Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1089-1026-2015 15 იანვარი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ. კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. მ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სესხად გაცემული თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. მ-მა (შემდეგში მსესხებელი, მოვალე ან მოპასუხე) 2005 წლის 7 მარტის ხელწერილით აღიარა, რომ ნ. კ-ისგან (ქორწინების შემდეგ გვარი - კ-ე; შემდეგში გამსესხებელი, კრედიტორი, მოსარჩელე ან კასატორი) ისესხა 500 აშშ დოლარი და 200 ლარი და იკისრა, პირველი შესაძლებლობისთანავე, მისი დაბრუნების ვალდებულება [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში, სსკ-ის 623-ე, 626-ე მუხლები].

2. 2005 წლის 1 სექტემბერს მსესხებელმა გამსესხებელს დაუბრუნა 100 აშშ დოლარი.

3. გამსესხებელმა 2015 წლის 26 იანვარს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მისგან სესხად გაცემული თანხის დაბრუნება.

4. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, აღნიშნა, რომ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა; გამსესხებელი ხან პირადად მიდიოდა მსესხებელთან ფულის მოსათხოვად, ხან ტელეფონზე ურეკავდა; განცხადებაც კი შეიტანა პოლიციასა და პროკურატურაში, მაგრამ პასუხი არ მიუღია. გამსესხებელმა, მსესხებლისაგან თანხის დაბრუნების მოთხოვნით, ბორჯომის სასამართლოსაც მიმართა, სადაც სარჩელი განუხილველი დარჩა, ბაჟის გადაუხდელობის გამო. მოსარჩელემ ვერ დააკონკრეტა, თუ როდის მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს სარჩელით, განმარტა, რომ დაახლოებით 2007 წელს მოხდა ეს. სწორედ იმავე წელს შეიტანა განცხადება, ასევე ბაღდათის პოლიციაში.

5. მოპასუხემ წარადგინა ხანდაზმულობის შესაგებელი.

6. ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით გამსესხებლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 129-ე 130-ე, 144-ე, 316-317-ე, 319-ე, 623-625-ე, 626-ე, 365-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე, 103-ე და 105-ე მუხლებით.

8. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული ხელწერილის ანალიზი ცხადჰყოფდა, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო, რომლის შესრულების კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ ყოფილა. ხელწერილის ტექსტში მითითებულ დათქმა, რომ მსესხებელი პირველი შესაძლებლობისთანავე დაუბრუნებდა გამსესხებელს სესხად მიღებულ თანხას, იმაზე მიუთითებდა, რომ გარიგების შესრულების ზუსტი თარიღი განსაზღვრული არ ყოფილა.

9. სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც სესხის დაბრუნების ვადა წინასწარ განსაზღვრული არ ყოფილა და დაკავშირებული იყო მოთხოვნის მომენტთან, სესხი უნდა დაბრუნებულიყო კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას. ამ შემთხვევაში სახეზე იყო სესხის ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტა. კანონით, სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის ვადად აღიარებულია სამი თვე [სსკ-ის 626-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები]. ამდენად, სესხის დაბრუნების ვადის მიუთითებლად დადებული გარიგების შეწყვეტა კრედიტორს შეეძლო სურვილისამებრ, სესხის დაბრუნების მოთხოვნით ნებისმიერ დროს. ასეთ შემთხვევაში, მოვალე ვალდებული იყო, მოთხოვნიდან სამ თვეში დაებრუნებინა ვალი.

10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კრედიტორმა სესხის დაბრუნების მოთხოვნით, მოვალეს მიმართა 2007 წელს, რითაც სესხის ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორის მიერ სესხის დაბრუნების მოთხოვნის თარიღი (თვე და რიცხვი) ზუსტად არ იყო დაკონკრეტებული, სასამართლომ მიიჩნია, რომ კრედიტორის განმარტებიდან გამომდინარე, 2007 წლის დასახელებით, დადასტურებულად შეიძლებოდა მიჩნეულიყო, რომ ხელშეკრულება 2007 წლის ბოლოს შეწყდა. ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა 3 თვეს შეადგენდა, მოვალეს სესხი, მოთხოვნიდან სამ თვეში, ანუ 2008 წლის მარტის ჩათვლით უნდა დაებრუნებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2008 წლის 1 აპრილიდან მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დაიწყებოდა.

11. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ბორჯომის რაიონულ სასამართლოში შეტანილი სარჩელი განუხილველი დარჩა და მას ექვსი თვის განმავლობაში ახალი სარჩელი არ შეუტანია, შესაბამისად, სარჩელის შეტანას, რომელიც განუხილველი დარჩა, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა არ გამოუწვევია. [სსკ-138-ე, 139-ე და 140-ე მუხლები].

12. სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს თავისი უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობას ართმევდა. ამიტომ, კანონი უფლებას აძლევდა მოვალეს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, უარი ეთქვა მოქმედების შესრულებაზე, კერძოდ, ვალის დაბრუნებაზე. ვალდებული პირის მიერ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ვალის აღიარების ან კრედიტორისათვის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალების მიცემის შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან დაიწყებოდა და მოვალეს უფლება არ ჰქონდა, უარი განეცხადებინა მათზე.

13. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ ვინაიდან მოპასუხემ შესაგებლით აღიარა სასესხო ვალდებულება, ხანდაზმულობის ვადა უნდა შეწყვეტილიყო და მისი ათვლა თავიდან დაწყებულიყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ შესაგებელში მოახდინა მხოლოდ სესხის ფაქტის აღიარება, ანუ ვალდებულების ფაქტის კონსტატაცია და არა ვალდებულების აღიარება. მას არ გამოუხატავს ნება, არ მიუცია დაპირება ვალდებულების შესრულების თაობაზე. პირიქით, მან უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე, მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. იმის გათვალისწინებით, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, მოპასუხე უარს აცხადებდა ვალდებულების შესრულებაზე, სასამართლომ განმარტა, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

14. კრედიტორმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

15. სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგზე:

15.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ხანდაზმულობის ვადის დაწყების დრო, ვინაიდან მისი დენა იმ მომენტიდან დაიწყო, როდესაც გამსესხებლისათვის ცნობილი გახდა, რომ მსესხებელი ვალდებულებას არ ასრულებდა და, დარღვეული უფლების აღდგენისათვის, გამსესხებელმა ბაღდათის სასამართლოს მიმართა.

15.2. მოვალემ ორჯერ აღიარა ვალი, ერთხელ პოლიციაში, ხოლო მეორედ სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით მიუთითა, რომ კრედიტორმა სხვა შესრულება მიიღო, თუმცა, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარუდგინა, ამასთან, სხვა შესრულებაზე მოსარჩელეს თანხმობა არასდროს მიუცია. მოვალემ აღიარა ვალდებულება და სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო.

16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 აგვისტოს განჩინებით კრედიტორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

17. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

18. გამსესხებელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

19. საკასაციო საჩივარი დამყარებულია წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტში მითითებულ გარემოებებსა და იმ ფაქტზე, 2007 წლის შემდეგ, მოვალემ სესხად აღებული თანხიდან 100 დოლარი გადაიხადა. სესხის დაბრუნების კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ ყოფილა. კასატორის მტკიცებით, მის უფლება მაშინ დაირღვა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მოვალე ვალდებულებას უკვე აღარ ასრულებდა და დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოს, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა სწორედ აქედან იწყება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს წინაშე ვალდებულების არსებობის აღიარება, სსკ-ის 137-ე მუხლის დისპოზიციით განსაზღვრულ სხვაგვარ აღიარებას წარმოადგენს, შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, უსაფუძვლოა ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

24. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

26.1. კასატორი თავის პრეტენზიას იმ გარემოებაზე აფუძნებს, რომ მისი მოთხოვნა ხანდაზმული არ არის, რაც არასწორად იქნა შეფასებული წინა ინსტანციის სასამართლოების მიერ.

26.2. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა; ხოლო 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

26.3. დადგენილია, რომ მხარეებს შორის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა, შესაბამისად, მისი შეფასებისას სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება.

26.4. სსკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. 137-ე მუხლის თანახმად კი, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი, უფლებამოსილი პირის წინაშე, ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

26.5. სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან [სსკ-ის 140-ე მუხლი].

26.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მეტად მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლების წარმოშობამდე არ შეიძლება დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა. ამიტომ, უპირველესად, აუცილებელია მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტის დადგენა.

26.7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი, ზოგიერთ შემთხვევაში, უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული. თუ კანონში ასეთი პირდაპირი მითითება არ არის, მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო დარღვეული უფლების შესახებ. თუ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადითაა დადებული, უფლების დარღვევის შესახებ პირი შეიტყობს მხოლოდ მაშინ, როცა მოითხოვს შესრულებას, ხოლო მეორე მხარე არ შეასრულებს იმ მოქმედებას, რომლის შესრულებაც ევალებოდა.

26.8. სსკ-ის 626-ე მუხლის თანახმად, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას. ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს. სსკ-ის 365-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.

26.9. დადგენილია, რომ სესხის დაბრუნების ვადა მხარეებს შორის წინასწარ განსაზღვრული არ ყოფილა და იგი მოთხოვნის მომენტთან იყო დაკავშირებული, შესაბამისად, ვალი უნდა დაბრუნებულიყო კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას.

26.10. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მოსარჩელე სხვადასხვა საშუალებით შეეცადა, გასესხებული თანხა დაებრუნებინა. მან ვალის დაბრუნების მოთხოვნით 2007 წელს ბორჯომის რაიონულ სასამართლოსაც კი მიმართა, მაგრამ ბაჟის გადაუხდელობის გამო, სარჩელი განუხილველად დარჩა.

26.11. საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მარტოოდენ სესხის ფაქტის აღიარება, სადაც მოვალე ფაქტის კონსტატაციას ახდენს, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ იწვევს.

26.12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ თავის ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რომ სსკ-ის როგორც 137-ე, ისე 144.3 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი უკავშირდება მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებას, სადაც მოვალე გამოხატავს ნებას, იძლევა დაპირებას ვალდებულების შესრულების თაობაზე და არა ფაქტის აღიარებას, სადაც მოვალე ახდენს მარტოოდენ ვალდებულების ფაქტის კონსტატაციას [იხ. სუსგ. Nას-374-347-2010; 9 ნოემბერი, 2010 წელი].

26.13. საკასაციო სასამართლოს საქმეზე დადგენილი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ მოპასუხემ აღიარა თანხის სესხად აღები ფაქტი და არა ვალდებულება. მას არ გამოუხატავს ნება, არ მიუცია დაპირება ვალდებულების შესრულების თაობაზე, პირიქით, უარი განაცხადა მოთხოვნის შესრულებაზე, მისი ხანდაზმულობის გამო.

26.14. სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად იქნა დადგენილი, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

27. ზემოხსენებული მსჯელობისა და დასკვნებიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

28. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ‘სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე