Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1078-1015-2015 13 იანვარი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ. შ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ლ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. ბ-ში, გ-ის ქ. №105-ში მდებარე ბინა №.. წარმოადგენს ლ. ლ-ის (შემდეგში ბინის მესაკუთრე ან მოსარჩელე) საკუთრებას, ხოლო აღნიშნული ბინის თავზე განთავსებული სხვენი კი, ნ. შ-ის (შემდეგში სხვენის მესაკუთრე, მოპასუხე ან კასატორი) საკუთრებას.

2. სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის 2014 წლის 1 დეკემბრის დასკვნის (შემდეგში ექსპერტიზის დასკვნა) თანახმად, ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ ბინაში, „საცხოვრებელ სახლზე სარემონტო სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულებამ, დღგ-სა და სხვა ნორმატიული ხარჯების გათვალისწინებით, შეადგინა 4626.14 ლარი. ხოლო ზიანის მიყენება შესაძლებელია მომხდარიყო ზემოთ სართულზე დაუსრულებელი სარემონტო სამუშაოებით, სადაც არ არის მოწყობილი ფანჯრები და ნალექი ჩადის სართულშუა გადახურვის ფილაზე, საიდანაც დაზიანდა ბინა (ს.ფ. 20).

3. ბინის მესაკუთრემ 2014 წლის 8 დეკემბერს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხვენის მესაკუთრის წინააღმდეგ და მოითხოვა მისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით ბინის მესაკუთრის სარჩელი დაკმაყოფილდა და, მის სასარებლოდ, სხვენის მესაკუთრეს დაეკისრა 4626.14 ლარის გადახადა.

5. საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 316-ე, 317-ე და 992-ე მუხლებით.

6. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სსკ-ის 992-ე მუხლი იმ აუცილებელ წინაპირობებს განსაზღვრავს, რომლებიც დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის უნდა იყოს სახეზე, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მოხმობილ ნორმაში ჩამოყალიბებულ წინაპირობებს, მათგან, თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს.

7. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნას არ დაეთანხმა მოპასუხე, თუმცა, მას ამის საწინააღმდეგოდ, გამაბათილებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

8. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სამართლებრივად დასაბუთებული იყო.

9. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ბინის მესაკუთრის სარჩელის უარყოფა.

10. სხვენის მესაკუთრემ სააპელაციო საჩივარში გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე შემდეგ პრეტენზიებზე მიუთითა:

10.1. ექსპერტი ცალსახად და კატეგორიულად ვერ უთითებდა ზიანის გამომწვევ უშუალო მიზეზზე და მხოლოდ ვარაუდს ეყრდნობოდა; შესაძლებელია მესაკუთრის ბინის დაზიანება გამოეწვია ზედა სართულის მანსარდში არსებული სხვა ფართებიდან ჩამოსულ ნალექს, ან სხვა ფართში მოწყობილი წყლისა თუ კანალიზაციის მილების ქსელიდან გაჟონვას, ასევე, სხვა სველი წერტილების მოწყობის დეფექტებს, რასთანაც მოპასუხეს კავშირი არ აქვს.

10.2. საექსპერტო კვლევისას, ექსპერტი ადგილზე 2014 წლის 28 ნოემბერს გავიდა. ბათუმის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემების მიხედვით, 2014 წლის 22 - დან 29 ნოემბრის ჩათვლით, ატმოსფერული ნალექი აღინიშნებოდა. აქედან გამომდინარე ირკვევა, რომ ექსპერტის ადგილზე გასვლამდე, გადაბმულად წვიმდა, ამდენად, 28 ნოემბერს, როდესაც ექსპერტმა დაათვალიერა დაზიანების ადგილი, ზედა სართულებიდან ჩამოდინების კვალი კი არა, არამედ უნდა ყოფილიყო მიმდინარე, აშკარად გამოხატული ჩამოდინების პროცესი, რაც არ ყოფილა. ეს ადასტურებდა, რომ, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზიანის გამომწვევი სავარაუდო მიზეზიც კი წინააღმდეგობაში მოდიოდა არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან.

10.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ კანონდარღვევით გაფართოებული და მთლიანად სახურავის ქვეშ მოყვანილი აივნის გამო, მოპასუხის ბინის მშენებლობის დასრულება ვერ მოხერხდა, რითაც მას შეეზღუდა საკუთრებით სარგებლობის უფლება და მატერიალური ზარალი განიცადა.

10.4. მოპასუხის კუთვნილი ფართის გვერდით, მოსარჩელის დედა ფლობს ბინას, რომელიც მიმდინარე რემონტისას, იყენებდა მოპასუხის ფართს, სადაც ხდებოდა ქაფ-ბეტონის ხსნარის მომზადება, რაც ზიანის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართულ საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვაში დაშვებული იყო უზუსტობები, რაზეც მოპასუხემ მიუთითა სხდომაზე, თუმცა, სასამართლომ სათანადო მსჯელობისა და შეფასების მიღმა დატოვა ისინი.

10.5. მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს, რომელმაც სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა მოპასუხის ბრალეულობა დამდგარ შედეგთან (ზიანი) მიმართებაში. ამ თვალსაზრისით, სასამართლოს მსჯელობა და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება ცალსახად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო. 10.6. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არაა მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე, რითაც დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 105-ე მუხლის მოთხოვნები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინებით სხვენის მესაკუთრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12. სააპელაციო სასამართლომ, გარდა ამ განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა, დამატებით დაადგინა: რომ გარემოს ეროვნული დაცვის სააგენტოს უფროსის მიერ, მოპასუხისადმი 2015 წლის 16 აპრილს გაგზავნილ წერილში დაფიქსირებულია, რომ ქ. ბათუმის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2014 წლის 22 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით წვიმიანი ამინდი აღინიშნა.

12.1. მოსარჩელის საცხოვრებელი ბინა დაზიანებულია ზემოდან, სართულშუა გადახურვის ფილიდან ჩადინებული წყლით, ხოლო მისი ბინის თავზე, უშუალოდ, მოპასუხის კუთვნილი მშენებარე სხვენია განთავსებული. ამ მშენებარე ფართს ღიობები არ აქვს, საიდანაც შეედინება ნალექი.

13. სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ მისი საცხოვრებელი ბინის დაზიანება მოპასუხის საკუთრებიდან მომდინარეობდა, მოპასუხის ვალდებულება იყო, დაესაბუთებინა, რომ მოსარჩელის ქონების დაზიანება მისი საკუთრებიდან არ მომდინარეობდა, და, ასეთის დაშვების შემთხვევაშიც კი, ზიანის წარმოშობაში მას ბრალი არ მიუძღვოდა. მოსარჩელემ, საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, სადაც დაფიქსირებულია, რომ საცხოვრებელი ბინა დაზიანებულია ზემოდან, სართულშუა გადახურვის ფილიდან ჩადინებული წყლით. მოპასუხემ კი მხოლოდ ზეპირი განმარტებით (იხ. ამ განჩინების 10.1., 10.4 ქვეპუნქტები) ვერ გააბათილა პროცესუალური მოწინააღმდეგის მტკიცებულებით გამყარებული არგუმენტაცია.

14. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარის ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებას წარმოადგენდა, მაგრამ მასში მითითებული ფაქტი დადასტურებულად ითვლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე ასეთ ფაქტს სადავოდ არ ხდიდა. ფაქტის სადავოობისას, ზეპირი განმარტება უნდა დადასტურებულიყო კონკრეტული მტკიცებულებებით, რაც, სასამართლოს შეფასებით, მოპასუხეს არ წარუდგენია, შესაბამისად, მისი ზეპირი მსჯელობა გაზიარებული ვერ იქნებოდა.

15. სასამართლომ მიუთითა, გარემოს ეროვნული დაცვის სააგენტოს წერილზე (იხ. ამ განჩინების მე-12 პუნქტი), რომლითაც დასტურდებოდა ექსპერტიზის ჩატარების პერიოდში, 2014 წლის 22-დან 29 ნოემბრის ჩათვლით, ბათუმში არსებული ნალექი, და აღნიშნა, რომ მოპასუხის სხვენში მოუწყობელი ფანჯრიდან, ღიობიდან შესული, თუნდაც წვიმის წყლით, მოსარჩელის ბინის დაზიანება, არ გამორიცხავდა მის ანაზღაურებაზე მოპასუხის პასუხისმგებლობას.

16. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დამაჯერებლად ვერ განახორციელა მტკიცების ტვირთის რეალიზება, ვერ გააქარწყლა მოსარჩელის არგუმენტები, რომლებიც ემყარებოდა ექსპერტიზის დასკვნას, შესაბამისად, სსკ-ის 992–ე მუხლის შესაბამისად, ზიანის მიყენებისათვის, სხვენის მესაკუთრისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები არსებობდა.

17. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, მოპასუხემ სადავოდ გახადა ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა და მიუთითა, რომ მასში დაშვებული იყო უზუსტობები, თუმცა, საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარუდგენია, რაც გამორიცხავდა მისი მსჯელობის გაზიარების შესაძლებლობას.

18. სააპელაციო სასამართლომ განჩინების დასაბუთებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 316-317-ე, 992-ე, 326-ე, 408-ე, 409-ე, 414-ე მუხლებით; სსსკ-ის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით.

19. სხვენის მესაკუთრემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ბინის მესაკუთრის სარჩელის უარყოფა.

20. საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:

20.1. კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია უდავოდ ამ განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული გარემოების მიჩნევა. კასატორის მტკიცებით, სწორედ ეს ფაქტებია სადავო და ის ამაზე აპელირებდა ქვემდგომ სასამართლოებში. ექსპერტი ცალსახად და კატეგორიულად ვერ უთითებს ზიანის გამომწვევ უშუალო მიზეზზე და მხოლოდ ვარაუდს ეყრდნობა, ეს ვარაუდი კი, სხვა სარწმუნო, სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული არაა, მოპასუხის მანსარდის ღიობიდან ნალექის შესაძლო ჩადინება (ქმედება) დამდგარი შედეგთან - (მოსარჩელის ბინის დაზიანება) არ არის მიზეზ-შედეგობრივ კავშირში.

20.2. გასაჩივრებული განჩინების მითითება მტკიცების ტვირთის თაობაზე, მართებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი იქნებოდა კატეგორიული დასკვნა, რომ ზიანი გამოწვეული იყო მხოლოდ მოპასუხის საკუთრებიდან ნალექის ჩამოდინებით. განსახილველ შემთხვევაში, ექსპერტის ვარაუდით, ერთ-ერთ ვარიანტად არის განხილული ზევით, მანსარდის ტიპის სართულზე, ფანჯრების მოუწყობლობის მიზეზით, მოსარჩელის ბინის დაზიანება, სავარაუდოდ ნალექის შემოდინებით. მოსარჩელის მტკიცების ტვირთი, რომ მხოლოდ მოპასუხის ბრალითაა გამოწვეული დამდგარი ზიანი, ამ ერთადერთ წარმოდგენილ სავარაუდო დასკვნაზე აპელირებით არ სრულდება და იმ მიზნის მისაღწევად, რომ გამოიკვეთოს მხოლოდ მოპასუხის ბრალეულობა, მოითხოვს სხვა, ვარაუდის გამომრიცხავი სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენასაც, რაც არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ, ამ ვარაუდის გამომრიცხველი მტკიცების ტვირთი მოპასუხეს დააკისრა, რაც აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპს.

20.3. კასატორის იმეორებს ამ განჩინების 10.2. ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებას.

20.4. სასამართლოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია, რომ მანსარდის ტიპის სართულზე მოწყობილ ღიობებში, მოპასუხემ ვერ ჩასვა კარ-ფანჯრები, რადგან მოსარჩელეს უნებართვო მიშენებით აქვს გაფართოებული და გადახურული აივანი, რის გამოც მოპასუხისათვის შეუძლებელია, მანსარდში რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ქვედა სარტყლისა და კარნიზის ჩაჭრის გარეშე, ღიობში კარ-ფანჯრის ჩასმა, რაც ექსპერტს, ადგილზე კვლევისას, არც კი დაუთვალიერებია. მოსარჩელის მიერ განხორციელებული უნებართვო მიშენების დასადასტურებლად, საქმეში წარმოდგენილია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მ/წლის 14 აპრილის N74-ე მითითება, უკანონო მინაშენის დემონტაჟთან დაკავშირებით, რაც დღეის მდგომარეობით სანახევროდ აღსრულებულია.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

25. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

27.1. კასატორის მიერ წინამდებარე განჩინების 23.1. და 23.2. ქვეპუნქტებში მითითებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო უთითებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპით (სსსკ-ის მე-3 მუხლი) კი, აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სარწმუნო და მყარი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს მსჯელობისა და დასკვნებისათვის წარუდგენენ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად დამაჯერებელ მტკიცებულებებს და ჩამოუყალიბებენ შინაგან რწმენას.

27.2. სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა- განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის, ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ პრინციპებს. კასატორი (მოპასუხე) საქმეზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაბათილებას მხოლოდ ახსნა-განმარტებით ცდილობს და სასამართლოსათვის სხვა მტკიცებულება არ წარუდგენია, შესაბამისად, მისი არგუმენტი, რომ ბინის მესაკუთრისათვის მიყენებულ ზიანში მას ბრალი არ მიუძღვის, გაზიარებული ვერ იქნება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის თუნდაც სავარაუდო დასკვნა, აბათილებს მოპასუხის მარტოოდენ ზეპირ განმარტებას, რადგან სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სპეციალისტის მოსაზრებას სადავო ურთიერთობის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებისას უთუოდ ენიჭება გარკვეული უპირატესობა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე ვერ აბათილებს ობიექტური მტკიცებულებებით სადავო გარემოებებს.

28. ზემოაღნიშნული მსჯელობებისა და დასკვნიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ. შ-ს (პ/ნ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება №8341576, გადახდის თარიღი 2015 წლის 26 ოქტომბერი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე