საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1108-1043-2015 22 იანვარი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – რ. დ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. კ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ზ. კ-ისათვის მის სასარგებლოდ 1 200 ლარის დაკისრება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2014 წლის 19 აგვისტოს რ. დ-ის (შემდეგში მოსარჩელე, საქონლის პატრონი ან კასატორი) კუთვნილმა ძროხამ შეაღწია ზ. კ-ის (შემდეგში მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) ყანაში, დააზიანა ნათესი და დიდი რაოდენობის სიმინდი ჭამა. მოპასუხემ პატრონს არ დაუბრუნა ძროხა, მან, მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, საქონლის პატრონს მოსთხოვა 45 ლარის ღირებულების სასუქი, რომლის მიტანამდე, უარი განაცხადა ძროხის დაბრუნებაზე.
2. მეორე დილით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მისი საქონელი, დიდი რაოდენობით მიღებული სიმინდის გამო, დაეცა.
3. 2015 წლის 14 იანვარს საქონლის პატრონმა სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მიყენებული ზიანის, 1200 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის, 900 ლარის ანაზღაურება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში, სსკ, 992-ე, 404-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე მუხლები).
4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 1200 ლარის გადახდა.
5. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ნაწილი, ამასთან აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე საქონელს მას შემდეგ წაიყვანდა, რაც მოპასუხეს მიუტანდა 45 ლარად ღირებულ სასუქს.
6. რაიონული სასამართლოს შეფასებით, მხარეთა შორის დაიდო გარიგება, რომლის საფუძველზეც, სსკ-ის 317-ე მუხლის თანახმად, წარმოიშვა მხარეთა ვალდებულებები: მოსარჩელეს უნდა მიეტანა მოპასუხისათვის 45 ლარის სასუქი, ამ უკანასკნელს კი უნდა დაებრუნებინა საქონელი. ვინაიდან მოპასუხემ ძროხა ვერ დაუბრუნა მოსარჩელეს, ამ უკანასკნელს მიადგა ზიანი.
7. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი, გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნა, რომლის მიხედვითაც განსაზღვრა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი 1200 ლარი (სსკ-ის 408-409 მუხლები), რაც დააკისრა მოპასუხეს, რომელსაც, თავის მხრივ, არ წარუდგენია საწინააღმდეგო მტკიცებულება; მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რადგან არ არსებობდა საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, მე-3, მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლები)
8. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.
9.აპელანტის განმარტებით, მხარეთა შორის არავითარი გარიგება არ დადებულა; ამ ფაქტზე არც მოსარჩელე უთითებდა, იგი სარჩელს დელიქტურ ვალდებულებაზე აფუძნებდა. საქონელი სიმინდის ტაროს გადაჭარბებული რაოდენობის მიღების გამო დაეცა (რაც თავად მოსარჩელემაც დაადასტურა პოლიციაში გამოკითხვისას); ამდენად, მოპასუხის ქმედებას (ძროხის გაყვანა ყანიდან და დაბმა საკუთარ საქონელთან ერთად) არ გამოუწვევია საქონლის დაცემა, რის გამოც, არც ხელშეკრულების შეუსრულებლობის საფუძვლით და არც დელიქტიდან გამომდინარე, მას ზიანის ანაზღაურება არ უნდა დაჰკისრებოდა.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, საქონლის დაცემის მიზეზად მიიჩნია, დიდი ოდენობით სიმინდის ტაროს ჭამა, რამაც გამოიწვია საჭმლის მომნელებელი სისტემის პარალიზება, გაზების დაგროვება და ძროხის გაგუდვა.
12. სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძვლად მიუთითა მხარეთა ახსნა-განმარტებებზე, ვეტერინართან 2014 წლის 24 სექტემბერს და 2014 წლის 18 ოქტომბერს შედგენილ გასაუბრების ოქმებზე (ს.ფ.44,46) და მოსარჩელესთან 2014 წლის 22 აგვისტოს შედგენილ გასაუბრების ოქმზე (ს.ფ.87).
13. სასამართლომ არ გაიზიარა, მოსარჩელის არგუმენტი, რომ პოლიციაში ზეწოლის შედეგად მისცა განმარტება, რადგან ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია (სსსკ-ის 102-ე მუხლი), ასევე, არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მჭრელი საგნით (ნამგალი) მიყენებული ჭრილობით იყო ძროხა დაცემული. ვეტერინარმა ცალსახად განმარტა საქონლის დაცემის მიზეზი (იხ. განჩინების მე-10 პუნქტი), მანვე მიუთითა, რომ ძროხის უკანა ფეხთან კანის გასკდომა გამოიწვეული იყო საქონლის გაზებით გაბერვით და ეს არ იყო ნაკვეთი ჭრილობა.
14. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა შპს ,,ლ- ის” 2015 წლის 12 იანვრის №05 აუდიტორული დასკვნის მონაცემები ძროხის ღირებულების (1200 ლარი) თაობაზე, რადგან დასკვნა შედგენილია საქონლის დაცემიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ და შესაფასებელი ობიექტი უშუალოდ არ გამოუკვლევია აუდიტორს; თვით დასკვნის შინაარსიდან ირკვეოდა, რომ შეფასება მოხდა მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე.
15. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე საკუთარ მოთხოვნას აფუძნებდა იმ ფაქტზე, რომ მისი ძროხა ,,მუცელზე გაჭრილი” ნახა მკვდარი (იხ. სარჩელი - ს.ფ. 3), ე.ი. ფაქტობრივად, იგი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა და სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად უთითებდა სსკ-ის 992-ე მუხლზე (იხ. განჩინების პირველი პუნქტი), რომლის თანახმადაც პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
16. სასამართლომ მხარეთა განმარტებებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, დაასკვნა, რომ თავად მოსარჩელეც არ უთითებდა მოპასუხესთან რაიმე შეთანხმების მიღწევაზე, პირიქით, სასუქის მიტანის თაობაზე, მოპასუხისაგან შეთავაზების მიღების შემდეგ, განვითარებულ მოვლენებს სარჩელში შემდეგნაირად აღწერდა: ,,...რას ვიზამდი, წამოვედი სახლში, იმ წუთში არც სასუქი მქონდა და არც მისი საშუალება, წავსულიყავი საყიდლად” (იხ. სარჩელის მე-2 გვერდი; ასევე - მე-2 ფაქტობრივი გარემოება - გვ. 4). შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს, სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, არ გამოუვლენიათ ნება, მიმართული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ; არც იმავე კოდექსის 327.1 მუხლით დადგენილი წესით შეთანხმებულან ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რის გამოც, რაიონული სასამართლოს დასკვნა, მხარეთა შორის გარიგების დადების თაობაზე, გაზიარებული ვერ იქნებოდა.
17. სსკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად აუცილებელია: ზიანი, ანუ მატერიალური დანაკლისი, მოსარჩელეს მიყენებული ჰქონდეს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით, ე.ი. - ზიანი უნდა იყოს ამგვარი ქმედების პირდაპირი შედეგი.
18. სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად მიიჩნია, რომ საქონლის დაცემა არ გამოუწვევია მოპასუხის ქმედებას, მან ძროხა გაიყვანა ყანიდან და დააბა თავის საქონელთან ერთად; ძროხის დაცემის მიზეზი გახდა სიმინდის ტაროს გადაჭარბებული ჭამა, რისგან გადარჩენის შესაძლებლობა არ არსებობდა. ამდენად, მოსარჩელისთვის მატერიალური დანაკლისის მიყენება არ იყო გამოწვეული მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით, რის გამოც, ამ უკანასკნელს ვერ დაეკისრება ზიანის ანაზღაურება.
19. მოსარჩელემ, 2015 წლის 20 ოქტომბერს, საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მანვე დაზუსტებული საკასაციო განაცხადი წარმოადგინა იმავე წლის 11 ნოემბერს, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოპასუხისათვის 1 200 ლარის დაკისრება.
20. საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:
20.1. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, თითქოს მხარეებს არ გამოუვლენიათ გარიგების დადების ნება. მოპასუხემ მოსარჩელეს განუცხადა, რომ საქონელს გაატანდა 45 ლარიანი სასუქის მიტანის შემთხვევაში, რასაც ეს უკანასკნელი დაეთანხმა. კასატორს მიაჩნია, რომ მოპასუხის შეთავაზება სააპელაციო სასამართლოს ოფერტად უნდა შეეფასებინა, ხოლო მისი ნება, თუნდაც დუმილით გამოხატული -აქცეპტად (სსკ-ის 329-ე მუხლი).
20.2. სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ძროხა მოპასუხემ საკუთარი პირუტყვი სადგომში დააბა, ის ვალდებული იყო, მოევლო საქონლისათვის, დროულად რომ აღმოეჩინა დახმარება ან დაებრუნებინა პატრონისათვის, საქონელი არ დაიღუპებოდა.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
25. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
27. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს, მსჯელობასა და დასკვნებს (იხ. განჩინების 12-18 პუნქტები), რომ მოსარჩელისთვის მატერიალური დანაკლისის მიყენება არ იყო გამოწვეული მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის პრეტენზიები ვერ აბათილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების შეფასებას. მოსარჩელეს არ წარუდგენია მხარეთა შორის გარიგების არსებობის ან მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის უშუალო მიზეზობრივი კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც მოსარჩელის მტკიცების ტვირთს შეადგენს.
29.განსახილველ დავაში მოპასუხის ქმედება არ იძლევა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობას, რაც გამორიცხავს დელიქტურ პასუხისმგებლობას. თუკი არ არსებობს წინაპირობა, რომ მოწინააღმდეგე მხარე მოქმედებდა, რათა ზიანი მიეყენებინა კასატორისათვის, „არ არსებობს ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის შედეგადაც დგება ზიანი, მაშასადამე, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა იმ პირისაგან, რომელსაც არ განუხორციელებია ქმედება და არ წარმოიშვება ასეთი პირის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება“ (სუსგ, #ას-906-856-2015, 12.11.2015წ.). განსახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგის დელიქტური ქმედება არ არსებობს, შესაბამისად, იგი ვერ აირიდებდა იმ შედეგს, რაც სიმინდის ტაროს გადაჭარბებული ჭამით დადგა და საქონელი დაეცა, აღნიშნულ შედეგს არ აქვს კავშირი მოწინააღმდეგის ქმედებასთან, რაც, მისდამი კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს გამორიცხავს.
30.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე