Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1145-1077-2015 29 იანვარი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – გ. ა-ე, ი. ჯ-ე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები – სს ,,ს-ი“, ნოტარიუსი ა. ჯ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი –სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2013 წლის 27 სექტემბერს სს ‘’ს-ს’’ (შემდეგში ბანკი, კრედიტორი ან გამსესხებელი) გ. ა-ეს (შემდეგში პირველი მოვალე, პირველი მსესხებელი ან პირველი კასატორი) და ი. ჯ-ეს (შემდეგში მეორე მოვალე, მეორე მსესხებელი ან მეორე კასატორი) შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №GCL000024876 (შემდეგში გენერალური საკრედიტო ხელშკრულება), კრედიტი განისაზღვრა 200 000 აშშ დოლარით, მისი მოქმედების ვადა - 120 თვით. ხელშეკრულება არ დამოწმებულა სანოტარო წესით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 623-ე და 867-ე მუხლები).

2. 2013 წლის 27 სექტემბერს კრედიტორსა და პირველ მოვალეს შორის, ასევე კრედიტორსა და მეორე მოვალეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლებიც დაამოწმა ნოტარიუსმა. მითითებული გარიგებით უზრუნველყოფილი იქნა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებები (სსკ-ის 289-ე მუხლის პირველი ნაწილი 3111 მუხლი).

3.2013 წლის 30 სექტემბერს კრედიტორსა და პირველ მოვალეს შორის, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №GCLCA000024888, კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 165 000 აშშ დოლარით, სარგებელი - წლიური 15%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველდღიურად. ხელშეკრულება არ დამოწმებულა სანოტარო წესით (სსკ 623-ე, 867-ე, 868-ე, 417-ე მუხლები).

4. კრედიტორის მოთხოვნით, 2014 წლის 7 მაისს, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი იმ იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების აღსრულების მიზნით, რომელიც დამოწმებული იყო იგივე ნოტარიუსის მიერ 2013 წლის 27 სექტემბერს. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელი დოკუმენტებია 2013 წლის 27 სექტემბერს კრედიტორსა და პირველ მოვალეს შორის, ასევე კრედიტორსა და მეორე მოვალეს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებები; მოვალედ მითითებულია პირველი მოვალე (იხ. განჩინების პირველი, მეორე პუნქტები; „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის, შემდეგში ნოტარიატის კანონი, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი, მე-40 მუხლი; „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, შემდეგში სააღსრულებო წარმოებათა კანონი, მე-2 და 21.31 მუხლები).

5. სააღრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულების წარმოშობის საფუძველია გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება (იხ. განჩინების პირველი და მესამე პუნქტები); ვადაგადაცილების თარიღი - 03.01.2014 წ; აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 237 754,19 ლარი (იხ. ტ.2., ს.ფ. 37-41).

6. 2014 წლის 19 მაისს, კრედიტორმა მიმართა კერძო აღმასრულებელს იმავე წლის 7 მაისის სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, რაზედაც დაიწყო საქმის წარმოება (იხ. ტ.2., ს.ფ. 44-46).

7. პირველმა და მეორე მოვალემ 2014 წლის 16 ივნისს სარჩელი აღძრეს კრედიტორისა და ნოტარიუსის წინააღმდეგ და მოითხოვეს ნოტარიუსის 2014 წლის 07 მაისის სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, იმ საფუძვლით რომ სააღსრულებო ფურცელი უკანონოდ იყო გაცემული და ასეთი აქტის საფუძველზე არ უნდა მომხდარიყო მოსარჩელეთა საკუთრების უფლების ხელყოფა.

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა ამ განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გაემოებები და გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა ნოტარიატის და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონები, კერძოდ:

9.1. ნოტარიატის კანონის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის ”პ” ქვეპუნქტით, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს, ხოლო მე-40 მუხლით, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ. სხვა მონაცემთა შორის უნდა შეიცავდეს, მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ; მითითებას იმის შესახებ, რომ შეუსრულებელი მოთხოვნა, რომლის აღსასრულებლადაც უნდა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი, არ არის დამოკიდებული განმცხადებლის მიერ რაიმე საპასუხო (სანაცვლო) ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა. იმავე კანონით, სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უფლებამოსილია ნოტარიუსი (მისი შემცვლელი პირი), რომელმაც სანოტარო წესით დაადასტურა გარიგება.

9.2. სააღსრულებო წარმოებათა კანონის 21 მუხლის 31 პუნქტით, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, სხვა მონაცემებთან ერთად, უნდა აღინიშნოს ვალდებულების წარმოშობის საფუძველი და ვალდებულების შესრულების დრო;

9.3. "სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის“ (შემდეგში ნოტარიუსთა ინსტრუქცია) 72-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ სანოტარო აქტის აღსასრულებლად, რომლის საფუძველზე დადგენილი ვალდებულების აღსრულება, კანონმდებლობის შესაბამისად, დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და არ არის გასული ვალდებულების შესრულების ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა.

10. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2014 წლის 7 მაისის სააღსრულებო ფურცელი შეიცავს კანონით გათვალისწინებულ ყველა რეკვიზიტს, მათ შორის, მითითებას ვალდებულების წარმოშობის საფუძველზე - გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებასა და მის შესაბამისად გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებაზე; განსახილველ შემთხვევაში, ეს ორი ხელშეკრულება არ ყოფილა დამოწმებული სანოტარო წესით, თუმცა, მათი უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება დაამოწმა ნოტარიუსმა.

11. სასამართლომ არ გაიზიარა მოვალეთა განმარტება, რომ ვინაიდან საკრედიტო ხელშეკრულებები არ ყოფილა დამოწმებული სანოტარო წესით, ნოტარიუსს არ ჰქონდა უფლებამოსილება, მისი აღსრულების მიზნით, გაეცა სააღსრულებო ფურცელი. სასამართლომ განმარტა, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემისათვის, აუცილებელია, რომ აღნიშნულზე არსებობდეს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსმა სანოტარო აქტში განმარტოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგების თაობაზე.

12. მხარეთა შორის გაფორმებულ, ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ, იპოთეკის ხელშეკრულებებში, მითითებულია, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილია იმავე მხარეებს შორის დადებული 2013 წლის 27 სექტემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებები (იხ.იპოთეკის ხელშეკრულებები, ს.ფ. 25-29, 31-35) ამასთან, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 8.2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკის საგნის რეალიზაცია შესაძლებელია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამდენად, მხარეები შეთანხმდნენ ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართვის შესაძლებლობაზე და ინფორმირებულები იყვნენ შესაძლო შედეგების თაობაზე, რაც ადასტურებს, რომ ნოტარიუსს არ დაურღვევია სააღსრულებო ფურცლის გაცემისათვის, კანონით დადგენილი მოთხოვნები; მითითებულ დოკუმენტში ასახული ვალდებულების მოცულობასთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ მოვალეებს სარჩელით არ მოუთხოვიათ მისი კორექტირება, შესაბამისად, სასამართლოს არც უმსჯელია აღნიშნულის თაობაზე.

13. მოვალეებმა სააპელაციო წესით გასაჩივრეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვეს მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

14. სააპელაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგ არგუმენტებზე:

14.1. ნოტარიუსმა დაამოწმა მხოლოდ იპოთეკის ხელშეკრულებები, შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ნოტარიუსს არ უნდა გაეცა სააღსრულებო ფურცელი. იპოთეკა თავისი შინაარსით აქცესორული უფლებაა და მისი არსებობა მთლიანადა დამოკიდებული ძირითად მოთხოვნაზე. იპოთეკის ხელშეკრულება, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, დამოუკიდელად არ არსებობს და ის ძირითადი მოთხოვნის ბედს იზიარებს. კრედიტორის მიერ აღმასრულებელთან წარდგენილ საბუთებში არსადაა ნახსენები ძირითადი ვალდებულების თაობაზე, არც შესაბამისი ხელშეკრულება ახლავს მათ და არც სააღსრულებო ფურცელი გაცემულა ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებით.

14.2. ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცელი უნდა გაეცა მხოლოდ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე, სადაც ცალკე იქნებოდა მინიშნება, თუ რომელი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად უნდა მომხდარიყო ქონების რეალიზაცია. შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი არ უნდა გადაქცეულიყო ძირითადი ვალდებულების შესრულების იარაღად. ნოტარიუსის ქმედებით უგულვებელყოფილია ის ხელშეკრულება, რომელიც ძირითადი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია.

14.3. მოვალეებმა სსკ-ის 286-ე და 295-ე მუხლებზე აპელირებით, აღნიშნეს, რომ იპოთეკა არაა დამოუკიდებელი მოთხოვნის საგანი და დაუშვებელი იყო მისი განცალკავება ძირითადი მოთხოვნისაგან, ვინაიდან ის ძირითად მოთხოვნასთან ერთად წარმოიშობა და წყდება და არა პირიქით. იპოთეკის ხელშეკრულებაზე ძირითადი ვალდებულება არაა დამოკიდებული და იპოთეკის ცვალებადობა არ აისახება ძირითად ვალდებულებაზე. ნოტარიუსს ძირითადი ვალდებულება ანუ სესხის ხელშეკრულება არ დაუმოწმებია, შესაბამისად, მის მიერ იპოთეკის ხელშეკრულებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი არ შეიძლებოდა გამხდარიყო ძირითადი მოთხოვნის განმსაზღვრელი ან მისი შემცვლელი.

14.4. ნოტარიუსმა დაარღვია სააღსრულებო წარმოებათა კანონის 21.31 მუხლი. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კი არ ხდება ვალდებულების წარმოშობა, არამედ მის მიერ დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ნოტარიუსს მხოლოდ მაშინ აქვს სააღსრულებო ფურცელში გარკვეული მონაცემების შეტანის უფლება, როცა აღნიშნულის თაობაზე მას სანოტარო მოქმედება აქვს განხორციელებული.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

16. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს შეფასებები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და 10-13 პუნქტებში ასახული სამართლებრივი შეფასება (სსსკ-ის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).

17. სასამართლომ გაიზიარა კრედიტორის განმარტება, რომ იპოთეკა აქცესორული უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დამოკიდებულია საკრედიტო ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაფორმდა კონკრეტული იპოთეკის ხელშეკრულება. იმის გათვალსიწინებით, რომ ბანკის მიმართ ვალდებულება არ სრულდებოდა, კრედიტორმა, კანონით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტაციის წარდგენით, მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. ნოტარიუსმა კანონიერად გასცა სააღსრულებო ფურცელი.

18. მოვალეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივრის საფუძვლები იმეორებს სააპელაციო პრეტენზიებსა და მოტივაციას (იხ. განჩინების მე-14 პუნქტი; ტ.2., ს.ფ. 154-163. ს.ფ. 230-237).

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 06 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოვალეთა პრეტენზიები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

23. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოვალეთა ძირითადი პრეტენზია უკავშირდება იმ გარემოებას, რომ ვინაიდან ნოტარიუსს არ დაუმოწმებია საკრედიტო ხელშეკრულება, მას, იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, არ ჰქონდა სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილება.

25.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააღსრულებო ფურცლის გასაცემად, წინამდებარე განჩინების 14.1. ქვეპუნქტში მითითებული შეზღუდვა კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული, აქედან გამომდინარე, კასატორების პრეტენზია სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

25.2. წინამდებარე განჩინების 9-12, ასევე, 16-17 პუნქტებში ასახულ მსჯელობასა და დასკვნებზე მითითებით, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სანოტარო წესით გაფორმებულ იპოთეკის ხელშეკრულებაში, რომლის ნამდვილობა მხარეებს სადავო არ გაუხდიათ, დაფიქსირებულია მხარეთა ნება, კონკრეტული საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესრულება განხორციელდეს, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციით, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ხელშეკრულებაში განმარტებულია, რომ მხარეები შეთანხმებული არიან ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართვის შესაძლებლობაზე და ინფორმირებულები არიან შესაძლო შედეგების თაობაზე.

25.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ ნოტარიუსმა კანონიერად, შესაბამისი სამართლებრივი წინამძღვრების საფუძველზე, გასცა სააღსრულებო ფურცელი.

26. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებმა საკუთარი საჩივრის დასასაბუთებლად, ვერ წარმოადგინეს დამაჯერებელი და სარწმუნო სამართლებრივი პრეტენზია, რაც მათი საკასაციო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ა-ისა და ი. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2.გ. ა-ესა (პ/ნ ...) და ი. ჯ-ეს (პ/ნ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გ. ა-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 2015 წლის 30 ნოემბერი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე