საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1102-1038-2015(ბ) 29 იანვარი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. კ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, ნ. კ-ის (შემდეგში პაციენტი, განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი შპს ,,მ-ა“–ს (შემდეგში კლინიკა, სამედიცინო დაწესებულება) წინააღმდეგ, არასწორი მკურნალობის შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების, ყოველთვიური სარჩოს, 5 000 აშშ დოლარის, დაწესების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 1007-ე, 992-ე, 408-ე(II, III), 409-ე, 413-ე(II), 414-ე, 411-ე მუხლები).
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პაციენტმა, რაც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და კლინიკას, პაციენტის სასარგებლოდ დაეკისრა, მატერიალური ზიანის - 68 755 ევროს, ხოლო მორალური ზიანისათვის - 20 000 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ასევე, არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის სარჩელი ყოველთვიური სარჩოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა სამედიცინო დაწესებულებამ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით დასახელებული საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
4. 2015 წლის 28 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, განცხადებით მიმართა პაციენტმა და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
4.1. არსებული მდგომარეობით, კლინიკის წინააღმდეგ მიმდინარეობს სხვა სასამართლო დავებიც, კერძოდ, პაციენტის განცხადებაზე დართული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის განჩინებით ირკვევა, რომ ,,გ- ის“ მიერ აღძრულია სარჩელი მოპასუხე კლინიკისათვის 284.438.15 ევროს დაკისრების მოთხოვნით. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლოს განჩინებით, აკრძალულია მოპასუხის სხვადასხვა ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 3 აპრილის განჩინებით, შპს ,,გ-ი“–ს მიერ აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, კლინიკას აეკრძალა კუთვნილი სხვადასხვა უძრავი ქონების გაყიდვა ან იპოთეკით დატვირთვა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 191-ე, 198-ე მუხლები). განმცხადებელის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარეს გააჩნია ასევე საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ვარაუდობს, რომ მოწინააღმდეგის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო, შეუძლებელი აღმოჩნდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება;
4.2. განცხადებაში ისიცაა მითითებული, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორი მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის შედეგად მიყენებული ზიანის გამო, პაციენტი პერიოდულად გადის მკურნალობას, მათ შორის, საფრანგეთისა და თურქეთის კლინიკებში; იგი არ გამოჯანმრთელებულა, მას გადასახდელი აქვს თურქეთის კლინიკისთვის - 60 000 ევრო, რაც აფერხებს იმავე კლინიკაში მის შემდგომ მკურნალობას პროფესიონალურ დონეზე.
4.3. ზემოხსენებულ გარემოებებზე მითითებით, განმცხადებელი, სსსკ-ის 268–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას და აღნიშნავს, რომ თუკი გადაწყვეტილება არ იქნება მიქცეული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, შეიძლება ზიანი მიადგეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის ინტერესს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, სსსკ-ის 269-ე მუხლის საფუძველზე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, პაციენტის განცხადება განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა.
6. სასამართლომ სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით, განმარტა, რომ მოხმობილი ნორმის საფუძველზე, კანონმდებელი განსაკუთრებული კატეგორიის დავებზე უშვებს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც გამოწვეულია დავის საგნის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, მოსარჩელის ინტერესების მომეტებულად დაცვის საჭიროებით.
7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ სსსკ-ის 268–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემის საკითხზე მსჯელობისას, უნდა დადგინდეს გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს თუ არა მხარეს; ამასთან, ამ გარემოების დამტკიცების ტვირთი ეკისრება შუამდგომლობის აღმძვრელ პირს. სასამართლომ უარი უნდა თქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე, თუ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი ვერ დაამტკიცებს ზემოთ მითითებულ გარემოებებს, ან თუ შეუძლებელი იქნება იმ ზარალის (ზიანის) გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც დაუყოვნებლივ აღსრულების მომთხოვნი პირი ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
8. სასამართლომ განმცხადებლის მოტივაციაზე (იხ. ამ განჩინების 4.4. ქვეპუნქტი) მსჯელობისას, მიიჩნია, რომ მარტოოდენ მითითება მოსალოდნელ ზიანზე, არ წარმოადგენს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველს, ხოლო დასახელებული გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები განმცხადებელს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
9. სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას მოითხოვს სსსკ-ის 268–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით, რომლის მოქმედება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის საოქმო ჩანაწერით შეჩერებულია, შესაბამისად, ამ ნორმიდან გამომდინარე, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა.
10. პაციენტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 12 ნოემბრის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
11. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, მისი მძიმე მდგომარეობა დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებებით და იგივე არგუმენტებს იმეორებს, რაც წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტშია მითითებული.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, პაციენტის კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პაციენტის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია სამართლებრივად დაუსაბუთებელია და ვერ აბათილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ პაციენტისათვის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულ არგუმენტებსა და სამართლებრიც დასაბუთებას.
16. სასამართლო იზიარებს ამ განჩინების 6-8 პუნქტებში განვითარებულ მსჯელობას, ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 22 იანვრის განჩინებით, კლინიკის საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვა, დაუშვებლობის გამო. შესაბამისად, მითითებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში (სსსკ-ის 264-ე, 266-ე მუხლები), რაც, კანონის შესაბამისად, მისი აღსრულებისა და პაციენტის ინტერესის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველია, შესაბამისად, კერძო საჩივრის პრეტენზიას, მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივი დასაბუთებაც გამოეცალა, რაც მისი უარყოფის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. კ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ.ქათამაძე