საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-895-845-2015 29 იანვარი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ტ-ო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ზ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მიუღებელი შემოსავლისა და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს ,,ტ-ო“ (შემდეგში: მოპასუხე, ტელეკომპანია, საწარმო ან კასატორი) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 18.08.1997 წელს, ამჟამად მის გენერალურ დირექტორია ვ. კ-ე, ხოლო დამფუძნებელი პარტნიორები არიან: დ. ზ-ი 22%, მ. კ-ი 10%, ლ. ს-ი 3%, ვ. კ-ე 65% (შემდეგში: საწარმოს მაჟორიტარი პარტნიორი; იხ. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი - ტ.1., ს.ფ. 262).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ზ-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან საწარმოს 22 % წილის მესაკუთრე პარტნიორი და დირექტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საწარმოს პარტნიორთა 2012 წლის 18 მაისის კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (იხ. ტ.2., ს.ფ.85; სუსგ # ას-440-416-2013წ, 10.06.2013).
3. 09.01.2013 წელს საწარმოს პარტნიორთა გადაწყვეტილებით, გაუქმდა ამავე საზოგადოების 2012 წლის 18 მაისს პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება და 2013 წლის 9 იანვრიდან მოსარჩელე ხელმეორედ გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან.
4. საწარმოს მაჟორიტარი პარტნიორის სარჩელი მოპასუხეების: 22 % წილის მესაკუთრე პარტნიორისა და იმავდროულად დირექტორის და შპს ,,ს-“ისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. 22% წილის მესაკუთრე პარტნიორს, მოპასუხეების სასარგებლოდ, დაეკისრა 1 360 440 ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (იხ. ტ.1., ს.ფ. 228-233, ტ.2., ს.ფ. 85, სუსგ # ას-429-405-2013, 15.07.2013).
5. 22.05.2012 წელს, საწარმოს 22 %-იან პარტნიორსა და მის წარმომადგენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, 23.05.2012 წელს და 23.08.2013 წელს გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერებით დგინდება, რომ 22 % წილის მესაკუთრე პარტნიორმა, ზემოთ მითითებულ დავებთან დაკავშირებით, წარმომადგენელს გადაუხადა 40 000 ლარი.
6. სს „თ-ისა“ და ტელეკომპანიის მიერ გაცემული ინფორმაციით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ საწარმოს 22 % წილის მესაკუთრე პარტნიორისა და იმავდროულად დირექტორის დარიცხული ხელფასი შეადგენდა 43 312 ლარს, ხოლო ყოველთვიურად ხელზე ასაღები თანხა - 4500 ლარს. ყოფილმა დირექტორიმა 2013 წლის 26 დეკემბერს სარჩელი აღძრა ტელეკომპანიისა და მაჟორიტარი პარტნიორის (შემდეგში: მოპასუხეები) წინააღმდეგ, ხელფასის, მიუღებელი შემოსავლისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 709-ე მუხლი, 710-ე მუხლის პირველი ნაწილი, 408-ე, 411-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 53-ე მუხლის პირველი ნაწილი).
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ტელეკომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 2012 წლის 18 მაისიდან 2013 წლის 9 იანვრამდე, სამსახურიდან იძულებითი განაცდურისთვის, ხელფასის სახით დარიცხული 43 312 ლარი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი), ხოლო ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯისა და მიუღებელი შემოსავლის მოპასუხეებისათვის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი1299.40 ლარი (სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი).
9. საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 115-ე, 408-ე, 411-ე და 992-ე მუხლებით; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდეგში მეწარმეთა კანონი); საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 32-ე მუხლით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 53-ე, 102-103-ე და 261-ე მუხლებით.
10. სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: ვინაიდან, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი) დირექტორის უფლებამოსილების უკანონოდ შეწყვეტას ნიშნავდა, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა ამ პერიოდისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (მეწარმეთა კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, სშკ-ის 32-ე მუხლი). სასამართლომ არ გაიზიარა ტელეკომპანიის პოზიცია, რომ რადგან მოპასუხე ახალ დირექტორს ხელფასს არ უხდიდა, მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით, იგი დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ხელფასის საბანკო ანგარიშზე განთავსებისა და დივიდენდის მიღების ფაქტი.
11. სასამართლომ აღნიშნა, რომ პროცესის ხარჯების განაწილების თაობაზე დამოუკიდებელი სასარჩელო წარმოება დაუშვებელი იყო (იხ. უზენესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე ას-1706-1600-2012), ვინაიდან მოპასუხეებთან წარმოებული დავების დროს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების საკითხი არ იყო გადაწყვეტილი და ამ ნაწილში გადაწყვეტილებაც არ იყო გასაჩივრებული. ამასთან, მოსარჩელეს, სსსკ-ის 261-ე მუხლის შესაბამისად, არ მიუმართავს სასამართლოსთვის დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით.
12. მოდავე მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება. ტელეკომპანიამ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება, ხოლო მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
13. ტელეკომპანიის სააპელაციო საჩივარი შემდეგ საფუძვლებს ემყარებოდა:
13.1. სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია ის გარემოება, რომ ვინაიდან შრომითი ხელშეკრულება არ იყო წარმოდგენილი, არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა შრომის ანაზღაურება; ამასთან, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ 2012 წლის იანვარ-მაისის თვეში, ამავე თანამდებობაზე მუშაობისათვის, სხვა დირექტორი არ იღებდა ანაზღაურებას.
13.2. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 408–ე მუხლი, შესაბამისად, ამ ნორმაზე მითითებით, არასწორად დაადგინა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება ზიანის სახით.
14. საწარმოს 22% წილის მესაკუთრე პარტნიორისა და იმავდროულად დირექტორის სააპელაციო საჩივარი შემდეგ საფუძველს ემყარებოდა:
14.1. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში, რაც არასწორი იყო.
14.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ იგი პარალელურად დასაქმებული იყო და ჰქონდა დამატებითი შემოსავალი. ამ გარემოებაზე მსჯელობისას ყოფილმა დირექტორმა მიუთითა დამატებითი შემოსავლის გამოთვლის ცხრილზე და შპს „ს-“-ის 2013 წლის 14 თებერვლის ცნობაზე.
15. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ივლისის განჩინებით ტელეკომპანიისა და 22% წილის მესაკუთრე პარტნიორის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და იმავე წლის 20 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილება.
16. სასამართლომ არ გაიზიარა ტელეკომპანიის დასაბუთება, რომ ვინაიდან შრომითი ხელშეკრულება არ ყოფილა წარმოდგენილი, არ დასტურდებოდა, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შრომის ანაზღაურება არ ჰქონდა, არც ის, რომ 2012 წლის იანვარ-მაისის თვეში, ამავე თანამდებობაზე მუშაობისას სხვა დირექტორი არ იღებდა ანაზღაურებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს გარემოება უსაფუძვლო იყო, ვინაიდან საქმის მასალებით, კერძოდ, ბანკის 2014 წლის 22 იანვრის ცნობით (ტ.1. ს.ფ. 182) უდავოდ დგინდებოდა, რომ მოსარჩელეს საბანკო ანგარიშზე ერიცხებოდა თანხები, მათ შორის, ზოგიერთი ასეთი თანხის დანიშნულებაში აღნიშნული იყო „ხელფასი“. ამდენად, დადასტურდა, რომ მოსარჩელე შრომითი მოვალეობის შესრულებისას, დირექტორის პოზიციაზე, გასამრჯელოს იღებდა და ცხადია, რომ გასამრჯელოს იგი მიიღებდა იმ პერიოდშიც, როცა გაათავისუფლეს, თუმცა, შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგენილი იქნა დირექტორის თანამდებობაზე (იხ. ამ განჩინების მე-2 და მე-3 პუნქტები).
17. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 408–ე მუხლი, როდესაც დაადგინა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება ზიანის სახით. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებდა ამ ნაწილში ტელეკომპანიის სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას.
18. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი პარტნიორთა ის ოქმი, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან, ამით დადგა იმ „მდგომარეობის აღდგენის“ აუცილებლობა, რომელიც „იარსებებდა“ ოქმის არარსებობის პირობებში, ანუ მოსარჩელის დირექტორობის პირობებში. ასეთი გარემოება კი დირექტორის მიერ ხელფასის მიღება იყო.
19. 22% წილის მესაკუთრე პარტნიორისა და იმავდროულად დირექტორის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობა. ყოფილი დირექტორის არგუმენტაციით, საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე პარალელურად დასაქმებული იყო და დამატებითი შემოსავალი ჰქონდა. იგი, ამ გარემოებაზე მსჯელობისას, უთითებდა შპს „ს-“-ის 2013 წლის 14 თებერვლის ცნობაზე (ტ.1. ს.ფ. 241). საგულისხმოა, რომ ამ ცნობაში არ იყო საუბარი იმაზე, რომ ამ საწარმოში დირექტორად მუშაობისას, მოსარჩელე იღებდა ანაზღაურებას. ამდენად, სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელემ მის მიერ მითითებული გარემოება ვერ დაასაბუთა სსსკ-ის 102–ე მუხლის შესაბამისად.
20. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ სხვა შრომითი საქმიანობიდან ანაზღაურების მიღების ფაქტი, რის გამოც მისი მოსაზრება, რომ ტელეკომპანიის დირექტორობიდან მიღებულ გასამრჯელოს, მთლიანად განათავსებდა საბანკო ანგარიშზე და მიიღებდა შემოსავალს, მასზე დარიცხული პროცენტის სახით, საფუძველს იყო მოკლებული.
21. რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს დამატებით გადაწყვეტილებას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 261–ე მუხლით დაშვებული იყო ასეთი შესაძლებლობა და, საქალაქო სასამართლოს თავის 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებაში გამორჩენილი სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტა, სსსკ-ის 53-ე, 55-ე მუხლებისა და 261–ე მუხლის საფუძველზე გამოსწორდა დამატებითი გადაწყვეტილებით, რის გამოც მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
22. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე და 411-ე მუხლებით; სსსკ-ის 102-ე მუხლით.
23. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტელეკომპანიამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
24. ტელეკომპანიის საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:
24.1. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა იძულებითი განაცდურის, 43 312 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, რის დასასაბუთებლადაც მან სასამართლოში საკმარისი მტკიცებულებები არ წარმოადგინა, რაც უტყუარად დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ: ა) მოსარჩელე იღებდა შრომის ანაზღაურებას ტელეკომპანიის დირექტორად მუშაობის დროს, უშუალოდ თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტამდე და ბ) მოსარჩელის, როგორც დირექტორის, შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად შეადგენდა 4500 ლარს (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).
24.2. სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულება, დადებული მოპასუხე ორგანიზაციასთან ან/და საწარმოს პარტნიორთა გადაწყვეტილება დირექტორისათვის ხელფასის დანიშვნისა და მისი მოცულობის განსაზღვრის თაობაზე, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ შპს-ს დირექტორი თავის სამსახურებრივ მოვალეობას შესაბამისი შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულებდა. აღნიშნულის მაგივრად, მოსარჩელემ წარმოადგინა საბანკო ამონაწერი, რომელიც მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ 2010-2011 წლებში მოსარჩელეს ხელფასი ერიცხებოდა, თუმცა, არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ იგი 2012 წლის იანვარ-მაისის თვეებშიც იღებდა შრომის ანაზღაურებას ან/და იღებდა სარჩელით მოთხოვნილი მოცულობით, რაც სასამართლოს არ უნდა მიეჩნია საკმარის მტკიცებულებად, სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
24.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სადავო პერიოდში ტელეკომპანიის დირექტორს (საწარმოს მაჟორიტარ პარტნიორს) არ ერიცხებოდა ხელფასი, რაც იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ ამ პერიოდში საწარმოს დირექტორად რომ ემუშავა მოსარჩელეს, შრომის ანაზღაურება არ ექნებოდა, შესაბამისად, ამგვარ პირობებში სააპელაციო სასამართლომ არასწორი დასკვნა გააკეთა სსკ-ის 411-ე მუხლთან მიმართებაში.
24.4. სასამართლომ არასწორად მიუთითა სსკ-ის 408-ე და 992-ე მუხლებზე. სსკ-ის 408-ე მუხლი შეეხება იმგვარ შემთხვევას, როდესაც მიყენებული ფაქტობრივი ზიანის ანაზღაურება ხდება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით (ე.წ. ნატურით ანაზღაურება). განსახილველ შემთხვევაში კი, მხარე მოითხოვდა განაცდურის ანაზღაურებას და არა თანამდებობაზე აღდგენას. რაც შეეხება სსკ-ის 992-ე მუხლზე მსჯელობას, კასატორის მოსაზრებით, არ არსებობდა ე.წ. გენერალური დელიქტის მომწესრიგებელი სამართლის ნორმის გამოყენების წინაპირობა. სასამართლოს სადავო საკითხის გადასაწყვეტად უნდა ეხელმძღვანელა სშკ-ის 32-ე მუხლით, მაგრამ, რადგანაც მოსარჩელემ არ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები მისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასასაბუთებლად, არც მოხმობილი ნორმის გამოყენების წინაპირობები არსებობდა.
25. საკასაციო სასამართლომ 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ტელეკომპანიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო იმავე წლის 4 დეკემბრის განჩინებით საკასაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო საკასაციო საჩივარი მოხმობილი ნორმის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
26. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
27. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ საწარმოს დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება და, შესაბამისად, განსახილველ დავაზე მსჯელობისას, მეწარმეთა კანონის ნორმებთან ერთად, გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (სსკ-ის 709-ე და 710-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საწარმოს 22% წილის მესაკუთრე, დავალების ხელშეკრულების საფუძველზე, იმავდროულად ასრულებდა მისთვის დავალებულ (მინდობილ) ქმედებებს, რისთვისაც მას ჰქონდა გასამრჯელო. დავალების ხელშეკრულება ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია მიანდოს თავის რწმუნებულს იურიდიული მომსახურების გაწევა, პარტნიორთა კრებაზე მონაწილეობის მიღება, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და ა.შ., ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება, ვინაიდან, თავად დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლში არ არის დაკონკრეტებული რწმუნებულის მიერ შესასრულებელი მოქმედების ხასიათი, ამიტომ ასეთი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ყველა იმ მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ სამართლებრივ შედეგს. მეწარმეთა კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეს შეუძლიათ წერილობით მისცენ მინდობილობა ამა თუ იმ პირს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საწარმოს 22 % წილის მესაკუთრეს, დირექტორის უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა ზემოხსენებული ორივე ნორმატიული აქტის შესაბამისი ნორმების საფუძველზე, რისთვისაც იგი ღებულობდა გასამრჯელოს. დავალების ხელშეკრულების ფარგლებში, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო (სსკ-ის 710-ე მუხლის პირველი ნაწილი). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის იურიდიულ კვალიფიკაციაზე, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ამ დავაში მხარეთა ურთიეთობისადმი შესატყვისი სამართლებრივი ნორმების მისადაგება არ ცვლის გასაჩივრებული განჩინების შედეგს. სსსკ-ის 410-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. ამდენად, არ არსებობს განსახილველი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
28. წინამდებარე განჩინების 25.1 და 25.2 ქვეპუნქტებში მითითებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით, კასატორმა ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და მტკიცებულებების სარწმუნო და დამაჯერებული არგუმენტებით უარყოფა. წინამდებარე განჩინების მე-17 პუნქტში დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ტელეკომპანიის მტკიცებაზე, რომ საწარმოს დირექტორს ტელეკომპანიაში მუშაობისას არ ჰქონდა გასამრჯელო, რაც მარტოოდენ ზეპირად გაცხადებული პოზიციის გარდა, არ არის დასაბუთებული კონკრეტული მტკიცებულებით. ამ პრეტენზიის გასაბათილებლად, მოწინააღმდეგე მხარეს წარმოდგენილი აქვს საბანკო ამონაწერი (ტ. 1., ს.ფ.182-183), რომლის მიხედვით, ამ უკანასკნელს, საბარათე ანგარიშზე, კასატორი ტელეკომპანიის ანგარიშიდან ერიცხებოდა ხელფასი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მას ვერ ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენაც კი (სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რომ ტელეკომპანიაში დასაქმებული დირექტორი გასამრჯელოს გარეშე მუშაობდა, რადგან, ამ დავის წარმოშობამდე, კასატორ ტელეკომპანიასა და მოწინააღმდეგეს - ყოფილ დირექტორს შორის არსებული პარტნიორული, მოგებაზე ორიენტირებული სამეწარმეო საქმიანობა, არ უქმნის სასამართლოს იმგვარი ვარაუდის დაშვების საფუძველსაც კი, რომ დირექტორი ანაზღაურების გარეშე საქმიანობდა საწარმოში (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 103-ე და 105-ე მუხლები).
29. სასამართლო, ასევე, არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ სადავო პერიოდში, როდესაც მოწინააღმდეგე გათავისუფლებული იყო დირექტორის თანამდებობიდან, ამავე პოზიციაზე სხვა დირექტორს არ ჰქონდა გასამრჯელო (იხ. ამ განჩინების 25.3 ქვეპუნქტი) და აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში სხვა პირის მიერ დირექტორის თანამდებობაზე ხელფასის მიუღებლობა, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოწინააღმდეგე უკანონოდ რომ არ გაეთავისუფლებინა საწარმოს, გასამრჯელოს გარეშე იმუშავებდა. ამდენად, კასატორის აღნიშნული შედავება უსაფუძვლოა და უარყოფილია.
30. სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს ამ განჩინების 25.4. ქვეპუნტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიას და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას (იხ. ამ განჩინების მე-18 მუხლი), ამასთან აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა მხოლოდ გასამრჯელოს მიღების ნაწილში, „განაცდურის ანაზღაურება, სსკ-ის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში, ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან (იხ. სუსგ # ას-371-352-2015, 28.07.2015წ.). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი საწარმოს არამართლზომიერი ქმედება, რაც გამოიხატა მოწინააღმდეგის უკანონო გათავისუფლებით, დადგენილი, უდავო ფაქტია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (სსსკ-ის 106-ე მუხლით; იხ. ამ განჩინების მე-2 და მე-3 პუნქტები), შესაბამისად, ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, არ საჭიროებს დამტკიცებას, „საპროცესო სამართალში ისინი პრეიუდიციულ ფაქტებად მოიხსენება, რომელთა მნიშვნელობას განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე მხარეების მიმართ. პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას, ანუ სავალდებულო ძალის მქონედ მიიჩნევა არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი უკლებლივ ყველა გარემოება, არამედ მხოლოდ ისინი, რომლებსაც ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ემყარება. ამდენად, ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ), არამედ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (რომელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება) „ - იხ. სუსგ. # ას 827-791-2014, 13.11.2015წ.
31. განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი), საწარმოს წინააღმდეგ, მისივე 22% წილის მესაკუთრე პარტნიორისა და იმავდროულად დირექტორის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ტელეკომპანიის 2012 წლის 18 მაისის კრების ოქმი, რომლითაც დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლდა 22%-იის მესაკუთრე პარტნიორი. აღნიშნული გადაწყვეტილება საწარმოს წინააღმდეგ უცვლელად დარჩა საკასაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებითაც, საწარმოს საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის გამო. ბათილად ცნობილი გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში, დირექტორი საკუთარ პოზიციაზე იმუშავებდა და მიიღებდა კუთვნილ გასამრჯელოს, ამ გარემოებას ადასტურებს კასატორი საწარმოს პარტნიორთა 2013 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებაც, რომელთაც გააუქმეს საკუთარი 18.05.2012 გადაწყვეტილება და მოწინააღმდეგე ხელმეორედ გაათავისუფლეს დირექტორის თანამდებობიდან. პრეზუმირებულია, რომ საწარმოდან არამართლზომიერად გათავისუფლების არარსებობის შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, 2013 წლის 9 იანვრამდე (მეორედ გათავისუფლებამდე) იმუშავებდა დირექტორი, ამ უკანასკნელის სასარჩელო მოთხოვნა სწორედ იძულებით განაცდური პერიოდისათვის - 2012 წლის 18 მაისიდან 2013 წლის 9 იანვრამდე - გასამრჯელოს მიღებას ეხებოდა, ამდენად, საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 8 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული, გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შინაარსი პირდაპირაა დაკავშირებული განსახილველ დავასთან, შესაბამისად, ერთ სამოქალაქო საქმეზე დადგენილი ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმებისას, სასამართლომ არა მხოლოდ ფორმალურ - პროცესუალური წანამძღვრებით იხელმძღვანელა, არამედ შეაფასა დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი კავშირი საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ კასატორის პრეტენზიები დაუსაბუთებელია, არ არის გამყარებული იმგვარი სამართლებრივი არგუმენტებით, რომელიც გასაჩივრებული განჩინების შეცვლის საჭიროებას დაასაბუთებდა, მით უფრო, რომ საკასაციო განაცხადი, რომელიც სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნტების საფუძველზე დასაშვებად იქნა ცნობილი, არსებითი განხილვის ეტაპზე, კიდევ ერთხელ შემოწმდა კასატორის პრეტენზიების საფუძვლიანობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ტ-ოს" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ივლისის განჩინება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე