საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № ას-1137-1069-2015 22 იანვარი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს ,,ს- ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ს-ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ”ს-სა” (შემდეგში: მოსარჩელე, საწარმო ან მოწინააღმდეგე მხარე) და სს ,,ს-ს’’ (შემდეგში: მოპასუხე, ბანკი ან კასატორი) შორის 2014 წლის 7 აგვისტოს დაიდო №7161ა ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც, 2014 წლის 20 აგვისტოდან, საწარმო, ზუგდიდის რაიონის სოფ. ანაკლიის ტერიტორიაზე მდებარე, მის კუთვნილ ბუნგალოებში საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევისას, კლიენტებთან ანგარიშსწორებას ახორციელებდა ბანკის ტერმინალის გამოყენებით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ 859-ე, 860-ე, 861-ე მუხლები; იხ. ხელშკრულება - ს.ფ. 65-72)
2. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ტერმინალის მეშვეობით, 2014 წლის 26-27 აგვისტოს დაფიქსირდა 25 550 (ოცდახუთი ათას ხუთასორმოცდაათი) ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ოპერაცია. ბანკის ტერმინალმა დააფიქსირა საწარმოს კლიენტებისათვის, საბანკო ბარათების მეშვეობით, თანხების ჩამოწერა, ამობეჭდა ქვითარი, რომ ტრანზაქცია შესრულებულია, თუმცა, შესაბამისი თანხა (მომსახურების საფასურის გამოკლებით) საწარმომ ბანკიდან ვერ მიიღო. ამ თანხიდან საწარმომ მხოლოდ 1700 ლარი მიიღო, ხოლო ბანკის მომსახურების საკომისიოს გამოკლებით, მისაღები დარჩა 23 711,54 ლარი.
3. საწარმომ 2014 წლის 29 დეკემბერს სარჩელი აღძრა ბანკის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის 23 711, 54 ლარის დაკისრება
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით საწარმოს სარჩელი დაკმაყოფილდა და ბანკს დაეკისრა 23 711,54 ლარის გადახდა. გადაწყვეტილების დასაბუთებისას სასამართლომ სსკ-ის 867-ე, 873-ე, 316.1-ე, 317.1-ე, 361.2-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე, 103-ე, 131-ე მუხლებზე მიუთითა.
5. სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საწარმომ ბანკისაგან ვერ მიიღო დასაბუთებული პასუხი, ამ უკანასკნელის კუთვნილი გადახდის აპარატით დადასტურებული საბანკო ოპერაციის შესაბამისი თანხის მიუღებლობის თაობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ბანკის წერილობითი განმარტება, ბუნდოვანი და ორაზროვანი იყო, კერძოდ, ბანკი უთითებდა, რომ ტერმინალით ჩატარებული ტრანზაქციის ნაწილი განხორციელდა საერთაშორისო საგადასახადო სისტემების წესების დარღვევით, რაც სადავო გახდა და ამის გამო, ბანკი იძულებული იყო, აღნიშნული თანხები დაეკავებინა საქმის დეტალების გარკვევამდე.
6. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ საბანკო ოპერაცია რეალურად არ განხორციელებულა, რადგან გამოყენებული იყო ყალბი პლასტიკური ბარათები. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხემ ვერ წარუდგინა სასამართლოს, ვერც ის დადასტურდა, რომ საერთაშორისო საგადახდო წესებით არსებობდა დავა.
7. სასამართლომ იმსჯელა მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაზე, რომლითაც ბანკმა იკისრა ვალდებულება, კლიენტისათვის (საწარმო) გაეწია მომსახურება. ხელშეკრულების 2.1. მუხლით, ბანკს საწარმო უნდა უზრუნველეყო ტერმინალით, რომლის გამოყენებითაც, ეს უკანასკნელი საკუთარ კლიენტს შესთავაზებდა მომსახურებას, ხოლო გაწეული მომსახურების და/ან რეალიზებული საქონლის ღირებულებას, ბარათით მიიღებდა, ხოლო მიღებულ თანხებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმითა და პირობებით, ბანკი საწარმოს ჩაურიცხავდა ანგარიშზე.
8. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საწარმოს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონკრეტული ვალდებულების (3.2 მუხლი) შეუსრულებლობაზე ან ხელშეკრულების დანართებში მოცემული ინსტრუქციებისა და წესების დარღვევაზე (3.3 მუხლი), ბანკს თავის შესაგებელში არც კი მიუთითებია. შესაბამისად, ამ საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომაზე გაკეთებული მარტოოდენ ზეპირი განმარტება, აღნიშნულ ფაქტს ვერ დაამტკიცებდა.
9. სასამართლომ ხელშეკრულების 3.4.1. მუხლზე მიუთითა, რომლის მიხედვით, ბანკი ვალდებული იყო, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ანგარიშზე, 5 საბანკო დღეში, საწარმოსათვის ჩაერიცხა, ძირითადი მომსახურების ფარგლებში, ბარათებით ჩატარებული ოპერაციების თანხები. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე წერილობით აღირებდა, რომ საქმის დეტალების გარკვევამდე, დაკავებული იყო 23 711,54 ლარი, თუმცა, ამგვარი დაკავების მართლზომიერება, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა და მიუთითა სსსკ-ის 131-ე მუხლზე.
10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბანკმა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა.
11. ბანკი არ დაეთანხმა სასამართლოს შეფასებას, რომლიც ამ განჩინების მე-9 პუნქტშია მითითებული და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების 3.3.3. მუხლის თანახმად, ბანკს უფლება ჰქონდა დაეკავებინა (ანდა ჩამოეწერა) ორგანიზაციის ანგარიშიდან ის თანხები, რომლებიც საერთაშორისო საგადასახადო წესების მიხედვით წარმოადგენდა დავის საგანს. მოცემულ შემთხვევაში კი, გაყალბებული საკრედიტო ბარათების გამოყენებით ჩატარებული ოპერაციები სწორედ ასეთი დავის საგანი იყო.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ბანკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
13. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით (სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტი).
14. სასამართლოს შეფასებით, მხარეთა შორის დადებული იყო საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ბანკი ვალდებულებას იღებდა, მისი ტერმინალების მეშვეობით, მესამე პირთა მიერ საწარმოსათვის გადახდილი თანხა, ამ უკანასკნელის ანგარიშზე ჩაერიცხა.
15. სასამართლომ სსკ-ის 859 - ე მუხლის პირველ ნაწილზე და 361-ე მუხლის მე- 2 ნაწილზე მითითებით, მიიჩნია, რომ ბანკი ვალდებული იყო შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და საწარმოსათვის ჩაერიცხა თანხა.
16. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბანკს ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი, რომ საერთაშორისო საგადახდო სისტემის წესების მიხედვით, ბანკის მიერ დაკავებული თანხა წარმოადგენდა დავის საგანს ანუ ამ თანხებზე ოპერაციები განხორციელდა გაყალბებული საბანკო ბარათებით. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, ბანკს, საკუთარი ზეპირი განმარტების გარდა, სასამართლოსათვის არ წარუდგენია. თანხის სადავოობის შესახებ მარტოოდენ ზეპირი მითითება კი, ბანკს არ აძლევდა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უარყოფის საფუძველს.
17. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბანკმა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, ბანკის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
18. კასატორმა შემდეგ პრეტენზიებზე მიუთითა:
18.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა ხელშეკრულების 3.3.3 პუნქტი, რომლის თანახმად ბანკი უფლებამოსილია "მომდევნო ანგარიშსწორების თანხიდან დააკავოს და/ან ჩამოწეროს ორგანიზაციის ანგარიშიდან ბანკის მიერ ორგანიზაციის ანგარიშზე ადრე ჩარიცხული თანხები, რომლებიც საერთაშორისო საგადასახადო სისტემების წესების მიხედვით წარმოადგენს დავის საგანს. დაკავება განახორციელოს იმ შემთხვევაშიც, თუ ორგანიზაციას იმ მომენტისათვის არ გააჩნია შესაბამისი სახსრები და ამ შემთხვევაში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა სრულად ეკისრება ორგანიზაციას." კასატორის მტკიცებით, დავის არსებობას ადასტურებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გაცემული ცნობაც სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი უფლებამოსილი იყო, დაეკავებინა საწარმოსათვის თანხები.
18.2. სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, თუ რამდენად იყო აღნიშნული საქმე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განსჯადი, ვინაიდან მოპასუხის იურიდიულ მისამართს წარმოადგენდა: ქალაქი თ-ი, გ-ის ქუჩა #29-ა, ხოლო ხელშეკრულების დადების ადგილის - ქალაქი ბათუმი.
18.3. სასამართლოს ასევე არ უმსჯელია, დაარღვია თუ არა საწარმომ ხელშეკრულების დანართი #2-ის 4.5., 5.1., 5.2., 5.3. პუნქტები და ქვეპუნქტები, რომლითაც მოწინააღმდეგე ვალდებული იყო, შეესრულებინა გარკვეული ქმედებები, რაც მას არ შეუსრულებია.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, ბანკის საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
25. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას, რომ მხარეთა შორის დადებული იყო საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ბანკი ვალდებული იყო, მისი ტერმინალების მეშვეობით, მესამე პირთა მიერ საწარმოსათვის გადახდილი თანხა ჩაერიცხა ამ უკანასკნელის ანგარიშზე.
26. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას მხარეთა შორის, მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის მიხედვით, ბანკის მიერ დასამტკიცებელ გარემოებაზე, რაც მან ვერ შეძლო (იხ. განჩინების მე-16 პუნქტი). კასატორს არ მოუხდენია მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია, თავისი პრეტენზიების დასადასტურებლად დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულება წარედგინა სასამართლოსათვის.
27.საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბანკს წარმოეშვა თანხის ჩარიცხვის ვალდებულება, იგი არ შეწყვეტილა და განხორციელებადია, რაც სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველია.
28. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, საქმის არაგანსჯადი სასამართლოს მიერ განხილვის თაობაზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხს ბანკი, საქმისწარმოების პირველ ეტაპზე, სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში აყენებდა და ითხოვდა, საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით (იხ. შესაგებელი - ს.ფ.42), ხოლო სააპელაციო საჩივარში, ბანკს არ მიუთითებია განსჯადობის საკითხზე (იხ. ს.ფ. 100-108). ასეც რომ არ იყოს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განხილულია ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით (სსსკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) .
29. ზემოაღნიშნული დასაბუთების გათვალისწინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
30.სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ს-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს "ს-ს" (ს/კ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 185.58 ლარის (საგადახდო დავალება №14030, გადახდის თარიღი 2015 წლის 26 ნოემბერი), 70% – 829.9 (რვაასოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე