Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1158-1089-2015 29 იანვარი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. კ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 07 თებერვლის ინფორმაციის მიხედვით, ქ.თბილისში, კ-ის ქუჩა #12-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: #... მიწის ნაკვეთი 250 კვ.მ; შენობა -ნაგებობების საერთო ფართი: 75.28 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი: 50.72 კვ.მ., შენობა -ნაგებობების ჩამონათვალი: მშენებარე) რეგისტრირებულია წილობრივი უფლება, კერძოდ: 59/135 ნაწილზე - ს. კ-ას საკუთრების უფლება, 16/135 ნაწილზე - გ. მ–ის, ხოლო 60/135 ნაწილზე - ქ. ც-ას საკუთრების უფლება (ს.ფ. 39) [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 173.1-ე მუხლი].

2. ქ.თბილისში, ბ. კ-ის ქუჩა #12, რ. კ-ი (შემდეგში მოსარგებლე, მოსარჩელე ან აპელანტი) 1977 წლის 06 იანვრიდან არის რეგისტრირებული, ასევე ის აღრიცხულია კომუნალური გადასახადების გადამხდელ აბონენტად (ს.ფ. 16; 32-37).

3. მოსარგებლემ 2014 წლის 17 აპრილს სარჩელი აღძრა ფინანსთა სამინისტროს (შემდეგში: სამინისტრო, მოპასუხე ან კასატორი) წინააღმდეგ და მოითხოვა ქ.თბილისში, კ-ის ქუჩა #12-ში (ყოფილი ა-ის, შემდგომ ა-ის ქუჩა) მდებარე 28.26 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების - 28825.20 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრება მოპასუხისათვის, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისასა წარმოშობილი ურთიერთობებისა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში სპეციალური კანონი) მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარგებლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. სასამართლომ იხელმძღვანელა წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული სპეციალური კანონის პირველი, 2.8-ე, მე-11 მუხლებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია სადავო ბინაში მისი ადმინისტრაციული აქტით შესახლების დამადასტურებელი მტკიცებულება. მოსარგებლის მტკიცებულებით - ორდერით არ დასტურდებოდა, თუ ვინ, სად და როდის შეასახლეს, ან შესახლებულ პირს რა კავშირი ჰქონდა მოსარჩელესთან. მოსარგებლის განმარტებით, ორდერში მითითებული პირი, სავარაუდოდ, შეიძლებოდა ყოფილიყო მისი პაპა, თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, არც აღნიშნული გარემოება დასტურდებოდა საქმეში არსებული მასალებით. სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეთა განმარტებით, არასწორი იყო მოსარჩელის მითითება, კონკრეტულ მისამართზე ადმინისტრაციული აქტით შესახლების თაობაზე. მოსარჩელე სპეციალური კანონით განსაზღვრული მოსარგებლეა, მაგრამ არა ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

6. მოსარგებლემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

7. მოსარგებლემ საპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი - ბინის ორდერი, რომლითაც დგინდება, რომ „უძრავი ქონება ხელწერილის ქვეშ გადაცემულია მოსარგებლისათვის“; სასამართლომ უგულებელყო ის გარემოებაც, რომ მოსარგებლე სადავო უძრავი ქონების მისამართზეა რეგისტრირებული და კომუნალურ გადასახადებს იხდის. იგი გარდაცვლილი მამის, ო. კ-ის მემკვიდრეა, ხოლო ო. კ-ი - ა. კ-ის (მამა) მემკვიდრეა, რომელსაც, ბინის ორდერის საფუძველზე, ლ-ის (ლ-ის) უძრავი ქონება გადაეცა. აღნიშნული გარემოებები მესამე პირებმაც დაადასტურეს, თუმცა, სასამართლომ ისინი დაუსაბუთებლად არ გაიზიარა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარგებლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და, მის სასარგებლოდ, სამინისტროს დაეკისრა 40 232 ლარის გადახდა;

9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა, სპეციალური კანონის 2.8, მე-8, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 157-ე, 1328-ე მუხლებზე.

10. სასამართლომ თბილისის ცენტრალური არქივის მიერ 2010 წლის 05 თებერვალს გაცემული ცნობის საფუძველზე, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისში, მე-10 სამილიციო უბანში არსებულ ა-ის მოედანს (შესახვევს და ჩიხს) ა-ის მოედანი ეწოდა (შესახვევი და ჩიხი), ხოლო მოგვიანებით, ა-ის შესახვევსა და ჩიხს, ბ. კ-ის სახელი მიენიჭა (ს.ფ.23).

11. სასამართლომ საქმისწარმოების მონაწილე მესამე პირების განმარტებაზე მიუთითა, რომელთაც დაადასტურეს, რომ მოსარგებლე, მშობლებთან და ძმასთან ერთად, სადავო ფართში მუდმივად ცხოვრობდა, ხოლო მამის გარდაცვალების შემდეგ - თავდაპირველად ძმასთან ერთად, ხოლო მოგვიანებით, მარტო გააგრძელა ცხოვრება; ასევე, მოსარგებლისა და მესამე პირების განმარტებით, სადავო ფართი, კ-ებისათვის გადაცემამდე, ლ-ის მფლობელობაში იყო (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის სხდომის ოქმი).

12. სასამართლომ, სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, განმარტა ორდერში გამოხატული ნება და მიუთითა, რომ საბინაო ორდერის რუსულიდან ქართულ ენაზე ნათარგმნ ტექსტში სიტყვა „ლ-ი“ წარმოადგენს ქართული გვარის - „ლ-ის“ არასწორ, კერძოდ, სიტყვა-სიტყვით თარგმანს, რომელიც ტექსტის ლოგიკურ შინაარსს არღვევს. მოსარგებლისა და მესამე პირების განმარტებების, ასევე, საბინაო ორდერის შინაარსის ლოგიკური ანალიზის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საბინაო ორდერში გამოვლენილი ნების რეალური შინაარსის მიხედვით, ა-ის ქუჩა №15 -ში ლ-ის ბინის ერთი ოთახი კ-ს გადაეცა. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებენ ასევე იმავე ბინის დღევანდელი მესაკუთრეები და საქმეში მესამე პირად ჩაბმული სუბიექტები.

13. წინამდებარე განჩინების 10-11 პუნქტებში მითითებული მტკიცებულებებისა და გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო საცხოვრებელი ფართი, მოსარგებლის აღმავალი ხაზის ნათესავზე, ბინის ორდერის საფუძველზე, არის გადაცემული, რომელიც საბოლოოდ მემკვიდრეობით მიიღო მოსარჩელემ (იხ. სამკვიდრო მოწმობა ს.ფ. 42-43)[სსკ-ის 1499.1-ე მუხლი].

14. სასამართლომ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) 2015 წლის 14 მაისის სასაქონლო ექსპერტიზის N 002737715 დასკვნის შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, მოსარგებლის მიერ დაკავებული 28.26 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება 40 232 ლარს შეადგენს (ს.ფ.194 -195).

15. ზემოაღნიშნული გარემოებების და მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლომ მოსარჩელე სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლედ მიიჩნია, რომელსაც როგორც მშობლების უფლებამონაცვლეს, საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლება ადმინისტრაციული აქტით ჰქონდა მიღებული.

16. განსახილველ სამართალურთიერთობაში, სასამართლომ დაასკვნა, რომ სახელმწიფოს მოსარგებლისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა და, მის სასარგებლოდ, მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების - 42 232 ლარის გადახდა.

17. სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, მოსარგებლის სარჩელის უარყოფა.

18. კასატორი აღნიშნავს, რომ იგი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც წინამდებარე განჩინების 12-13 პუნქტებშია ასახული, ვინაიდან, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გამოკვლეულ იქნა სსსრ ცენტრალური საბინაო განყოფილების ორდერი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ აბას ბადის ქუჩა #15-ში მდებარე ერთოთახიანი ბინა გადაეცა ლ-ი კ-ს. მითითებული დოკუმენტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სპეციალური კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ აქტად, მისი შინაარსი სრულად არ დგინდება, ამიტომაც იგი დაუშვებელია, რის გამოც, სასამართლომ არ უნდა მიიჩნიოს არსებით და მნიშვნელოვან მტკიცებულებად. საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, კონკრეტულად რომელ მისამართზე მოხდა, ორდერის საფუძველზე, ქონების გადაცემა ლ-ი კ-ისათვის, ასევე, არ დგინდება ამ უკანასკნელთან მოსარჩელის ნათესაური კავშირი.

19. კასატორის მტკიცებით, ორდერით მოქალაქის შესახლება ხდებოდა მხოლოდ სახელმწიფო ან საბინაო ფონდის საკუთრებაში არსებულ და არა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ სახლებში. კერძო საკუთრების სახლებში ადმინისტრაციული აქტით შესახლებულ პირებზე ორდერი არ გაიცემოდა, იმ შემთხვევების გარდა, როცა ფართი აღნიშნულ ორდერში ეკუთვნოდა სახელმწიფო ან საუწყებო ფონდს (ძველი საბინაო კოდექსის 52-ე, 57-ე მუხლები, 1938 წლის „ახალი საბინაო კანონის „ 23-ე მუხლი).

20. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელე არ წარმოადგენს იმ მოსარგებლეს, რომელსაც სპეციალური კანონით განსაზღვრული წესით, როგორც მშობლების უფლებამონაცვლეს, საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლება ადმინისტრაციული აქტით აქვს მიღებული.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

25. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

27. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილ და ამ განჩინების მე-2, 10-15 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სპეციალური კანონის 2.8, მე-8 და სსკ-ის 157-ე, 1328-ე მუხლების საფუძველზე, მოსარჩელე მართებულად მიიჩნია იმ მოსარგებლედ, რომელსაც სარგებლობის უფლება ადმინისტრაციული აქტით აქვს მიღებული.

28. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პრეტენზიებს (იხ. განჩინების 18-20 პუნქტები), რომელთა დასასაბუთებლად კასატორს არცერთი მტკიცებულება, დამაჯერებელი და სამართლებრივად წონადი არგუმენტი არ წარმოუდგენია.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, იგი სამართლებრივად დასაბუთებულია, მის გასაუქმებლად კასატორს არ წარმოუდგენია მოტივირებული პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

30. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2.კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე