Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1162-1093-2015 13 იანვარი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. თ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – გ. ა-ი, მ. ა-ა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის აუქციონზე რეალიზაციის გზით, უპირატესი შესყიდვის უფლების დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. თ-ის (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი მ. ა-ასა და გ. ა-ის (შემდეგში მოპასუხეები ან მოწინააღმდეგეები) წინააღმდეგ, აუქციონის გზით, საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა საზიარო უფლება, მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის, მათ თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე, ქ. თბილისში, ა-ის ქუჩა N3-ში, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N...) საზიარო საგნის აუქციონზე იძულებითი რეალიზაციის გზით. საზიარო საგნის გაყიდვით ამონაგები თანხა მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის უნდა განაწილებულიყო მათი წილების მიხედვით; ამონაგები თანხიდან, მოსარჩელეს უნდა მიკუთვნებოდა 2/3 წილი, ხოლო მოპასუხეებს - 1/3 წილი. სასარჩელო მოთხოვნა უპირატესი შესყიდვის უფლების დადგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა (ტ.1., ს.ფ. 89-95).

2. საქალაქო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა უპირატესი შესყიდვის დადგენის უფლების შესახებ.

3. თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტის წარმომადგენლის ლ. კუპატაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და, მოპასუხეთა წინააღმდეგ, გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობის გამო, შესაბამისად, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა (ტ.2., ს.ფ. 38- 42). აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

4. 2015 წლის 21 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების განმარტება. განმცხადებელმა მოითხოვა, სასამართლოს განემარტა, ნიშნავდა თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეთა დავალდებულებას, მითითებული უძრავი ქონება გაეყიდათ და ის აპელანტს შეესყიდა; თუ აღსრულება უნდა განხორციელებულიყო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, იძულებითი აუქციონით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის, განცხადება დაუსწრებელი გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. 6. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ამავე სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომლის განმარტებასაც ითხოვდა განმცხადებელი და რომელიც კანონიერ ძალაში იყოს შესული, აპელანტს მიეცა ქ. თბილისში, ა-ის ქ. N3-ში, მოპასუხეთა კუთვნილი 1/3 წილის უპირატესი შესყიდვის უფლება, ანუ აპელანტმა მოიპოვა მოპასუხეთა კუთვნილი წილის უპირატესი შესყიდვის უფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში ნათლად და გარკვევით იყო მითითებული აღნიშნული საკითხი და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი განმარტებას არ საჭიროებდა. თუ რა გზით განახორციელებდა აპელანტი სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპოვებული უპირატესი შესყიდვის უფლების რეალიზაციას, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ეს სსსკ-ის 262-ე მუხლის საფუძველზე განსახილველ და გადასაწყვეტ საკითხს არ წარმოადგენდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობა - სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რის გამოც არ არსებობდა წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

7. აპელანტის წარმომადგენელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება.

8. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ბუნდოვანია არა მარტო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, არამედ საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაც და სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაც და მათი იმ ფორმით აღსრულება შეუძლებელია, რაც დასაბუთებულია განცხადებაში, რომლის არცერთ მოტივზე არ გასცა პასუხი სააპელაციო სასამართლომ.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 4 დეკემბერს კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. 11. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, რამდენად მართებულად ეთქვა უარი განმცხადებელს გადაწყვეტილების განმარტებაზე. აღნიშნულ საკითხს არეგულირებს სსსკ-ის 262-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში, მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.

12. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, კანონმდებლობა გადაწყვეტილების განმარტების საკითხს დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია, ანუ ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის შინაარსი.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორს მიეცა ქ. თბილისში, ა-ის ქ. N3-ში, მოპასუხეთა კუთვნილი 1/3 წილის უპირატესი შესყიდვის უფლება, ანუ მან სასამართლოს გადაწყვეტილებით მოიპოვა მოპასუხეთა კუთვნილი წილის უპირატესი შესყიდვის უფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით.

14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 959-ე მუხლის შინაარსსა და ნორმის მიზანზე, კერძოდ, მოხმობილი ნორმის მიხედვით, რომელიც საზიარო საგნის განკარგვის წესს ადგენს: „თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად. შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს, რომ წილის გაყიდვის შემთხვევაში დანარჩენ მოწილეებს აქვთ უპირატესი შესყიდვის უფლება“, განსახილველ შემთხვევაში, წილის უპირატესი შესყიდვის თაობაზე არ არსებობს მხარეთა შეთანხმება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა საზიარო უფლება, ამასთან, იმავე გადაწყვეტილებით ქონების აუქციონის გზით რეალიზაციის პრინციპი, თავისი არსით, ეწინააღმდეგება უპირატესი შესყიდვის უფლებას, რომლისთვისაც მხარეთა შეთანხმებაა საჭირო. აუქციონის საჯაროდ გამოცხადება („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 14 7 მუხლის მე-11 პუნქტი) პირთა განუსაზღვრელ წრეს ეხება და თითოეული მათგანის შესაძლებლობას, კანონით დადგენილი წესით, მიიღოს მონაწილეობა აუქციონში, რაც სამართლებრივად არათავსებადია სსკ-ის 959-ე ნორმის დანაწესთან. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი სარეზოლუციო ნაწილის არსებული ფორმულირებით არ არის აღსრულებადი, თუმცა, იგი კანონიერ ძალაშია შესული და ამას უკავშირდება შესაბამისი სამართლებრივი შედეგები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 266-ე მუხლი).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტება, წინამდებარე განჩინების მე-14 პუნქტში მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, შეუძლებელია, რადგან სამართლებრივად აღუსრულებელია განსამარტავი გადაწყვეტილება, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. თ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე