხოვნა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ფ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად;

3. კასატორ ს. ფ-ას (პ/ნ ...), საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აგვისტოს განჩინებით (საქმე №ას-803-758-2015), გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის - 6 000 (ექვსი ათასი) ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე